გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.02.2019
საქმის ნომერი
330310018002420553
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2598-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელე - გ----------------

წარმომადგენელი - ი-------------------

 

მოპასუხეები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილება

წარმომადგენელი - მა--------------–--ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას გ----------------ს სასარგებლოდ დაეკისროთ არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება 15000 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2016 წლის 26 მარტის 05:05 საათზე შედგა ადმინისტრაციული დაკავების №ბ---------- ოქმი, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, გო------–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს გ----------------, კერძოდ, ნაგვის ურნაზე საღებავებით სხვადასხვა სახის წარწერებისა და ნახატების შესრულების მოტივით. გ----------------ს ჩაუტარდა პირადი გასინჯვა.

 

გ---------------- შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში წარადგინეს 2016 წლის 26 მარტის 05:12 საათზე, ხოლო გათავისუფლდა 2016 წლის 26 მარტის 06:36 საათზე.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 26 მარტის ადმინისტრაციული დაკავების №ბ---------- ოქმი (ს.ფ.49);

- შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლის პატაკი (ს.ფ.48);

- შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 7 დეკემბრის № M------------- წერილი (ს.ფ.149-150).

 

3.2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე, 2016 წლის 8 აპრილს, გ----------------ს მიმართ შედგა №ბ---------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 8 აპრილის №ბ---------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.150).

 

3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის დადგენილებით გ----------------ს მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა.

 

დადგენილების თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმის ჩვენების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი ბრალეული არ იყო სამართალდარღვევის ჩადენაში და არ ექვემდებარებოდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან არ დასტურდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის დადგენილება (ს.ფ.59-60).

 

3.4. 2016 წლის 16 მაისს გ----------------ს წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. საჩივრით მოთხოვნილ იქნა გ----------------ს დაკავების უკანონოდ აღიარება/ცნობა.

 

იგივე შინაარსის საჩივრებით იმავე დღეს გ----------------ს წარმომადგენელმა მიმართა, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, ქ.თბილისის პროკურორს და საქართველოს სახალხო დამცველს.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ----------------ს წარმომადგენლის 2016 წლის 16 მაისის საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს (ს.ფ.61-63);

- გ----------------ს წარმომადგენლის 2016 წლის 16 მაისის საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (ს.ფ.64-66);

- გ----------------ს წარმომადგენლის 2016 წლის 16 მაისის საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტს (67-69);

- გ----------------ს წარმომადგენლის 2016 წლის 16 მაისის საჩივარი ქ.თბილისის პროკურორს (70-72);

- გ----------------ს წარმომადგენლის 2016 წლის 16 მაისის საჩივარი საქართველოს სახალხო დამცველს (73-75).

 

3.5. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის 2016 წლის 15 ივლისის №1---------- წერილის თანახმად, გ----------------ს დაკავებისას დაცული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნები და დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლების ქმედებას გ----------------ს ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, მათი მხრიდან რაიმე სახის უფლებამოსილების გადაჭარბების ნიშნები არ იკვეთება.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის 2016 წლის 15 ივლისის №1---------- წერილი (ს.ფ.76).

 

3.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 27 მაისის №1------ წერილის თანახმად, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა 2016 წლის 12 იანვრის №2---------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იმსჯელა გ----------------ს დაკავების კანონიერების საკითხზე, შესაბამისად, ერთჯერადად გამოყენებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების შესაძლებლობა, საჩივრის ავტორს განემარტა უფლებების დაცვის მიზნით მიემართა სასამართლოსთვის.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 27 მაისის №1------ წერილი (ს.ფ.77).

 

3.7. შსს იურიდიული დეპარტამენტის 2016 წლის 13 ივნისის №M------------- წერილით გ----------------ს წარმომადგენლის 2016 წლის 18 მაისი საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტს.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შსს იურიდიული დეპარტამენტის 2016 წლის 13 ივნისის №M------------- წერილი (ს.ფ.83).

 

3.8. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ივნისის №2------------ წერილით გ----------------ს წარმომადგენლის 2016 წლის 8 ივნისის საჩივარი შს სამინისტროს 2016 წლის 27 მაისის №1------ წერილის ბათილად ცნობისა და საკითხის ახლიდან განხილვის მოთხვნის თაობაზე კომპეტენციის გათვალისწინებით გადაზავნილია შსს იურიდიულ დეპარტამენტში.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ივნისის №2------------ წერილი (ს.ფ.84).

 

3.9. გ----------------ს წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და გენერალურ ინსპექციას და მოითხოვა შსს 2016 წლის 13 ივნისის №M-------------, შსს 2016 წლის 27 მაისის №1------ და შსს საპატრულო დეპარტამენტის 2016 წლის 10 ივნისის №2------------ წერილების ბათილად ცნობა და გადაწყვეტილებების მიმღები თანამდებობის პირების მიმართ სადისციპლინო წარმოების დაწყება.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ----------------ს წარმომადგენლის საჩივარი (ს.ფ.78-80).

 

3.10. შსს იურიდიული დეპარტამენტის 2016 წლის 27 ივლისის №1------ წერილის თანახმად, საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გ---------------- შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების მიერ 2016 წლის 26 მარტს დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. აღნიშნულს ადასტურებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის დადგენილება, რომლის თანახმადაც ორგანოს, საიდანაც შემოვიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, წარმოადგენს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან „ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოებში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან“, შსს იურიდიული დეპარტამენტის მიერ - თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, როგორც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ადმინისტრაციული საჩივარი გადაგზავნილ იქნა 2016 წლის 13 ივნისის №1------ წერილით. კერძოდ, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №7-- ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ძველი თბილისის სამმართველო, რომლის მიერაც განხორციელდა მოქალაქე გ----------------ს ადმინისტრაციული წესით დაკავება, არის შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის რაიონული დანაყოფი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა 2016 წლის 18 მაისის საჩივართან დაკავშირებით. რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 27 მაისის №1------ წერილის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ აღნიშნული წერილი ვერ იქნება სამართლებრივი შედეგის მომტანი მოქალაქე გ----------------ს დაკავების კანონიერების საქმეში, ვინაიდან, 2016 წლის 18 მაისის საჩივარზე, მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიულმა დეპარტამენტმა ხელახლა იმსჯელა 2016 წლის 13 ივნისის №1------ წერილით, რომლითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ქვემდებარეობით, განსახილველად გადაგზავნის თაობაზე. ამასთან, 2016 წლის 18 მაისის საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოსაგან - ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტისაგან პასუხი გეცნობათ 2016 წლის 29 ივნისის №1------ წერილით.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შსს იურიდიული დეპარტამენტის 2016 წლის 27 ივლისის №1------ წერილი (ს.ფ.86-87).

 

3.11. შსს გენერალური ინსპექციის 2016 წლის 24 ივნისის № M------------- წერილის თანახმად, გ----------------ს წარმომადგენლის 2016 წლის 18 მაისის საჩივართან დაკავშირებით შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით შს სამინიტროს თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტმა დადასტურება ვერ ჰპოვა.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შსს გენერალური ინსპექციის 2016 წლის 24 ივნისის № M------------- წერილი (ს.ფ.89).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-7, მე-18, 42-ე მუხლები, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე და 1005-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე, 246-ე, 247-ე, 251-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად. ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია, ამავე ნორმის მე-2 პუნქტით, თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. ამავე ნორმის მე-7 პუნქტით, ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“

 

6.3. ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით დადგენილი ნორმებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამ კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის 2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-143-113-1137 (2კ-17) 02.10.2018წ) განმარტებაზე, რომლითაც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების მიმართ განხორციელებული შეზღუდვა შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ც“ ქვეპუნქტს, რამდენადაც იმის დადგენისას „შეეზღუდა თუ არა თავისუფლება“ რომელიმე ადამიანს მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მნიშვნელობით, ამოსავალ წერტილად კონკრეტული ვითარება უნდა იქცეს, ასევეგასათვალისწინებელია მთელი რიგი კრიტერიუმები, როგორიცაა გამოყენებული ზომის სახე, ხანგრძლივობა, შედეგები და საშუალება. მე-5 მუხლის ინტერპრეტაცია არ უნდა მოხდეს იმგვარად, რომ პოლიციისთვის საკუთარი მოვალეობების შესრულება, როგორიცაა წესრიგისა და მოსახლეობის დაცვა, შეუძლებელი გახდეს იმ პირობით, რომ გაითვალისწინებენ მე-5 მუხლის ფუძემდებელ პრინციპებს, რომელიც ადამიანს თვითნებობისგან იცავს. ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებისასპოლიცია დისკრეციის მაღალი ხარისხით უნდა სარგებლობდეს. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ხშირად რთულია და პოლიცია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მიუწვდომელ ინფორმაციასა და დაზვერვის მასალებს ფლობს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორც წესი უკეთეს მდგომარეობაშია. ამასთან, სასამართლო არ თვლის, რომ თავისუფლების შეზღუდვის ცალკეული ფაქტი, რომელთა ხანგრძლივობა ვითარებიდან გამომდინარე ხელისუფლების ნებაზე არაა დამოკიდებული და სერიოზული დაზიანებებისა და რეალური საფრთხის ასაცილებლადაა საჭირო, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით „თავისუფლების შეზღუდვად“ შეფასდეს (იხ. 15.03.12წ. №39692/09, 40713/09, 41008/09 საჩივრებზე დიდი პალატის გადაწეყვეტილება „ოსტინი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ §§56, 57, 59).

 

ქართულ კანონმდებლობაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების რესტიტუციის შესაძლებლობას იძლევა „პოლიციის შესახებ“ კანონის 59-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის მითითება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით დადგენილი ნორმებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავადამ კოდექსით არის გათვალისწინებული."

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ ადზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცაცდა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი. მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

6.5. ამასთან, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე ნორმის მე-6 ნაწილის თანახმად, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბრალეული ხელმყოფის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისგან დამოუკიდებლად.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-972-936(3კ-08),08.04.2009წ) რომლის მიხედვითაც „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.

 

სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა".

 

ამავე საქმეზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის’’.

 

6.6. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას 15000 ლარის ოდენობით. აღნიშნულის საფუძლად მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში უთითებდა უკანონო დაკავების ფაქტს.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.

 

ამავე კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავების დროს დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს: ა) მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი; ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე; გ) რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას. ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცველ ორგანოში, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელშიც აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები დაკავებულის პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და საფუძველი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში მიეთითება.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), კერძოდ: ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის ან შენახვის ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების, ოჯახში ძალადობის ჩადენის, დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის, პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე და 251-ე მუხლებით იმპერატიულადაა განსაზღვრული ადმინისტრაციული დაკავების ვადები და გასაჩივრება წესი.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციულმა დაკავებამ არ უნდა გასტანოს თორმეტ საათზე მეტ ხანს. გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებული აუცილებლობის გამო, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით შეიძლება დაწესდეს ადმინისტრაციული დაკავების სხვა ვადები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, პირი, რომელმაც ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა, შეიძლება დაკავებულ იქნეს კანონით დადგენილ ვადაში მოსამართლის ან შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის (უფროსის მოადგილის) მიერ საქმის განხილვამდე, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, პირი, რომლის დაკავების ვადა ემთხვევა არასამუშაო დროს, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების საკანში საქმის განმხილველი ორგანოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

ამავე კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოებში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ----------------ს მიმართ 2016 წლის 26 მარტს 05:05 საათზე შედგა დაკავების ოქმი. შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში იგი წარდგენილ იქნა 2016 წლის 26 მარტის 05:12 საათზე, ხოლო გათავისუფლდა 2016 წლის 26 მარტის 06:36 საათზე. 2016 წლის 16 მაისს გ----------------ს წარმომადგენელმა საჩივრებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, ქ.თბილისის პროკურორს და საქართველოს სახალხო დამცველს. საჩივრებით მოითხოვა გ----------------ს დაკავების უკანონოდ აღიარება/ცნობა.

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის 2016 წლის 15 ივლისის №1---------- წერილის თანახმად, გ----------------ს დაკავებისას დაცული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნები და დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლების ქმედებას გ----------------ს ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, მათი მხრიდან რაიმე სახის უფლებამოსილების გადაჭარბების ნიშნები არ იკვეთება. ამასთან, შსს გენერალური ინსპექციის 2016 წლის 24 ივნისის № M------------- წერილის თანახმად, გ----------------ს წარმომადგენლის 2016 წლის 18 მაისის საჩივართან დაკავშირებით შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით შს სამინიტროს თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტმა დადასტურება ვერ ჰპოვა.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებას (საქმეზე №ბს-1143-1137(2კ-17)), რომლითაც საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების საფუძვლის არსებობისათვის მნიშვნელობა არ აქვს დაკავებულ პირთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის არსებობას, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფო მოსამსახურის - პოლიციელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის ფაქტის არსებობა, რაც უნდა შეფასდეს პოლიცელის უფლებამოსილების განმსაზღვრელი კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს განსაზღვრავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი. „პოლიციის შესახებ“ კანონის მეორე თავით გათვალისწინებულია პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები: პოლიციის საქმიანობის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპები, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპი, კანონიერების პრინციპი, თანაზომიერების პრინციპი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპი.

 

პალატამ მიუთითა, რომ პოლიციელის საქმიანობის კონტროლის წესი დადგენილია „პოლიციის შესახებ“ კანონის IX თავით. აღნიშნული კანონის 56-ე მუხლი ითვალისწინებს პოლიციელის ქმედების გასაჩივრების პროცედურას, რომლის პირველი ქვეპუნქტით პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ პოლიციელის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები და თავისუფლებები, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ეს ქმედება ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურატურაში ან სასამართლოში. იმავე მუხლის მე-3 ქვეპუნქტით საპოლიციო ღონისძიება, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის ნორმების საფუძველზე ხორციელდება, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, სამართლადარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის გასაჩივრების შესაძლებლობას დაინტერესებული პირის მიერ ზემდგომ ორგანოებში (თანამდებობის პირთან) ან პროკურატურაში.

 

პალატამ, ასევე, მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი პირადი არაქონებრივი უფლებების მატერიალური სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზების საშუალებას იძლევა მხოლოდ ბრალეული მოქმედებით მიყენებული ზიანის შემთხვევაში. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით. ამდენად, მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. ამასთან, ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად, გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში (სასკ. მუხლი 17.1). მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები). ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა.

 

სასარჩელო მოთხოვნაზე საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულება არის მოსარჩელის მიმართ განხორციელებული პოლიციური ღონისძიების - ადმინისტრაციული დაკავების კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შედეგად გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელზეც შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმება და იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებას. რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობის მაკვალიფიცირებელია საჯარო მოსამსახურის (პოლიციელის) მიერ სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის ფაქტის დადგენა, რომლის ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე დადგენის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა არ გააჩნია სასამართლოს.

 

მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ ზემომითითებული პრინციპების დაცვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის - პოლიციელის მიერ „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების მიზნით, ამავე კანონის მე-13, მე-17 და მე-18 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპოლიციო ღონისძიების გამოყენების - მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების შესახებ, რაც განხორციელდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლით გათვალისწინებული დაკავებისა და დაკავების ოქმის შედგენის პროცედურის დაცვით. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გ----------------ს დაკავების ფაქტი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ფარგლებში არ არის უკანონოდ ცნობილი, ამასთან, ადმინისტრაციული წესით დაკავების ლეგიტიმურობა მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა სასარჩელო წესით. შესაბამისად, ითვლება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით დაკავება არის კანონშესაბამისი, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის ანაზღაურება პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის დახმარებისათვის - 2400 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება. ასევე, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით მოცემულ საქმეზე მინდობილობების, დავალების ხელშეკრულებისა და სხვა დაკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სანოტარო ხარჯის 50 ლარის ოდენობით, სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას მოსარჩელეებისა და მისი წარმომადგენლების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტზე გაღებული ხარჯის - 100 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღურებას. აგრეთვე, მტკიცებულებათა მოძიება-მოპოვებაზე გაღებული ხარჯების ანაზღურებას რაც აუცილებელი გახდა ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 30 ლარის, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისათვის - 0.05 ლარის, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯის - 30 ლარის, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის - 20 ლარის, ასევე მოსარჩელის და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების ანაზღაურება - 200 ლარის, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურება - 500 ლარის ოდენობით, საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურება - 300 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სარჩელი, დაუსაბუთებელია მოპასუხეთათვის ადვოკატის მომსახურების და სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. გ----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე