განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2018
საქმის ნომერი
200100115815693
ინსტანცია
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100115815693

საქმე №1/ბ-130-15

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

02 აპრილი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივნები ლელა ბახტაძე და ეკატერინე უკლება

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: დ----------–-----ი.

 

დაცვის მხარე:

გამართლებული: გ--------------–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–---------–--ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 2----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–----------------------–---------------–--ი.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა - თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ----------–-----მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამართლებული გ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტი მიუთითებს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენით, გ--------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლად კი, მიჩნეულ იქნა ის გარემოება, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ--------------–---–ის ბრალეულობას. აპელანტს მიაჩნია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი არის არაობიექტური, ვინაიდან სწორი შეფასება არ მიეცა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის და მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებს. სხდომაზე დაზარალებულმა განმარტა, რომ მას ვენახის მავთულები დანიშნული ჰქონდა თეთრი ფერის საღებავით და სწორედ ამ ნიშნით შეძლო მათი ამოცნობა, ხოლო მოწმე ზ-------------ემ კი აჩვენა, რომ 2015 წლის 4 აპრილს, ქურდობის ჩადენიდან მეორე დღეს მან გ--------------–---–ისგან 45 ლარად ჩაიბარა ვენახის მავთული, რომელიც მოგვიანებით გადასცა პოლიციის თანამშრომლებს. აპელანტის განმარტებით, დაზარალებულმა გ-------–-----–---–მა ამოიცნო მისი ვენახიდან მოპარული მავთულები, ხსენებული ამოსაცნობი ნიშნით. ამ ნიშნების არსებობა ასევე დადასტურდა სასამართლოში წარდგენილი ნივთმტკიცების გამოკვლევისას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა გამართლებული გ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც გამართლებულმა გ--------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი--------------ემ მხარი არ დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა გ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, გამართლებულმა გ--------------–---–მა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული.

 

ბრალდების არსი:

2015 წლის 23 აპრილის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გ--------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრვი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:

თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის განაჩენით, გ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი.

 

გ--------------–---–ი იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, 2015 წლის 03 აპრილს, თელავის რაიონის ს------–--------------–--–- მდებარე გ-------–-----–---–ის კუთვნილი ვენახიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა გ-------–-----–---–ის ვენახის ლითონის მავთულს, რითაც მას მიაყენა 105 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

გ--------------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ბრალდებულმა გ--------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას თავი არ ცნო დამნაშავედ და გამოიყენა დუმილის უფლება. დასკვნით სიტყვაში კი განმარტა, რომ გამოძიებას ჩვენებები მისცა ზეწოლის ქვეშ.

 

მოწმე ი-----–-------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს უ-----------------------------–-- თანამდებობაზე. 2015 წლის აპრილის თვეში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ს------–--------------–--–- მდებარე ვენახიდან მოიპარეს მავთულები. იმავე წლის 17 აპრილს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე კი შეიტყო, რომ მავთულები მოპარული უნდა ჰქონოდა იმავე სოფელში მცხოვრებ გ--------------–---–ს. მან ხსენებულის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

დაზარალებულ გ-------–-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას შემდეგ რაც აღმოაჩინა, რომ მის ვენახში მოპარული იყო ოთხი მავთული, თავისი ძალებით დაიწყო მათი ძებნა, რის შესახებაც ასევე უთხრა სოფლის მაცხოვრებლებს. მოგვიანებით იგი დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც განუმარტეს, რომ იპოვეს მისი ვენახის მავთულები და უნდა ჩაეტარებინათ ამოცნობა. მან დალაგებული სხვადასხვა მავთულებიდან ამოიცნო თავისი ვენახის მავთულები მის მიერ თავის დროზე მავთულის ორივე ბოლოში გაკეთებული ამოსაცნობი ნიშნით - თეთრი საღებავით. დაზარალებულმა განმარტა, რომ ხსენებულით მას მიადგა დაახლოებით 100 ლარის ზიანი.

 

მოწმე ზ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წელს 04 აპრილს, თანასოფლელმა გ--------------–---–მა მას მიჰყიდა ოთხი გორგალი, მეორადი - 45 კილო მავთული და უთხრა, რომ ხსენებული იყო მისი საკუთრება. დაახლოებით 2 კვირაში მასთან მივიდნენ თელავის რაიონის პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერიმენტი. კერძოდ, გ--------------–---–მა პოლიციელებს უთხრა, რომ მას ჩააბარა მავთულები. აღნიშნულის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ზ-------------ეს განუმარტეს რომ ჩაბარებული მავთულები იყო მოპარული და უნდა ამოეღოთ, რაზეც მან განუცხადა თანხმობა. რის შემდეგაც მისგან ამოღებული მავთულები დაილუქა პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

მოწმე ნ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 2015 წლის 17 აპრილს მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონულ სამმართველოში უ-----------------------------–-- თანამდებობაზე. ხსენებულ დღეს თელავის რაიონის ს------–--------------–--–- მცხოვრები გ-------–-----–---–ის ვენახიდან მავთულების ქუდობის ფაქტზე, ამ უკანასკნელის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. ამის შემდეგ, მის მიერ დაკითხულ იქნა გ-------–-----–---–ი და დათვალიერდა შემთხვევის ადგილი. მოგვიანებით მისმა თანამშრომელმა - ი-----–-------–-–---–მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მავთულები მოპარულ იქნა გ--------------–---–ის მიერ. მან დაკითხა ინფორმაციის მიმღები პირი, ხოლო შემდეგ მოწმის სახით დაკითხა გ--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მავთულების ქურდობის ფაქტი და განმარტა, რომ მავთულები ჩააბარა ზ-------------ეს. ხსენებულის შემდეგ, მის მიერ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ზ-------------ის სახლიდან ამოღებულ იქნა მოპარული მავთულები და მის მიერ შედგენილ იქნა სათანადო ოქმები. მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ ამოღების ოქმში მის მიერ მითითებული არ არის მავთულებზე არსებული თეთრი ხაზების შესახებ, ვინაიდან ხაზები ვიზუალურად მკვეთრად შესამჩნევი არ იყო და მათი ოქმში დაფიქსირება საჭიროდ არ ჩათვალა. მოწმემ აჩვენა, რომ მან ამოღებული მავთულები სხვა მავთულებთან ერთად ამოსაცნობად წარუდგინა დაზარალებულს. ამოცნობამდე გ-------–-----–---–მა მიუთითა, რომ მის მავთულებს წასმული ჰქონდა თეთრი ფერის საღებავი, რითაც შეეძლო ამოეცნო მისი ვენახიდან მოპარული მავთულები. სწორედ ხსნებული ნიშნით ამოიცნო დაზარალებულმა ამოსაცნობად წარდგენილი, მავთულებიდან, მისი ვენახიდან მოპარული მავთულები.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ნივთმტკიცების გამოკვლევით დგინდება, რომ ნივთმტკიცებები დალუქულია ქაღალდის ფურცელზე დატანილი ბეჭდით, რომელსაც აღენიშნება გამომძიებელ ნ--------–---–ის და შ-–--–----–-–---–ის ხელმოწერები, ხოლო მავთულის გორგალს აღენიშნება თეთრი ფერის საღებავის კვალი.

 

სისხლის სამართლის საქმეში განთავსებული, გამომძიებელ ნ---------------–---–ის მიერ შედგენილი ნივთმტკიცების დალუქვის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ გ-------–-----–---–ის მიერ ამოცნობილი ნივთი, 2015 წლის 21 აპრილს, ამოცნობის შემდეგ დალუქა ოთხ ფუთად ლუქის ბეჭდით 31/4, ხოლო სისხლის სამართლის საქმეში განთავსებული იმავე გამომძიებლის მიერ შედგენილი ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ირკვევა, რომ მან 2015 წლის 21 აპრილს, გამომძიებელ შ--–---–--–----–-–---–თან ერთად გახსნა ნივთმტკიცება (ზ-------------ის სახლის ეზოდან ამოღებული ლითონის მავთული), რა დროსაც ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ--------------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც გამოძიების ეტაპზე ადასტურებდა გ--------------–---–ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს, იყო თავად ამ უკანასკნელის მიერ მიცემული ჩვენება. თუმცა სასამართლო სხდომაზე გ--------------–---–მა ისარგებლა დუმილის უფლებით და განმარტა, რომ გამოძიების ეტაპზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად მისცა ჩვენება. რაც შეეხება დაზარალებულ გ-------–-----–---–ს ჩვენებას, მისი ჩვენებით ნამდვილად დასტურდება მისი ვენახიდან მავთულების ქურდობის ფაქტი და მის მიერ გამომძიებლის მიერ ამოსაცნობად წარდგენილი მავთულებიდან, ამოსაცნობი ნიშნით კუთვნილი მავთულების ამოცნობა. ასევე მოწმე ზ-------------ის ჩვენებით, დასტურდება გ--------------–---–ის მიერ იმ მავთულების ჩაბარების ფაქტი, რომელიც მოგვიანებით ამოღებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ, თუმცა პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამოღების ოქმში, არ არის აღწერილი ზ-------------ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული ვენახის მავთულების ინდივიდუალურ-გვარეობითი ნიშნები, კერძოდ, არ არის მითითებული, რომ ლითონის მავთულებს აღენიშნებოდა საღებავის კვალი. მოგვიანებით, დალუქული ლითონის მავთულები გაიხსნა და დათვალიერდა გამომძიებელ ნ---------------–---–ის მიერ გამომძიებელ შ--–---–--–----–-–---–თან ერთად, თუმცა არც ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმში არ არის აღწერილი ამოღებული მავთულების გარეგნული ნიშან-თვისებები. დაზარალებულმა კი ამოცნობის წინ გამომძიებელს აღუწერა თუ რა ნიშან-თვისებებით შეეძლო კუთვნილი ლითონის მავთულის ამოცნობა, კერძოდ აღწერა სიგრძე, სისქე, სპეციფიკური ნიშანი, კერძოდ მიუთითა რომ მავთულებს დაბოლოებებზე წასმული ჰქონდა თეთრი ფერის საღებავი. საქმის მასალებში, კი არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ დათვალიერდა ნივთმტკიცება და იგი ემთხვევა, დაზარალებულის მიერ აღწერილ მავთულის ნიშან-თვისებებს. პალატა აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედების - საგნის ამოცნობისას არსებითად დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის, ან თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე. მოცემულ შემთხვევაში ამოცნობა ჩატარდა, თუმცა ამოცნობის წინ გამოძიებას არ გაურკვევია ნამდვილად ქონდა თუ არა ამოსაცნობად წარსადგენ ნივთს ისეთ ნიშან-თვისებები, რომელიც მიუთითა დაზარალებულმა და საკმარისი იქნებოდა ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის.

 

ამასთან, პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ საქმეში არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ--------------–---–ის ბრალეულობას და ეთანხმება თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება გ--------------–---–ის მიერ 4 ცალი ვენახის მავთულის ქურდობის ფაქტი. მხოლოდ ის გარემოება, რომ ვენახის მავთულები გ--------------–---–მა ჩააბარა ზ-------------ეს, რაც შემდგომში დაზარალებულის მიერ იქნა ამოცნობილი, არ ადასტურებს მის მიერ ნივთის ფარულად დაუფლების ფაქტს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რა გარემოებებში და ვინ დაეუფლა ხსენებულ მავთულებს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს. არსებული მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის დადგენა, გ--------------–---–ი ნამდვილად დაეუფლა თუ არა ფარულად გ------- შ-----–---–ის ვენახის მავთულებს ან/და კანონიერად, ან უკანონოდ ხომ არ შეიძინა მან მოპარული ნივთი. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ--------------–---–ის მიერ ზემოაღნიშნული მავთულების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №298აპ-17, 16 ოქტომბერი, 2017 წელი).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ--------------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი გ--------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----------–-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: ოთხი ცალი ლითონის მავთულის გორგალი, რაც ინახება თელავის რაიონულ სამმართველოში – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ--------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: ოთხი ცალი ლითონის მავთულის გორგალი, რაც ინახება თელავის რაიონულ სამმართველოში – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

გ--------------–---–ს უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე