განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010141318700054135 - 1აგ/198-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 მარტი 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის განაჩენით:
რ----–---------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით;
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს განაჩენით:
რ----–---------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500(ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოდ განაჩენთა ერთობლიობით რ----–---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით;
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ რ----–---------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
რ----–---------ე გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. ასევე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენით:
რ----–---------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად;
მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3500(სამიათასხუთასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2500(ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ რ----–---------ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 3500(სამიათასხუთასი) ლარის ოდენობით;
2018 წლის 22 თებერვალს მსჯავრდებულმა რ----–---------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ რ----–---------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ რ----–---------ის შუამდგომლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა და იგი გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლისა და 2018 წლის 3 აგვისტოს განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება) დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. ასევე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
ამავე დროს, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენით რ----–---------ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნული ქმედებით მსჯავრდების საფუძველი გახდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლისა და 2016 წლის 3 აგვისტოს განაჩენებით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად სამი წლის ვადით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ვინაიდან, 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, ანუ ქმედება აღარ არის დასჯადი, შესაბამისად, რ----–---------ე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან გათავისუფლდება იმ ქმედებებისათვის, რაც შემდგომში სხვა დანაშაულის, კერძოდ კი საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის შემადგენლობის საფუძველი გახდა. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თუკი დასჯადი აღარ არის ის ქმედება, რამაც სხვა დანაშაულის შემადგენლობა გამოიწვია, პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვისაც.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ რადგან კანონის ცვლილება მოცემულ შემთხვევაში გამორიცხავს დანაშაულის შემადგენლობის არსებობას, მსჯავრდებულ რ----–---------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ----–---------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
რ----–---------ე გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
დანარჩენ ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /გ. ჯეირანაშვილი/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/ვ. ლომიძე/