განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210016001485042
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-613-17წ. 20 თებერვალი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე მოსამართლეები სიმონ ჩხაიძე ლაურა მიქავა ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - მ----- გ------ე
წარმომადგენელი - ე--------- გ------ე
მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - ი---- ფ----------ე ნ-----–------------ე
დავის საგანი - ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფა წილის მიკუთვნება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: 1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი---- ფ----------ის სასარჩელო მოთხოვნა. მ----- გ------ეს დაეკისრა ი---- ფ----------ის სასარგებლოდ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული სარგებლიდან სულ 13 000 აშშ დოლარის გადახდა. მ----- გ------ეს დაეკისრა ი---- ფ----------ის სასარგებლოდ თანასაკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ღირებულების გადახდა 18390 ლარის ოდენობით. მოპასუხე მ----- გ------ეს დაეკისრა მოსარჩელე ი---- ფ----------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელის განსახილველად წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1529,79 ლარი ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ი---- ფ----------ე და მ----- გ------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1998 წლის 29 იანვრიდან 2016 წლის 29 ივლისამდე. მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა მხარეთა ერთობრივი განცხადების საფუძველზე განქორწინებით 2016 წლის 29 ივლისს. 2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები განქორწინების რეგისტრაციამდე შეთანხდნენ, რომ ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი და მოძრავი ქონების გაყოფა მოხდებოდა ურთიერთშეთანხმებით, რაზედაც 2016 წლის 29 ივლისს შეადგინეს მორიგების აქტი, რომლის თანახმადაც აღწერეს ქორწინების განმავლობაში შეძენილი ავეჯი, ჭურჭელი და სხვა მოძრავი ნივთები, საერთო ღირებულებით 46 292 ლარი, რომელსაც გაიყოფდნენ ნატურით მხარეები, ხოლო რაც შეეხებოდა უძრავ ნივთებს მ----- გ------ე კისრულობდა ვალდებულებას ერთი თვის ვადაში გადაეცა ი---- ფ----------ისათვის 15 000 აშშ დოლარი, ხოლო ი---- ფ----------ე სხვა ქონებაზე პრეტენზიას არ განაცხადებდა. დადგენილია, რომ განქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მხარეებს შორის შეთანხმება ვეღარ შედგა, ვინაიდან მორიგების აქტში მითითებულ პირობებზე მ----- გ------ემ უარი განაცხადა. 2.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ----- გ------ეს ი---- ფ----------ესთან ქორწინების რეგისტრაციამდე ინდივიდუალურ საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ლ------------ის ქ.№107დ, ბინა №--. საკადასტრო კოდით №0------------------. 2.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ ბინაში მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში ჩატარებული იქნა რემონტი, გამოიცვალა ფანჯრები და ასევე ბინაზე ზემოდან სხვენის ფართზე ქორწინების განმავლობაში დაშენებული იქნა 59,40 კვმ ფართი, რომელიც შემდგომში მოეწყო საცხოვრებელ ფართად და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ”პ------–--” კრების ოქმი №22-ით, რომელიც დამოწმებული იქნა 2012 წლის 30 ოქტომბერს საჯარო რეესტრში აღირიცხა მ----- გ------ის საკუთრებაში, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0------------------. 2.5. 2015 წლის 22 აგვისტოს მ----- გ------ემ ი---- ფ----------ის თანხმობის გარეშე გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულებები მის დისშვილთან რაულ ბერიძესთან, რომელსაც ქ. ბათუმში ლ------------ის ქ№107დ, ბინა №---ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 0------------------, მიყიდა 40 000 აშშ დოლარად, ხოლო აღნიშნული ბინის ზემოთ დაშენებული 59,40 კვმ ფართი, საკადასტრი კოდი №0------------------, მიყიდა 18 000 აშშ დოლარად. 2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ----- გ------ის და ი---- ფ----------ის მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი იქნა სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთებიც, რომლის საერთო ღირებულებაც შეადგენს 46 292 ლარს. აღნიშნული ნივთები განთავსებული იყო ქ. ბათუმი, ლ------------ის ქ№107დ, ბინა №---ში. 2.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ნივთებიდან მოსარჩელე მოითხოვდა მას მიკუთვნებოდა 18390 ლარის ღირებულების შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) საძინებელი (4 კარიანი კარადა, საფა, მატრასი)- ღირებული - 2200 ლარად, 2) პიანინო ”ლირიკა” - ღირებული 300 ლარად, 3) ტელევიზორი საშუალო ზომის (სამზარეულოში არსებული) - ღირებული 600 ლარად, 4) ლატუნის ღამის სანათი (”ნაჩნიკი”) 2 ცალი - ღირებული 300 ლარად, 5) კობალტის შანდლები და საათი - ღირებული - 400 ლარად, 6) დიდი ლატუნის თასი - ღირებული 200 ლარად, 7) დიდი ლატუნის სახილე კობალტზე - ღირებული 250 ლარად, 8) ინგლისური თეფშების ნაკრები - ღირებული 400 ლარად, 9) სადილის თეთრი სერვიზი - ღირებული 50 ლარად, 10) როკოკოს სახილე - ღირებული 150 ლარად, 11) ძოწის სახილე - ღირებული 80 ლარად, 12) მერხიორის დანა-ჩანგალის ნაკრები 12 ცალი - ღირებული 120 ლარად, 13) ჩეხური ვაზა 4 საკანფეტეთი (ნაკრები 5ც) - ღირებული 60 ლარად, 14) ხორცსაკეპი მანქანა - ღირებული 100 ლარად, 15) მიქსერი _ ღირებული 50 ლარად, 16) აბრეშუმის ხალიჩა - ღირებული 90 ლარად, 17) სურათი 2 ცალი - ღირებული 400 ლარად, 18) საათი - ღირებული 100 ლარად, 19) საწოლის გადასაფარებელი ზამთრის - ღირებული 100 ლარად, 20) ზაფხულის გადასაფარებელი - ღირებული 60 ლარად, 21) ბალიში გედის ბუმბულით 2 ცალი - ღირებული 120 ლარად, 22) კონდიციონერი თავის სადგომით- ღირებული 1400 ლარად, 23) ზალის ავეჯი ოთხეული - ღირებული 5000 ლარად, 2) ჩეხური ჭაღი - ღირებული 1000 ლარად, 25) როკოკოს ფუჟერები დაბალი (ლურჯი), ღირებული 140 ლარად, 26) ძოწის წითელი ფუჟერები 6 ცალი- ღირებული 160 ლარად, 27) როკოკოს წითელი დიდი სახილე - ღირებული 180 ლარად, 28) ლატუნი კოლატუნი კობალტზე, სახილე ლურჯი - ღირებული 200 ლარად, 29) გრაფინი ლურჯი როკოკოს თავისი 6 ჭიქით - ღირებული 140 ლარად, 30) ტყავის სამეული- ღირებული 4000 ლარად, 31) სასალფეთქე ლურჯი როკოკოს, ღირებული 25 ლარად, 32) როკოკოს სასალფეთქე, ღირებული 15 ლარად. შემდგომში მოსარჩელის მიერ დაზუსტდა მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ ამ ნივთების ღირებულება, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ნივთების ნაწილი უკვე განკარგული იყო მოპასუხის მიერ და იგი აღარ იმყოფებოდა მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში, რაც შემდგომში გააძნელებდა გადაწყვეტილების აღსრულებას. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1159-ე, 1160, 1163-ე, 1164-ე, 1165-ე და 1168-ე მუხლები. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მ----- გ------ემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ თითქოს მხარეები განქორწინებამდე შეთანხმდნენ, რომ ქონება გაიყოფოდა ურთიერთშეთანხმებით და 2016 წლის 29 ივლისს შედგა მორიგების აქტი, რასაც სასამართლო მორიგების აქტის პროექტის სახელწოდებით მოიხსენიებს გადაწყვეტილებაში. სასამართლოს არ გამოუკვლევია ისე ცნო დადგენილად ფიზიკურად იყო თუ არა მოსარჩელის მხარის, მიერ წარმოდგენილი საოჯახო ნივთების ჩამონათვალი ღირებულების მითითებით ოჯახში მაშინ, როცა აპელანტი ოჯახში არ იმყოფებოდა 6 თვის განმავლობაში, როცა დაბრუნდა მეუღლე ოჯახში არ დახვედრია, რამდენიმე თვის გათხოვილი თუ წასული იყო ოჯახიდან, რასაც მოსარჩლის წარმომადგენელი ადასტურებს სასამართლოს სხდომაზე (იხ. აუდიო ჩანაწერი საქმეში). 3.2. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა აპელანტის მიერ შეძენილი ბინის თავისი დის ოჯახისთვის გადაცემის ფაქტი. ამასთან დაკავშირებით სასამართლოს მსჯელობა უსაფუძვლო და არაობიექტურია, რადგანაც ამ ქონებით დაიფარა ის ვალი რაც მოპასუხეს დის ოჯახიდან ნაწილ-ნაწილ ჰქონდა წაღებული მეუღლის სამკურნალოდ. (უკრაინასა და თურქეთის რესპუბლიკებში) წაყვანასთან დაკავშირებით. 3.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად რომ მხარეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი იქნა 46292 ლარის საერთო ღირებულების საოჯახო ნივთები. ისეთ ვითარებაში, როდესაც გაურკვეველი იყო ქონების ადრინდელი ღირებულება, შეუძლებელია გახსოვდეს სადაო ნივთების შეძენისა და გამოშვების წელი. უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ქონების რაოდენობისა და ღირებულების დადგენილად მიჩნევის შესახებ, სწორედ ამიტომ ეჭვქვეშ დგება სასამართლოს ობიექტურობა. კერძოდ: 1. როგორ დაადგინა სასამართლომ, რომ 46292 ლარის საოჯახო ნივთები იყო 70 დასახლეების და არა მეტი ან ნაკლები. 2. იქნებ ამ ძვირად ღირებული ნივთებიდან ჰქონდა რომელიმე მხარეს(ან მხარეებს) ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული. 3. ეჭვს იწვევს სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტის ნამდვილბა მოსარჩლის მიერ წარმოდგენილი 15-20 წლის განმავლობაში ნაგროვები საოჯახო ნივთების რაოდენობისა და თითოეული ნივთის ღირებულების შესახებ. ვინაიდან არ შეესაბამება მოსარჩელე მხარის ახსნა-განამარტებას თუ მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებს, რომ არაფერი ვთქვათ ექსპერტიზის თუ აუდიტის დასკვნებზე. 3.4. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული უძრავი და მოძრავი ქონებების გარდა აპელანტის საკუთრებაში იყო ავტომანქანა ბმვ ნარჩენი ღირებულებით 6000 აშშ დოლარი. შპს ,,მ---------"-ს ბალანსზე რიცხული ტრაქტორი ღირებულებით 12500 აშშ დოლარი, რომელიც გასხვისებული იქნა შპს ,,თ----"-ზე მოსარჩელის მიერ. ასევე აპელანტის კუთვნილი 17 000 აშშ დოლარი, მიღებული აქვს პროკრედიტ ბანკიდან მოსარჩელეს 2016 წლის იანვრიდან - ივლისამდე. ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო ორივე მხარის მიერ შესაბამისი დოკუმენტები და მტკიცებულებები. სასამართლომ ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომ არაფერია ნათქვამი გადაწყვეტილებაში აღნიშნული ქონებებისა და აპელანტის კუთვნილი თანხის შესახებ. 3.5. საცხოვრებელი ბინა შეძენილია ქორწინებამდე და ის მხარეთა საერთო საკუთრებას არასდროს წარმოადგენდა. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა მოსარჩელის მიერ აღნიშნული ქონების თანასაკუთრებად გადაქცევის შესახებ მოთხოვნების დაყენება სასამართლოს დახმარებით, სასამართლომ ისე ჩათვალა ინდივიდუალური ქონება საერთო ქონებად ტრანსფორმირებულად, რომ საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ ჰქონია. არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები. 3.6. სასამართლოს გადაწყვეტილებაში არაფერი აქვს თქმული და არ გაიზიარა სსკ-ის 1161-ე მუხლის დანაწესი მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრების განსაზღვრის შესახებ. სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტები და გარემოებები არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული. მათ შორის გადაწყვეტილებაში ასახული არცერთი დადგენილად მიჩნეული გარემოება. 3.7. სასამართლოს გადაწყვეტილებაში არაფერია თქმული 2016 წელს მოსარჩელისთვის ჩამორიცხულ და მიღებულ 17000 აშშ დოლარზე, ავტომანქანა ბმვ-ზე, შპს ,,მ---------"-სა და შპს ,,თ----"-ს ბალანსზე რიცხულ ტრაქტორზე, რომ არაფერი ვთქვათ გასულ წლებში 2006 წლიდან აპელანტის სახელფასო თანხებზე, რომელსაც ღებულობდა მოსარჩელე. 3.8. აპელანტის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა რომელიც გადასცა თავისი დის ოჯახს ვალის სანაცვლოდ, მას შეძენილი აქვს 1993 წელს. ჩატარებული აქვს კაპიტალური რემონტი ქორწინებამდე. ქორწინების პერიოდში, რადგანაც აპირებდა მე-6 სართულის დაშენება, არ ჩაუტარებია რემონტი ან ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომელითაც დადგინდებოდა ქონების ღირებულება. იმის გამო, რომ ქუჩიდან შემოდიოდა ხმაური, წაბლის მასალიდან დამზადებული ფანჯრები, ახლობელს გაუცვალა მეტალო-პლასტმასის ფანჯრებში. გაუგებარია რის საფუძველზე მიიჩნია დადგენილად სასამართლომ მეუღლეთა თანასაკუთრებად ინდივიდუალური საკუთრება. სამართლებრივი საფუძვლები 3.8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე 2-2721/16 დაუსაბუთებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა. უგულებელყო კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად. 3.9. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო სკოდექსის 244-ე მუხლის და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს დამოწინააღმდეგე მხარის მოქმედებებს. კერძოდ: მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ გამოითხოვა პროკრედიტ ბანკიდან ცნობა მოსარჩელე მხარის ანგარიშზე ჩამორიცხული და მიღებული თანხის ოდენობის შესახებ 2016 წლის 10 იანვრიდან 07 ივლისამდე-პერიოდის, რომელმაც შეადგინა 17 000 აშშ დოლარი, მაგრამ ჩემი კუთვნილი თანხის საკითხთან დაკავშირებით არაფერია თქმული გადაწყვეტილებაში. 3.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. სადაო საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა მოსამართლის დახმარების მიუხედავად ვერ ჩამოაყალიბა სასარჩელო მოთხოვნა, მაგრამ საბოლო გადაწყვეტილება მაინც მოსარჩელის სასარგებლოდაა გამოტანილი. (იხ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი საქმეში). 3.11. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1161-ე მუხლი (მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრების განსაზღვრის შესახებ). 3.12. აპელანტის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა რომელიც გადასცა თავისი დის ოჯახს ვალის სანაცვლოდ, შეძენილი აქვს 1993 წელში. ჩატარებული აქვს კაპიტალური რემონტი ქორწინებამდე. ქორწინების პერიოდში, რადგანაც ვაპირებდი დაშენებას მე-6 სართულისას, არ ჩამიტარებია რემონტი ან ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომელითაც დადგინდებოდა ქონების ღირებულება. იმის გამო, რომ ქუჩიდან შემოდიოდა ხმაური, წაბლის მასალისგან დამზადებული ფანჯრები, შეცვალა და გაუცვალა ახლობელს მეტალო-პლასტმასის ფანჯრებში. გაუგებარია რის საფუძველზე მიიჩნია დადგენილად სასამართლომ მეუღლეთა თანასაკუთრებად ინდივიდუალური საკუთრება. 3.13. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 1163-ე მუხლის მოთხოვნა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მეუღლის ქონება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად. 3.14. ეჭვქვეშ დგება სასამართლოს ობიექტურობა. ისეთ ვითარებაში, როდესაც გაურკვეველია სადაო ქონების, (გარდა სხვენისა) ღირებულება, რაოდენობა, გამოშვებისა და შეძენის წელი. ჩატარებული რემონტის, მშენებლობის თუ სხვა სამუშაოების ღირებულება, დაუდგენელი პირის მიერ შედგენილ დაუმოწმებელ მორიგების აქტს სასამართლო პროექტს რომ დაარქმევს და მიიჩნევს მტკიცებულებად, ხოლო ფაქტიურად წარმოდგენილ მტკიცებულებებს შეფასების გარეშე რომ დატოვებს, ბუნებრივია სასამართლო დასკვნასა და შესაბამისად გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი, ცალმხრივი და არაობიექტური იქნება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე" და ე-პრიმა ქვეპუნქტების თანახმად სადაო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. ი---- ფ----------ე და მ----- გ------ე დაქორწინდნენ 1998 წლის 29 იანვარს, ხოლო განქორწინდნენ 2016 წლის 29 ივლისს. 4.2. 2012 წლის 30 ოქტომბერს, ე.ი. ქორწინების პერიოდში, მ----- გ------ემ ბათუმში, ლ------------ის ქუჩა N107დ-ში შეიძინა უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N0------------------). 4.2.1. 2016 წლის 22 აგვისტოს მან ეს ქონება გაასხვისა 18000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად, თუმცა გასხვისების შედეგად მიღებულ თანხის ნაწილი ი---- ფ----------ისათვის არ გადაუცია. 4.3. გარდა ამისა, მხარეთა დაქორწინებამდე მ----- გ------ეს იმავე მისამართზე ეკუთვნოდა ბინა N35 (საკადასტრო კოდი N0------------------). 4.3.1. ეს ქონებაც აპელანტმა 2016 წლის 22 აგვისტოს 40000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად გაყიდა. 4.4. ქორწინების პერიოდში მხარეებმა შეიძინეს 46292 ლარის ღირებულების მოძრავი ნივთები, თუმცა განქორწინების შემდეგ აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის არც ამ ნივთების ნაწილი დაუბრუნებია და არც თანხა გადაუხდია. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4.5.1. უდავოა, რომ მხარეებს საქორწინო ხელშეკრულება არ დაუდიათ. ამის შესაბამისად, N0------------------ საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება იყო მხარეთა თანასაკუთრება. 4.5.2. ამავე კოდექსის 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი. 4.5.3. რადგან აპელანტმა თანასაკუთრებაში არსებული ქონება 18000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად გაასხვისა, მან მოწინააღმდეგე მხარეს ამ თანხის ნახევარი, ე.ი. 9000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი უნდა გადაუხადოს. 4.5.4. პალატის აზრით, აპელანტმა ვერ დაამტკიცა, რომ ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხით არსებული ვალი გაისტუმრა. 4.5.5. პალატის აზრით, აპელანტის მიერ ამ ვალის დასადასტურებლად წარმოდგენილი ხელწერილი და მოწმის ჩვენება სარწმუნო და დამაჯერებელი არ არის. 4.5.6. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, აპელანტის მიერ წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, მან დის, ნინო ბერიძისაგან 38000 აშშ დოლარი ისესხა, ამ ვალის გასატუმრებლად კი კუთვნილი ბინის გასხვისებიდან მიღებული 40000 აშშ დოლარიც სავსებით საკმარისი იყო. 4.5.7. საინტერესოა, რომ მხარეთა განმარტებით, აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს, მარტო 2016 წლის 10 იანვრიდან 7 ივლისამდე პერიოდში 17000 აშშ დოლარი გადაურიცხა. ამ ვითარებაში, პალატას არადამაჯერებლად მიაჩნია, რომ იმავე პერიოდში მხარეებს მკურნალობისათვის 38000 აშშ დოლარის ოდენობით სესხი დასჭირვებოდათ, მითუმეტეს, რომ ამ თანხის ხარჯვის დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. 4.5.8. და, რაც მთავარია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები კი აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.5.9. ამის შესაბამისად, ი---- ფ----------ის მოთხოვნა მოპასუხისათვის 9000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა. 4.6. პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად დააკმაყოფილა სარჩელი აპელანტისათვის მოძრავი ნივთების ღირებულების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე. 4.6.1. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში, საქმეზე №ას-664-635-2016 განმარტა: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“. 4.6.2. აქვე, დიდმა პალატამ განმარტა, რომ „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, 162 შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“. 4.6.3. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის. 4.6.4. ამ ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოსათვის დიდი პალატის ზემოხსენებული სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა. 4.6.5. აპელანტი სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ იმ ფაქტებს, რომ მხარეებმა ქორწინების პერიოდში შეიძინეს სარჩელში ჩამოთვლილი ნივთები; სადავოდ არ გაუხდია მათი ღირებულება; არც ის - რომ ეს ნივთები წარმოადგენდა ქორწინების პერიოდში შეძენილი მოძრავი ქონების მესამედ ნაწილს და - არც ხელმოუწერელ მორიგების აქტში დაფიქსირებული მონაცემები. 4.6.6. ეს კი ნიშნავს, რომ აპელანტმა ამ გარემოებათა შედავების უფლება დაკარგა და ისინი დამტკიცებულია. 4.6.7. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქორწინების პერიოდში ნივთების შეძენის ფაქტი აპელანტს სადავოდ არ გაუხდია საქმის არსებითად განხილვის დროსაც. სააპელაციო სასამართლოში მან სადავოდ გახადა მხოლოდ მათი ღირებულება და ოდენობა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის საფუძველზე ეს შედავება დაუშვებელია. 4.6.8. ასეც რომ არ იყოს, დადგენილია, რომ სადავო ნივთები აპელანტის მიერ გასხვისებულ უძრავ ქონებაში იყო განთავსებული. 4.6.9. ამ ვითარებაში, კი მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების საწინააღმდეგო გარმოებების მტკიცების ტვირთი აპელანტს ეკისრებოდა. 4.6.10. თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. მეტიც, ისიც კი არ უთქვამს, თუ მისი აზრით, სინამდვილეში, რა დასახელებისა და ღირებულების ნივთები შეიძინეს მხარეებმა ქორწინების პერიოდში. 4.6.11. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1166-ე მუხლის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ აპელანტს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დააკისრა კონპენსაციის გადახდა. 4.7. ამავდროულად, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა რემონტისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა. 4.7.1. მნიშვნელოვანია, რომ აპელანტი ითხოვს იმ ხარჯის ნაწილის ანაზღაურებას, რომელიც ქონების რემონტისათვის იქნა გაწეული. 4.7.2. ამავდროულად, მისივე განმარტებით, ეს თანხა მთლიანად აპელანტს ეკუთვნოდა და, უშუალოდ, მას ქონების გასარემონტებლად ხარჯი არ გაუწევია. 4.7.3. პალატას მიაჩნია, რომ, მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ჩვეულებრივ, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეუღლეს მეორე მეუღლის მიერ მიღებული შრომის ანაზღაურების ნახევარი ეკუთვნის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგალითად, ქორწინებაში მყოფი მეუღლისაგან სარჩოს მოთხოვნის საფუძველიც არ იარსებებდა. 4.7.4. მოსარჩელის განმარტებიდან არც ის გამომდინარეობს, რომ გაწეული ხარჯის შედეგად აპელანტის კუთვნილი ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. 4.7.5. მოსარჩელეს არ განუმარტავს, გარდა ფანჯრების გამოცვლისა, თუ რა სარემონტო სამუშაო შესრულდა აპელანტის კუთვნილ ბინაში, რა ღირებულების იყო ბინა რემონტამდე და რამდენად გაიზარდა მისი ღირებულება რემონტის შემდეგ. 4.7.6. ამავდროულად, მას არ წარმოუდგენია ამ გარემოებების დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება. 4.7.7. ეს კი ნიშნავს, რომ N0------------------ საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება ეკუთვნოდა აპელანტს და მისი რემონტისათის მან საკუთარი სახსრები დახარჯა. 4.7.8. ამის შესაბამისად, ამ ნაწილში, საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა შეცდომით დააკმაყოფილა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მ----- გ------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ----- გ------ეს ი---- ფ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული სარგებლიდან 13000 აშშ დოლარისა და 1529,70 ლარის გადახდა და, ამ ნაწილში, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. მ----- გ------ისათვის ი---- ფ----------ის სასარგებლოდ თანასაკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების ღირებულების, 18390 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. ი---- ფ----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მ----- გ------ეს ი---- ფ----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 9000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, მ----- გ------ეს ი---- ფ----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - (881,79/390)X(9000X3%)+18390X3%=1162,17 ლარის ანაზღაურება. 6.2. თავის მხრივ, ი---- ფ----------ეს მ----- გ------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, (13000-9000)X4%X2,4=384 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. მ----- გ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ----- გ------ეს ი---- ფ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული სარგებლიდან 13000 აშშ დოლარისა და 1529,70 ლარის გადახდა და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება
3. მ----- გ------ისათვის ი---- ფ----------ის სასარგებლოდ თანასაკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების ღირებულების, 18390 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
4. ი---- ფ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. მ----- გ------ეს ი---- ფ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 8000 აშშ დოლარის გადახდა;
6. მ----- გ------ეს ი---- ფ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1094,34 ლარის გადახდა;
7. ი---- ფ----------ეს მ----- გ------ის სასარგებლოდ დაეკისროს 384 ლარის გადახდა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები: ლაურა მიქავა
ნანა კალანდაძე