განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700055576
საქმე №1აგ/260-18აგ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 მარტი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო---------–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ო---------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
ო---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და ო---------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2015 წლის 16 სექტემბრიდან.
ო---------–--ეს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - ო---------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე არ იქნა გამოყენებული პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 1 (ერთი) წელი.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ო---------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილების შესაბამისად გაუქმდა წინა 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა სასჯელის მოუდელი სასჯელი - 1 (ერთი) წელი, ო---------–--ეს საბოლოოდ მიესაჯა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ო---------–--ეს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ო---------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
2018 წლის 14 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ო---------–--ემ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №1/13/732) საფუძველზე, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ არსებული განაჩენების გადასინჯვა, დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლება და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ო---------–--ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ო---------–--ე მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა უფლებები, მათ შორის 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ო---------–--ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და, შესაბამისად, უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები. ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს განაჩენით ო---------–--ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რისთვისაც გორის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ განუსაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დააკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ქმედებებით მსჯავრდების საფუძველი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად სამი წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა. ვინაიდან 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანი“–ს უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, ანუ ქმედება აღარ არის დასჯადი, შესაბამისად, ო---------–--ე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს იმ ქმედებებისათვის, რაც შემდგომში სხვა დანაშაულის, კერძოდ კი საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის შემადგენლობის საფუძველი გახდა. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი დასჯადი აღარ არის ის ქმედება, რამაც სხვა დანაშაულის შემადგენლობა გამოიწვია, პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვისაც.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ ო---------–--ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად ის უნდა გათავისუფლდეს როგორც საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ასევე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად სამი წლის ვადით ჩამორთმეული უფლებები. რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას, სასამართლო აღნიშნულზე აღარ იმსჯელებს სასჯელის მოხდის გამო. ო---------–--ე ასევე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ დანიშნული სასჯელისგან - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთისგან, რაც შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი, რომლის ათვლა დაეწყო 2017 წლის 30 აგვისტოს (იხ. თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 16 მარტის MOC 3 18 00239548 მომართვა თანდართული მასალებით), რაც შეეხება იმავე განაჩენით დანიშნულ დამატებით სასჯელს - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი, აღნიშნულზე პალატა აღარ იმსჯელებს, ვინაიდან თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 16 მარტის #18367 მომართვის თანახმად ო---------–--ეს დაკისრებული ჯარიმა გადახდილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2017 წლის 12 სექტემბერს.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ო---------–--ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ოქტომბრის, 2017 წლის 27 იანვრის და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს განაჩენებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ო---------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ო---------–--ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
ო---------–--ეს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
ო---------–--ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთისგან, რაც სსკ-ის 63-ე- 64-ე მუხლების საფუძველზე არ იქნა გამოყენებული პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 1 (ერთი) წელი.
ო---------–--ე გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
გ. ჯეირანაშვილი