გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.10.2018
საქმის ნომერი
330310018002475550
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3143-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელეები - გი--------------ა, ლე---------–---–ი

წარმომადგენელი - ივ------------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მა--------------–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენლები - მა-------------–--ე, გუ--------–-----ე

 

მოპასუხე - ელ---------------ე

 

მოპასუხე - ირ---–---------–--ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული წესით დაკავების უკანონოდ აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის და ელ---------------ისთვის გი--------------ას სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრება 25 000 (ოცდახუთიათასი) ლარის ოდენობით;

 

1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის და ირ---–---------–--ისთვის ლე---------–---–ის სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრება 25 000 (ოცდახუთიათასი) ლარის ოდენობით. (იხ. 2016 წლის 10 მაისის განცხადება)

 

1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 12 იანვრის №----------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 18 თებერვლის №------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 8 თებერვლის №-------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 თებერვლის №------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

1.4. უკანონოდ იქნას აღიარებული გი--------------ას 2015 წლის 21 ნოემბრის ადმინისტრაციული წესით დაკავება და ლე---------–---–ის 2015 წლის 26 თებერვლის ადმინისტრაციული წესით დაკავება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.

 

2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.4. ელ---------------ემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.5. ირ---–---------–--ემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2015 წლის 26 თებერვალს, 16:40 საათზე, პატრულ-ინსპექტორის ირ---–---------–--ის მიერ განხორციელდა ლე---------–---–ის ადმინისტრაციული დაკავება, რაზეც შედგენილ იქნა 2015 წლის 26 თებერვლის ადმინისტრაციული დაკავების ოქმი №------. ოქმში დაკავების მოტივად მითითებულია, რომ თბ--–--–ი, ჭა---------ს ქ. №---თან, ლე---------–---–ი, შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროსთან იგინებოდა უცენზურო სიტყვებით, არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლების არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, შეეწყვიტა ლანძღვა-გინება და გაუწია მათ წინააღმდეგობა, რის გამოც დაკავებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე მუხლებით. დაკავების ოქმში აღნიშნულია, რომ ვინაიდან ადგილზე შეკრებილი იყო უამრავი ადამიანი, რომლებიც გამოხატავდნენ უკმაყოფილებას დაკავებასთან დაკავშირებით, ოქმი შედგენილ იქნა საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

ზემოაღნიშნულ ფაქტზე, 2015 წლის 26 თებერვალს ლე---------–---–ის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №--------, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 26 თებერვლის ადმინისტრაციული დაკავების ოქმი №------ (ტ. I, ს.ფ. 74)

- 2015 წლის 26 თებერვლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №-------- (ტ. I, ს.ფ. 72)

 

3.1.2. 2015 წლის 26 თებერვალს ლე---------–---–ის მიერ შედგენილია ხელწერილი მასზედ, რომ პირველი გამოძახებისთანავე გამოცხადდება საპატრულო პოლიციაში და არ დაემალება საქმის წარმოებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 26 თებერვლის ხელწერილი (ტ. II, ს.ფ. 73)

 

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2015 წლის 27 თებერვალს, 10:56 საათზე, საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოდან შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები ლე---------–---–ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის დადგენილებით (საქმე №---------) ლე---------–---–ის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. ამასთან, ლე---------–---–ი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით და სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს 2015 წლის 27 თებერვლის მიმართვა (ტ. I, ს.ფ. 70)

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის დადგენილება (საქმე №---------) (ტ. I, ს.ფ. 98-101)

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის №--------- დადგენილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ლე---------–---–ის სამართალდამრღვევად ცნობის ნაწილში გასაჩივრებულ იქნა ლე---------–---–ის წარმომადგენლის ივ------------–---–ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის №---------- დადგენილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის №--------- დადგენილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ლე---------–---–ის სამართალდამრღვევად ცნობის ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მაისის დადგენილებით (საქმე №---------) შეწყდა ლე---------–---–ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №-------- ოქმის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ლე---------–---–ისთვის საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დასაკისრებლად არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, რამდენადაც არ არის დადასტურებული რომელიმე კონკრეტული კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევის არსებობა მის ქმედებაში. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ლე---------–---–მა შეიგინა, თუმცა მიუთითა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ლე---------–---–მა კონკრეტულად პოლიციის მუშაკის მისამართით შეიგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების გამომრიცხავი გარემოება - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის N---------- დადგენილება (ტ. I, ს.ფ. 140-143)

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მაისის დადგენილება (საქმე №---------) (ტ. I, ს.ფ. 161-165)

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2016 წლის 21 ნოემბერს, 08:20 საათზე, თბილისის საპატრულო პოლიციის ვაკის მიმართულების I ათეულის მეთაურის ელ---------------ის მიერ დაკავებულ იქნა გი--------------ა, რაზედაც შედგენილ იქნა ადმინისტრაციული დაკავების ოქმი №-------------. ოქმში დაკავების მოტივად მითითებულია, რომ გი--------------ამ, დაუდგენელ პირებთან ერთად, საამისოდ გამოუყოფელ ადგილას თვითნებურად განათავსა პლაკატი და დაამახინჯა იერსახე.

 

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, გი--------------ას მიმართ, 2015 წლის 21 ნოემბერს, შედგენილია №------------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 21 ნოემბრის ადმინისტრაციული დაკავების ოქმი №------------- (ტ. I, ს.ფ. 324)

- 2015 წლის 21 ნოემბრის №------------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ტ. I, ს.ფ. 43)

 

3.1.6. 2015 წლის 21 ნოემბერს გი--------------ას მიერ შედგენილია ხელწერილი მასზედ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების პირველი შეტყობინებისთანავე, დაუყოვნებლივ, გამოცხადდება დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 21 ნოემბრის ხელწერილი (ტ. II, ს.ფ. 18)

 

3.1.7. 2015 წლის 25 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოსგან შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები გი--------------ას მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 დეკემბრის დადგენილებით (საქმე №---------) გი--------------ას მიმართ დაწყებული №--------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა.

 

სასამართლოს დადგენილების მიხედვით, გი--------------ას მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა არ დადასტურდა. ამდენად, გი--------------ას მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს ამავე კოდექსის 232-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 დეკემბრის დადგენილება (საქმე №---------) (ტ. I, ს.ფ. 64-67)

 

3.1.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსის 2016 წლის 12 იანვრის №----------- წერილით გი--------------ას ეცნობა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის საფუძველზე, კერძოდ, ვინაიდან ადმინისტრაციული დაკავება დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოებში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან, განხილულ იქნა გი--------------ას 21/12/2015 წლის №------- განცხადება. წერილში განმარტებულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ზომად ითვალისწინებს ადმინისტრაციულ დაკავებას, აღნიშნული მიზნით, შსს უფლებამოსილ პოლიციელს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე, შეუძლია პირის ადმინისტრაციული დაკავება.

 

წერილში აღნიშნულია, რომ შესწავლილ იქნა მოქალაქე გი--------------ას მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებასთან დაკავშირებული საქმის წარმოების მასალები. გამოკვლეულ იქნა გი--------------ას ადმინისტრაციული დაკავების კანონიერება და დადასტურდა, რომ უფლებამოსილმა პატრულ-ინსპექტორმა დაკავება განახორციელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე, 246-ე და 247-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ პატრულ-პოლიციელმა გი--------------ას დაკავებისთანავე, გასაგები ფორმით, განუმარტა კანონიერი უფლებები, ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი და დაკავების საფუძველი, ასევე, დაცული იქნა დაკავების კანონით გათვალისწინებული ვადა და საქმის განმხილველ სასამართლოში მისი დაუყოვნებლივი წარდგენის შესახებ კანონის მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გი--------------ას ადმინისტრაციული დაკავება მოხდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. განმცხადებლის პოზიცია, რომ ვინაიდან სასამართლომ არ დაადასტურა გი--------------ას მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ადმინისტრაციული დაკავება უკანონოა, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული დაკავების საფუძველს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავება განხორციელდა როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველყოფის ზომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის საფუძველზე საქმის განხილვის შედეგად არ დასტურდება უკანონო დაკავებისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი 2016 წლის 12 იანვრის №----------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 253)

 

3.1.9. ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის 2016 წლის 13 იანვრის №---------- წერილით, გი--------------ას ეცნობა, რომ შესწავლილ იქნა განცხადება მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის დადგენილებით გი--------------ას მიმართ დაწყებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა არა გი--------------ას უკანონო დაკავების, მის მიერ ჩამოთვლილი სხვა გარემოებების მიზეზით, არამედ მასალებში არსებული არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. ამასთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ელ---------------ის სამსახურებრივი გადაცდომის საკითხის შესწავლა ეთხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადება ვერ დაკმაყოფილდება უსაფუძვლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის 2016 წლის 13 იანვრის №---------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 343)

 

3.1.10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის, ინსპექტირებისა და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველოს დისციპლინური დევნის პირველი სამმართველოს უფროსის 2016 წლის 8 თებერვლის №-------------- წერილით ივ------------–---–ს, №------- და №------- განცხადებებთან დაკავშირებით, ეცნობა, რომ შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, შს სამინისტროს მოსამსახურის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტმა დადასტურება ვერ ჰპოვა. მიუხედავად აღნიშნულისა, მკაცრად იქნა გაფრთხილებული მომავალში ანალოგიური შემთხვევების დროს იმოქმედოს მეტი ყურადღებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 8 თებერვლის №-------------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 322)

 

3.1.11. ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის 2016 წლის 15 თებერვლის №---------- წერილით, ლე---------–---–ს ეცნობა, რომ შესწავლილ იქნა განცხადება მის მიმართ განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილებით ლე---------–---–ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა არა მისი უკანონო დაკავების, არამედ მასალებში არსებული არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადება ვერ დაკმაყოფილდება უსაფუძვლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის 2016 წლის 15 თებერვლის №---------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 359)

 

3.1.12. ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის მოადგილის 2016 წლის 17 თებერვლის №---------- წერილით, გი--------------ას ეცნობა, რომ შესწავლილ იქნა განცხადება მის მიმართ განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორის წერილის გაუქმების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის დადგენილებით გი--------------ას მიმართ დაწყებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა არა გი--------------ას უკანონო დაკავების, მის მიერ ჩამოთვლილი სხვა გარემოებების მიზეზით, არამედ მასალებში არსებული არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. ამასთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ელ---------------ის სამსახურებრივი გადაცდომის საკითხის შესწავლა ეთხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2016 წლის 13 იანვრის წერილი კანონიერია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის მოადგილის 2016 წლის 17 თებერვლის №---------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 348)

 

3.1.13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 18 თებერვლის №------ წერილით გი--------------ას, 2016 წლის 5 თებერვლის №------ ადმინისტრაციული საჩივრის პასუხად, ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული დავა მოქალაქე გი--------------ას სარჩელის გამო, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციელის ელ---------------ის მიერ 2015 წლის 21 ნოემბერს გი--------------ას ადმინისტრაციული წესით დაკავების უკანონოდ აღიარების თაობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. მოცემული საფუძვლით გი--------------ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 18 თებერვლის №------ წერილი (ტ. I, ს.ფ. 321)

 

3.1.14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის 2016 წლის 22 თებერვლის №------------ წერილით ლე---------–---–ისა და გი--------------ას ადვოკატს ივ------------–---–ს, 2016 წლის 5 თებერვლის №------ ადმინისტრაციული საჩივრისა და №------ განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არსებობს საჩივრისა და განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

 

წერილით, განმცხადებელს ეთხოვა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, 5 (ხუთი) დღის ვადაში წარედგინა მოსაზრება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება არ განიხილებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის 2016 წლის 22 თებერვლის №------------ წერილი (ტ. I, ს.ფ. 340)

 

3.1.15. ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის მოადგილის 2016 წლის 04 მაისის №----------- წერილით, ლე---------–---–ს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ შეწყდა წარმოება, რადგან ვერ დადასტურდა ლე---------–---–ის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რაც არ გულისხმობს იმას, რომ ლე---------–---–ი უკანონოდ იყო დაკავებული. ამდენად, №---------- წერილი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის მოადგილის 2016 წლის 04 მაისის №----------- წერილი (ტ. II, ს.ფ. 217)

 

3.1.16. N-------- ადმინისტრაციულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით გი--------------ასა და ლე---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და ელ---------------ეს სოლიდარულად დაეკისრათ გი--------------ას სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და ირ---–---------–--ეს სოლიდარულად დაეკისრათ ლე---------–---–ის სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და ელ---------------ეს სოლიდარულად დაეკისრათ გი--------------ას სასარგებლოდ სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის შესადგენად გაწეული ხარჯის ანაზღაურება 12 (თორმეტი) ლარის ოდენობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და ირ---–---------–--ეს სოლიდარულად დაეკისრათ ლე---------–---–ის სასარგებლოდ სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის შესადგენად გაწეული ხარჯის ანაზღაურება 12 (თორმეტი) ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება (ტ. III, ს.ფ. 85-113)

 

3.1.17. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით №-------- ადმინისტრაციულ საქმეზე (მოსარჩელეები - გი--------------ა, ლე---------–---–ი; მოპასუხეები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ქ. თბილისის პროკურატურა, ელ---------------ე და ირ---–---------–--ე; დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, მორალური ზიანის ანაზღაურება) შეწყდა საქმის წარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 12 იანვრის №----------- წერილით მიღებული გადაწყვეტილების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 18 თებერვლის №------ წერილით მიღებული გადაწყვეტილების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 8 თებერვლის №-------------- წერილით მიღებული გადაწყვეტილების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 თებერვლის №------------ წერილით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სასარჩელო მოთხოვნათა ნაწილში დაუშვებლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინება (ტ. III, ს.ფ. 114-120)

 

3.1.18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ელ---------------ის და ირ---–---------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გი--------------ას და ლე---------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. გი--------------ას და ლე---------–---–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე ამ ნაწილში არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება (ტ. IV, ს.ფ. 118-199)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეთა შორის ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გამხდარა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7, მე-17, მე-18, 22-ე, 42-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 317-ე, 413-ე, 1005-ე მუხლები, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ“ ევროპული კონვენცია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 246-ე, 251-ე, 275-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში კი საქმეზე №23/630 აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ამ დაპატიმრების მსხვერპლი ან მუხლის დებულებათა დარღვევის გამო აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

საქმეზე №3გ-ად-329-კ-02 (24.03.2003 წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციით გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. ევროპის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2-5 პუნქტები ადგენენ უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლების გარანტიებს. პიროვნების ფიზიკური თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს აღიარებს, იგი, როგორც წესი, ყოველმხრივ დაცულია. ეს უფლება ყველა იმ სახელმწიფოებრივი სისტემის ქვაკუთხედია, რომელიც კანონიერების პატივისცემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრიორიტეტულ მნიშვნელობას აღიარებს. კონვენცია ადგენს კომპენსაციის შესაძლებლობას მასში გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისათვის. კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის უფლება, ამ მუხლის დებულებათა დარღვევით განხორციელებული თავისუფლების აღკვეთისათვის, ავსებს 50-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებას “სამართლიან ანაზღაურებაზე". “სამართლიანი ანაზღაურების" მინიჭება ევროპული სასამართლოს კომპეტენციაა, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია, უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ეროვნული სასამართლოების მიერაც უნდა განხორციელდეს. მე-5 პუნქტის გამოყენების წინაპირობას მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლების ხელყოფა წარმოადგენს. კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული დაამტკიცებს მისთვის ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, ვინაიდან კომპენსაციის შესახებ საკითხი არ დგება ასეთი ზიანის გარეშე. კომპენსაცია მოიცავს როგორც მატერიალურ, ისე მორალურ ზიანს.“

 

მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება, თუმცაღა უშუალოდ სახელმწიფო მოსამსახურეზე პასუხისმგებლობის სოლიდარულად განაწილებისათვის, უნდა დადგინეს მისი ბრალეულობა - განზრახვა ან უხეში გაუფრთხილებლობა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები ითხოვენ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას და მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ისინი უკანონოდ იქნენ ადმინისტრაციული წესით დაკავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ და სასამართლოს დადგენილებით შეწყდა საქმის წარმოება სამართალდარღვევის არარსებობის გამო, რაც მათი მოსაზრებით, წარმოადგენს მარეაბილიტირებელ გარემოებას სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.

 

დადგენილია, რომ ლე---------–---–ი დაკავებულ იქნა 2015 წლის 26 თებერვალს, 16:40 საათზე. დაკავების ოქმში დაკავების მოტივად მითითებულია, რომ თბ--–--–ი, ჭა---------ს ქ. №---თან იგი იგინებოდა უცენზურო სიტყვებით, არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლების არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რის გამოც დაკავებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე მუხლებით. იმავე დღეს, ლე---------–---–ის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №--------, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. დადგენილია, რომ 2015 წლის 26 თებერვალს ლე---------–---–ი გათავისუფლებული იქნა ხელწერილის საფუძველზე, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის დადგენილებით (საქმე №---------) ლე---------–---–ის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მაისის დადგენილებით (საქმე №---------) შეწყდა ლე---------–---–ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №-------- ოქმის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოება. საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდა ლე---------–---–ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დაუდასტურებლობა.

 

ასევე, დადგენილია, 2016 წლის 21 ნოემბერს, 08:20 საათზე დაკავებულ იქნა გი--------------ა. დაკავების ოქმში დაკავების მოტივად მითითებულია, რომ გი--------------ამ, დაუდგენელ პირებთან ერთად, საამისოდ გამოუყოფელ ადგილას თვითნებურად განათავსა პლაკატი და დაამახინჯა იერსახე. იმავე დღეს, გი--------------ას მიმართ შედგენილია №------------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. გი--------------ა გათავისუფლდა 2015 წლის 21 ნოემბერს ხელწერილის საფუძველზე. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 დეკემბრის დადგენილებით (საქმე №---------) გი--------------ას მიმართ დაწყებული №--------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა, რადგან მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა არ დადასტურდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა განიმარტოს, რამდენად ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე და ადმინისტრაციული დაკავების უკანონობა გულისხმობს თუ არა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს პროკურატურაში დაკავების გასაჩივრების შედეგად დაკავების უკანონოდ ცნობას, რამეთუ მოპასუხეთა წარმომდგენლები მიუთითებენ, რომ მოსარჩელების მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან, მართალია, მათ მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, მაგრამ ადმინისტრაციული დაკავება უკანონოდ არ არის ცნობილი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია. ამასთან, მოცემული უფლება არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ძირითადი უფლება, თუმცაღა მისი შეზღუდვა და დაცულ სფეროში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე და კანონით განსაზღვრული წესით. სწორედ ამ შემთხვევას ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლი.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.

 

ამავე კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ 244-ე მუხლით გათვალისწინებული ჩარევა თავისუფლების ძირითად უფლებაში ემსახურება ისეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთა, საქმის დროული და სწორი განხილვა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული დადგენილების აღსრულება. აღსანიშნავია ისიც, რომ პირის ადმინისტრაციულ დაკავებას კანონი მხოლოდ მას შემდეგ ითვალისწინებს, როცა ამოიწურება ზემოქმედების სხვა ზომები. ამდენად, პირის ადმინისტრაციული დაკავება არის ოქმის შემდგენისთვის მინიჭებული შესაძლებლობა, კანონით დადგენილ შემთხვევაში და წესით მოახდინოს პირის დაკავება სამართალდარღვევის აღსაკვეთად, სამართალდარღვევაზე რეაგირების მოსახდენად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზემოქმედების სხვა ზომები ამოწურულია.

 

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით, ასევე, გათვალისწინებულია დაკავების გასაჩივრების წესი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა, ადმინისტრაციული დაკავების გასაჩივრების მიზნით, მიმართეს როგორც პროკურატურას, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცაღა მათ მიერ მიჩნეული იქნა, რომ ადგილი არ ჰქონია უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, მოსარჩელეთა ადმინისტრაციული დაკავება კანონიერად არის მიჩნეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის პროკურატურის მიერ, თუმცაღა დაკავების გასაჩივრებასა და დაკავების უკანონოდ აღიარებას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნებისათვის მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც პირი ცნობილი იქნება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, რაც იმთავითვე არ გამორიცხავს ადმინისტრაციული დაკავების უკანონობას, თუმცაღა, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები შეწყდა, სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო, რადგან იგი კანონით დადგენილი წესით ვერ დადასტურდა, რაც ავტომატურად განაპირობებს ადმინისტრაციული დაკავების უკანონოდ მიჩნევას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული დაკავება ემსახურება კონკრეტულ მიზნებს - მართლწესრიგის დაცვას, სამართალდარღვევის აღკვეთას, სამართალდამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი სანქციის შეფარდების შესაძლებლობის განხორციელებას. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აღჭურვილნი არიან სამართალდარღვევის აღკვეთისთვის საჭირო ფართო უფლებამოსილებებით, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგნენ პირის მიმართ ზემოქმედების ისეთი ზომების გამოყენებას, რომლებიც იწვევს პირისთვის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეზღუდვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარო წესრიგის დაცვა შეუძლებელი იქნება და მოხდება პირთა კანონით დაცული ინტერესების შელახვა. ამასთან, ადმინისტრაციული დაკავებისას არსებული ფაქტობრივი გარემოებები შესაძლებელია, რომ პოლიციის თანამშრომლებს უქმნიდეს დასაბუთებულ ეჭვს, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა და აუცილებელია მისი დაკავება, მაგრამ საქმის განხილვისას და სასამართლო დადგენილებით დადგინდეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიღება, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულს პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, პირის ადმინისტრაციული დაკავება ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის ქმედებაშიც სამართალდარღვევის ნიშნების არსებობა არ დადასტურდა, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და აქედან გამომდინარე, ქმედების უკანონობაც, რაც მოცემული მუხლის მიზნებისთვის არ უნდა იქნას გაიგივებული მხარის მიერ დაკავების გასაჩივრების აუცილებლობასთან. პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეწყვეტით დასტურდება, რომ პირს არ ჩაუდენია სამართალდარღვევა, რომლის აღკვეთის ან რომელზეც სათანადო რეაგირების მოხდენის მიზანსაც ემსახურება ადმინისტრაციული დაკავება. სწორედ ამიტომ, აღნიშნული გარემოებების არსებობა საკმარისია პირისთვის ზიანის ანაზღაურებისთვის და აუცილებელი არ არის, პირს გასაჩივრებული ჰქონდეს ადმინისტრაციული დაკავება ან დაკავება უკანონოდ იქნას აღიარებული შესაბამისი ორგანოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს არ ექნებოდა ზიანის ანაზღაურების რეალური შესაძლებლობა.

 

სასამართლო, ასევე, მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომელმაც დაადგინა ფუნდამენტური განსხვავება კონვენციის მე-5 მუხლიდან გამომდინარე თავისუფლების აღკვეთასა და გადაადგილების თავისუფლებას შორის. თავისუფლების აღკვეთასა და პირის გადაადგილების თავისუფლების აღკვეთას შორის განსხვავება ინტენსიურობისა და ხარისხის საკითხი უფროა, ვიდრე მისი ბუნების, ან არსის (იხ. ,,გუზარდი იტალიის წინააღმდეგ“ (1980). შეიძლება გაკეთდეს მცირე განზოგადება და ყოველი საქმისათვის დამახასიათებელი გარემოებები გამოკვლეულ იქნას დეტალურად. ყველა კრიტერიუმი, როგორიცაა ტიპი, ხანგრძლივობა, სადავო ღონისძიების განხორციელების ფორმა და მისი შედეგები, მთლიანობაში უნდა იქნას განხილული.

 

ამდენად, ადმინისტრაციულ დაკავებასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას შორის განსხვავება არის მის ინტენსივობასა და ხარისხში, ამასთან, ადმინისტრაციული დაკავება არის უზრუნველყოფის ღონისძიება, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა წარმოადგენს ადმინისტრაციული სახდელის სახეს, თუმცაღა თავისი არსით, პირისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების - თავისუფალი მიმოსვლის უფლების შეზღუდვა და დამდგარი ნეგატიური შედეგებით, რაც გამოიხატება კონკრეტულ დაწესებულებაში გარკვეული დროით მოთავსებაში, პირის რეპუტაციაზე გავლენის მოხდენაში, უარყოფითი განცდების წარმოქმნაში, ისინი ერთმანეთს ჰგვანან. სწორედ ამიტომ, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული დაკავება არ ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემადგენლობაში.

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.

 

კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე. ღირსება ადამიანს აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანია და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე, ან მის სუბიექტურ თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება და ექსპლუატაციის ობიექტი.

 

ღირსება, ასევე, არ შეიძლება იქნას განხილული, როგორც მხოლოდ ერთ-ერთი სუბიექტური კონსტიტუციური უფლების ობიექტი. ღირსება არის ის უფლება და ამავე დროს, ის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი უფლებები. პირის სამართლებრივი სტატუსის საფუძველში დევს ღირსების იდეა, ხოლო სამართლებრივი დაცვის პრინციპის, როგორც პიროვნების სოციალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალების, საფუძველი არის პიროვნების ღირსების უზრუნველყოფის პრინციპი. ღირსების ხელყოფა, ფაქტიურად, ყოველთვის უკავშირდება სხვა ძირითადი უფლების ან უფლებების დარღვევას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მიხედვით, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

მოსარჩელეთა ადმინისტრაციული დაკავებით მოხდა ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ უფლებათა შელახვა, რაც წარმოადგენს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე.

 

ამასთან, ზიანის ანაზღაურება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და ადმინისტრაციული დაკავების უშუალოდ განმახორციელებელ პირებს - ელ---------------ესა და ირ---–---------–--ეს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), კერძოდ: შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის ან შენახვის ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების, ოჯახში ძალადობის ჩადენის, შემაკავებელი და დამცავი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის, არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის, პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული დაკავება განახორციელეს სწორედ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, შესაბამისად, დამდგარი ზიანი სწორედ მათი ქმედების პირდაპირი და გარდაუვალი შედეგია და ზიანის მიმყენებლებს წარმოადგენს საქართველოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ელ---------------ე და ირ---–---------–--ე. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი სახელმწიფო მოსამსახურეთათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას ითვალისწინებს მხოლოდ მათი ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში, ამასთან უხეში გაუფრთხილებლობის ნორმატიული შინაარსი სამოქალაქო კოდექსით დადგენილი არ არის. სასამართლოს მიაჩნია, რომ უხეში გაუფრთხილებლობა წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას, რომელიც უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, პიროვნების, მისი სუბიექტური დამოკიდებულებისა და ობიექტური გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. უხეში გაუფრთხილებლობა გამოიხატება იმ ნორმათა და მითითებათა გაუთვალისწინებლობასა და დარღვევაში, რომლებიც უნდა იცოდეს შესაბამისი ქმედების განმახორციელებელმა პირმა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სახეზეა პატრულ-ინსპექტორთა მიერ ადმინისტრაციული დაკავების განხორციელება, ხოლო მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოვალეობების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სავალდებულოა, რომ ისინი თითოეულ შემთხვევაში განსაკუთრებით ფრთხილად მოქმედებდნენ ისეთი ქმედითი მექანიზმების გამოყენებისას, რომლებიც მათ სპეციალურ უფლებამოსილებას მიეკუთვნება და იწვევს პირის კონსტიტუციით დაცული უფლებების შეზღუდვას, ადმინისტრაციული დაკავება უნდა იყოს უკიდურესი ზომა, რომლის გამოყენების გარეშეც შეუძლებელი იქნება კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და დაკისრებული უფლებამოსილების შესრულება, განსახილველ შემთხვევაში კი, დაკავების ოქმში მითითებული მოტივების, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სამართალდარღვევის საქმეთა შეწყვეტის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ელ---------------ისა და ირ---–---------–--ის მხრიდან ადგილი ჰქონდა აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნათა დარღვევას და მათ ვერ უზრუნველყვეს ბრალის არარსებობის დადასტურება, რაც მათთვის ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

 

რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას, მას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.

 

სასამართლოს ითვალისწინებს, რომ მოსარჩელეები, დაახლოებით, რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ დაკავებული, რა დროსაც შეიზღუდა მათი თავისუფალი მიმოსვლის უფლება, შეილახა პირის ღირსება, ამასთან, ისინი გათავისუფლდნენ ხელწერილის საფუძველზე, სამართალდარღვევის მასალები გონივრულ ვადაში და დროულად იქნა წარდგენილი სასამართლოში და მიაჩნია, რომ მორალური ზიანის სახით თითოეულის სასარგებლოდ ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს 500 (ხუთასი) ლარი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს, ასევე, წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 12 იანვრის №----------- წერილით მიღებული გადაწყვეტილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 8 თებერვლის №-------------- წერილით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 18 თებერვლის №------ წერილით მიღებული გადაწყვეტილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 თებერვლის №------------ წერილით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული წესით დაკავების უკანონოდ აღიარება.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 26 თებერვალს ლე---------–---–ის მიმართ შდგენილი იქნა ადმინისტრაციული დაკავების ოქმი N------. დაკავების მოტივად მითითებულია, რომ იგი შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად იგინებოდა ეკონომიკის სამინისტროსთან უცენზურო სიტყვებით, არ დაემორჩილა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, შეეწყვიტა ლანძღვა-გინება, მან გასწია წინააღმდეგობა, რის გამოც დაკავებულ იქნა ასკ 166-173-ე მუხლებით. დაკავების ოქმის თანახმად, ვინაიდან ადგილზე შეკრებილი იყო უამრავი ადამიანი, რომლებიც გამოხატავდნენ უკმაყოფილებას დაკავებასთან დაკავშირებით, ოქმი შდგენილ იქნა საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 11 ნოემბერს გი--------------ას მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული დაკავების ოქმი N---------. დაკავების მოტივად მითითებულია, რომ ქ. თბ--–--–ი, ვე-----------–-------–-----ის მიმდებარედ, დაკავებულ იქნა გი--------------ა, რომელმაც დაუდგენელ პირებთან ერთად საამისოდ გამოუყოფელ ადგილას თვითნებურად განათავსა პლაკატი და დააზიანა იერსახე.

 

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსის 2016 წლის 12 იანვრის №----------- წერილით გი--------------ას ეცნობა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის საფუძველზე, კერძოდ, ვინაიდან ადმინისტრაციული დაკავება დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოებში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან, განხილულ იქნა გი--------------ას 21/12/2015 წლის №------- განცხადება. წერილში განმარტებულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ზომად ითვალისწინებს ადმინისტრაციულ დაკავებას, აღნიშნული მიზნით, შსს უფლებამოსილ პოლიციელს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე, შეუძლია პირის ადმინისტრაციული დაკავება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის, ინსპექტირებისა და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველოს დისციპლინური დევნის პირველი სამმართველოს უფროსის 2016 წლის 8 თებერვლის №-------------- წერილით ივ------------–---–ს, №------- და №------- განცხადებებთან დაკავშირებით, ეცნობა, რომ შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, შს სამინისტროს მოსამსახურის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტმა დადასტურება ვერ ჰპოვა. მიუხედავად აღნიშნულისა, მკაცრად იქნა გაფრთხილებული მომავალში ანალოგიური შემთხვევების დროს იმოქმედოს მეტი ყურადღებით.

 

სასარჩელო მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 18 თებერვლის №------ წერილით მიღებული გადაწყვეტილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 თებერვლის №------------ წერილით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 18 თებერვლის №------ წერილით გი--------------ას, 2016 წლის 5 თებერვლის №------ ადმინისტრაციული საჩივრის პასუხად, ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული დავა მოქალაქე გი--------------ას სარჩელის გამო, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციელის ელ---------------ის მიერ 2015 წლის 21 ნოემბერს გი--------------ას ადმინისტრაციული წესით დაკავების უკანონოდ აღიარების თაობაზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის 2016 წლის 22 თებერვლის №------------ წერილით ლე---------–---–ისა და გი--------------ას ადვოკატს ივ------------–---–ს, 2016 წლის 5 თებერვლის №------ ადმინისტრაციული საჩივრისა და №------ განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არსებობს საჩივრისა და განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, 245-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დმინისტრაციული დაკავების დროს დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს: ა) მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი; ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე; გ) რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას.

 

ამდენად, პირის ადმინისტრაციული დაკავება არის ოქმის შემდგენისთვის მინიჭებული შესაძლებლობა, კანონით დადგენილ შემთხვევაში და წესით მოახდინოს პირის დაკავება სამართლადარღვევის აღსაკვეთად, სამართალდარღვევაზე რეაგირების მოსახდენად.

 

ზემომითითებული ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული დაკავების ოქმები კანონიერია და შესაბამისად, კანონიერია მის საფუძველზე საჩივრის განხილვის ფარლებში ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ვინაიდან მოსარჩელეების მიერ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 11 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 თებერვლის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 18 თებერვლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და მოსარჩელეებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელეები ითხოვენ საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, რაც გასწიეს ადვოკატის მომსახურების მისაღებად, მინდობილობის შესადგენად, სასამართლოში წარმოსადგენი მტკიცებულებების მომზადების, მიღების, სასამართლოში გადმოგზავნის, სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად ტრანსპორტირების მიზნით, ასევე, ითხოვენ სასამართლოში მოცდენილი დროის ანაზღაურებას.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ გაწეული საპროცესო ხარჯების ასანაზღაურებლად, აუცილებელია მათი გაწევის დადასტურება კანონით დადგენილი წესით. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე 26.04.16წ., №ბს-397-391 (2კ-4კს-15)), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ „საქმეში წარმოდგენილი არ არის ადვოკატის დახმარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ისეთ პირობებში, როდესაც არ დასტურდება კონკრეტული ხარჯის გაწევა, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს“. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება შესაბამისი ხარჯის გაწევა, რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა, საპროცესო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამასთან, განსახილველ შემთხევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება 2014 წლის 09 სექტემბრის სანოტარო წესით მინდობილობების დასამოწმებლად 24 ლარის ოდენობით ხარჯის ანაზღაურება. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ირ---–---------–--ეს და ელ---------------ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ აღნიშნული ხარჯის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონით და

 

გადაწყვიტა

 

1. გი--------------ასა და ლე---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და ელ---------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ გი--------------ას სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და ირ---–---------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ ლე---------–---–ის სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და ელ---------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ გი--------------ას სასარგებლოდ სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის შესადგენად გაწეული ხარჯის ანაზღაურება 12 (თორმეტი) ლარის ოდენობით;

 

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და ირ---–---------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ ლე---------–---–ის სასარგებლოდ სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის შესადგენად გაწეული ხარჯის ანაზღაურება 12 (თორმეტი) ლარის ოდენობით;

 

6. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

7. სარჩელზე 2016 წლის 11 იანვარს ლე---------–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (ბანკის კოდი - T-------; სახაზინო კოდი - 3--------) უკან დაუბრუნდეს ლე---------–---–ს;

 

8. სარჩელზე 2016 წლის 11 იანვარს გი--------------ას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (ბანკის კოდი - T-------; სახაზინო კოდი - 3--------) უკან დაუბრუნდეს გი--------------ას;

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე