განაჩენი

სისხლის სამართლის 21.03.2018
საქმის ნომერი
330100116001665634
ინსტანცია
თარიღი
21.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100116001665634 - 1ბ/285-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

29 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯერირანაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გამართლებული: ო-------------ე (პ/ნომერი 0----------), დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------------------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------ემ და ითხოვა ო-------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულ ო-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ----------–---–ის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, რითაც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

ბრალდების არსი:

 

2016 წლის 23 ნოემბერს ქ.თბილისში, თ---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ო-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის მიერ უკანონოდ შეძენილი ნივთიერება 5-fluoro-ADB, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების - კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ო-------------ე უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა:

 

მოწმის, ძველი თბილისის მე-5 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ი-----–---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ო-------------ეს იცნობს საქმიდან გამომდინარე. მან 2016 წლის 23 ნოემბერს, საღამოს, საათი არ ახსოვს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ. თ---–--–---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ო-------------ე, რომელსაც უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, რაზეც მიმართა პატაკით ხელმძღვანელობას. მისთვის არ უთქვამთ თუ რა სახის ნარკოტიკული საშუალება უნდა ჰქონოდა მას, ან როგორ მდგომარეობაში. სხვა ამ სისხლის სამართლის საქმესთან შეხება არ ჰქონია.

 

მოწმის, ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილება უფროსის მოადგილის თ---------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ნოემბრისათვის მუშაობდა, ძველი თბილისის სამმართველოს მე-5 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. იგი აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ძირითადი გამომძიებელი არ ყოფილა, მას მხოლოდ ბრალი გააცნო ბრალდებულს, რასაც ბრალდებული არ დაეთანხმა და ხელი არ მოეწერა. ახსოვს, რომ მას ბრალი ედებოდა სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ეგრეთ წოდებულ „ბიოს“-თან დაკავშირებით.

 

მოწმე გ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მან დადგენილება ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე ჩააბარა ექსპერტიზის ბიუროს. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

მოწმის ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელის, შ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას გამოკითხული ჰყავს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტები, სახელები და გვარები არ ახსოვს.

 

მოწმის, ძველი თბილისის სამმართველოს მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის, ვ--–--------------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას 2016 წლის 23 ნოემბერს, ბრალდებულის სახით გამოკითხული ჰყავს ბრალდებული ო-------------ე, რა დროსაც მას განემარტა მისი უფლება მოვალეობები, რა დროსაც მან აღიარა, რომ მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მისი ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი ე.წ. „დუტის“ ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის ბორჯომის ბოთლი, თავსახურის გარეშე, რომელზეც მის მიერ გაკეთებული იქნა რამდენიმე ნახვრეტი, თავსახურთან და ბოლოში, აღნიშნული ბოთლი დაილუქა ადგილზევე, ლუქზე იყო როგორც მისი ისე თანამშრომელების ხელმოწერა, დაესვა თარიღი და მას შენიშვნები არ გაუკეთებია. მან განმარტა რომ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს მისი უფლებები არ დარღვეულა, ამიტომ შენიშვნები არ გამოუთქვამს მან დართო ნება ჩაეტარებინათ აღნიშნული მოქმედებები. ო-------------ე გაეცნო გამოკითხვის ოქმს და მასზე არ გამოუთქვამს შენიშვნები.

 

მოწმის, ძველი თბილისის სამმართველოს მე-5 განყოფილება დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელის, მ--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 23 ნოემბერს მე-5 განყოფოლებაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლი გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, მის მიერ დაიკითხა პატაკის ავტორი, ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ დანიშნა ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზა.

 

საქართველოს შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, მოწმეებმა - კ--------–---–-----მა და ა---------–-----–---–მა განმარტეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2016 წლის 23 ნოემბერს, ქ.თბილისში, თ---------------------------ის მიმდებარედ ჩაატარეს ო-------------ის პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნახევარლიტრიანი ბოთლი, რომელშიც მოთავსებული იყო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. პირადი ჩხრეკის შემდეგ ო-------------ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. ამოღებული ბოთლი დაილუქა ადგილზევე.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2016 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, თ---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ო-------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი დუტის ქურთუკის გულის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის ნახევარლიტრიანი ბოთლი თავსახურის გარეშე, რომელსაც ფოლგის ვერცხლისფერი ქაღალდი ჰქონდა შემოხვეული, აღნიშნულ ქაღალდზე და ბოთლის კედლებზე აღინიშნებოდა მოყავისფრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება. ბოთლი ძირზე იყო ამოჭრილი. ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ამოღებული ნივთი ადგილზევე დაილუქა და ლუქზე გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.

 

2016 წლის 24 ნოემბრის №---------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 0,5 ლ-იანი ცისფერი გამჭვირვალე პოლიმერული მასალის ცარიელი ბოთლის (ეტიკეტით: „ბაკურიანი“) შიდა კედლებზე და ფოლგის ზედაპირზე არსებული შავი ნივთიერების დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლს 0,00106 გრამის ოდენობით და ნივთიერება 5-fluoro-ADB-ს, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა ნ-----–------ემ და ს--------–--------მ.

 

ო-------------ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა 2016 წლის 23 ნოემბერს მისი დაკავების ფაქტი და ამასთან განმარტა, რომ მას პირადი ჩხრეკა არ ჩატარებია. პოლიციის მუშაკებს, რომლებმაც იგი ქუჩაში შეაჩერეს, თავად გადასცა მინერალური წყლის - „ბორჯომის“ პოლიეთილენის ნახევარლიტრიანი ბოთლი, რომელშიც მოთავსებული იყო „მარიხუანა“ და არა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. ბრალდებულის განმარტებით, დაკავებამდე აღნიშნული ბოთლიდან მოიხმარა „მარიხუანა“ და ბოთლზე დარჩა ამ ნივთიერების დანაშრევი. ო-------------ის განმარტებით, დაკავების ადგილზე ოქმები არ შედგენილა, არც მისგან ამოღებული ბოთლი არ დალუქულა. პოლიციის განყოფილებაში მან პოლიციელების რჩევით ოქმებზე და ასევე თაბახის ფურცელზე დასმულ ლუქის ბეჭდებზე მოაწერა ხელი, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ „ბორჯომის“ ბოთლში „მარიხუანა“ იყო.

 

2016 წლის 24 ნოემბრის ნარკოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნით დადგენილია, რომ ო-------------ეს ლაბორატორიულად დაუდგინდა „მარიხუანას“ მოხმარების ფაქტი.

 

ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ი----- მ-------–-–---–მა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გამამართლებელ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი პოლიმერული მასალის ბოთლის, მასში მოთავსებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრალდებულისთვის კუთვნილების ფაქტი. განსახილველ ნაწილში ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება არის ო-------------ის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმად ბრალდებულისგან ამოღებული იქნა გაურკვეველი დასახელების ბოთლი, მასში მოთავსებული ნივთიერებით, რომელიც ადგილზევე დაილუქა და ლუქზე გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. პირველი ისტანციის სასამართლოში დაკითხულმა ჩხრეკაში მონაწილე პირებმა ა---------–-----–---–მა და კ--------–---–-----მა განმარტეს, რომ პირადი ჩხრეკა ჩაატარებული იქნა უშუალოდ ა---------–-----–---–ის მიერ, ხოლო ოქმი შეადგენილი იქნა კ--------–---–-----ის მიერ. მოწმეებმა ასევე განაცხადეს, რომ ამოღებული ობიექტი ადგილზევე დაილუქა და მას ხელი მოაწერეს ა------–---–მა, კ--–---–-----მა და ო---------ემ.

 

ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევისას პირველად ლუქზე არ აღმოჩნდა უშუალოდ ჩხრეკის ჩამტარებელი პირის ა---------–-----–---–ის ხელმოწერა. ხელმოწერის არარსებობა ასევე დადასტურებულია 2016 წლის 24 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნის თანდართულ ფოტოცხრილითაც, რაც თავისთავად წინააღმდეგობაში მოდის მოწმე პოლიციელთა ჩვენებებთან ხელმოწერებთან მიმართებაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლი მკაფიოდ განსაზღვრავს ჩხრეკის ჩატარების წესს, მუხლის მე-6 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი საგანი დაწვრილებით უნდა აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ. ნორმა მკაფიოდ ითხოვს, საგნის დაწვრილებით აღწერას და დალუქვის შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირის ხელმოწერას, გამონაკლისად შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ის პირი ვისთანაც ტარდება ჩხრეკა (ბრალდებული).

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ნივთმტიცების გამოკვლევის დროს ასევე სააპელაციო საჩივარში, ბრალდების მხარის მიერ ვერ გაეცა არგუმეტირებული პასუხი კითხვას, რატომ არ არსებობდა ა-------–---–ის ხელმოწერა ლუქზე თუ მან ხელი ნამდვილად მოაწერა და ეს ხელმოწერა რატომ არ არსებობს ნივთმტკიცების (პოლიეთილენის ბოთლი) პირვანდელ ლუქზე.

 

გარდა ამისა პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდებული, როგორც გამოძიებაში ასევე სასამართლოშიც აღნიშნავდა, რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მინერალური წყლის „ბორჯომის“ ნახევარლიტრიანი ბოთლი, თუმცა სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია და ასევე საექსპერტო კვლევა ჩატარებულია „ბაკურიანის“ ნახევარლიტრიან ბოთლზე და მის დანაშრევზე, რაც ობიექტურ კითხვას ბადებს იმის შესახებ თუ, გამოძიების ეტაპზევე ბრალდებულის გამოკითხვის დროს, რატომ არ იქნა დაზუსტებული ბოთლი იყო ბაკურიანის თუ ბორჯომის, ასევე პირადი ჩხრეკის ოქმში, როგორც ამას სსსკ-ის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილი ითხოვს, რატომ არ არის დაწვრილებით აღწერილი პოლიეთილენის ბოთლი, მისი განმასხვავებელი ნიშნით - ეტიკეტის სახელწოდებით.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გონივრილ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიაბას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ“. გამოკვლეული მტკიცებულებებით კი ნივთიერი მტკიცებულების ავთენტიკურობა, ზემოთ აღნიშნული გარემოებების საფუძველზე ეჭვს ბადებს.

 

გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ო-------------ის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტს, შესაბამისად ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ო-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პოლიმერული მასალის ბოთლი, მასში არსებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებით განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ო-------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი ო-------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ო----- ფ-----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გაუქმდეს ო-------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ო-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პოლიმერული მასალის ბოთლი, მასში არსებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებით განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად ო-------------ე უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი