განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100117002212948, №1/ბ-193-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული - გ----------------------------------ა, დაბადებული 19---–-–-- 1-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ.თ---–---------------------–---------------------------;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
სასჯელი:
ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, მსჯავრდებულ გ---------------------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა, შემდეგ გარემოებათა გამო: აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, ლმობიერი და დამნაშავის პიროვნებასთან შეუსაბამო, სასამართლომ გამოიყენა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას (იხ. სააპელაციო საჩივარი).
დაცვის მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებული ზრდის ობოლ შვილებს და მის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს მძღოლობით მიღებული შემოსავალი (იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი).
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის განაჩენით, გ--------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, კერძოდ:
2017 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 14:20 საათზე, ქ.თბილისში წ-------–-----------ზე, გ---------------------მ, რომელიც მართავდა „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსს, სახელმწიფო ნომრით T------, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, სამგზავრო მიკროავტობუსი გააჩერა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მიმდებარედ, სავალი ნაწილის მარჯვენა კიდიდან დაახლოებით 3,4 მეტრში, საიდანაც ჩამოვიდა მგზავრი, რომელმაც გააღო მიკროავტობუსის კარი. გაღებული კარი ხელზე მოხვდა გაჩერებული მიკროავტობუსის მარჯვენა მხარეს დაახლოებით 5 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსის (სახელმწიფო ნომრით T------) მგზავრს - მ----–--------ს, რომელმაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის განაჩენით, გ--------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ---------------------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ---------------------ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ გ---------------------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
სასჯელის დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ე-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი გ---------------------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, პალატა ვერ დაეთანხმება და განმარტავს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის დანიშვნა ან/და მისი პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე, როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. სასამართლო ითვალისწინებს წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედების ხასიათს, ასევე იმ გარემოებას, რომ გ---------------------მ აღიარა დანაშაული, კმაყოფაზე ჰყავს ობოლი შვილები, არის მიკროავტობუსის მძღოლი და აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული თანხა წარმოადგენს მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს. პალატას დასაბუთებულად მიაჩნია შესაგებელში აღნიშნული მოსაზრება, რომ მართვის უფლების ჩამორთმევა მსჯავრდებულისთვის გამოიწვევს არასრულწლოვანი შვილების დარჩენას მატერიალური სახსრების გარეშე, რაც, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ნამდვილად არ წარმოადგენს სასჯელის მიზანს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის N611აპ-10 განჩინება). პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიაში არ შეიძლება იქნეს მოაზრებული, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
შესაბამისად, ის გარემოება, რომ გ---------------------ს დაზარალებულისთვის სრულად არ აქვს ანაზღაურებული მიყენებული ზიანი, ვერ გახდება დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი. დაზარალებულს უფლება აქვს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ხოლო გ---------------------ს ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ჯარიმის ოდენობის გაზრდით შესაძლოა ხელი შეეშალოს ზიანის შესაძლო ანაზღაურებას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - 500 ლარის ოდენობის ჯარიმა, მსჯავრდებულის ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორ ე-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი გ---------------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ე-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი.
გ--------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე