განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2018
საქმის ნომერი
010141318700054867
ინსტანცია
თარიღი
19.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0-----------------

საქმე №1/აგ-226-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 მარტი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ--------------–--ის შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის განაჩენით თ--------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 მარტის განაჩენით, თ--------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის ვადით, ნაწილობრივ დაემატა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო თ--------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

თ--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან - 2015 წლის 26 მარტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 23 ოქტომბრიდან, 2014 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივნისის განაჩენით, მსჯავრდებულ თ--------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის განაჩენი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინებით, თ--------------–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ თ--------------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობები, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინებით, მსჯავრდებულ თ--------------–--ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ თ--------------–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ თ--------------–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება;

მსჯავრდებულ თ--------------–--ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა ჯარიმით - 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (სამი წლით თავისუფლების აღკვეთიდან, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ--------------–--ეს განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით (რაც იმ მომენტისათვის ჰქონდა მოხდილი) და ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

თ--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 26 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დროს - 2014 წლის 23 ოქტომბრიდან, 2014 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლისთვის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მსჯავრდებული თ--------------–--ე მთლიანად გათავისუფლდა დანიშნული ჯარიმის მოხდისგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივნისის განაჩენი სხვა, მათ შორის უფლებების ჩამორთმევის ნაწილში, დარჩა უცვლელი.

2018 წლის 5 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა თ--------------–--ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 მარტის განაჩენის გადასინჯვა, ჩამორთმეული უფლებების აღდგენა და ნასამართლობის მოხსნა.

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ თ--------------–--ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით; სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივნისის განაჩენით, თ--------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ - უკანონოდ მოხმარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეეუსაბამობა, (იხ.გადაწყვეტილება) მსჯავრდებული თ--------------–--ე უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და მასვე უნდა აღუდგეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით თ--------------–--ე სრულად გათავისუფლდა აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისგან.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას ნასამართლობის მოხსნასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ ამ საკითხზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის რეჟიმში პალატა ვერ იმსჯელებს, თუმცა მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ თ--------------–--ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ--------------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივნისის განაჩენსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებული თ--------------–--ე გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

მასვე, აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: ნ.ბარბაქაძე

 

მ. ისაევი