განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.02.2018
საქმის ნომერი
190310017001974158
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
თარიღი
16.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №190310017001974158 (3ბ/2414-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - გ---–--–------ი

წარმომადგენელი - გ------------------–---–ი

 

მოპასუხე (მოპასუხე) - შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამეტნი

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების დაფარვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ---–--–------ის (პ/ნ 2----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1990 წლიდან 2017 წლის 02 მაისამდე მოსარჩელე მუშაობდა შსს ქვემო ქართლის შს სამმართველოს მ--------–-- რაიონულ სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე, ჯერ ს----–------------–------------- განყოფილებაში, 2011 წლიდან კი ს------------------------–----------------- სპეციალისტად (კ-------------). 2017 წლის 02 მაისს გათვაისუფლებული იქნა თანამდებობიდან რეზერვში გადასვლით.

 

2.2. მოსარჩელე 1998-2003 წლებში მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში, შს რაიონული სამმართველოს რ-------------------–---------- პოლიციელად. მისი კუთვნილი ანაზღაურება წლების მიხედვით შეადგენს: 1998 წლის კუთვნილი ხელფასი 618.40 ლარი; 1999 წლის კუთვნილი ხელფასი 328.50 ლარი; 2000 წლის კუთვნილი ხელფასი 438.00 ლარი; 2003 წლის კუთვნილი ხელფასი 107.90 ლარი, ჯამში 1492.80 ლარი. აღნიშნული თანხის გაცემა ვერ მოხერხდა, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროზე ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში არ არის გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხები, რის გამოც შს სამინისტრომ ვერ შეძლო დაეკმაყოფინებინა შს ორგანოებიდან დათხოვნილ ყოფილ თანამშრომელთა მოთხოვნა მათ სასარგებლოდ თანხის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისი დაფინანსების მიღებამდე.

 

2.3. შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ს------------–----------------–------------------–----------------------------ის წერილით ირკვევა, რომ გ---–--–------ს წინა პერიოდში განცხადებით არ მიუმართავს გაუცემელი ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ. მოცემულ შემთხვევაში გ---–--–------ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე და ითხოვს მოპასუხეს დაევალოს აანაზღაუროს 1998-2000, 2003 წლების მიუღებელი ხელფასი, რაც შეადგენს 1492 ლარსა და 80 თეთრს.

 

2.5. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, გ---–--–------ი წარმოადგენს მოხელეს და მისი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს მითითებული კანონი. „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო ხსენებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებზე ვრცელდება აღნიშნული კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამასთან, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რაც თავისთავად გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერ ვალდებულებას გასცეს შრომითი გასამრჯელო, ხელფასი.

 

2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. იმავე პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, სამართლიანი ხელფასი. ,,ევროპის სოციალური ქარტიის” მე-4 მუხლი ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარეები აღიარებენ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ღირსეულ დონეს. 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს მიიღოს შრომის ანაზღაურება. არავის არ შეიძლება ჩამოერთვას ქონება თვითნებურად. საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს.

 

2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა და სწორედ ამ კანონის 37-ე მუხლით დაეკისრა ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს. კანონმდებელი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლში მითითებულ სამსახურეობრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანების, განკარგულების, გადაწყვეტილების, აგრეთვე მოქმედების გასაჩივრებაში არ გულისხმობდა კანონით დაკისრებული ვალდებულების – ხელფასის გაუცემლობის თაობაზე ერთი თვის ვადაში სასამართლოში დავის დაწყებას, უმოქმედობის გასაჩივრებას, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება არა მხოლოდ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს, არამედ იგი შესაბამისობაში უნდა იყოს მოქმედ კანონმდებლობასთან. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელსაც შეუერთდა საქართველო, ჯერ კიდევ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის N655 დადგენილებით აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

 

2.8. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 1998-2000, 2003 წლების მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება 1492 ლარისა და 80 თეთრის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ანაზღაურება და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. იმავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშვნელობის არის იმის გარკვევა, თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, რასაც სამოქალაქო კანონმდებლობა უკავშირებს სუბიექტურ ფაქტორს ანუ იმ მომენტს, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1998-2000, 2003 წლის მიუღებელ ხელფასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, გადაწყვტილების 3.3 პუნქტი არასწორად არის დადგენილი: აპელანტი მუშაობდა მოპასუხესთან 2017 წლის 02 მაისამდე, ყოველთვიურად იღებდა ხელფასს, უარი არ უთქვამს სახელფასო დავალიანების მიღებაზე, ელოდებოდა მის მიღებას და არასწორია დასკვნა, რომ აპელანტის არ მიუმართავს მოპასუხისათვის სახელმწიფო დავალიანების მიღებაზე.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც მდგომარეობს შემდეგში: 1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლებზე და ხანდაზმულად ჩათვალა მოთხოვნა სახელფასო დავალიანების შესახებ, მაგრამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აპელანტი არის საჯარო მოხელე, პოლიციის თანამშრომელი და არ გაითვალისწინა, რომ ხელშეკრულებით აპელანტი არ არის მიღებული სამსახურში, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ის მუშაობდა 2017 წლის 02 მაისამდე, ყოველთვიურად იღებდა ხელფასს, უარი არ უთქვამს სახელფასო დავალიანების მიღებაზე და ელოდებოდა მის მიღებას. შესაბამისად აპელანტმა აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადა უნდა ათვლილიყო მისი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე და 137-ე მუხლები, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ: ა) ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი); ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებულბული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარატიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. აპელანტის მითითებით, მოპასუხემ არ უარყო დავლიანების არსებობ, მაგრამ მიუთითა, რომ ვერ გასცემს დავალიანებას დაფინანსების არ არსებობის გამო, თუმცა აღიარებს, რომ სახელმწიფო ვერ იხდიდა წარმოქმნილ სახელფასო დავალიანებას და გადაავადა (გაყინა) მისი გაცემა შესაბამისი ასიგნების გამოყოფამდე.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, მოპასუხის 2017 წლის 08 ივნისის წერილი სახელფასო დავალიანების შესახებ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვალის აღიარების შესახებ და არა საჯარო ინფორმაცია, რადგან ცნობის მომთხოვნ პირს გააჩნდა იმის ინტერესი, რომ მიეღო ისეთი ცნობა, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო აღიარებდა და დაადასტურებდა სახელფასო დავალიანების არსებობას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის რეკომენდაციები ადმინისტრაციული სამართლის სასაამრთლოს პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე მე-8 საკითხში განხილულია ეს პრობლემა და ცალსახად დადგენილია, რომ ასეთი ცნობა წარმოადგენს აღიარებას.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1990 წლიდან 2017 წლის 02 მაისამდე მოსარჩელე მუშაობდა შსს ქვემო ქართლის შს სამმართველოს მ--------–-- რაიონულ სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე, ჯერ ს----–------------–------------- განყოფილებაში, 2011 წლიდან კი ს------------------------–----------------- სპეციალისტად (კ-------------). 2017 წლის 02 მაისს გათვაისუფლებული იქნა თანამდებობიდან რეზერვში გადასვლით.

 

4.2. მოსარჩელე 1998-2003 წლებში მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში, შს რაიონული სამმართველოს რ-------------------–---------- პოლიციელად. მისი კუთვნილი ანაზღაურება წლების მიხედვით შეადგენს: 1998 წლის კუთვნილი ხელფასი 618.40 ლარი; 1999 წლის კუთვნილი ხელფასი 328.50 ლარი; 2000 წლის კუთვნილი ხელფასი 438.00 ლარი; 2003 წლის კუთვნილი ხელფასი 107.90 ლარი, ჯამში 1492.80 ლარი. აღნიშნული თანხის გაცემა ვერ მოხერხდა, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროზე ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში არ არის გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხები, რის გამოც შს სამინისტრომ ვერ შეძლო დაეკმაყოფინებინა შს ორგანოებიდან დათხოვნილ ყოფილ თანამშრომელთა მოთხოვნა მათ სასარგებლოდ თანხის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისი დაფინანსების მიღებამდე.

 

4.3. შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ს------------–----------------–------------------–----------------------------ის წერილით ირკვევა, რომ გ---–--–------ს წინა პერიოდში განცხადებით არ მიუმართავს გაუცემელი ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.4. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დავალდებულების საფუძველი.

 

4.5. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო აქტები ავალდებულებს დამსაქმებელს დასაქმებულს აუნაზღაუროს ხელფასი. კერძოდ, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. იმავე პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, სამართლიანი ხელფასი. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლი ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარეები აღიარებენ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ღირსეულ დონეს. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 23-ე მუხლის მიხედვით, ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. სახელფასო დავალიანების წარმოშობის პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის გასამრჯელო (ხელფასი). შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას და რომლისთვისაც ცნობილია მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების არსებობა, მის ანაზღაურებაზე უარი ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკას მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვის სფეროში და საყოველთაოდ აღიარებულ სამართლიანობის პრინციპს. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1990 წლიდან 2017 წლის 02 მაისამდე მოსარჩელე მუშაობდა შსს ქვემო ქართლის შს სამმართველოს მ--------–-- რაიონულ სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე, ჯერ ს----–------------–------------- განყოფილებაში, 2011 წლიდან კი ს------------------------–----------------- სპეციალისტად (კ-------------). 2017 წლის 02 მაისს გათვაისუფლებული იქნა თანამდებობიდან რეზერვში გადასვლით. მოსარჩელე 1998-2003 წლებში მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში, შს რაიონული სამმართველოს რ-------------------–---------- პოლიციელად. მისი კუთვნილი ანაზღაურება წლების მიხედვით შეადგენს: 1998 წლის კუთვნილი ხელფასი 618.40 ლარი; 1999 წლის კუთვნილი ხელფასი 328.50 ლარი; 2000 წლის კუთვნილი ხელფასი 438.00 ლარი; 2003 წლის კუთვნილი ხელფასი 107.90 ლარი, ჯამში 1492.80 ლარი. აღნიშნული თანხის გაცემა ვერ მოხერხდა, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროზე ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში არ არის გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხები, რის გამოც შს სამინისტრომ ვერ შეძლო დაეკმაყოფინებინა შს ორგანოებიდან დათხოვნილ ყოფილ თანამშრომელთა მოთხოვნა მათ სასარგებლოდ თანხის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისი დაფინანსების მიღებამდე. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროზე ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხების გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელე მუშაობდა რა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში სხვადასხვა თანამდებობებზე, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რის გამოც მისთვის სახელფასო დავალიანების გაუცემლობა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას.

 

4.6. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დავის საგანს წარმოადგენს 1998-2000, 2003 წლების მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება 1492 ლარისა და 80 თეთრის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ შრომითი ანაზღაურება და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. იმავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა ზემოაღნიშნული ნორმები, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. იმავე კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ აღიარა მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი, თუმცა მის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა მხოლოდ იმის გამო, რომ ბიუჯეტიდან ასეთი თანხები არ არის გამოყოფილი. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახელფასო დავალიანების არსებობის აღიარების გამო შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა და მისი ათვლა დაიწყო თავიდან, რის გამოც არ არსებობდა ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ---–--–------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; გ---–--–------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს გ---–--–------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1492 (ათას ოთხას ოთხმოცდათორმეტი) ლარისა და 80 (ოთხმოცი) თეთრის ოდენობით.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ---–--–------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ---–--–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს გ---–--–------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1492 (ათას ოთხას ოთხმოცდათორმეტი) ლარისა და 80 (ოთხმოცი) თეთრის ოდენობით;

5. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე