განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001799873
საქმე №3ბ/2682-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
15 თებერვალი , 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - შ--–--------–-–---–ი;
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;
წარმომადგენელი- გ--------------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა-------–--------–ი;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 ივნისის N0----- დადგენილება; ბათილად იქნეს ცნობილი ა------ წ-------–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 7 ნოემბრის N1----- ბრძანება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, სამსახურმა გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებებზე, რომელიც სრულიად იქნა გამოკვლეული და შესწავლილი და ვინაიდან სამართალდამრღვევის მიერ ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას არ იქნა გამოსწორებული დარღვევა, სამსახურის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება ა------ წ-------–ის დაჯარიმებისა და უნებართვოდ კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟის თაობაზე. მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით, სარჩელში არ არის კონკრეტული მითითება და მსჯელობა იმ გარემოებაზე, თუ რატომ ეწინააღმდეგება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილება კანონს და ასევე ვერ უთითებს თუ კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას და არა უფლებას. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობა გამონაკლისებს არ ითვალისწინებს. პასუხისმგებლობის ზომები ტარდება სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირზე, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ა-------–--------–ი მიუხედავად მისი სოციალური მდგომარეობისა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მითითებით, სამშენებლო საქმიანობის სფეროში განხორციელებული სამართალდარღვევები მართალია რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, კერძოდ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, თუმცა თავისი არსით იგი წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამდენად, მოცემული სამართალურთიერთობის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი დებულებები. შესაბამისად, სწორედ მითითებული ნორმატიული აქტით არის დადგენილი ასაკი, რომლის მიღწევის შემდეგაც შესაძლოა დადგეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. საქმეში წარმოდგენილი ა------ წ-------–ის პირადობის მოწმობის თანახმად იგი დაბადებულია 1----–-–---------სს, შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების დროისათვის მას მიღწეული ჰქონდა იმ ასაკისათვის, რომლიდანაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გააჩნდა უფლებამოსილება მიეჩნია იგი სათანადო სუბიექტად.
ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად გამოიკვლია და შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. გასაჩივრებული აქტების გამოცემისას დარღვეული არ არის მათი მომზადებისა და გამოცემის წესი, აქტები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ა------ წ-------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 7 ნოემბრის N1----- ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 ივნისის N0----- დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა, საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 9 მარტის N0----- მითითებით დაფიქსირდა სამშენებლო სამართალდარღვევა, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ა. ფ------ს ქუჩა N28-ის (ს/კ N0---------------) მიმდებარედ აშენებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა და მოწყობილია მსუბუქი კონსტრუქციის ღობე შესაბამისი სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. მითითებით ა-------–--------–ს განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) დღის ვადა ობიექტის დემონტაჟისათვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 28 მარტის N0----- შემოწმების აქტის თანახმად, 2016 წლის 9 მარტის N0----- მითითებით დაფიქსირებული სამართალდარღვევა არ იქნა გამოსწორებული.
2016 წლის 10 მაისს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე ა-------–--------–მა დაადასტურა, რომ სამშენებლო სამუშაოები მან შეასრულა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 მაისის N0----- დადგენილებით ა-------–--------–ი დაჯარიმდა 10000 ლარით ქალაქ თბილისში, ა. ფ------ს ქ. N28-ის (ს/კ N0---------------) მიმდებარედ კაპიტალური შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მოწყობისათვის.
ამავე დადგენილებით, ა-------–--------–ს დაევალა ქალაქ თბილისში, ა. ფ------ს ქ. N28-ის (ს/კ N0---------------) მიმდებარედ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (კაპიტალური შენობა-ნაგებობა, ღობე) დემონტაჟი. (ს.ფ. 49-50; ს.ფ. 51-53; ს.ფ. 54-55;ს.ფ. 46, 53, 56; ს.ფ. 43-44; ს.ფ. 40-42).
4.2. ა-------–--------–მა 2016 წლის 15 ივნისს N2-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 მაისის N0----- დადგენილების ბათილად ცნობა. საჩივრის ავტორის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, ის გარემოება, რომ ა-------–--------–ი და მისი ოჯახი იმყოფება მძიმე ეკონომიკურ პირობებში, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ისინი რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა ვერ მოხერხდა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. დემონტაჟი დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსებთან, რაც საჩივრის ავტორის ოჯახს არ გააჩნია.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 7 ნოემბრის N1----- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ა------ წ-------–ის 2016 წლის 15 ივნისის N2-------- ადმინისტრაციული საჩივარი. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, სამშენებლო სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას და არა უფლებას. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობა გამონაკლისებს არ ითვალისწინებს. პასუხისმგებლობის ზომები ტარდება სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირზე, როგორსაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ა-------–--------–ი, მიუხედავად მისი სოციალური მდგომარეობისა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს დასახელებულ საკითხზე საჩივრის ავტორის აპელირება და დამატებით მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ ჰქონდა მოცემულ გარემოებათა გამოკვლევის ვალდებულება, მისაღები გადაწყვეტილების შინაარსთან/ქმედების კვალიფიკაციასთან კავშირის არ ქონის გამო. (ს.ფ. 79-81; ს.ფ. 14-19).
4.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 მაისის N0----- დადგენილების საფუძველზე სამსახურის მიერ 2016 წლის 2 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი და ა-------–--------–ის მიმართ დაიწყო სააღსრულებო წარმოება ქალაქ თბილისში, ა. ფ------ს ქ. N28-ის (ს/კ N0---------------) მიმდებარედ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (კაპიტალური შენობა-ნაგებობა, ღობე) დემონტაჟის ნაწილში. (ს.ფ. 47).
4.4. მოსარჩელე ა-------–--------–ი დაიბადა 1----–-–---------სს. მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და 2016 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით მის ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არის - 1000. (ს.ფ. 20); (ს.ფ. 21).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ქალაქ თბილისში, ა. ფ------ს ქ. N28-ის (ს/კ N0---------------) მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მოწყობისათვის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო ა-------–--------–ის მიმართ 2016 წლის 9 მარტს შედგენილი მითითებით. აღნიშნული აქტით მოსარჩელეს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი და აღნიშნული დავალების შეუსრულებლობის გამო მასვე დაეკისრა ჯარიმა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და დაევალა შენობისა და ღობის დემონტაჟი. დადგენილების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო 2016 წლის 10 მაისს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადებული ა-------–--------–ის განმარტებას, სადაც მან დაადასტურა, რომ სამშენებლო სამუშაოები მის მიერ არის შესრულებული. ადმინისტრაციულ ორგანოს სხვა სავარაუდო სამართალდამრღვევის არსებობა/არ არსებობის თაობაზე დამატებით აღარ გამოუკვლევია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-------–--------–ი დაიბადა 1----–-–---------სის და მას 18 წელი შეუსრულდა 2016 წლის 9 ივნისს. შესაბამისად დგინდება, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის დაწყების და სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის ა-------–--------–ი არასრულწლოვანი იყო. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მითითების შედგენის დროისათვის, ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში საქმის განხილვისას ა-------–--------–ს თან ახლდა კანონიერი წარმომადგენელი. ამასთან, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სადავო შენობაში მოსარჩელე ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს და საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მოხდა ა------ წ-------–ის მშობლებთან გასაუბრება.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით პასუხისმგებლობა ეკისრება პირს 16 წლის ასაკიდან და შესაბამისად, ა------ წ-------–ის მიმართ დაწყებული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყება კანონშესაბამისად მოხდა. მითითებული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ პირთ. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს 16 წლის პირს თუ დადგინდა, რომ სამართალდარღვევა მან ჩაიდინა 16 წლის ასაკის მიღწევამდე. მოცემულ შემთხვევაში კი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის დრო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული გარემოება არ არის დადგენილი. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მართალია 16 წლის ასაკს მიღწეულ პირს შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, თუმცა ის სამართალდარღვევის საქმის წარმოებაში უნდა მონაწილეობდეს წარმომადგენლის მითითებით, რაც ასევე არ დასტურდება მოცემულ შემთხვევაში.
სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ მოპასუხეებმა სათანადოდ გამოიკვლიეს და შეაფასეს საქმის გარემოებები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური სადავო დადგენილების გამოცემისას დაეყრდნო მხოლოდ ა------ წ-------–ის განმარტებას (რომელიც იმ დოისათვის არასრულწლოვანი იყო და კანონიერი წარმომადგენლის იქ ყოფნის ფაქტი არ დასტურდება), რომ მან ჩაიდინა სამართალდარღვევა. სხვა სავარაუდო სამართალდარღვევის არსებობა/არარსებობის ფაქტი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია.
6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 377-ე, 393-ე, 394-ე მუხლების შინაარსზე, აღნიშნავს, რომ განსხვავებით სისხლის სამართლისაგან, ადმინისტრაციულ სამართალში ყველა მუხლზე და ყველა სამართალდარღვევაზე არ ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კანონი პირდაპირ მიუთითებს რომელ მუხლებზე უნდა გავრცელდეს აღნიშნული კოდექსი, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხსენებული კანონის გამოუყენებლობა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც დარღვევა, რომელიც შესაძლებელია გამხდარიყო აქტის ბათილობის საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხსენებული მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე აქტის ბათილობის საფუძველი არ შეიძლება გახდეს ნებისმიერი გადაცდომა, რომელიც დაშვებული შეიძლება იყოს აქტის მომზადებისა და გამოცემისას. კანონი ცალსახად განმარტავს, აქტი ბათილია, თუ არსებითად არის დარღვეული მისის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სასამართლოს მსჯელობაში არაფერია ნათქვამი აქტის მომზადებისა და გამოცემისას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გამოყენებას რა არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის, ანუ რას შეცვლიდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გამოყენება.
აპელანტი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, უკანონო და სამართლებრივად გაუმართავი, რადგან სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა აქტის გამოცემა, მაშინ როდესაც სამართლებრივად შეუძლებელია პირდაპირ აქტის გამოცემა და მას წინ უნდა უსწრებდეს ქმედების განხორციელება (ობიექტის გადამოწმება) ხოლო დარღვევის არსებობის შემთხვევაში მითითების გაცემა. მითითება არ არის აქტი, ის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. სასამართლოს მიერ ასეთი დავალება შეუძლებელია შესრულდეს, რადგან თუ ქმედების განხორციელებისას დარღვევა გამოსწორებული დახვდება ადმინისტრაციულ ორგანოს, ის საერთოდ ვერ გამოსცემს აქტს, რადგან კანონმდებლობით მკაცრად არის დადგენილი რა სახის აქტები შეუძლია გამოსცეს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს.
6.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, „ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ პირთ". საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, კერძოდ კი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 10 მაისის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმით დგინდება, რომ ა------ წ-------–ის მიერ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა 2016 წლის მარტის თვეში. საქმეში წარმოდგენილი დოკუმეტაციით ასევე დგინდება, რომ მოსარჩელე ა------ წ-------–ის დაბადების თარიღია 1----–-–---------სი. შესაბამისად, სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის ა-------–--------–ს მიღწეული ჰქონდა იმ ასაკისთვის, რომლიდანაც ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხიმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას მოქმედი კანონომდებლობა ითვალისწინებს. ამდენად, სასამართლოს განმარტება, იმის თაობაზე, რომ 16 წელს მიღწეულ პირს პასუხიმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება 16 წლის მიღწევამდე სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, როგორც აღინიშნა მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ პირთათვის პასუხიმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
თბილისის საქალაქო სასამართლო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად ასევე მიუთითებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე და განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ ა------ წ-------–ის მშობლებთან გასაუბრება არ მომხდარა. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს განმარტებით, 18 წელს მიუღწეველი სამართალდამრღვევის მიმართ დაწყებული სამართალწარმოებისას სამართალდამრღვევი უნდა მონაწილეობდეს წარმომადგენლის მეშვეობით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას არ იზიარებს და განმარტავს, რომ არასრულწლოვნის მიმართ დაწყებულ სამართალწარმოებაში კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობის ვალდებულებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამასთან, გაუგებარია სასამართლოს მიერ სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას რატომ იქნა გამოყენებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს არასრულწლოვანი პირის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული სამართლადარღვევასთან დაკავშირებით არასრულწლოვანი პირის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის წესს და პირობებს. კერძოდ კი, არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას. ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე პირის მიმართ ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ეს პირი ბრალდებულია. ამ კოდექსის 38-ე–48-ე მუხლებით (გარდა 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 46-ე მუხლისა) დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე პირზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული ან მძიმე დანაშაული."
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, მართლმსაჯულების კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწოვანი მოწმის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვინ შეიძლება იქნეს მიჩნეული კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნად, აღნიშნული განმარტებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში, რომლის თანახმად, „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი – 18 წლამდე ასაკის პირი, რომლის მიმართაც:
ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;
ბ) შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, მან ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 100(2) მუხლებით, 116-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 123-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 150-ე მუხლის 2(2) ნაწილით, 153(3) მუხლის მე-2 ნაწილით, 153(6) მუხლის მე-2 ნაწილით, 155(2), 157-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 173-ე მუხლით, 1741 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 174(15) მუხლის მე-4 ნაწილით, 175(2), 177(1) და 178-ე მუხლებით და 181(1) მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;
გ) გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი ან ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება."
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწოვნად მიიჩნევა პირი, რომლის მიერაც ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა დაკისრებულ არასრულწოვან პირს, აღნიშნული ნორმა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწოვნად მოიაზრებს, მხოლოდ ადმინიტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული სამართადარღვევის ჩამდენ არასრულწლოვან პირს, რომელთა შორის უნებართვო მშენებლობა არ მოიაზრება.
ყოველივე ზემოაღნიშნულდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის პროცედურას, მოცემულ შემთხვევაში კი, ა------ წ-------–ის მიერ ჩადენილია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდაღვევა, რომლის ჩამდენ პირს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არ მიიჩნევს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნად, გაუგებარია, რატომ იქნა გამოყენებული სასამართლოს მიერ აღნიშნული კოდექსი გადაწყვეტილების მიღებისას.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” №57 დადგენილების 33-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა, კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები.
განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები მიღებულ იქნა ქალაქ თბილისში, ა. ფ------ს ქ. N28-ის (ს/კ N0---------------) მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მოწყობისათვის. უდავოა, რომ აღნიშნული ობიექტის მშენებლობა სამშენებლო ნებართვის გარეშე განახორციელდა.
7.2. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-4 თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის.
კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
კოდექსის მე-15 მუხლის ,,ი’’ პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
7.3. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
მითითებული მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით;
განსახილველ შემთხვევაში ქალაქ თბილისში, ა. ფ------ს ქ. N28-ის (ს/კ N0---------------) მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მოწყობისათვის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო ა-------–--------–ის მიმართ 2016 წლის 9 მარტს შედგენილი მითითებით. აღნიშნული აქტით მოწინააღმდეგე მხარეს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი და აღნიშნული დავალების შეუსრულებლობის გამო მასვე დაეკისრა ჯარიმა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და დაევალა შენობისა და ღობის დემონტაჟი. დადგენილების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო 2016 წლის 10 მაისს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადებული ა-------–--------–ის განმარტებას, სადაც მან დაადასტურა, რომ სამშენებლო სამუშაოები მის მიერ არის შესრულებული. ადმინისტრაციულ ორგანოს სხვა სავარაუდო სამართალდამრღვევის არსებობა/არ არსებობის თაობაზე დამატებით აღარ გამოუკვლევია.
დადგენილია, რომ ა-------–--------–ი დაიბადა 1----–-–---------სის და მას 18 წელი შეუსრულდა 2016 წლის 9 ივნისს. შესაბამისად დგინდება, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის დაწყების და სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის ა-------–--------–ი არასრულწლოვანი იყო. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მითითების შედგენის დრისათვის, ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში საქმის განხილვისას ა-------–--------–ს თან ახლდა კანონიერი წარმომადგენელი. ამასთან, დადგენილია, რომ სადავო შენობაში მოსარჩელე ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს და საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მოხდა ა------ წ-------–ის მშობლებთან გასაუბრება.
პალატა განმარტავს, რომ სზაკ-ის 74.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირის ქმედუნარიანობის მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12-16 მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-14.1 მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი შვიდიდან თვრამეტ წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა; ამავე კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად, შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-------–--------–ი სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოებისას და ასევე დაჯარიმებისა და დემონტაჟის თაობაზე დადგენილების გამოტანისას იყო 17 წლის, ანუ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე; დადგენილია ისიც, რომ ადმინისტრაციული ორგანო, მიიჩნია რა ა------ წ-------–ის განმარტება მშენებლობის მის მიერ განხორციელების შესახებ აღიარებად, დაეყრდნო მხოლოდ ამ განმარტებას, რომელიც, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ ითვლებოდა სამართლებრივად ნამდვილ განმარტებად ა------ წ-------–ის არასრულწლოვანებისა და კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის არარსებობის გამო. ამდენად, ეს ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ ყოფილა სრულყოფილად გამოკვლეული და შესწავლილი საქმის გარემოებები, სათანადოდ, სამართლებრივად ვარგისი გზით არ გამოვლენილა უკანონო მშენებლობის განმახორციელებელი პირი.
რაც შეეხება აპელირებას მოცემული ურთიერთობისათვის სამართალდარღვევათა კოდექსის მე-13 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ასაკის გამოყენებასთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის 16 წლის ასაკს მიღწეულ პირს და რომ სამშენებლო სამართალდარღვევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახეა, სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მართალია სამშენებლო სამართალდარღვევა მართალც წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ, სპეციფიურ სახეს, თუმცა მასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები შესაძლოა გადაწყდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისაგან განსხვავებულად, უფრო ახალი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე; სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოება წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებას, სამშენებლო ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული განსხვავებების გათვალისწინებით. ამდენად, სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოებისას გამოიყენება სზაკ-ის მოთხოვნები, რომლის 74.1 მუხლის გამოყენებით (მითითებითი ნორმა), სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოებაში, როგორც ადმინისტრაციულ წარმოებაში, გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები, რაც გულისხმობს იმას, რომ მოცემული ურთიერთობისათვის ა------ წ-------–ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ასაკი უნდა განისაზღვროს სწორედ სამოქალაქო კოდექსით და არა ადმინისტრაცილ სამართალდარღვევათა კოდექსით.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ მოპასუხეებმა სათანადოდ გამოიკვლიეს და შეაფასეს საქმის გარემოებები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური სადავო დადგენილების გამოცემისას დაეყრდნო მხოლოდ ა------ წ-------–ის განმარტებას (რომელიც იმ დოისათვის არასრულწლოვანი იყო და კანონიერი წარმომადგენლის იქ ყოფნის ფაქტი არ დასტურდება), რომ მან ჩაიდინა სამართალდარღვევა. სხვა სავარაუდო სამართალდარღვევის არსებობა/არ არსებობის ფაქტი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია.
7.4. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 23-ე მუხლზე, სადაც მითითებულია, რომ ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომების შეფარდებისას კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვას უზრუნველყოფს ზემდგომი ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მხრივ სისტემატური კონტროლი, საპროკურორო ზედამხედველობა, გასაჩივრების უფლება, კანონმდებლობით დადგენილი სხვა საშუალებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -