განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210116001608385
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2018 წელი თბილისი
საქმე №2ბ/4473-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ვანო წიკლაური, ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი
აპელანტი – ა---------– გ-------–ი
მოწინააღმდეგე მხარე -- ლ---- ო-----–---–ი
წარმომადგენელი – ნ------------ე
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ;
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
აღწერილობითი ნაწილი
1. 2016 წლის 16 ნოემბერს, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მომართა ლ---- ო-----–---–მა მოპასუხე ა---------– გ-------–ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით. სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2014 წლის 24 ივნისს, ა---------– გ-------–მა ლ---- ო-----–---–ისგან ექვსი თვის ვადით ისესხა 6750 აშშ დოლარი, რაც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით შეადგენდა 11940,08 ლარს. სესხი გაიცა სარგებლისა და უზრუნველყოფის გარეშე, ნაღდი ანგარიშსწორებით. მოპასუხემ მოსარჩელისაგან სრულად მიიღო სესხის თანხა. შემდგომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის ხელშეკრულებაში შეეტანათ ცვლილება დროის გადავადებასთან დაკავშირებით, რომლის ბოლო ვადა იქნებოდა, 2015 წლის 24 მარტი. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი. მოსარჩელის განმარტებით, მისი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხე არ უბრუნებს კუთვნილ თანხას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 6750 აშშ დოლარის ექვივალენტი 16875 ლარის გადახდის დაკისრება.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ, ლ---- ო-----–---–ის სარჩელი მიღებული იქნა განსახილველად. სარჩელის განსახილველად მიღების შემდეგ, მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების ვალდებულება იკისრა მოსარჩელის წარმომადგენელმა. 2016 წლის 28 დეკემბერს, მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების დასტური, რომლის მიხედვითაც, მოპასუხე ა---------– გ-------–ისათვის გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა მის მეუღლეს მ------ ა-------ეს 2016 წლის 26 ნოემბერს (პ/ნ 0----------). განსახილველ შემთხვევაში, გზავნილი ჩაბარდა მოპასუხის ოჯახის წევრს, მის მეუღლეს, შესაბამისად, სასამართლო გზავნილი ჩაითვალა კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად.
მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღის ვადა. ამავე გზავნილით მას ეცნობა, რომ თუ ის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენდა შესაგებელს არასაპატიო მიზეზით, სასამართლო მის მიმართ გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. მოპასუხეს, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია, მას არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა---------– გ-------–ს მოსარჩელე ლ---- ო-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა: სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების - 6750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 16875 ლარისა, ლ---- ო-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 508 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, 12 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის სანაცვლოდ, 300 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლი დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
2014 წლის 24 ივნისს, ა---------– გ-------–მა ლ---- ო-----–---–ისგან ექვსი თვის ვადით ისესხა 6750 აშშ დოლარი. სესხი გაიცა სარგებლისა და უზრუნველყოფის გარეშე, ნაღდი ანგარიშსწორებით.
სესხის ხელშეკრულების დადების შემდგომ მხარეებმა სესხის ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილება და სესხის დაბრუნების ბოლო ვადად განსაზღვრეს 2015 წლის 24 მარტი. ა---------– გ-------–მა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ დააბრუნა თანხა. სასამართლომ, სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა ლ---- ო-----–---–ის მიერ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ ეს გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 623-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებენ მოსარჩელის მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 316-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობებით ვალდებულება შეიძლება ხელშეკრულების მომზადების საფუძველზეც წარმოიშვას. მოლაპარაკების მონაწილეს შეუძლია მეორე მონაწილეს მოსთხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია ხელშეკრულების დასადებად, მაგრამ ეს ხელშეკრულება მეორე მონაწილის ბრალეული მოქმედების შედეგად არ დადებულა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ვინაიდან სასამართლო თვლის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. 2017 წლის 06 მარტს, მოპასუხე ა---------– გ-------–მა საჩივრით მომართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საჩივრის ავტორმა საჩივარში მიუთითა, რომ სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები ჩაბარდა მის მეუღლეს, თუმცა ვერ შეძლო შესაგებლის წარმოდგენა, რადგან არ იმყოფებოდა თბილისში და იმყოფებოდა ჭ--------ის რაიონში. გარდა ამისა საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ადვოკატის, ი----------–-–---–ის მხრიდან შეცდომაში იქნა შეყვანილი, მასთან სატელეფონო საუბრისას რა დროსაც ი----------–-–---–მა განუმარტა, რომ მისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცემოდა სასამართლო პროცესზე, რომლის თარიღსაც შეატყობინებდა სასამართლო. გარდა ამისა, საჩივრის ავტორი გამარტავს, რომ 2014 წლის 25 ივლისიდან - 2016 წლის 24 ივნისამდე პერიოდში სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე ლ---- ო-----–---–ისთვის გადახდილი აქვს 3 600 აშშ დოლარი.
6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის განჩინებით მოპასუხე ა---------– გ-------–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
7. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა---------– გ-------–მა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები: საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე, მოპასუხის მიერ განმარტებული საპატიო მიზეზის არსებობა, ვინაიდან ლ---- ო-----–---–ის სარჩელი და სასამართლო გზავნილი 2016 წლის 26 ნოემბერს ჩაბარდა ა---------– გ-------–ის მეუღლეს. მან სასამართლო გზავნილი, ჩაბარებიდან 12 დღის შემდეგ ნახა, თუმცა აღნიშნავს იმას, რომ ვინაიდან არ არის იურისტი, არ იცოდა რა სამართლებრივი შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა შესაგებლის წარმოუდგენლობას.
აპელანტი აღნიშნავს, რომ კანონის მიზანი, არ უნდა იყოს მოპასუხისატის თავისი არგუმენტაციისა და პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობის წართმევა, არამედ სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილების გამოტანა. აპელანტის განმარტებით, მისი სხვა ქალაქში ყოპნა არ უნდა გამხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. სასამართლომ მართალია გამოიყენა ნორმა, ომელიც უნდა გამოეყენბინა, მაგრამ განმარტა ის არასწორად, ვინაიდან არ შეიძლება მშრალად იქნეს გაგებული კანონი, საპატიო მიზეზის წინაპირობად არსებული დაუძლეველი ძალა, მხოლოდ სტიქიურ უბედურებასთან ან სხვა ადამიანურ გარემოებასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და არ უნდა იყოს მიმართული საქმის სამართლიანი განხილვის ინტერესების წინააღმდეგ. აპელანტის განმარტებით, ვინაიდან მან არ იცოდა სარჩელის ჩაბარებისა და შესაგებლის წარგენის ვალდებულების შესახებ, რაც არ უნდა ჩაითვალოს სამართლებრივად მისთვის სასამართლოს მიერ მოცემული ვადით შებოჭვის წინაპირობად. აქედან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს ბოლნისის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი
8. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
10. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტ მოპასუხე ა---------– გ-------–ისათვის გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა მის მეუღლეს მ------ ა-------ეს (პ/ნ 0----------), 2016 წლის 26 ნოემბერს (ტ.1. ს.ფ. 42 ) აპელანტი მიუთითებს რომ მას რაიონში დაურეკა მეუღლემაც და შეატყობინა საფოსტო გზავნილის -- სარჩელის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი ა---------– გ-------–ისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს. მოპასუხეს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) სასამართლოში უნდა წარმოედგინა 2016 წლის 06 დეკემბრის ჩათვლით, მაგრამ მოპასუხეს სასამართლოში წერილობითი პასუხი (შესაგებელი) არ წარმოუდგენია და არც წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. პალატას მიაჩნია რომ, მოპასუხე გაფრთხილებული იყო, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. შესაბამისად პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ქალაქში არ ყოფნა უნდა ჩაითვალოს შესაგებლის წამოუდგენლობის საპატიო მიზეზით. აპელანტს არ წარმოუდგენის შესაგებელი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის სსსკ 102-ე მუხლის თანახმად. ასეთ ვითარებაში როდესაც მოპასუხისათვის ჩაბარება განხორციელდა სსსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და მან არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგინა სასამართლოში შესაგებელი პალატა მიიჩნევს რომ სახეზე იყო სსსკ 230-ე მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესულაურ-სამართლებრივი წინაპირობები.
11. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად საჩივრის ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებს მოთხოვნას, ვინაიდან მას ლ---- ო-----–---–ის მიმართ შესრულებული ჰქონდა ვალდებულება.
პალატა განმარტავს მოპასუხის დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, თუ მოპასუხე დადგენილ ვადაში არ წარადგენს შესაგებელს სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: ა. მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობა, ბ. მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, გ. სარჩელში მითითებული დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას. აღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად შემოწმებას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა, იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმას და საქმის არსებითად განხილვისა უცილებლობას იმ განსხვავებით, რომ ასეთ დროს მოპასუხისაგან (მოწინააღმდეგე მხარისაგან) მტკიცებულებების მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს.
პალატა მიაჩნია რომ მოცემულ დავაზე სარჩელში მითითებული და მოპასუხის მიერ შესაგებელის წარმოუდგენლობის გამო დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2014 წლის 24 ივნისს, ა---------– გ-------–მა ლ---- ო-----–---–ისგან ექვსი თვის ვადით ისესხა 6750 აშშ დოლარი, რაც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით შეადგენდა 11940,08 ლარს. სესხი გაიცა სარგებლისა და უზრუნველყოფის გარეშე, ნაღდი ანგარიშსწორებით. მოპასუხემ მოსარჩელისაგან სრულად მიიღო სესხის თანხა. შემდგომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის ხელშეკრულებაში შეეტანათ ცვლილება დროის გადავადებასთან დაკავშირებით, რომლის ბოლო ვადა იქნებოდა, 2015 წლის 24 მარტი. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი. მოპასუხეს სესხი არ დაუბრუნებია.
12. პალატას მიაჩნია რომ რომ სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სარჩელს, კერძოდ:
მოცემულ შემთხვევაშ, მოსარჩელე ლ---- ო-----–---–ის მიერ, მითითებულია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ამ უკანასკნელმა ა---------– გ-------–ს გადასცა 6750 აშშ დოლარი, რაც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით შეადგენდა 11940,08 ლარს. ის ასევე აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარე, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წამოუდგენლობისა და მისი სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, შესაბამისად უნდა შემოწმდეს ამართლებს თუ არა სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება შეიძ₾ება დაიდოს წერილობითი ან ზეპირი ფორმით. შესაბამისად, კანონმდებელი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ სესხის ხელშეკრულება დაიდოს ზეპირი ფორმით, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, რაც სსკ-ის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ექცევა მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა ადგილას. ვინაიდან, მოპასუხის მიერ არ შესრულდა სასესხო ვალდებულება, ხოლო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს სასარჩელო მოთხივნას, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სარჩელს, ამდენად, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაფერხებელი წინაპირობა.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და განჩინებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
13. საპროცესო ხარჯები: აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა---------– გ-------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცლელად დატოვების შესახებ.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე
ვანო წიკლაური