განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210210016001510287
საქმე №2ბ/3068-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: გოდერძი გიორგიშვილი
მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი - სს „ტე--------ი“
წარმომადგენელი - ბი-------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარეები: გე-–----------–---–ი, ქე----------–-–---–ი
წარმომადგენელი - ლე-------–-–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით სს „ტე--------ის“ სარჩელი მოპასუხეების: გე-–----------–---–ის და ქე----------–-–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 10 დეკემბერს სს „კო--------------------სა“ და გე-–----------–---–ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №2-----, რომელიც უზრუნველყოფილი იქნა ქე----------–-–---–ის უძრავი ქონებით. ამ მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება ნ-2--------, 2012 წლის 21 აგვისტოს. ამავე დღეს, 2013 წლის 10 დეკემბერს, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში სს „კო--------------------ს“ და გე-–----------–---–ის შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №3-----------------. აღნიშნული ხელშეკრულებების დადების ფაქტი დასტურდება იმით, რომ სამივე ხელშეკრულება დადებული იქნა ერთდროულად, ნოტარიუსის მონაწილეობით. იპოთეკის ხელშეკრულება შედგენილია ნოტარიუსის მიერ და ნოტარიუსის მიერ დადასტურებულია გე-–----------–---–ის ხელმოწერის ნამდვილობა იპოთეკის ხელშეკრულებაზე, რომელის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. ნოტარიუსი ვერ შეადგენდა იპოთეკის ხელშეკრულებას, რომელზეც სამივე მხარის ხელმოწერა დაადასტურა თუ არ მოხდებოდა ძირითადი ხელშეკრულების, კერძოდ სესხის ხელშეკრულების დადება. იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტი დაადასტურა ასევე მეორე მოპასუხემ, ქე----------–-–---–მა.
2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 10 დეკემბერს სს „კო--------------------ის“ სალაროდან გე-–----------–---–ს რაიმე თანხა არ გაუტანია, და თანხა სავარაუდოთ გაიტანა ბანკის თანამშრომელმა ფრ------------–---–მა. ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე: სს „ტე--------ის“ წარმომადგენელმა სარჩელს დაურთო ცნობა დავალიანების შესახებ, რომლის მიხედვით მოპასუხე გე-–----------–---–ის საერთო დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 11 472 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი შეადგენს - 7 298.35 აშშ დოლარს, ხოლო პროცენტი - 4 173.65 აშშ დოლარს. საიდან არის წარმოშობილი და რას ეფუძნება ე.წ. ძირითადი დავალიანების თანხა, კონკრეტულად 7298.35 აშშ დოლარი, მოსარჩელე მხარემ ვერ ახსნა.
მოპასუხეები არ არიან სოლიდარული მოვალეები. ბანკი არ ითხოვს თანხის სოლიდარულად დაკისრებას და თანხას ითხოვს მხოლოდ მოპასუხე გე-–----------–---–ისაგან. ამავე დროს ბანკის წარმომადგენელი უთითებს, რომ 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი მიიღო მეორე მოპასუხემ ქე----------–-–---–მა, რომელიც არ არის მსესხებელი და სესხის დაფარვაზე ვალდებული პირი.
საქმეზე დართული კახეთის საოლქო პროკურატურის №1----------, 06 /06/2016 წერილიდან და კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის 17.06.2015 წლის (დაზარალებულად ცნობის შესახებ) დადგენილებიდან ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში ჩატარებული იქნა გამოძიება (სისხლის სამართლის საქმე N0-----------) სს „კო--------------------ის“ თანამშრომელ ფრ------------–---–ის მიერ ბანკის კლიენტების კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა). დადგენილებაში მითითებულია, რომ მომხდარი დანაშაულის შედეგად გე-–----------–---–ს მიადგა 55 155 ლარის ქონებრივი ზიანი და იგი ამ საქმეზე ცნობილია დაზარალებულად. პროკურატურის 06/06/2016წ. წერილიდან ასევე ირკვევა, რომ გამოძიება დასრულებულია და ფრ------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე გადაგზავნილია თელავის რაიონულ სასამართლოში, სადაც მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. ამრიგად, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებიდან ირკვევა, რომ სს „ტე--------ის“ თანამშრომელის ფრ------------–---–ის მიერ განხორციელდა მოპასუხე გე-–----------–---–ის სახელზე გასაცემი სასესხო თანხის მოტყუებით დაუფლება და ამ ფაქტს მოსარჩელეც არ უარყოფს.
სასამართლო სხდომაზე ბანკის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბანკის შიდა აუდიტის და სხვა განყოფილებების, ასევე სადაზღვეო კომპანიის მიერ მოხდა ფრ------------–---–ის მიერ კლიენტების კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტების შესწავლა, რის შედეგადაც მოპასუხეების გე-–----------–---–ის და ქე----------–-–---–ის განმარტებებიდან (ასეთი განმარტებების მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის) დადგინდა, რომ 2013 წლის 10 დეკემბერს სს „კო--------------------ს“ და გე-–----------–---–ის შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული 25 000 აშშ დოლარის სესხის თანხიდან 15 000(თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი აიღო ფრ------------–---–მა, ხოლო 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი მიიღო მოპასუხე ქე----------–-–---–მა.
სასამართლო სახდომაზე მოპასუხეებმა განმარტეს, რომ ბანკის შიდა აუდიტის ან სხვა განყოფილებების და სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლებისათვის სასამართლოში საქმის განხილვანდე არანაირი განმარტებები არ მიუციათ და საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ ჩვენებები მისცეს გამომძიებელს ფრ------------–---–ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. მოპასუხე ქე----------–-–---–მა კატეგორიულად უარყო ფრ----------–-–---–-საგან რაიმე თანხის მიღების ფაქტი, ხოლო გე-–----------–---–მა სასამართლოზე განმარტა, რომ ქე----------–-–---–ისათვის ვითომ 10 000 აშშ დოლარის გადაცემა მას თავად ფრ------------–---–მა უთხრა და ამის შესახებ თავად ქე----------–-–---–ისგან არასოდეს მოუსმენია. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბანკის შიდააუდიტის მიერ გაკეთებული დასკვნები მხოლოდ უსაფუძვლო ვარაუდებს ემყარებოდა და არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო დადგენილ ფაქტებად.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ბანკის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ ბანკის შიდა აუდიტის მოკვლევის შემდეგ სადაზღვეო კომპანიამ ბანკის მოტყუებული კლიენტების ნაწილს მთლიანად აუნაზღაურა ზარალი, ნაწილს კი ნაწილობრივ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ რადგან გე-–----------–---–ის სესხზე სადაზღვევო კომპანიამ ჩათვალა, რომ ბანკის თანამშრომელმა მიითვისა კლიენტის თანხა 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისად, სადაზღვეო კომპანიის მიერ ანაზღაურებული იქნა ეს თანხა. ამის გამო მოპასუხის მიმართ მოთხოვნა შემცირდა ანაზღაურებული თანხის ოდენობით.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2013 წლის დეკემბრიდან სესხზე არც ერთი ლარის დაბრუნება პროცენტის სახით არ მომხდარა და მიუხედავად ამისა არ მოხდა სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა ბანკის მიერ და მოთხოვნა თანხის დაფარვის შესახებ ბანკმა მოპასუხეს გაუგზავნა მხოლოდ 2016 წლის 20 მაისს.
სასამართლომ მიუთითა, რომ ბანკის მიერ წარმოდგენილ სალაროს გასავლის ორდერზე ხელს აწერდა ბანკის პასუხისმგებელი მუშაკი ფრ------------–---–ი და მოლარე. სალაროს გასავლის ორდერზე თანხის მიმღების გრაფაში ხელმოწერის ნაცვლად აღნიშნული იყო მხოლოდ ასო „გ“, რაც მკვეთრად განსხვავდებოდა საქმეში არსებული გე-–----------–---–ის სხვა ხელმოწერისაგან, სადაც გვარიც არის მითითებული (პირადობის მოწმობაზე, ხელწერილზე, შესაგებელზე, დადგენილებაზე, იპოთეკის ხელშეკრულებაზე) და არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ხელმოწერად და თანხის მიღებაზე დასტურად. ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, როგორიც არის სალაროს გასავლის ორდერი, მოლარე აუცილებლად ამოწმებს ამ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის იდენტურობას თანხის მიმღების პირადობის მოწმობაში არსებულ ხელმოწერასთან. მოსარჩელემ სასამართლოს განუმარტა, რომ გარდა წარმოდგენილი სალაროს გასავლის ორდერისა ბანკში რაიმე დოკუმენტური ან ვიდეო მასალა, რაც დაადასტურებდა ბანკის სალაროდან თანხის გატანას, ბანკში დაცული არ არის.
ამრიგად, ბანკის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მათმა თანამშრომელმა, რომელსაც დავალებული ჰქონდა მოცემული კრედიტის მომსახურება, თაღლითური გზით მიითვისა მოპასუხე გე-–----------–---–ისათვის გამოყოფილი სასესხო თანხები, ხოლო თუ კონკრეტულად რამდენი თანხა იქნა მითვისებული ბანკის მუშაკის მიერ მოსარჩელემ ვერ განსაზღვრა. ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელე სს „ტე--------ისათვის“ უცნობია რა ოდენობის თანხა იქნა მითვისებული მათი თანამშრომელის მიერ და რა თანხა გატანილი ბანკის კლიეტის მიერ ან საერთოდ ქონდა თუ არა ადგილი თანხის გატანას კლიენტის მხრიდან.
აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე გე-–----------–---–ის მტკიცება, რომ 2013 წლის 10 დეკემბერს სს „კო--------------------ის“ სალაროდან მის მიერ არანაირი თანხის გამოტანა არ მომხდარა და არც არავის გადაუცია ეს თანხა მისთვის.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 396-ე,867-ე, 623-ე, 286-ე, 301-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ როგორც სასამართლოს მიერ იქნა დადგენილ, გამსესხებელის მიერ მსესხებელზე სესხის თანხის გადაცემა არ მომხდარა, რის გამოც საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება დადებულად ვერ ჩაითვლება, რადგან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადების არსებითი პირობაა სესხის თანხის გადაცემა. ამრიგად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხე გე-–----------–---–ს სს „ტე--------ის“ მიმართ სესხის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნია და სარჩელს ეთქვა უარი. აქედან გამომდინარე უსაფუძვლოა მეორე მოთხოვნაც იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ, რადგან იპოთეკის ხელშეკრულება არ არსებობს იმ ვალდებულების გარეშე, რომლის უზრუნველსაყოფადაც არის იგი გამოყენებული.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 10 დეკემბერს სს „კო--------------------ის“ სალაროდან გე-–----------–---–ს რაიმე თანხა არ გაუტანია და თანხა სავარაუდოდ გაიტანა ბანკის თანამშრომელმა ფრ------------–---–მა. არასწორ დასკვნას სასამართლო აფუძნებს იმას, თითქოს მოსარჩელე მხარე ვერ უთითებს დარჩენილი ძირი თანხის წარმომავლობას. სასამართლო სხდომაზე მოხდა აღნიღნული საკითხის განმარტება და აპელანტმა აღნიშნა, რომ დარჩენილი ძირი თანხა იყო სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი თანხისა და სესხის თანხის სხვაობა.
3.2. აპელანტის განმარტებით, დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის დადგენილებაში მითითებული არის დანაშაულის სავარაუდო სქემა, რომელშიც ბრალი ედება ფრ------------–---–ს. აღნიშნული სქემის მიხედვით კი ბრალდებული კლიენტებზე სესხის სახით ამტკიცებდა მოთხოვნილ თანხაზე მეტ თანხას, სალაროდან თანხის გამოტანის შემდეგ მსესხებელს ართმევდა სესხის გაზრდილ ოდენობას იმ პირობით, რომ გაზრდილ თანხას და პროცენტსაც თავად დაფარავდა. ასევე, მოქალაქეებს სთხოვდა სესხის აღებას თავიანთ სახელზე და თანხის მისთვის გადაცემას იმ პირობით, რომ სესხის თანხას თავად დაფარავდა.
აპელანტის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ ფრ------------–---–ის მიერ ხდებოდა არა გასაცემი სესხების (როგორც ამას სასამართლო მიუთითებს) არამედ უკვე გაცემული თანხების მოტყუებით დაუფლება. (სალაროდან თანხის გამოტანის შემდეგ მსესხებელს ართმევდა თანხას). ამასთან, გე-–----------–---–ის დაზარალებულად ცნობა მოხდა იმის გამო, რომ დავალიანება წარმოეშვა ბანკის მიმართ. თუკი გადახდის ვალდებულება არ ექნებოდა წარმოშობილი ამ უკანასკნელს, მისი დაზარალებულად ცნობა ვერ მოხდებოდა, რადგან ზიანის მიყენების ფაქტი არ იარსებებდა და შესაბამისად, დაზარალებულის სტატუსის მოპოვებასაც ვერ შეძლებდა.
3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლო ასევე ატარებს „ექპერტიზას“ სალაროს გასავლის ორდერზე და განმარტავს, რომ სალაროს გასავლის ორდერზე თანხის მიმღების გრაფაში ხელმოწერის ნაცვლად აღნიშნულია მხოლოდ ასო „გ“, რაც მკვეთრად განსხვავდება საქმეში არსებული გე-–----------–---–ის სხვა ხელმოწერისგან, სადაც გვარიც არის მითითებული (პირადობის მოწმობაზე, ხელწერილზე, შესაგებელზე, დადგენილებაზე, იპოთეკის ხელშეკრულებაზე) და არ შეიძლება ჩაითვალოს ხელმოწერად და თანხის მიღებაზე დასტურად. უცნაურია, რომ სასამართლო შესადარებელ ობიექტად არ იყენებს თავის მიერ კანონშესაბამისად დადებულად მიჩნეულ გენერალურ საკრედიტო და საბანკო კრედიტის ხლეშეკრულებებს, რომლებზეც თითქმის ისეთივე ხელმოწერებია, როგორც სალაროს გასავლის ორდერზე.
3.4. აპელანტის განმარტებით, სასამართლო უთითებს, თითქოს ბანკის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ფრ------------–---–მა, რომელსაც დავალებული ჰქონდა მოცემული კრედიტის მომსახურება, თაღლითური გზით მიითვისა მოპასუხე გე-–----------–---–ისათვის გამოყოფილი სასესხო თანხები, ხოლო თუ კონკრეტულად რამდენი თანხა იქნა მითვისებული, მოსარჩელემ ვერ განსაზღვრა. ამდენად, სადავოა, რომ ბანკისათვის უცნობია რა ოდენობის თანხა იქნა მითვისებული მათი თანამშრომლის მიერ და რა თანხა გატანილი ბანკის კლიენტის მიერ ან საერთოდ ჰქონდა თუ არა ადგილი თანხის გატანას კლიენტის მხრიდან.
3.5. აპელანტის მოსაზრებით არასწორად არის დადგენილი სასამართლოს მხრიდან თითქოს ფრ------------–---–ი დაეუფლა გე-–----------–---–ისათვის გამოყოფილ (ანგარიშიდან გასატან) სასესხო თანხას. თაღლითობის სქემა ცალსახად უთითებს, რომ თანხების სავარაუდო დაუფლება მოხდა არა თანხის გატანამდე, არამედ გატანის შემდგომ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებულის სტატუსი ვერ ექნებოდა გე-–----------–---–ს.
სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები
3.6. აპელანტის მოსაზრებით, პირველი უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რომელმაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა არის მტკიცების ტვირთის არასწორი განაწილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილებისთვის აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით განისაზღვროს კრედიტორისა და მოვალის მტკიცების საგანი. აღნიშნული მუხლის დისპოზიციის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს,ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და ოდენობის ნივთი. ნორმის მიხედვით, ხელშეკრულების დადებისა და თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი კრედიტორის მხარეზეა. მოცემულ შემთხვევაში ბანკის მიერ წარმოდგენილია ხელშეკრულების დადების, თანხის ჩარიცხვისა და თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულებები. (გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, იპოთეკის ხელშეკრულება, გასავლის ორდერი, ანგარიშიდან ამონაწერი). განსახილველ დავაში სალაროს გასავლის ორდერიც რომ არ ყოფილიყო და მხოლოდ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა იყოს განხორციელებული, ბანკის მხრიდან ვალდებულება მაინც შესრულებული იქნება და სესხის ხელშეკრულება დადებულად იქნებოდა მიჩნეული, რადგან თანხის ჩარიცხვა ანგარიშზე ნიშნავს ფულადი თანხის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემას, ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა გათანაბრებული უნდა იქნას ნივთის გადაცემასთან, რადგან პირს აქვს მისთვის გადაცემული თანხის განკარგვის საშუალება და მისი ბატონობის ქვეშ არის მოქცეული. შესაბამისად, ბანკმა შეძლო თავისი საპროცესო უფლების რეალიზება და იმის დადასტურება, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 623-ე და 867-ე მუხლების საფუძველზე გე-–----------–---–ს წარმოეშვა თანხის დაბრუნების ვალდებულება. მოვალის მტკიცების საგანში მოცემულ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო სესხის ვალდებულების უკვე შესრულება ან თანხის არ გადაცემა (ჩარიცხვა). განსახილველ დავაში მოპასუხე განმარტავდა, რომ თანხა არ გადასცემია და მისი მტკიცება მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლებოდა. მოპასუხეს წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე, რომელიც ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თანხა არ გადასცემია.
აპელანტის განმარტებით, პროკურატურის დადგენილებაში მითითებული არის დანაშაულის სავარაუდო სქემა, რომელშიც ბრალი ედება ფრ------------–---–ს. აღნიშნული სქემის მიხედვით კი ბრალდებული კლიენტებზე სესხის სახით ამტკიცებდა მოთხოვნილ თანხაზე მეტ თანხას, სალაროდან თანხის გამოტანის შემდეგ მსესხებელს ართმევდა სესხის გაზრდილ ოდენობას იმ პირობით, რომ გაზრდილ თანხას და პროცენტსაც თვითონ დაფარავდა, ასევე მოქალაქეებს სთხოვდა სესხის აღებას თავიანთ სახელზე და თანხის მისთვის გადაცემას იმ პირობით, რომ სესხის თანხას თავად დაფარავდა, რასაც არ აკეთებდა და მოტყუებით ეუფლებოდა მოქალაქეების კუთვნილ თანხებს.
აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული მტკიცებულება სულაც არ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გე-–----------–---–ს თანხა არ გადასცემია. მეტიც, დადგენილების მიხედვით, ცალსახაა, რომ გე-–----------–---–მა მიიღო თანხა და სავარაუდოდ შემდგომ გადასცა თანხის ნაწილი ბრალდებულს და შესაძლოა ნაწილი იპოთეკის საგნის მესაკუთრეს. (სხვანაირად დაზარალებულის სტატუსი ვერ მიენიჭებოდა). გე-–----------–---–ის დაზარალებულად ცნობა მოხდა სწორედ იმის გამო, რომ დავალიანება წარმოეშვა ბანკის მიმართ. თუკი გადახდის ვალდებულება არ ექნებოდა წარმოშობილი, ამ უკანასკნელს მისი დაზარალებულად ცნობაც ვერ მოხდებოდა, რადგან ზიანის მიყენების ფაქტი არ იარსებებდა და შესაბამისად დაზარალებულის სტატუსიც ვერ მიენიჭებოდა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს მხოლოდ ახსნა-განმარტებას, თანხის გადაუცემლობის ფაქტზე, იმ პირთაგან, რომელიც განმარტავს, რომ ფრ------------–---–მა კუთვნილ ავტომაქანაში მოაწერინა ხელი ხელშეკრულებაზე (საუბარია სხვა სესხის ხელშეკრულებაზე, რომელიც ემ--------–------ეს ჰქონდა გაფორმებული და გე-–----------–---–ის უძრავი ქონება იყო ჩადებული) მაშინ, ყურადღებამისაქცევია ის ფაქტიც, რომ იპოთეკის ხელშეკრულება საჯარო სანოტარო აქტის ფორმით არის შედგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოტარიუსმა მხარეებს გააცნო საკუთარი უფლება-მოვალეობები და განუმარტა ხელშეკრულების დარღვევის შედეგები.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო სალაროს გასავლის ორდერის, როგორც მტკიცებულების შეფასებისას განმარტავს, რომ თანხის მიმღების გრაფაში ხელმოწერის ნაცვლად აღნიშნულია ასო „გ“ რაც მკვეთრად განსხვავდება საქმეში არსებული გე-–----------–---–ის სხვა ხელმოწერისგან, სადაც გვარიც არის მითითებული (პირადობის მოწმობაზე, ხელწერილზე, შესაგებელზე, დადგენილებაზე, იპოთეკის ხელშეკრულებაზე) და არ შეიძლება ჩაითვალოს ხელმოწერად და თანხის მიღებაზე დასტურად. უცნაურია, რომ სასამართლო შესადარებელ ობიექტად არ იყენებს თავის მიერ კანონშესაბამისად დადებულად მიჩნეულ გენერალურ საკრედიტო და საბანკო კრედიტის ხლეშეკრულებებს, რომლებზეც თითქმის ისეთივე ხელმოწერებია, როგორც სალაროს გასავლის ორდერზე.
აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დარღვეულია საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, სასამართლო ერთგვარ „ექსპერტიზას“ ატარებს სალაროს გასავლის ორედერზე და არასწორ დასკვნას აკეთებს ხელმოწერის ნამდვილობაზე მაშინ, რომდესაც მოპასუხე არ ხდიდა სადავოს მის ხელმოწერას.
აპელანტის მოსაზრებით, გაუგებარია სასამართლოს შეფასება, როდესაც სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლს იყენებს და განმარტავს, რომ კანონიერი წარმომადგენლის ან იმ პირთა მოქმედებისთვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედებების დროს. აღნიშნული მუხლის გამოყენება მოცემულ შემთხვევაში ბუნდოვანია. ეს უკანასკნელი ნორმა ვალდებულების დარღვევის თავშია გაწერილია და მოვალის პასუხისმგებლობას ეხება მისი წარმომადგენლის მიერ ვალდებულების დარღვევისას. აღნიშნულ შემთხვევაში აპელანტის განმარტებით, ბანკის მხრიდან სამოქალაქო სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რადგან საბანკო კრედიტით გათვალისწინებული თანხა გადაცემულ (ჩარიცხული) იქნა გე-–----------–---–ზე. ამდენად, რაში გამოიხატა ბანკის წარმომადგენლის სამოქალაქო სამართლებრივი ვალდებულების დარღვევა, რომელზეც ბანკია პასუხისმგებელი, გაურკვეველია. აპელანტის განმარტებით, მათ შემთხვევაში უნდა გაიმიჯნოს ბანკისა და ფრ------------–---–ის პასუხისმგებლობა. საბანკო ურთიერთობაში, რომელშიც მხარეები იყვნენ ბანკი (ბანკის წარმომადგენელი ფრ------------–---–ი) და გე-–----------–---–ი, ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რადგან თანხის გადაცემა (ჩარიცხვა) სრულად მოხდა ხელშეკრულების შესაბამისად. ანუ კრედიტორის მხრიდან ვალდებულება კეთილსინდისიერად შესრულდა. შემდგომი სამართლებრივი ურთიერთობა (თანხის გადაცემა ბრალდებულზე), რომელიც წარმოიშვა ფრ------------–---–სა და გე-–----------–---–ს შორის, აქ ბანკის თანამშრომელი ფრ------------–---–ი, საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში მოქმედებდა და არა როგორც ბანკის წარმომადგენელი, შესაბამისად, 396-ე მუხლის გამოყენება იმ ურთიერთობებზე, რომლებშიც ფრ------------–---–ი საკუთარი სახელით მოქმედებდა, შეუძლებელია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებებით დასტურდება, რომ 2013 წლის 10 დეკემბერს სს „კო--------------------სა“ და გე-–----------–---–ს შორის დაიდო №2----- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება 25 000 აშშ დოლარზე, 10 წლის ვადით, წლიური 36%-ით. ამავე დღეს, 2013 წლის 10 დეკემბერს, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში სს „კო--------------------ს“ და გე-–----------–---–ის შორის დაიდო №3----------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 25 000 აშშ დოლარზე, 12 თვის ვადით, წლიური 18%-ით. 2013 წლის 10 დეკემბერს სს „კო--------------------სა“ და ქე----------–-–---–ს შორის გაფორმდა №2-------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გ.მი------–--ლზე გაცემულ კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ქ.გე-–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე სი------ის რაიონში, სოფელ ბო-------ვში (ს.კ. 5-----------). (ტ. І, ს.ფ.11-26)
უდავოა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების მომზადება და გაფომება ტექნიკურად უზრუნველჰყო სს „კო--------------------ის“ წნ-----ს წარმომადგენლობის საკრედიტო ოფიცერმა ფრ------------–---–მა.
4.2. საქმეში წარმოდგენილი გე-–----------–---–ის საბანკო ანგარიშის ამონაწერით დასტურდება, რომ გე-–----------–---–ს მის საბანკო ანგარიშზე სს „კო--------------------ში“ 2013 წლის 10 დეკემბერს ჩაერიცხა კრედიტის თანხა 24620 აშშ დოლარი (ტ. І, ს.ფ. 27).
4.3. სს „ტე--------ის“ მიერ გაცემული დავალიანების შესახებ ცნობით, გე-–----------–---–ის საკრედიტო დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 11 472 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირია - 7 298.35 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი - 4 173.65 აშშ დოლარი (ტ. І, ს.ფ. 32).
4.4. უდავოა, რომ გე-–----------–---–ს ბანკის წინაშე არანაირი გადახდა ზემოხსენებული საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში არ უწარმოებია.
4.5. საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 10 დეკემბრის №1 გასავლის ორდერით დგინდება, რომ გე-–----------–---–ის საბანკო ანგარიშიდან გატანილია 24620 აშშ დოლარი. ხსენებულ სალაროს გასავლის ორდერზე ხელს აწერს ბანკის პასუხისმგებელი მუშაკი ფრ------------–---–ი და მოლარე. სალაროს გასავლის ორდერზე თანხის მიმღების ხელმოწერა დაფიქსირებულია ასო „გ“-ს ფორმით. (ტ. І, ს.ფ. 112)
განსახილველ შემთვევაში მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს ის, თუ ვის მიერ განხორციელდა თანხის გატანა ბანკიდან: მსესხებლის გე-–----------–---–ის თუ ბანკის წარმომადგენლის ფრ------------–---–ის მიერ.
4.6. სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ გე-–----------–---–ს კრედიტის თანხა - 25000 აშშ დოლარი არ გადასცემია.
აღნიშნული დასკვნის გამოტანის საფუძველს სააპელაციო პალატას აძლევს შემდეგი გარემოებები:
იმ პირობეში, როდესაც მსესხებელ სესხის თანხა საერთოდ არ გადაუხდია, მისი სესხის ძირი თანხის დავალიანება 24620 აშშ დოალრიდან შემცირებულია 7298.35 აშშ დოლარამდე.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით დგინდება, რომ სს „კო--------------------ის“ თანამშრომელი ფრ------------–---–ი ითვისებდა ბანკის კლიენტების კუთვნილ საკრედიტო თანხებს, რის გამოც სადაზღვეო კომპანიამ ბანკის მოტყუებულ კლიენტებს ზოგს ნაწილობრივ, ზოგს კი მთლიანად აუნაზღაურა ბანკის თანამშრომლის მიერ მიყენებული ზარალი.
საქმეში წარმოდგენილი სისხლისსამართლებრივი გამოძიების მასალებით დასტურდება, რომ სისხის სამართლის საქმე სს „კო--------------------ის“ საკრედიტო ოფიცრის ფრ------------–---–ის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე არსებითად განსახილველად გადაგზავნილია სასამართლოში.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებებით, გე-–----------–---–ის მიმართ, სს „ტე--------ის“ საკრედიტო ოფიცრის ფრ------------–---–ის მიერ ჩადენილი მართლსაწინაარმდეგო ქმედების გამო, სადაზღვეო კომპანიამ ნაწილობრივ, 17321.65 აშშ დოლარის ოდენობით, აანაზღაურა ზიანი, რის გამოც მოპასუხის მიმართ მოთხოვნა შემცირდა ანაზღაურებული თანხის ოდენობით. მისივე განმარტებით, სადაზღვეო თანხების გადახდა განხორციელდა ბანკის რისკის დაზღვევის ფარგლებში (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის სხდომის ოქმი).
მისივე განმარტებით, გე-–----------–---–ისთვის განკუთვნილი სესხის თანხის ნაწილი მიღებული აქვს იპოთეკის საგნის მესაკუთრეს ქე----------–-–---–ს (იხ. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 მარტის სხდომის ოქმი 13.46.44წთ).
ვინაიდან აპელანტის განმარტებები იყო წინააღმდეგობრივი, კერძოდ, გაუგებარი იყო თუ რატომ, როგორ ან რა ოდენობით გაიცა იპოთეკის საგნის მესაკუთრე ქე----------–-–---–ზე გე-–----------–---–ისთვის განკუთვნილი სესხის თანხის ნაწილი, როდესაც სესხის თანხის ჩარიცხვა განხორციელდა გ.მი------–--ლის საბანკო ანგარიშზე; ამასთან, საინტერესო იყო სადაზღვეო კომპანიამ თუ რა სადაზღვეო შემთხვევის საფუძველზე და რა ოდენობით აუნაზღაურა სადაზღვეო თანხა ბანკს, იმ გარემოების გასარკვევად თუ კონკრეტულ შემთხვევაში რა რისკი იყო დაზღვეული, რა სადაზღვეო შემთხვევას ჰქონდა ადგილი და რა ზიანი აუნაზღაურა სადაზღვეო კომპანიამ აპელანტს გე-–----------–---–ის საკრედიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აპელანტს - სს „ტე--------ს“ საოქმო განჩინებით დაავალა დამატებითი მტკიცებულებების - სადაზღვეო მასალების წარმოდგენა სასამართლოსთვის (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის სხდომის ოქმი).
აპელანტმა სასამართლოს დამატებითი მტკიცებულები არ წარმოუდგინა და სასამართლო მითითების შეუსრულებლობის არც რაიმე საპატიო მიზეზი მიუთითა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. იმავე კოდექსის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გაზიარებულ უნდა იქნას მოპასუხეთა განმარტება, რომ გე-–----------–---–ის საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა მსესხებლის მიერ არ მომხდარა, არამედ აღნიშნული თანხა მითვისებულ იქნა ბანკის თანამშრომლის - ფრ------------–---–ის მიერ, რომელსაც თავისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა მოპასუხის საბანკო ანგარიშზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სწორედ აღნიშნული წარმოადგენდა სადაზღვეო შემთხვევას, რის გამოც სადაზღვეო კომპანიამ ბანკს გადაუხადა სადაზღვეო თანხა.
სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საკრედიტო ხელშეკრულება თავისი ბუნებით რეალურ ხელშეკრულებას წარმოადგენს და ის დადებულად ითვლება კრედიტის თანხის მსესხებლისთვის გადაცემის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოდ დგინდება სადაზღვეო შემთხვევის დადგომის ფაქტი, რომლის საფუძველზეც ბანკს აუნაზღაურდა მისი თანამშრომლის მიერ მიყენებული ზიანი გ.მი------–--ლთან დადებულ საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ერთმნიშნვნელოვნად გამორიცხავს მსესხებლის მხრიდან სესხის თანხის მიღების და მის მიერ ამ თანხის შემდგომი განკარგვის ფაქტობრივ გარემოებას, ვინაიდან მსესხებლის მიერ ბანკისგან კრედიტის თანხის მიღების შემთხვევაში, სადაზღვეო კომპანიას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოეშობოდა.
ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გე-–----------–---–ის მხრიდან ფრ------------–---–ისთვის თანხის გადაცემის ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ტე--------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
გოდერძი გიორგიშვილი