განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
ქ.თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ--------------------------–--ის მიმართ, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N5----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ-------–------------------------------------------–---–---------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით, გ------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის 22 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
გ------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (სიტყვიერ შეურაცხყოფასთან და დამცირებასთან მიმართებით წარდგენილი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის 22 ივნისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (სიტყვიერ შეურაცხყოფასთან და დამცირებასთან მიმართებით წარდგენილი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ გ------------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ გ------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 23 ივნისიდან.
გ------------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 22 ივნისს, ღამის საათებში, ქ------–-------------------------------------------------------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------------–--ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ----------------ას, მისი 12 წლის შვილის ზ--------------–--ის თანდასწრებით. კერძოდ, ხელი დაარტყა თავდაპირველად სახის არეში, მარცხენა მხარეს - საფეთქელთან, ხოლო შემდეგ მარჯვენა მხარეს, თვალის ქვემოთ და ცხვირის არეში. აღნიშნული ქმედებების შედეგად მ----------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, გ------------–--ემ უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში არაერთხელ მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ----------------ას სიტყვიერი შეურაცხყოფა და განახორციელა მისი დამცირება, მათ შორის მისი არასრულწლოვანი შვილის - ზ--------------–--ის თანდასწრებით. კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მას, მათ შორის ანალოგიური ქმედებები გ------------–--ემ მ----------------ას მიმართ, მისი 12 წლის შვილის ზ--------------–--ის თანდასწრებით განახორციელა 2017 წლის 22 ივნისს, საღამოს საათებში ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხოლო აღნიშნულმა ქმედებებმა მ----------------ას ტანჯვა გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ---------------–--ემ.
ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული დანაშაულები, რომელთა ნაწილიც დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძლედებოდა, ასევე, იმ პირობებში, როდესაც სახეზე არაა შემამსუბუქებელი გარემოებები, მინიმალური სასჯელის დანიშვნა, სრულად ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზანს - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, განიხილა სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადაოდ. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ----------------ას და მოწმეების - ზ-------------ის, უ--------ას, ა-----–--------–--–---–ის, ნ---------------ის, ლ--–---------–--ის, ზ-------–-----–--ის და ნ----------–----ის ჩვენებებით; მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული არასრულწლოვანი მოწმის - ზ--------------–--ის ჩვენებით; 2----–-–-----------------ის დაბადების N0------ აქტის ჩანაწერით; 2017 წლის 23 ივნისის პატაკით; 2017 წლის 23 ივნისის ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით; 2017 წლის 23 ივნისის ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმით; 2017 წლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების გავნითარების სააგენტოს N--------- მიმართვით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ------------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ------------–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დანიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ------------–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად იქნა შეფასებული და გათვალისწინებული ჩადენილი დანაშულის მოტივი, ხასიათი, სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, ქმედების განხორციელების სახე და მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; გათვალისწინებული იქნა ასევე ჩადენილი ქმედების სისტემატურობა, დამნაშავის მიერ ხელყოფილი სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, იმ პირობებში, როდესაც არ გამოვლენილა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლომ ჩათვალა, რომ გ------------–--ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახით 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ------------–--ეს დადგენილი სანქციის ფარგლებში განესაზღვრა სამართლიანი და კანონიერი, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რისი დამძიმების საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ.თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
გ------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის 22 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
გ------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (სიტყვიერ შეურაცხყოფასთან და დამცირებასთან მიმართებით წარდგენილი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის 22 ივნისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (სიტყვიერ შეურაცხყოფასთან და დამცირებასთან მიმართებით წარდგენილი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ გ------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 23 ივნისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. კაპანაძე