განაჩენი

სისხლის სამართლის 16.04.2018
საქმის ნომერი
330100117002143533
ინსტანცია
თარიღი
16.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100117002143533

საქმე №1ბ/212-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ვეფხია ლომიძე

გიორგი კვახაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ვ--------–--–------–-–---–--

მსჯავრდებულის: ე-----------------

ადვოკატის: ც----------–----------

თარჯიმნის: ა---------–----------

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ვ--------–--–------–-–---–-- და მსჯავრდებულ ე----------------- და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც----------–---------- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №090070917003): ე-----------------, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–------------–--------------------------------–-, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე---------------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ე---------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებების: 13,1166 გრამი ჰეროინისა და 1,9249 გრამი მორფინის (მარილი) შემცველი ნივთიერებები, დაფასოებული 38 ცალად, საიდანაც ე---------------მა 2 ცალად დაფასოებული 0,0621 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება 2017 წლის 9 სექტემბერს, ფონიჭალაში, კ. გამსახურდიას ქ. N 30-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, 160 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ნ-------------–----------, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. ასევე 33 ცალად დაფასოებული 12,2645 გრამი ჰეროინის და 1.8317 გრამი მორფინის (მარილი) შემცველი ნივთიერებები შეინახა ქ. თბილისში, ს.ფონიჭალა, კ. გამსახურდიას ქ. №30-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში. 3 ცალად დაფასოებული 0,7900 გრამი ჰეროინის და 0,0932 გრამი მორფინის (მარილი) შემცველი ნივთიერებები კი შეინახა შარვლის ჯიბეში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2017 წლის 20 სექტემბერს, ე----------------- პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის განაჩენით:

 

ე---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ე---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე---------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

ე---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2017 წლის 20 სექტემბრიდან.

 

ე---------------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა ვ--------–--–------–-–---–--, აგრეთვე, მსჯავრდებულმა ე---------------მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც----------–----------. სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი, მომეტებული საფრთხის შემცველი და საზოგადოებრივად საშიში ქმედებების გათვალისწინებით, მოითხოვა ორივე კვალიფიკაციაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელთა ზომის გამკაცრება, ხოლო დაცვის მხარემ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულ ე----------------- მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის - 8 (რვა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის ნაწილის, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, პირობით მსჯავრად ჩათვლა იმ მოტივით, რომ ე---------------ი წარსულში ნასამართლევი არ არის, არ ჰქონია არანაირი შეხება ნარკოტიკებთან, ჰყავს ოჯახი, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ ე----------------- მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ე----------------- დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეთა – კ-------------------------–---–------------------–-----------–-----------–---–-----------------–---------------------–---–-- გამოკითხვის ოქმების, ე----------------- პირადი ჩხრეკის ოქმის, ე----------------- საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის ოქმის, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების, ქიმიური ექსპერტიზის №1505/სქ-1697/ქრ და №1564/სქ-1823/ქრ დასკვნების, ფონოსკოპიური ექსპერტიზის №117/ფ დასკვნის, ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის №631/ფვ-ტ დასკვნის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული მასალების - შეფასების და გააანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ე---------------მა ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ე-----------------თვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელთა ზომის გამკაცრების შესახებ, რომლის საფუძვლად პროკურორი მიუთითებს ე----------------- მიერ ჩადენილი დანაშაულების მომეტებული საფრთხის შემცველობასა და საზოგადოებრივ საშიშროებაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების - ე---------------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, სადავოდ არ გახადა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, არის ასაკოვანი - გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი. იმავდროულად, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე. აქვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ ნარკოტიკული დანაშაული, ისევე, როგორც ზოგადად დანაშაული, მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებისა და საფრთხის შემცველია და კონკრეტული ნარკოტიკული დანაშაულისათვის (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის მინიმუმის ან მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის დანიშვნა არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე, როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

სააპელაციო პალატა, აგრეთვე, ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ე-----------------თვის დანიშნული სასჯელის ნაწილის, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, პირობითად ჩათვლის თაობაზე. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან....“. ამრიგად, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობა და დანაშაულზე წაუსწრებლობა, სასამართლოს მიერ კანონის ამ რეგულაციის გამოყენების აუცილებელი წინაპირობებია. მოცემულ საქმეზე, მართალია, მსჯავრდებულმა ე---------------მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, არ გახადა მტკიცებულებები სადავოდ, მაგრამ პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, როგორც საქმეში არსებული ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, ე---------------მა პირადი ჩხრეკისას, ასევე მისი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის დროს უარი განაცხადა ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით წარდგენაზე, ამასთან, ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს და მისი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ე-----------------გან პოლიციის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების - ჰეროინისა და მორფინის (მარილი) შემცველი ნივთიერებები, რაც სწორედ მიჩნეულ უნდა იქნას დანაშაულის ჩადენაზე წასწრებად. ამას გარდა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია ე----------------- მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების შესახებ. აღნიშნული გარემოებები დადასტურდა პოლიციის თანამშრომლების მიერ საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ე----------------- მიმართ სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების, კერძოდ, სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

რაც შეეხება აპელანტი მხარის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებული ე---------------ი წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, პალატა მიიჩნევს, რომ წარსულში ნასამართლობის არქონა არ უნდა ჩაითვალოს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების მოტივად, ვინაიდან დანაშაულის არჩადენა ამა თუ იმ ასპექტში ადამიანს რაიმე უპირატესობას კი არ ანიჭებს, არამედ ყოველი მოქალაქე მოვალეა დაიცვას მართლწესრიგი, საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს (საქართველოს კონსტიტუციის 44–ე მუხლი).

 

ამრიგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ე-----------------თის დანიშნულ საბოლოო სასჯელს სააპელაციო პალატა სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ე-----------------თვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელების სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ე----------------- მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ვ--------–--–------–-–---–-- სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

მსჯავრდებულ ე----------------- და მისი ადვოკატის, ც----------–---------- სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ე----------------- მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ე---------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

ე---------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე---------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

ე---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 20 სექტემბრიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ე----------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ე---------------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. მსჯავრდებულს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის უწყებებს;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ნარკოტიკული ნივთიერება - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

პასპორტი და თანხა - დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს;

ელექტრონული დისკები შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ვ. ლომიძე