1. სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
3. სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4283 – სსმ I, №5, 15.01.2007წ., მუხ.66
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4713 – სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.143
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება №1/5/1271 – ვებგვერდი, 09.07.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №169 - ვებგვერდი, 29.12.2024