განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2018
საქმის ნომერი
010210016001429923
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
14.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001429923

საქმე N2/ბ-1230-17წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

14 მარტი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: გ--------- დ-------ე, მ-------- დ-------ე

წარმომადგენელი: ვ--–------ გ--------ე

მოწინააღმდეგე მხარე: ე----- დ-------ე, ნ------- დ-------ე, ა-–---------- დ-------ე, მ------ დ-------ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი: ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა

სააპელაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2016 წლის 12 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ე----- დ-------ემ, ნ------- დ-------ემ, ა-–---------- დ-------ემ, მ------ დ-------ემ მოპასუხეებად მიუთითეს გ--------- დ-------ე და მ-------- დ-------ე და მოპასუხეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 მაისის განჩინებით ე----- დ-------ის, ნ------- დ-------ის, ა-–---------- დ-------ის, მ------ დ-------ის სარჩელი გ--------- დ-------ისა და მ-------- დ-------ის მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, სარჩელის გამოხმობის გამო, დარჩა განუხილველად.

მოსარჩელე ე----- დ-------ეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდა, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3000 ლარი.

2017 წლის 02 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ--------- და მ-------- დ-------ის წარმომადგენელმა ვ--–------ გ--------ემ და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 3000 ლარის ანაზღაურების თაობაზე დამატებითი განჩინების გამოტანა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხეთა წარმომადგენელს, ვ--–------ გ--------ეს უარი ეთქვა ადვოკატის მომსახურეობის თანხის მოსარჩელეთათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნაზე.

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს იმ პირებისათვის ასანაზღაურებელ ხარჯებს, რომლებიც დახმარებას უწევენ სასამართლოს (მოწმეები, სპეციალისტები, ექსპერტები, თარჯიმნები და ა.შ.).

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ამასთან, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

მითითებული ნორმის შესაბამისად, წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯები ანაზღაურდება მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში.

ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დატოვებულია განუხილველად და სარჩელით დაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე რაიმე გადაწყვეტილება, მით უმეტეს მოპასუხეთა საწინააღმდეგოდ არ მიღებულა, ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვერ იმსჯელებს საპროცესო ხარჯების მხარეთა შორის განაწილებაზე, რაც გულისხმობს, რომ ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯები ვერ დაეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს, ან პირიქით.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ--------- და მ-------- დ-------ის წარმომადგენელმა ვ--–------ გ--------ემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს ხარჯს და ამავე კოდექსის 831 მუხლიდან გამომდინარე სარჩელის გამოხმობის მოტივით სარჩელის განუხილველად დატოვებისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოცემული ხარჯის მოსარჩელეზე დაკისრების შესახებ.

შესაბამისად, პირველი ინსტანცის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი არ მიიჩნია სასამართლო ხარჯად და განმარტა, რომ საქმის არსებითად გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელია აღნიშნული ხარჯი დაეკისროს რომელიმე მხარეს.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2016 წლის 12 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ე----- დ-------ემ, ნ------- დ-------ემ, ა-–---------- დ-------ემ, მ------ დ-------ემ მოპასუხეებად მიუთითეს გ--------- დ-------ე და მ-------- დ-------ე და მოპასუხეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი და ამავე სასამართლოს 2017 წლის 03 თებერვლის განჩინებით დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა.

2017 წლის 01 მაისს, საქმის მომზადების საპროცესო ეტაპზე, მოსარჩელეებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის გამოხმობის თაობაზე განცხადება წარადგინეს სასამართლოში, მისი დაკმაყოფილება და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 მაისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა და ე----- დ-------ის, ნ------- დ-------ის, ა-–---------- დ-------ის, მ------ დ-------ის სარჩელი გ--------- დ-------ისა და მ-------- დ-------ის მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, სარჩელის გამოხმობის გამო, დარჩა განუხილველად;

მოსარჩელე ე----- დ-------ეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდა მის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 3000 ლარი.

დადგენილია, რომ 2017 წლის 02 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ--------- და მ-------- დ-------ის წარმომადგენელმა ვ--–------ გ--------ემ და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 3000 ლარის ანაზღაურების თაობაზე დამატებითი განჩინების გამოტანა მოითხოვა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხე მხარის მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილებით (განჩინებით) ადვოკატის მომსახურეობის თანხის მოსარჩელეთათვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხე მხარემ, მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდეწექსის 831-ე მუხლის თანახმად მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე... თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა...

ამავე კოდექსის 37-ე მუხლი განსაზღვრავს საპროცესო ხარჯების ცნებას.

აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლოს ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები (მეორე ნაწილი), ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური) მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები (მესამე ნაწილი), რაც სასამართლოს ხარჯად ვერ განიხილება.

ვინაიდან, სსკ 831-ე მუხლით სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში გათვალისწინებულია, მხოლოდ მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი, რომელიც სსკ-ის 37.3 მუხლის თანახმად სასამართლოსგარეშე ხარჯს წარმოადგენს, არ შეიძლება სსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე განაწილდეს მხარეთა შორის.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სარჩელის გამოხმობის დროს, მოპასუხის მიერ ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს, არასწორია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მ-------- და გ--------- დ-------ის წარმომადგენლის ვ--–------ გ--------ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თობაზე მიღებული განჩინებით არსებითად სწორი გადაწყვეტილება (განჩინება) გამოიტანა, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ--------- დ---------- და მ-------- დ-------ის (წარმომადგენელი- ვ--–------ გ--------ე) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გაჩინება N2-2197-16 სამოქალაქო საქმეზე;

3. სახელმწიფო ბაჟის გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე