განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115763678
საქმე #1ბ/281-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: შორენა ყაველაშვილმა
მსჯავრდებულ ვ----------------–--ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ხ-------------–--–--ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ----------------–--ა (დაბადებული 1----–-–-------გვისტოს, პირადი #6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები თბილისში, ჩ-----–-------------------ში). მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ----------------–--ამ ჩაიდინა - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 17 თებერვალს, თბილისში, დ---------–---–----------------- კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიიდან ვ----------------–--ა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამავე მაღაზიის მესაკუთრის - მ------------------ის კუთვნილ ხელჩანთას, მასში მოთავსებულ ფულად თანხასა და პირად ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენით:
ვ----------------–--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთამ და ვ----------------–--ას საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ვ----------------–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 5 თებერვლიდან.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ----------------–--ას საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი 2016 წლის 3 აპრილიდან 2018 წლის 5 თებერვლამდე.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ----------------–--ას ინტერესებiს დამცველმა ადვოკატმა ხ-------------–--–--ამ.
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ვ----------------–--ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ვ----------------–--ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ვინაიდან აპელანტის მითითებით, მართალია ვ----------------–--ამ ჩაიდინა ქურდობა, თუმცა ჩანთაში ფული და ძვირადღირებული ნივთები არ იყო და დაზარალებულისთვის არ მიუყენებია მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ----------------–--ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ხ-------------–--–--ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ----------------–--ას დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვ----------------–--ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ აღნიშნული პოზიცია არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ მ-----------------ის (ყ---–-–---–-ს) ჩვენებთ დასტურდება, რომ თბილისში, გ-------–---–----------------ის პირველ სართულზე ფლობს მაღაზიას, სადაც იყიდება მეორადი და ახალი საქონელი. 2015 წლის თებერვალში, შემთხვევის დღეს, დილით, გააღო მაღაზია. დაახლოებით 16:30 საათამდე არსად გასულა, შეამოწმა ხელჩანთა, რომელზეც დადო საჭმლის ყუთი. გავიდა მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სამკერვალოში, სადაც რამდენიმე წუთით გაჩერდა. ამ დროს საკუთარი მაღაზიის კარიდან ზურგით იმყოფებოდა. დაახლოებით 17:30 საათზე აღმოაჩინა, რომ ადგილზე ჩანთა აღარ იყო. მანამდე მამაკაცი შევიდა, რომელმაც შარვლები იკითხა. მიუთითა ხელით, თუმცა აღნიშნული პირი უცებ მიტრიალდა და მაღაზიიდან გავიდა. გასვლისას მამაკაცს ხელში არაფერი ეჭირა. ნახა, საჭმლის ყუთი ეგდო სკამზე, ხოლო ჩანთა აღარ იყო. მაშინვე გავარდა გარეთ და დაიწყო ყვირილი, მიშველეთ, ჩანთა დავკარგეო. რატომღაც თავიდანვე მაღაზიაში შესულ პირზე გაუჩნდა ეჭვი. ძალიან დაიბნა, რადგან ხელჩანთაში თანხა და ოქროულობა ედო. გაეკიდა აღნიშნულ პირს, მან კი როგორც კი დაინახა, გაიქცა.
დაზარალებულის განმარტებით მისი ჩანთის ღირებულება იყო 70 ლარი, ხელჩანთაში მოთავსებული ჰქონდა ფულადი თანხა, 2000 ლარის ოდენობით, 50 ლარიანი კუპიურებით, რაც გადახვეული ჰქონდა თავსაფარში, ოქროს ნივთები - სამაჯური, სამი კულონით, ერთი - გულის ფორმის, ორი - სასწორის ზოდიაქო, ერთს წვერი ჰქონდა ჩამოტეხილი, ასევე, საყურეები და ბეჭედი ერთნაირი, პატარა შავი თვლით, მეორე წყვილი საყურე იყო თეთრი ფერის თვლებით, საქორწინო ბეჭედი, ბეჭედი ქარვის თვლით და ერთი ბაჯაღლოს ბეჭედი, რომელსაც ზედა მხარეს ჰქონდა წმინდა ნიკოლოზის გამოსახულება და შიგნიდან - წმინდა გიორგის გამოსახულება. ოქროულობა ედო ოვალური ფორმის პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში. ოქროულობიდან ერთი ღირდა 300 ევრო, კულონი ღირდა 130-120 ევრო, ბეჭედი - 250 ევრო, ასევე, ჰქონდა წნევის აპარატი - 130 ლარის ღირებულების, სუნამო - 46 ლარად ღირებული, პარფიუმერიის ჩანთაში ედო დაახლოებით 300 ლარის ღირებულების ნივთები. შვილი საზღვარგარეთ მიდიოდა და დოლარი უნდა ეყიდა, ასევე, ოქროს ნივთები უნდა დაელომბარდებინა. ჯამში მიადგა დაახლოებით 7000-8000 ლარამდე მატერიალური ზიანი დღვანდელი კურსით.
მოწმე მ-------------ის ჩვენების თანახმად, მუშაობს მ-----------------ის მაღაზიის პირდაპირ მდებარე სამკერვალო სალონში. 2015 წლის თებერვალში, შემთხვევის დღეს, მასთან მივიდა კლიენტი, რომელსაც შეჰყვა მ-----------------ე სულ რაღაც ერთი, ორი წუთით. დაახლოებით 5, 6 წუთში ხმაური ატყდა, მ-----ს ხმა გაიგო, მიშველეთ, ჩანთა მომპარესო. ძალიან ანერვიულდა და ცუდად გახდა. გაირკვა, რომ მ-----------------ის ჩანთა იყო წაღებული, რომელშიც ფული და ოქროულობა ჰქონდა.
მოწმე ლ--–------–-–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ იგი აფთიაქ ,,თ--–----“ მენეჯერი იყო. აფთიაქის მოსაზღვრედ მეორადი საქონლის მაღაზია იყო. აფთიაქს აქვს ორი ვიდეოკამერა, რომელთაგან ერთი მარჯვნივ იყურება, ხოლო მეორე - მარცხნივ, მთელ პერიმეტრზე. მაღალი დონის კამერებია და აქვს 21 დღიანი მეხსიერება. დროც ფიქსირდება, თუმცა დენის დავარდნის ან გათიშვის შემთხვევაში წელი და რიცხვი იცვლება და 2000 წელი ფიქსირდება. სამართალდამცავებმა შემთხვევის დღის ვიდეოჩანაწერი ამოიღეს. ჩანაწერი თავადაც ნახა. ვიღაც ბიჭი იყო, რომელიც მოძრაობდა და ხელში რაღაც ეჭირა. ბუნდოვნად ახსოვს, რომ ამ პიროვნებას რაღაც გამოჰქონდა და რაღაც გადაიკიდასავით. პოლიციელებმა თქვეს, რომ მაღაზიიდან იყო გამოსული და ჰქონდა ქალის ჩანთა. ეს არ იყო მამაკაცის ჩანთა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მსჯავრდებულმა ვ----------------–--ამ განაცხადა, რომ 2015 წლის 17 თებერვალს შარვლის საყიდლად შევიდა ძველმანი ტანსაცმლის მაღაზიაში, სადაც არავინ დახვდა. ხელჩანთა დაინახა, აიღო და მაღაზიიდან გამოვიდა. გავიდა კორპუსების უკან მდებარე ავტოფარეხებთან. ამოატრიალა ჩანთა, რომელშიც მობილური ტელეფონი წნევის აპარატი და კოსმეტიკა, აღმოჩნდა, ისევ უკან ჩაყარა და ჩანთა ადგილზე დატოვა. შარვლის შესაძენად კვლავ დაბრუნდა იმავე მაღაზიაში, სადაც ქალბატონი დახვდა, რომელმაც საეჭვოდ შეიპატიჟა, შეეშინდა და უკან გაბრუნდა. მაღაზიიდან გამოსულმა ფეხს აუჩქარა და სახლში წავიდა.
2015 წლის 17 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, დ--------------–---–------------------- კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში. კორპუსი წარმოადგენს ხუთსართულიან შენობას, რომლის პირველ სართულზე განთავსებულია სავაჭრო ობიექტები. მეორადი მაღაზიის გვერდით განთავსებულია ფსიქოტროპული აფთიაქი, რომლის გარე პერიმეტრზე დაყენებულია სათვალთვალო კამერები, რომელიც აკონტროლებს გარე პერიმეტრს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, გამომძიებელ რ--------------------ა და დაზარალებულის გარდა, მონაწილეობა აქვთ მიღებული ექსპერტ-კრიმინალისტებს - ნ---------------ესა და ი-----–----------ეს, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე, და კინოლოგიის სამსახურის ექსპერტებს - პა------------ესა და ი-----–--------–-ძეს, რომელთა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა და მათ მიერ განხორციელებული ქმედებები დაცვის მხარეს სადავო არ გაუხდია.
2015 წლის 19 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ვ----------------–--ას მითითებით, გადაკვეთეს დ--------------–---–-ს გამზირზე #---------- კორპუსებს შორის შემავალი საავტომობილო გზა. ვ----------------–--ამ მიუთითა მაღაზიაში შესასვლელ კარზე, კარის შეღებით შევიდა დერეფანში, საიდანაც ხელმარცხნივ ღია კარით შევიდა მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში, გაიარა ტანსაცმელებს შორის და ოთახის ბოლოში კედელთან მდგარ მაგიდას მიადგა, მიუთითა პატარა ხისზედაპირიან სკამზე, საიდანაც 2015 წლის 17 თებერვალს, ისე, რომ არავის დაუნახავს, ფარულად აიღო მონაცრისფრო ტყავის ხელჩანთა და გავიდა მაღაზიიდან. ფარულად დაუფლებული ხელჩანთით, რომელიც ხელში ეჭირა, გაიარა ფსიქოტროპული აფთიაქის წინ, გადაკვეთა ლ-----ს ქუჩა და აუყვა ზედა მხარეს, წავიდა ჩარგლის ქუჩის მიმართულებით. ვ----------------–--ამ მიუთითა ს-----------------–--------------------------------–---------------------–-–--------------------------ნ, ახლად მშენებარე ავტოფარეხის გვერდით, სადაც მიმოფანტული იყო სამშენებლო ბლოკის ნარჩენები. ვ----------------–--ას განმარტებით, 2015 წლის 17 თებერვალს ამ ადგილას ეწყო სამშენებლო ბლოკები, რასაც ჩამოეფარა და დაიწყო დაუფლებული ხელჩანთის დათვალიერება, ამოყარა ხელჩანთაში არსებული ნივთები: ტუჩსაცხები, სუნამო და ქალის სხვა პარფიუმერია, მოძველებული ბრონზირებული ტელეფონი, აღნიშნული ნივთები ისევ უკან მოათავსა და ხელჩანთა მიაგდო ბლოკებთან. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
მითითებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე, გამომძიებლის გარდა, სასამართლო სხდომაზე, ასევე, დაადასტურეს ექსპერტებმა - მ-----------–------იამ და ო-----------–---–მა.
2015 წლის 19 თებერვლის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა მ-----------------ემ ამოიცნო ბრალდებული ვ----------------–--ა და განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილი პირი არის ის პირი, რომელიც 2015 წლის 17 თებერვალს იმყოფებოდა მის მაღაზიაში, მაღაზიიდან გამოსულს დაუძახა, ის კი გაიქცა.
2015 წლის 21 თებერვლის დათვალიერების ოქმის თანახმად, დაზარალებულის მონაწილეობით, დათვალიერდა თბილისში, დ--------------–---–--------------3-ში მდებარე, შპს ,,თ--–-----ან‘‘ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, ექვს ვიდეო ფაილად, რომელზეც ასახულია 2015 წლის 17 თებერვალს აღნიშნული შპს-ს გარე პერიმეტრზე 13:30:00 საათიდან 14:00:00 საათამდე პერიოდში განვითარებული მოვლენები. ჩანაწერზე ასახული წელი, თვე და რიცხვი არეულია. ჩანაწერზე, 2015 წლის 17 თებერვლის ნაცვლად, ნაჩვენებია 2000 წლის 19 იანვარი, ხოლო ასახული დრო 4 საათითა და 10 წუთით ჩამორჩება რეალურ დროს. პირველი კამერის ვიდეო ფაილში 13:39:05 საათზე ჩნდება ვ----------------–--ა, მას ხელში უჭირავს მონაცრისფრო ხელჩანთა და ჩვეულებრივი ნაბიჯებით მიემართება ლ-----ს ქუჩისკენ. მეორე კამერის ვიდეო ფაილში 13:38:24 საათზე ზურგის მხრიდან ჩნდება ვ----------------–--ა, რომელიც, მ-----------------ის განმარტებით, მიემართება მისი კუთვნილი მეორადი მაღაზიისკენ, 13:39:03 საათზე სახით ჩნდება ვ----------------–--ა, რომელსაც ხელში უჭირავს მონაცრისფრო ხელჩანთა, რომელიც, მ-----------------ის განმარტებით, არის მისი კუთვნილება.
აღნიშნული ვიდეო ფაილები 2015 წლის 22 თებერვალს დათვალიერდა ბრალდებულ ვ----------------–--ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით, რა დროსაც მსჯავრდებულმა ვ----------------–--ამ განაცხადა, რომ ჩანაწერზე დაფიქსირებული მამაკაცი, მონაცრისფრო ხელჩანთით, თავად არის, რაც დადასტურებულია დათვალიერების ოქმზე მისი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ხ-------------–--–--ას ხელმოწერებით, ასევე, გამომძიებელ რ-------------------- ხელმოწერით.
სააპელაციო პალატა ვერ გაიაზიარებს მსჯავრდებულ ვ----------------–--ას ინტერესების დამცველი ადვოკატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ვ----------------–--ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ვინაიდან პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული პოზიცია არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2.ქმედების ფარულად განხორცილება, 3 მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ზემოაღნიშნული ტკიცებულებებისა, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ მსჯავრდებულის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს, აღნიშნულს (ქურდობის ჩადენის ფაქტს) თავად მსჯავრდებული ვ----------------–--აც არ უარყოფს.
რაც შეეხება მსჯავრდენულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია, ვინაიდან ვ----------------–--ას მიერ ფარულად დაუფლებულ ჩანთაში არ ყოფილა დაზარალებულის მიერ ჩამოთვლილი ძვირფასი ნივთები და ფულადი თანხა, ასეთს პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დაზარალებულ მ-----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ხელჩანთაში მოთავსებული ჰქონდა 2000 ლარი და ორქოს სამკაულები. დაზარალებულის ჩვენების უტყუარობა დასტურდება მოწმე მ-------------ის ჩვენებით, რომლის განმარტებით იგი მუშაობს მ-----------------ის კუთვნილ მეორადი საქონლის მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს და შემთხვევამდე მან დაზარალებულისგან შეიტყო, რომ აპირებდა დოლარის ყიდვას, რათა შვილი გაეშვა საზღვარგარეთ და ოქროს დალომბარდებას, ვინაიდან თანხა არ ჰყოფნიდა.
დაზარალებულის ჩვენების სანდოობაზე მიუთითებს საგამოძიებო ორგანოში ელსმენის საშუალებით შესული შეტყობინების შინაარსი, რომლითაც ირკვევა, რომ დაზარალებულმა პირველივე შესაძლებლობისთანავე განაცხადა, რომ მოპარეს ხელჩანთა, რომელშიც ჰქონდა 2000 ლარი და ექვსი ოქროს სამკაული.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ვ----------------–--ას დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ----------------–--ამ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
პალატას ასევე მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი ოჯახური მდგომარეობა, ის გარემოება, რომ ვ----------------–--ას პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მას განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების გათვალისწინებით, რასაც პალატა ეთანხმება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენი ვ----------------–--ას მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ----------------–--ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ----------------–--ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ხ-------------–--–--ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენი ვ----------------–--ას მიმართ.
ვ----------------–--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი მთლიანად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთამ და ვ----------------–--ას საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ვ----------------–--ას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 5 თებერვლიდან.
ვ----------------–--ას საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი 2016 წლის 3 აპრილიდან 2018 წლის 5 თებერვლამდე.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ვ----------------–--ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
3 ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ვ----------------–--ას.
სუნის ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /შ. ყაველაშვილი/