განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/1147-19, 330310018002420553
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - გ---------------ა
წარმომადგენელი - ი-------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას გ---------------ას სასარგებლოდ დაეკისროთ არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება 15000 ლარის ოდენობით.
მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით გ---------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2016 წლის 26 მარტს, 05:05 საათზე, შედგა ადმინისტრაციული დაკავების №ბი0-------- ოქმი, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, გ--------–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს გ---------------ა, კერძოდ, ნაგვის ურნაზე საღებავებით სხვადასხვა სახის წარწერებისა და ნახატების შესრულების მოტივით. გ---------------ას ჩაუტარდა პირადი გასინჯვა.
გ---------------ა შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში წარადგინეს 2016 წლის 26 მარტის 05:12 საათზე, ხოლო გათავისუფლდა 2016 წლის 26 მარტს, 06:36 საათზე (ს.ფ.48-49, 149-150).
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე, 2016 წლის 8 აპრილს, გ---------------ას მიმართ შედგა №ბე000001498 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.150).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის დადგენილებით გ-----------------ს მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა.
დადგენილების თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა- განმარტებებისა და მოწმის ჩვენების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი ბრალეული არ იყო სამართალდარღვევის ჩადენაში და არ ექვემდებარებოდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან არ დასტურდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი (ს.ფ.59-60).
2016 წლის 16 მაისს, გ---------------ას წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლითაც მოითხოვა გ---------------ას დაკავების უკანონოდ აღიარება/ცნობა.
იგივე შინაარსის საჩივრებით იმავე დღეს გ---------------ას წარმომადგენელმა ასევე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, ქ. თბილისის პროკურორს და საქართველოს სახალხო დამცველს (ს.ფ.61-75).
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის 2016 წლის 15 ივლისის №1---------- წერილის თანახმად, გ---------------ას დაკავებისას დაცული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნები და დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლების ქმედებას გ---------------ას ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, მათი მხრიდან რაიმე სახის უფლებამოსილების გადაჭარბების ნიშნები არ იკვეთება (ს.ფ.76).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 27 მაისის №1------ წერილის თანახმად, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა 2016 წლის 12 იანვრის №2---------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით იმსჯელა გ---------------ას დაკავების კანონიერების საკითხზე, შესაბამისად, ერთჯერადად გამოყენებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების შესაძლებლობა, საჩივრის ავტორს განემარტა უფლებების დაცვის მიზნით მიემართა სასამართლოსთვის (ს.ფ.77).
შსს იურიდიული დეპარტამენტის 2016 წლის 13 ივნისის №M------------- წერილით გ-----------------ს წარმომადგენლის 2016 წლის 18 მაისის საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტს (ს.ფ.83).
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ივნისის №2------------ წერილით გ---------------ას წარმომადგენლის 2016 წლის 8 ივნისის საჩივარი შს სამინისტროს 2016 წლის 27 მაისის №1------ წერილის ბათილად ცნობისა და საკითხის ახლიდან განხილვის მოთხოვნის თაობაზე, კომპეტენციის გათვალისწინებით გადაზავნილია შსს იურიდიულ დეპარტამენტში (ს.ფ.84).
გ---------------ას წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და გენერალურ ინსპექციას და მოითხოვა შსს 2016 წლის 13 ივნისის №M-------------, შსს 2016 წლის 27 მაისის №1------ და შსს საპატრულო დეპარტამენტის 2016 წლის 10 ივნისის №2------------ წერილების ბათილად ცნობა და გადაწყვეტილებების მიმღები თანამდებობის პირების მიმართ სადისციპლინო წარმოების დაწყება (ს.ფ.78-80).
შსს იურიდიული დეპარტამენტის 2016 წლის 27 ივლისის №1------ წერილის თანახმად, საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2016 წლის 26 მარტს, გ---------------ა შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების მიერ დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. აღნიშნულს ადასტურებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის დადგენილება, რომლის თანახმადაც ორგანოს, საიდანაც შემოვიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, წარმოადგენს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან „ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოებში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან“, შსს იურიდიული დეპარტამენტის მიერ - თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, როგორც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ადმინისტრაციული საჩივარი გადაგზავნილ იქნა 2016 წლის 13 ივნისის №1------ წერილით. კერძოდ, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ძველი თბილისის სამმართველო, რომლის მიერაც განხორციელდა მოქალაქე გ---------------ას ადმინისტრაციული წესით დაკავება, არის შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის რაიონული დანაყოფი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა 2016 წლის 18 მაისის საჩივართან დაკავშირებით. რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 27 მაისის №1------ წერილის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, აღნიშნული წერილი ვერ იქნება სამართლებრივი შედეგის მომტანი მოქალაქე გ---------------ას დაკავების კანონიერების საქმეში, ვინაიდან, 2016 წლის 18 მაისის საჩივარზე, მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიულმა დეპარტამენტმა ხელახლა იმსჯელა 2016 წლის 13 ივნისის №1------ წერილით, რომლითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ქვემდებარეობით, განსახილველად გადაგზავნის თაობაზე. ამასთან, 2016 წლის 18 მაისის საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოსაგან - ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტისაგან პასუხი გეცნობათ 2016 წლის 29 ივნისის №1------ წერილით (ს.ფ.86-87).
შსს გენერალური ინსპექციის 2016 წლის 24 ივნისის № M------------- წერილის თანახმად, გ---------------ას წარმომადგენლის 2016 წლის 18 მაისის საჩივართან დაკავშირებით შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით შს სამინიტროს თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტმა დადასტურება ვერ ჰპოვა (ს.ფ.89).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის - პოლიციელის მიერ „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების მიზნით, ამავე კანონის მე-13, მე-17 და მე-18 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპოლიციო ღონისძიების გამოყენების - მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების შესახებ, რაც განხორციელდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლით გათვალისწინებული დაკავებისა და დაკავების ოქმის შედგენის პროცედურის დაცვით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით (საქმეზე №ბს-1143-1137(2კ-17)) მიუთითა, რომ გ---------------ას დაკავების ფაქტი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ფარგლებში არ ყოფილა უკანონოდ ცნობილი, ამასთან, ადმინისტრაციული წესით დაკავების ლეგიტიმურობა მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა არც სასარჩელო წესით. შესაბამისად, ითვლება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით დაკავება არის კანონშესაბამისი, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
გ---------------ას სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
სააპელაციო საჩივარში აპელანტი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ერთსა და იმავე სასამართლოში ერთი და იმავე მოსამართლის მიერ ანალოგიურ საქმეებზე რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
აპელანტის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის N3/3143-2018 გადაწყვეტილებით სასამართლომ დააკმაყოფილა სხვა საქმეზე მოსარჩელის ანალოგიური მოთხოვნები, უფრო ადრე, 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით N3/128-16 - N330310016001212075 საქმეზე მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა მოსარჩელის ანალოგიური მოთხოვნები, ხოლო მოცემულ საქმეზე უარყო სასარჩელო მოთხოვნები სრულიად განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლებით.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ასეთი გადაწყვეტილებებით მთლიანად ჩრდილი ადგება მართლმსაჯულების სანდოობას, ობიექტურობას, მოუკერძოებლობას და ნოყიერ ნიადაგს ქმნის სასამართლოს მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების უხარისხოდ აღიარებისა და მიჩნევისათვის. საზოგადოდ, ნორმის განსხვავებულად და ურთიერთსაწინააღმდეგო წესით გადაწყვეტა მოკლე დროში აღიქმება მართლმსაჯულების კორუფციული მიზნებისათვის გამოყენების მცდელობად, რაც საჭიროებს დროულ აღკვეთას.
აპელანტის მითითებით, მიუღებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან საკითხის იმდაგვარად დასაბუთება, რომ ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოების მიერ უკანონოდ არ არის აღიარებული მოსარჩელის უკანონო დაკავება და ამგვარადა არ არის დადგენილი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მათი უფლებამოსილების უკანონო გამოყენებით ზიანის მიყენება, სარჩელის უსაფუძვლოა.
აღნიშნულის საპირისპიროდ აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია. ამასთან, მოცემული უფლება არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ძირითადი უფლება, თუმცაღა მისი შეზღუდვა და დაცულ სფეროში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე და კანონით განსაზღვრული წესით. სწორედ ამ შემთხვევას ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლი.
აპელანტი მიუთითებს, რომ 244-ე მუხლით გათვალისწინებული ჩარევა თავისუფლების ძირითად უფლებაში ემსახურება ისეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთა, საქმის დროული და სწორი განხილვა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული დადგენილების აღსრულება. აღსანიშნავია, რომ პირის ადმინისტრაციულ დაკავებას კანონი მხოლოდ მას შემდეგ ითვალისწინებს, როცა ამოიწურება ზემოქმედების სხვა ზომები. ამდენად, პირის ადმინისტრაციული დაკავება არის ოქმის შედგენისთვის მინიჭებული შესაძლებლობა, კანონით დადგენილ შემთხვევაში და წესით მოახდინოს პირის დაკავება სამართალდარღვევის აღსაკვეთად, სამართალდარღვევაზე რეაგირების მოსახდენად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზემოქმედების სხვა ზომები ამოწურულია.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით, ასევე, გათვალისწინებულია დაკავების გასაჩივრების წესი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, ადმინისტრაციული დაკავების გასაჩივრების მიზნით, მიმართა როგორც პროკურატურას, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცაღა მათ მიერ მიჩნეული იქნა, რომ ადგილი არ ჰქონია უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებას.
აპელანტი განმარტავს, რომ, მართალია, მოსარჩელის ადმინისტრაციული დაკავება კანონიერად არის მიჩნეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის პროკურატურის მიერ, თუმცაღა დაკავების გასაჩივრებასა და დაკავების უკანონოდ აღიარებას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნებისათვის მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც პირი ცნობილი იქნება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, რაც იმთავითვე არ გამორიცხავს ადმინისტრაციული დაკავების უკანონობას, თუმცაღა განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა, სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო, რადგან იგი კანონით დადგენილი წესით ვერ დადასტურდა, რაც ავტომატურად განაპირობებს ადმინისტრაციული დაკავების უკანონოდ მიჩნევას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნებისათვის.
აპელანტი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული დაკავება ემსახურება კონკრეტულ მიზნებს - მართლწესრიგის დაცვას, სამართალდარღვევის აღკვეთას, სამართალდამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი სანქციის შეფარდების შესაძლებლობის განხორციელებას. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აღჭურვილნი არიან სამართალდარღვევის აღკვეთისთვის საჭირო ფართო უფლებამოსილებებით, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგნენ პირის მიმართ ზემოქმედების ისეთი ზომების გამოყენებას, რომლებიც იწვევს პირისთვის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეზღუდვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარო წესრიგის დაცვა შეუძლებელი იქნება და მოხდება პირთა კანონით დაცული ინტერესების შელახვა.
აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიღება, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულს პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, პირის ადმინისტრაციული დაკავება ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის ქმედებაშიც სამართალდარღვევის ნიშნების არსებობა არ დადასტურდა, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და აქედან გამომდინარე, ქმედების უკანონობაც, რაც მოცემული მუხლის მიზნებისთვის არ უნდა იქნას გაიგივებული მხარის მიერ დაკავების გასაჩივრების აუცილებლობასთან.
პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეწყვეტით დასტურდება, რომ პირს არ ჩაუდენია სამართალდარღვევა, რომლის აღკვეთის ან რომელზეც სათანადო რეაგირების მოხდენის მიზანსაც ემსახურება ადმინისტრაციული დაკავება. სწორედ ამიტომ, აღნიშნული გარემოებების არსებობა საკმარისია პირისთვის ზიანის ანაზღაურებისთვის და აუცილებელი არ არის, პირს გასაჩივრებული ჰქონდეს ადმინისტრაციული დაკავება ან დაკავება უკანონოდ იქნას აღიარებული შესაბამისი ორგანოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს არ ექნებოდა ზიანის ანაზღაურების რეალური შესაძლებლობა.
აპელანტი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ასევე ითხოვს მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო ინსტანციისათვის სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის - 7000 ლარის ანაზღაურება, ასევე მოწინააღმდეგე მხარეს, აპელანტის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სააპელაციო საჩივრის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 70 ლარის, სააპელაციო საჩივრის და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 70 ლარის, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისათვის - 5 ლარის, საქმის მიმდინარეობისას სხვა დოკუმენტების სასამართლოში საფოსტო კავშირით გადაგზავნით გამოწვეული გაღებული ხარჯის 70 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება, საფოსტო კავშირისას გადასაგზავნი მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის - 50 ლარის, სასამართლოში, სარჩელის ჩასაბარებლად აპელანტისა და მისი წარმომადგენლის სხდომებზე გამოცხადების და სხდომის ოქმების, სასამართლოს გადაწყვეტილებების ჩაბარებისათვის სასამართლოში გამოცხადების უზრუნველსაყოფად გადაადგილებაზე ტრანპორტირებისათვის გაწეული დანახარჯის - 200 ლარის, ასევე მოსარჩელის და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების ანაზღაურება - 700 ლარის, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურებას - 7 000 ლარის ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით დადგენილი ნორმებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე აპელირებს მისთვის არაქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტზე და სადავოდ ხდის მის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანების შესასრულებლად, „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკმარისი საფუძვლიანი ვარაუდის საფუძველზე გამოყენებული, ამავე კოდექსით დადგენილი რეპრესიული ღონისძიებით გამოწვეული შეზღუდვის - ადმინისტრაციული დაკავების შესაბამისობას კანონმდებლობასთან. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი. სააპელაციო პალატა აპელანტის მოსაზრებას სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მითითების თაობაზე არ იზიარებს. აღიშნული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი რეაბილიტირებული პირისათვის თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად ზიანის ანაზღაურებისათვის ითვალისწინებს კონკრეტული შემთხვევების ჩამონათვალს, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მხოლოდ „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელების - გამასწორებელი სამუშაოს და ადმინისტრაციული პატიმრობის დაკისრების წესს ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 31-ე და 32-ე მუხლები. აღნიშნული მუხლებით გამასწორებელ სამუშაოს და ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე, რასაც მოსარჩელე გ---------------ას მიმართ არ ქონია ადგილი, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის დადგენილებით მის მიმართ აღძრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციულმა დაკავებამ არ უნდა გასტანოს თორმეტ საათზე მეტ ხანს. გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებული აუცილებლობის გამო, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით შეიძლება დაწესდეს ადმინისტრაციული დაკავების სხვა ვადები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, პირი, რომელმაც ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა, შეიძლება დაკავებულ იქნეს კანონით დადგენილ ვადაში მოსამართლის ან შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის (უფროსის მოადგილის) მიერ საქმის განხილვამდე, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, პირი, რომლის დაკავების ვადა ემთხვევა არასამუშაო დროს, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების საკანში საქმის განმხილველი ორგანოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ---------------ას მიმართ 2016 წლის 26 მარტს, 05:05 საათზე, შედგა დაკავების ოქმი. შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში იგი წარდგენილ იქნა 2016 წლის 26 მარტს 05:12 საათზე, ხოლო გათავისუფლდა 2016 წლის 26 მარტს 06:36 საათზე. ამდენად, გ---------------ას დაკავებამ გასტანა სულ 1 საათსა და 31 წუთს, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში არ არის დარღვეული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების საფუძვლის არსებობისათვის მნიშვნელობა არ აქვს დაკავებულ პირთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის არსებობას, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფო მოსამსახურის - პოლიციელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის ფაქტის არსებობა, რაც უნდა შეფასდეს პოლიციელის უფლებამოსილების განმსაზღვრელი კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს განსაზღვრავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი.
„პოლიციის შესახებ“ კანონის მეორე თავით გათვალისწინებულია პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები: ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპი, კანონიერების პრინციპი, თანაზომიერების პრინციპი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპი. მოცემულ შემთხვევაში, დასტურდება, რომ აღნიშნული პრინციპების დაცვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის - პოლიციელის მიერ „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების მიზნით, ამავე კანონის მე-13, მე-17 და მე-18 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საპოლიციო ღონისძიების გამოყენების - მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების შესახებ, რაც განხორციელდა ამავე კოდექსის 245-ე მუხლით გათვალისწინებული დაკავებისა და დაკავების ოქმის შედგენის პროცედურის დაცვით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პოლიციელის საქმიანობის კონტროლის წესი დადგენილია „პოლიციის შესახებ“ კანონის IX თავით. აღნიშნული კანონის 56-ე მუხლი ითვალისწინებს პოლიციელის ქმედების გასაჩივრების პროცედურას, რომლის პირველი ქვეპუნქტით პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ პოლიციელის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები და თავისუფლებები, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ეს ქმედება ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურატურაში ან სასამართლოში. იმავე მუხლის მე-3 ქვეპუნქტით საპოლიციო ღონისძიება, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის ნორმების საფუძველზე ხორციელდება, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, სამართლადარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის გასაჩივრების შესაძლებლობას დაინტერესებული პირის მიერ ზემდგომ ორგანოებში (თანამდებობის პირთან) ან პროკურატურაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 16 მაისს, გ---------------ას წარმომადგენელმა საჩივრებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, ქ.თბილისის პროკურორს, საქართველოს სახალხო დამცველს და საჩივრებით მოითხოვა გ---------------ას დაკავების უკანონოდ აღიარება/ცნობა.
საქმეში წარმოდგენილი ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის 2016 წლის 15 ივლისის №1---------- წერილის თანახმად, გ---------------ას დაკავებისას დაცული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნები და დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლების ქმედებას გ---------------ას ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, მათი მხრიდან რაიმე სახის უფლებამოსილების გადაჭარბების ნიშნები არ იკვეთება. ამასთან, შსს გენერალური ინსპექციის 2016 წლის 24 ივნისის № M------------- წერილის თანახმად, გ---------------ას წარმომადგენლის 2016 წლის 18 მაისის საჩივართან დაკავშირებით შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით შს სამინიტროს თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტმა დადასტურება ვერ ჰპოვა.
სააპელაციო პალატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-1143-1137(2კ-17)) დაყრდნობით მიუთითებს, რომ ვინაიდან გ---------------ას დაკავების ფაქტი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ფარგლებში არ ყოფილა უკანონოდ ცნობილი, ამასთან, ადმინისტრაციული წესით დაკავების ლეგიტიმურობა მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა არც სასარჩელო წესით, შესაბამისად, ითვლება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით დაკავება არის კანონშესაბამისი, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნაზე საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულებას წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ განხორციელებული პოლიციური ღონისძიების- ადმინისტრაციული დაკავების კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შედეგად გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელზეც შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმება და იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებას, რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელია ამ უკანასკნელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის ფაქტის დადგენა, რომლის დადგენის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე სასამართლოს არ გააჩნია.
მოცემულ შემთხვევაში, დასტურდება, რომ ზემოთ მითითებული პრინციპების დაცვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის - პოლიციელის მიერ „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების მიზნით, ამავე კანონის მე-13, მე-17 და მე-18 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპოლიციო ღონისძიების გამოყენების - მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების შესახებ, რაც განხორციელდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლით გათვალისწინებული დაკავებისა და დაკავების ოქმის შედგენის პროცედურის დაცვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მათ და არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაკმაყოფილების საფუძველი.
სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გ---------------ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლობის გამო, გამორიცხავს მოპასუხეთათვის ადვოკატის მომსახურების და სხვა სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
სასამართლო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ვინაიდან განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ---------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე
გელა ბადრიაშვილი