განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700053560
საქმე №1აგ/167-18აგ
განაჩენი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - ზ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ზ------------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით ზ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის განაჩენში ზ------------–---–ის მიმართ სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელი.
2018 წლის 14 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ზ------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №1/13/732) საფუძველზე, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის, 2016 წლის 21 ივლისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვა, დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლება, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა და ნასამართლობის მოხსნა.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ზ------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის განაჩენით ზ------------–---–ი მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი(რომლის მოხდაც დაასრულა 2016 წლის 18 ივნისს), მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა უფლებები, მათ შორის 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ზ------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და შესაბამისად უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით, ზ------------–---–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.(რომელიც დღეის მდგომარეობით აღსრულებულია. იხ. მომართვა) აღნიშნული ქმედებებით მსჯავრდების საფუძველი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად სამი წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა. ვინაიდან, 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“–ს უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, ანუ ქმედება აღარ არის დასჯადი, შესაბამისად, ზ------------–---–ი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან გათავისუფლდება იმ ქმედებებისათვის, რაც შემდგომში სხვა დანაშაულის, კერძოდ კი საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის შემადგენლობის საფუძველი გახდა. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თუკი დასჯადი აღარ არის ის ქმედება, რამაც სხვა დანაშაულის შემადგენლობა გამოიწვია, პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვისაც.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ ზ------------–---–ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად ის უნდ გათავისუფლდეს როგორც საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, ისე 381-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ასევე უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. რაც შეეხება მითითებული განაჩენით დანიშნულ სასჯელს, როგორც წარმოდგენილი მასალებით (თბილისის პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის MOC 2 18 00152642 მომართვა და სააღსრულებო საქმის მასალათა ასლები და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 22 თებერვლის #12301 მომართვა) ირკვევა დღეის მდგომარეობით აღსრულებულია, რის გამოც პალატა ვერ იმსჯელებს ზემოაღნიშნული განაჩენებით დანიშნული სასჯელებისგან ზ------------–---–ის გათავისუფლების შესახებ. რაც შეეხება ნასამართლობას, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლისს პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, რაც დღეის მდგომარეობით სახეზე არ გვაქვს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ზ------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
ზ------------–---–ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
ზ------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
გ. ჯეირანაშვილი