განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2018
საქმის ნომერი
030100117002160980
ინსტანცია
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030100117002160980

(1/ბ-96-18წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - ფელიქს ჯალაღონიას,ადვოკატის - ზაზა კვირკველიას,მსჯავრდებულის - გ--–---------ს მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--–------------------ს მიმართ, დაბადებული 1967 წლის 01 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 2----------- საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: მარტვილი, სოფელი ბ----,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ--–---------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის. რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 17:30 საათზე, ადრე ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ--–---------, ქ. ფოთში, სამეგრელოს მოედანზე მდებარე საგაზეთო ჯიხურიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ-------------ას კუთვნილ თანხას 815 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენით გ--–----------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტით.

გ--–--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--–----------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ გ--–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.

მსჯავრდებულ გ--–---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - მსჯავრდებული გ--–--------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენში სასიკეთო ცვლილების შეტანას და დანიშნული სასჯელიდან ნაწილის პირობით ჩათვლას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხასიათდება დადებითად, არ განეკუთვნება იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც თავისუფლებაში ყოფნისას საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, აქვს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები. არ გააჩნია არანაირი საარსებო წყარო და შემოსავალი, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ გ--–---------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ზაზა კვირკველიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორს ფელიქს ჯალაღონიას, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ--–---------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულ გ--–---------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დაადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ნ---------------ს ჩვენებით, მოწმეების - ე-----–---ს და ლ--------–--–---–-ს ჩვენებებით, ვიდეო-ჩანაწერით, ვიდეო ფირის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ--–---------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.

 

მსჯავრდებულ გ--–---------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებლები და მას განესაზღვრა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციის მინიმალური სასჯელი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დანიშნული სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნების, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების და მოვალეობათა დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, სსკ-ის 50-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა იქნება შეუსაბამოდ მსუბუქი, რაც ხელს ვერ შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და სასჯელის სხვა მიზნების განხორციელებას. ასევე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გ--–---------მ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრდების მოქმედების პერიოდში, შესაბამისად ახალი სასჯელის, თუნდაც მისი ნაწილის კვლავ პირობით ჩათვლა, ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის კანონის მოთხოვნებს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ--–---------ს მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით დადგენილ სასჯელის მიზნებს, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ--–---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ--–---------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტით.

 

გ--–--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა, სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--–----------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ--–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.

 

მსჯავრდებულ გ--–---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, გ--–---------სგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ--–---------ს, ხოლო ნ-------------ას საგაზეთო ჯიხურის გაქურდვის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის მოცემულს სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე