განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2316-17
საქმე № 330310016001575853
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 თებერვალი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: ნათია ზანდუკელი
აპელანტი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი
წარმომადგენელი: ს--------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე – ნ-------------
მოწინააღმდეგე მხარე - გ-------------–---
წარმომადგენლები: ნ-------------, შ-------------–--–---–-
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი: ნ----------------–-–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილება
1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ნ------------ისა და გ-------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 02 სექტემბრის №0------------ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილებები; მოპასუხეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეთა ოჯახი აღდგენილ იქნა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; მოპასუხეს მხარეს ასევე დაეკისრა მოსარჩელეთა ოჯახისათვის სოციალური დახმარების საარსებო შემწეობის შეწყვეტით გამოწვეული ზიანის სოლიდარულად ანაზღაურება: ა) 2016 წლის ივლისიდან იმ პერიოდამდე, ვიდრე არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან სიაში მოსარჩელეთა ოჯახის რეგისტრაციის აღდგენის შესახებ; ბ) ზიანი, რაც გამოიწვია მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან საარსებო შემწეობის შეწყვეტამ, 2016 წლის სექტემბრიდან, აღნიშნულ საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, რომლითაც თავიდან იქნება დანიშნული სამ არასრულწლოვანზე ყოველთვიური გასაცემელი.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილის პირის მიერ 2016 წლის 14 მარტს შევსებული ოჯახის დეკლარაციის თანახმად, ნ------------ის ოჯახი (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) ფლობს და ცხოვრობს 112 კვ.მ. ფართის მქონე სამოთახიან საცხოვრისში; სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ; ოჯახი შედგება 5 პირისაგან და ესენი არიან: ნ-------------, გ----------------------------------------------–-----ი; ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით, არცერთი მათგანი არ მიეკუთვნება ჩამოთვლილ კატეგორიებს და არცერთ მათგანს არ გააჩნია სპეციალური სტატუსი; რ----------------------------------–-----ი არიან არასრულწლოვნები და დადიან სკოლაში/გიმნაზიაში, ხოლო ნ-------------სა და გ-------------–---ს გააჩნიათ უმაღლესი განათლება; ნ------------ის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს „სხვა ფულადი დახმარება, რომლის გაცემა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე“, 150 ლარის ოდენობით, ხოლო გ-------------–---ს არ გააჩნია არავითარი შემოსავალი; ოჯახი არ ფლობს რაიმე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, არ ჰყავს ზრდასრული შინაური ფრინველი ან პირუტყვი და არ გააჩნია მუშა მდგომარეობაში მყოფი მოძრავი ქონება (უცხოური (არსაბჭოთა) მსუბუქი, სამგზავრო ან/და სატვირთო ავტომობილი, ტრაქტორი, კომბაინი ან/და თესლის ჩამყრელი აპარატი); ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადაიხადეს 360 ლარი, ბუნებრივი გაზისათვის - 240 ლარი, წყლისთვის - 24 ლარი და დასუფთავებისათვის - 16 ლარი.
2.2. ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დგინდება, რომ ნ------------ის (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი), გ----------------------------------------------–-----ის ოჯახს 2010 წლის 15 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის გათვალისწინებით, 2011 წლის 14 იანვარს სარეგისტრაციო ქულა მიენიჭათ 75240 ერთეული, 2012 წლის 09 თებერვალს შევსებული დეკლარაციის გათვალისწინებით, 2012 წლის 10 მარტს - 64870 ერთეული, ხოლო 2016 წლის 14 მარტს შევსებული დეკლარაციის გათვალისწინებით, 2016 წლის 13 აპრილს - 59140 ერთეული.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 20 აპრილის წერილით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 მარტის №A---------------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ გ-------------–--- რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0----------- საიდენტიფიკაციო კოდით და ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 2016 წლის 11 აპრილს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ შესაბამისად.
2.3. ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დგინდება, რომ ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდზე - 0----------- შევსებულია ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ. ამავე ამონაწერის თანახმად, ოჯახმა გასული პერიოდში, კერძოდ, 2016 წლის 01 ივნისს მიიღო თანხა 230 ლარის ოდენობით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 02 სექტემბრის №0------------ წერილით, გ-------------–---ს ეცნობა, რომ 2016 წლის 19 აგვისტოს შეივსო ოქმი, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ, მიზეზით: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გ-------------–--ის სახელზე ფიქსირდება ავტომანქანა, რომლის შესახებაც არ აცნობა სააგენტოს, რის გამოც, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, მას გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
გ-------------–---მ 2016 წლის 13 სექტემბერს №9---- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილებით, გ-------------–---ს უარი ეთქვა ოჯახის რეგისტრაციის აღდგენაზე, ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 27 სექტემბრის MIA 2---------- წერილის თანახმად, 2006 წლის 28 მარტიდან გ-------------–--ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა (OPEL VECTRA 1.8 I) რეგისტრაციიდან მოიხსნა 2016 წლის 19 აგვისტოს, რაც არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 14 მარტს „ოჯახის დეკლარაციის“ შევსების დროს, მას არ ფლობდა.
2.4. 2006 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით დგინდება, რომ 2006 წლის 09 აპრილს გ-------------–---მ (ავტომანქანა „ოპელ-ვექტრა“, სახ. ნომრით Q------) ჩაიდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც მოჰყვა თვითონ დამრღვევი მძღოლის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
2.5. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 26 აგვისტოს №4---------------- ცნობით დგინდება, რომ საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, გ-------------–--ის სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.
საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარის სამმართველოს 2016 წლის 12 სექტემბრის №2------ ცნობით დგინდება, რომ შსს საინფორმაციო ბაზაში ცნობის გაცემამდე პერიოდისათვის არსებული მონაცემებით, ავტომანქანაზე „OPEL VECTRA“, სახელმწიფო ნომრით Q------, ადმინისტრაციული სამართალდარღვევები არ ფიქსირდება.
2.6. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 მაისის №2-------- გადაწყვეტილებით მოპასუხე გ-------------–---ს, მოსარჩელის - სს „ს----------–----------“ სასარგებლოდ დაეკისრა 1182.51 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2013 წლის 13 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის აღსრულების მიზნით, 2013 წლის 28 ნოემბერს ყადაღა დაედო გ-------------–--ის სახელზე რიცხულ ავტომანქანას „OPEL VECTRA 1.8 I“, სახელმწიფო ნომრით Q------. ეს უკანასკნელი 2014 წლის 11 მარტს გადაეცა დაკავებაზე, თუმცა საპატრულო პოლიციის მიერ მისი დაკავება არ განხორციელებულა. მითითებულ ავტომანქანაზე რეგისტრირებული ყადაღა გაუქმდა 2016 წლის 22 აპრილს, სოციალურად დაუცველ პირთა ერთიან ბაზაში გ-------------–--ისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით, ხოლო 2016 წლის 12 აგვისტოს კრედიტორის სს „ს----------–----------“ განცხადების საფუძველზე, გაუქმდა მოვალეთა რეესტრის შეზღუდვაც.
ასევე, დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 04 აგვისტოს მიმართა გ-------------–---მ, მის სახელზე რიცხული ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით Q------) ჩამოწერის მიზნით კრედიტორის მიერ მოვალეთა რეესტრის შეზღუდვის მოხსნის თაობაზე, ვინაიდან მითითებული მოძრავი ქონება 2006 წლის 09 აპრილს დაიმტვრა და არის ჩაბარებული.
2.7. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქალაქ თბილისის №1 ქორწინების სახლის მიერ 2008 წლის 10 აგვისტოს გაცემული მნ№2----- ქორწინების მოწმობით დგინდება, რომ 2-----–-–-------------- დაქორწინდნენ გ-------------–--- და ნ-------------- (სააქტო ჩანაწერი №--).
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკისა და ქობულეთის სამსახურების მიერ გაცემული დაბადების მოწმობებით (ნრ№0-----, ნკ№5-----, ნკ№7-----) დგინდება, რომ რ-------------–--- (დაბადების თარიღი: 1---------–-), ს--------------–--- (დაბ. თარიღი: 0---------–.) და დ----------–--- (დაბ. თარიღი: 2---------–.) არიან გ--------------–----- და ნ------------ის შვილები.
დადგენილია, რომ 2016 წლის 10 ოქტომბრის, 19 ოქტომბრის და 12 ნოემბრის საგადასახადო დავალებებით ნ-------------მ ა(ა)იპ სულხან ცინცაძის სახელობის №1-----–-------- სკოლის ანგარიშზე შეიტანა დ----------------------------------–-----ის ოქტომბრის და ნოემბრის სწავლის საფასური, ჯამში 240 ლარის ოდენობით.
2.8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 დეკემბრის №0-------- წერილით ნ-------------ს ეცნობა, რომ 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში სოციალური სტატუსის გათვალისწინებით მისი ოჯახი სარგებლობდა მიზნობრივი პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური დახმარებით, კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი ,,სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების“ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ყოველთვიური მატერიალური დახმარებით სარგებლობენ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ის ოჯახები, რომელთაც ოჯახში ჰყავთ 18 წლამდე ასაკის სამი ბავშვი. ვინაიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აგვისტოს თვიდან ნ------------ის ოჯახის მონაცემები არ იდენტიფიცირდება, შესაბამისად, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სექტემბრის თვიდან ფინანსური დახმარება აღარ განხორციელებულა.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება
2.9. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. განხილულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ არ არის დასაბუთებული ის არგუმენტაცია, რომელსაც ემყარება მის მიერ სადავო ქმედების განხორციელება, კერძოდ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძვლები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 02 სექტემბრის №0------------ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამდენად, სასამართლომ ასევე, იმსჯელა გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი მოსარჩელეთა ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აღდგენისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.
2.11. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა საარსებო შემწეობის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა იყოს მოსარჩელეების მოთხოვნა - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენა, ასევე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეფუძნება თუ არა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2.12. სასამართლომ განმარტა, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
მითითებული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ- ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
სასამართლომ მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.
აღნიშნული წესის მე-2 მუხლის მიხედვით, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
მითითებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. იმავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს,ხოლო იმავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს ოჯახის დეკლარირება მოახდინოს, როგორც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ასევე, ამ ინფორმაციის ზემოთ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებებში გადამოწმების გზით.
სასამართლომ მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლზე, რომლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.
სასამართლომ, განხილულ შემთხვევაში, დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ნ--------------სა და გ-------------–--ის ოჯახის დეკლარაციის შედგენა და სარეიტინგო ქულის მინიჭება განახორციელა გამოკითხვის პროცესში ოჯახის წევრის - ნ------------ის მიერ დადასტურებული იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც თვით ნ------------- ოჯახის სრულწლოვან წევრთან - გ-------------–---სთან ერთად სადავოდ ხდის, კერძოდ, ინფორმაციას იმის თაობაზე რომ ოჯახი დეკლარაციის შევსების დროს ფლობდა სატრანსპორტო საშუალებას.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილის პირის მიერ 2016 წლის 14 მარტს შევსებული ოჯახის დეკლარაციის თანახმად, ნ------------ის ოჯახი (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) ფლობს და ცხოვრობს 112 კვ.მ. ფართის მქონე სამოთახიან საცხოვრისში; სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ; ოჯახი შედგება 5 პირისაგან და ესენი არიან: ნ-------------, გ---------------------------------------------–-----ი; ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით, არცერთი მათგანი არ მიეკუთვნება ჩამოთვლილ კატეგორიებს და არცერთ მათგანს არ გააჩნია სპეციალური სტატუსი; რ----------------------------------–-----ი არიან არასრულწლოვნები და დადიან სკოლაში/გიმნაზიაში, ხოლო ნ-------------სა და გ-------------–---ს გააჩნიათ უმაღლესი განათლება; ნ------------ის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს „სხვა ფულადი დახმარება, რომლის გაცემა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე“, 150 ლარის ოდენობით, ხოლო გ-------------–---ს არ გააჩნია არავითარი შემოსავალი; ოჯახი არ ფლობს რაიმე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, არ ჰყავს ზრდასრული შინაური ფრინველი ან პირუტყვი და არ გააჩნია მუშა მდგომარეობაში მყოფი მოძრავი ქონება (უცხოური (არსაბჭოთა) მსუბუქი, სამგზავრო ან/და სატვირთო ავტომობილი, ტრაქტორი, კომბაინი ან/და თესლის ჩამყრელი აპარატი); ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადაიხადეს 360 ლარი, ბუნებრივი გაზისათვის - 240 ლარი, წყლისთვის - 24 ლარი და დასუფთავებისათვის - 16 ლარი.
ამონაწერებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დგინდება, რომ ნ------------ის (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი), გ---------------------------------------------–-----ის ოჯახს, 2016 წლის 14 მარტს შევსებული დეკლარაციის გათვალისწინებით, 2016 წლის 13 აპრილს სარეიტინგო ქულა მიენიჭა 59140 ერთეული. შესაბამისად, ოჯახმა 2016 წლის 01 ივნისს მიიღო დახმარება 230 ლარის ოდენობით.
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ. ამავე წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს უფლება აქვს, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2016 წლის სექტემბრიდან ოჯახს შეუწყდა დახმარება, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გ-------------–--ის სახელზე ფიქსირდებოდა ავტომანქანა, ხოლო აღნიშნულის შესახებ მათ სააგენტოს არ აცნობეს.
სასამართლო არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოსაზრებას, რომ 2016 წლის 14 მარტს, „ოჯახის დეკლარაციის“ შევსების დროისათვის ნ------------ისა და გ-------------–--ის ოჯახი ფლონდა სადავო ავტომანქანას. დადგენილია, რომ 2006 წლის 28 მარტიდან გ-------------–--ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა („OPEL VECTRA“ 1.8 I) რეგისტრაციიდან მოიხსნა 2016 წლის 19 აგვისტოს. ასევე, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2006 წლის 09 აპრილს გ-------------–---მ (ავტომანქანა „ოპელ-ვექტრა“, სახ. ნომრით Q------) ჩაიდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც მოჰყვა თვითონ დამრღვევი მძღოლის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რის გამოც შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება. საქმეში არსებული მასალებით დადგენილი გარემოებებია, რომ სსიპ სააღსრულებო ბიუროს ეროვნული სააგენტოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ კრედიტორის - სს „ს----------–----------“ მოთხოვნის საფუძველზე, 2013 წლის 28 ნოემბერს მითითებულ ავტომანქანაზე დარეგისტრირდა ყადაღა, 2014 წლის 11 მარტს იგი გადაეცა დაკავებაზე, თუმცა საპატრულო პოლიციის მიერ მისი დაკავება არ განხორციელებულა. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემებით, 2016 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით, ავტომანქანაზე „OPEL VECTRA“, სახ. ნომრით Q------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევები არ ფიქსირდება. მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ნ--------------თან ინტერვიურების დროს მისი მეუღლის - გ-------------–--ის სახელზე რეგისტრირებულ სადავო ავტომანქანას ოჯახი ფაქტობრივად არ ფლობდა, ვინაიდან იგი ფიზიკურად აღარ არსებობდა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა მათ მიმართ შედგენილი ოჯახის დეკლარაცია გაასაჩივრეს ზემდგომ თანამდებობის პირთან - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ისე მიიღოს გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით, რომ დამატებით არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მაშინ, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლომ მხარეთა ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებაზე, რომ „ოჯახის დეკლარაციაში“ „D5“ გრაფაში პირდაპირ არის მითითებული შეკითხვა - „მუშა მდგომარეობაში მყოფი მოძრავი ქონების რომელ საგნებს ფლობს ოჯახი“, რასთან დაკავშირებითაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვერ გასცემდა დადებით პასუხს. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ავტომანქანის მდგომარეობას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია საკითხის გადაწყვეტისათვის, ვინაიდან თუ პირის სახელზე ირიცხება ავტომანქანა, მაგრამ ვერ ფლობს და სარგებლობს მას, იგი ვერ მიიღებს რაიმე სარგებელს, რომელიც მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზეგავლენას მოახდენს. აღსანიშნავია, რომ „ოჯახის დეკლარაციაში“ კონკრეტული მონაცემების დაფიქსირება მთელი სიზუსტით კი ემსახურება სწორედ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახის კეთილდღეობის დადგენას. შესაბამისად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხე მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებს ჰქონდათ ვალდებულება სოციალური მუშაკისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია გ-------------–--ის სახელზე რიცხული, თუმცა 2006 წელს დაზიანებული/განადგურებული ავტომანქანის შესახებ ან/და მათ ამ ავტომანქანის ფაქტი განზრახ დაუმალეს სააგენტოს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საწინააღმდეგო გარემოება არ დასტურდება საქმეში არსებული მასალების, მათ შორის მხარეთა ახსა-განმარტებებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაცული ინფორმაციით.
2.13. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამრიგად, სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელეების მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 02 სექტემბრის №0------------ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეთა ოჯახი აღდგენილ იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
2.14. ამასთან, რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ფულადი კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიჩნია ასევე დასაბუთებულად და განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი, ხოლო 998-ე მუხლის პირველი ნაწილის ადგენს, რომ თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
სასამართლომ, განხილულ შემთხვევაში, დადგენილად მიიჩნია, რომ ნ------------ის ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან სიაში მოსარჩელეთა ოჯახის რეგისტრაციის გამო იღებდა სოციალურ დახმარებას, ვიდრე აღნიშნული რეგისტრაცია არ შეწყდა. ასევე, დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, სოციალური სტატუსის გათვალისწინებით, ნ------------ის ოჯახი სარგებლობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიზნობრივი პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური დახმარებით, კერძოდ, მისი არასრულწლოვანი შვილების: დ----------------------------------–-----ის მიმართ გაიცემოდა ყოველთვიური მატერიალური დახმარება. ამასთან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აგვისტოს თვიდან ნ------------ის ოჯახის მონაცემები არ იდენტიფიცირდება, რის გამოც მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სექტემბრის თვიდან ფინანსური დახმარება აღარ განხორციელებულა.
მითითებული ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 02 სექტემბრის №0------------ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილებები და შესაბამისად მოპასუხეს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეთა ოჯახი აღდგენილ იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სასამართლომ მიიჩნია რომ სახეზეა ფულადი კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს მოსარჩელეთა ოჯახისათვის სოციალური დახმარების საარსებო შემწეობის შეწყვეტით გამოწვეული ზიანის სოლიდარულად ანაზღაურება: ა) 2016 წლის ივლისიდან იმ პერიოდამდე, ვიდრე არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან სიაში მოსარჩელეთა ოჯახის რეგისტრაციის აღდგენის შესახებ, ბ) ზიანი, რაც გამოიწვია მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან საარსებო შემწეობის შეწყვეტამ, 2016 წლის სექტემბრიდან, აღნიშნულ საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, რომლითაც თავიდან იქნება დანიშნული სამ არასრულწლოვანზე ყოველთვიური გასაცემელი.
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 6.3 პუნქტში უთითებს, რომ ოჯახში ინტერვიურების დროს სოციალური აგენტს არ უნდა მიეთითებინა ,,ოჯახის დეკლარაციის” შევსებისას, ვითომ და არ ფლობდა ზემოაღნიშნული ავტომობილს ან არ იყო რეგისტრირებული გ-------------–--ის სახელზე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან ,,ოჯახის დეკლარაციის” შევსებისას 2016 წლის 14 მარტს, ოჯახი ფლობდა ზემოაღნიშნული ავტომობილს და იყო რეგისტრირებული გ-------------–--ის სახელზე, რაც დადასტურებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის აგვისტოს თვეში ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციით, კერძოდ 2006 წლის 28 მარტიდან რეგისტრირებული იყო ავტომობილი ,,OPEL VECTRA 1.8I” .სააგენტომ საქმის წარმოების დროდ დამატებით, ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, 2016 წლის 21 სექტემბრის N0------- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ზემოაღნიშნული ავტომობილის რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, ხოლო საპასუხოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 27 სექტემბერს სააგენტოში შემოსული MIA 2---------- წერილით, გეცნობა,რომ 2006 წლის 28 მარტიდან გ-------------–--ის სახლზე იყო რეგისტრირებული ავტომობილი ,, OPEL VECTRA 1.8I” და რეგისტრაციიდან მოხსნილი იყო 2016 წლის 19 აგვისტოს.
ყოველივე აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობიდან გამომდინარე სააგენტო 2016 წლის 28 სექტემბრის N0------- გადაყვეტილებაში დაეყრდნო არსებულ დოკუმენტაციას და აქტებს რომელიც წარმოდგენილი იყო შესაბამისი უწყებიდან კომპოეტენციის ფარგლებში და ვერ გაიზაიარებს სასამართლო დასაბუთებას იმის შესახებ, რომ გ-------------–--ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანას თითქოს და ფაქტობრივად არ ფლობდა მითითებულ პერიოდში.
აპელანტის აზრით, უსაფუძლოა მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ გაბათილებული აქტის მიღებისას სააგენტომ არ გამოიკვლია შესაბამისი მტკიცებულებები. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესით“ გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი და სრულფასოვანი ადმინისტრირების მიზნებისათვის, რიგი უწყებებიდან, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სააგენტოს ოფიციალურად, ელექტრონულად (და არა სავალდებულოდ მატერიალური ფორმით) მოეწოდება მათ ხელთ არსებული შესაბამისი მონაცემთა ბაზები.
ასევე საყურადღებოა რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე–3 პუნქტის, თანახმად საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.
ასევე, აღნიშნული ბრძანების სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ,ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახოციელებს ობიექტური და სუბიექტური იფორმაციის მოპოვებას : ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად,ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.მე-6 მუხსლის თანახმად ოჯახი ვალდებულია: ა) შეუქმნას სააგენტოს უფლებამოსილ პირს საქმიანობის სათანადო პირობები მოქმედების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით; ბ)არ შეუქმნას სააგენტოს უფლებამოსილ პირს დაბრკოლებები და/ან არ შეუშალოს ხელი მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაში (ასეთ გარემოებად განიხილება, მაგ.: ოჯახის საცხოვრებელში შესვლის, საცხოვრებლის რომელიმე ადგილის დათვალიერებისათვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი საბუთ(ებ)ის განზრახ დამალვა და სხვა); გ) არ მოახდინოს სააგენტოს უფლებამოსილ პირზე რაიმე ზემოქმედება მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით; შესაბამისად სააგენტოს მიერ შესაბამისი შეწყვეტა განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესით“ გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი და სრულფასოვანი ადმინისტრირების მიზნებისათვის, რიგი უწყებებიდან, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სააგენტოს ოფიციალურად, ელექტრონულად (და არა სავალდებულოდ მატერიალური ფორმით) მოეწოდება მათ ხელთ არსებული შესაბამისი მონაცემთა ბაზები.
ამდენად ოჯახს 2016 წლის 19 აგვისტოს ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” ცენტრალიზებულად (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან შედარება ელექტრონულ რეჟიმში) გაუუქმდა რეგისტრაცია მიზეზით: 2016 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოჯახის წევრზე (გ-------------–---) რეგისტრირდებოდა ავტომობილი ,, OPEL VECTRA 1.8I”, რაც არ იყო ასახული ‘‘ოჯახის დეკლარაციაში“. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე როგორც სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის, ასევე, ცენტრალური ოფისის მიერ (02.09.2016, N 0------------ და 28.09.2016, № 0-------), მითითებულია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი საფუძვლებად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად განიხილავს როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებულ დოკუმენტს, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208–ე მუხლი ადგენს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ასეთი საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 209-ე მუხლი აწესრიგებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებლობას კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოწვეული ზიანისათვის, თუ საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, არსებითი ზიანი ადგება მხოლოდ რომელიმე კერძო პირს ან პირთა ჯგუფს, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიყენებული ზიანი. ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში, საჭიროა დადგინდეს, რომ განხორციელებული ზიანი აღნიშნული ნორმის სფეროში მოიაზრება, მაშასადამე, დარღვეული სამართლის ნორმის მიზანს წარმოადგენს, უზრუნველყოს სამართლებრივი სიკეთის იმგვარად დაცვა, რომ თავიდან აცილებულ იქნას ზიანის დადგომა ისე, როგორც ამას კონკრეტული ფორმით ჰქონდა ადგილი. თუ რამდენიმე გარემოება ერთობლივად იწვევს ზიანის დადგომას, ასეთ შემთხვევაში, ყოველი გარემოება მთელი მოცულობით არის კაუზალური ზიანისათვის .საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით "პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი" ხოლო 1005- ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
ამდენად აპელანტს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს 3-------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ------------ისა და გ-------------–--ის სარჩელი, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას საქმეზე ახალი გადაწყვეტილება რომლითაც უარი ეთქმევა მოსარჩელე მხარეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით იმ ნაწილში, სადაც მოპასუხე მხარეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება და მიღებულ იქნეს ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილის პირის მიერ 2016 წლის 14 მარტს შევსებული ოჯახის დეკლარაციის თანახმად, ნ------------ის ოჯახი (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) ფლობს და ცხოვრობს 112 კვ.მ. ფართის მქონე სამოთახიან საცხოვრისში; სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ; ოჯახი შედგება 5 პირისაგან და ესენი არიან: ნ-------------, გ----------------------------------------------–-----ი; ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით, არცერთი მათგანი არ მიეკუთვნება ჩამოთვლილ კატეგორიებს და არცერთ მათგანს არ გააჩნია სპეციალური სტატუსი; რ----------------------------------–-----ი არიან არასრულწლოვნები და დადიან სკოლაში/გიმნაზიაში, ხოლო ნ-------------სა და გ-------------–---ს გააჩნიათ უმაღლესი განათლება; ნ------------ის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს „სხვა ფულადი დახმარება, რომლის გაცემა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე“, 150 ლარის ოდენობით, ხოლო გ-------------–---ს არ გააჩნია არავითარი შემოსავალი; ოჯახი არ ფლობს რაიმე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, არ ჰყავს ზრდასრული შინაური ფრინველი ან პირუტყვი და არ გააჩნია მუშა მდგომარეობაში მყოფი მოძრავი ქონება (უცხოური (არსაბჭოთა) მსუბუქი, სამგზავრო ან/და სატვირთო ავტომობილი, ტრაქტორი, კომბაინი ან/და თესლის ჩამყრელი აპარატი); ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადაიხადეს 360 ლარი, ბუნებრივი გაზისათვის - 240 ლარი, წყლისთვის - 24 ლარი და დასუფთავებისათვის - 16 ლარი.
4.7. ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დგინდება, რომ ნ------------ის (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი), გ----------------------------------------------–-----ის ოჯახს 2010 წლის 15 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის გათვალისწინებით, 2011 წლის 14 იანვარს სარეგისტრაციო ქულა მიენიჭათ 75240 ერთეული, 2012 წლის 09 თებერვალს შევსებული დეკლარაციის გათვალისწინებით, 2012 წლის 10 მარტს - 64870 ერთეული, ხოლო 2016 წლის 14 მარტს შევსებული დეკლარაციის გათვალისწინებით, 2016 წლის 13 აპრილს - 59140 ერთეული.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 20 აპრილის წერილით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 მარტის №A---------------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ გ-------------–--- რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0----------- საიდენტიფიკაციო კოდით და ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 2016 წლის 11 აპრილს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ შესაბამისად.
4.8. ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დგინდება, რომ ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდზე - 0----------- შევსებულია ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ. ამავე ამონაწერის თანახმად, ოჯახმა გასული პერიოდში, კერძოდ, 2016 წლის 01 ივნისს მიიღო თანხა 230 ლარის ოდენობით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 02 სექტემბრის №0------------ წერილით, გ-------------–---ს ეცნობა, რომ 2016 წლის 19 აგვისტოს შეივსო ოქმი, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ, მიზეზით: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გ-------------–--ის სახელზე ფიქსირდება ავტომანქანა, რომლის შესახებაც არ აცნობა სააგენტოს, რის გამოც, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, მას გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
გ-------------–---მ 2016 წლის 13 სექტემბერს №9---- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილებით, გ-------------–---ს უარი ეთქვა ოჯახის რეგისტრაციის აღდგენაზე, ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 27 სექტემბრის MIA 2---------- წერილის თანახმად, 2006 წლის 28 მარტიდან გ-------------–--ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა (OPEL VECTRA 1.8 I) რეგისტრაციიდან მოიხსნა 2016 წლის 19 აგვისტოს, რაც არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 14 მარტს „ოჯახის დეკლარაციის“ შევსების დროს, მას არ ფლობდა.
4.9. 2006 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით დგინდება, რომ 2006 წლის 09 აპრილს გ-------------–---მ (ავტომანქანა „ოპელ-ვექტრა“, სახ. ნომრით Q------) ჩაიდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც მოჰყვა თვითონ დამრღვევი მძღოლის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
4.10. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 26 აგვისტოს №4---------------- ცნობით დგინდება, რომ საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, გ-------------–--ის სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 12 სექტემბრის №2------ ცნობით დგინდება, რომ შსს საინფორმაციო ბაზაში ცნობის გაცემამდე პერიოდისათვის არსებული მონაცემებით, ავტომანქანაზე „OPEL VECTRA“, სახელმწიფო ნომრით Q------, ადმინისტრაციული სამართალდარღვევები არ ფიქსირდება.
4.11. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 მაისის №2-------- გადაწყვეტილებით მოპასუხე გ-------------–---ს, მოსარჩელის - სს „ს----------–----------“ სასარგებლოდ დაეკისრა 1182.51 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2013 წლის 13 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის აღსრულების მიზნით, 2013 წლის 28 ნოემბერს ყადაღა დაედო გ-------------–--ის სახელზე რიცხულ ავტომანქანას „OPEL VECTRA 1.8 I“, სახელმწიფო ნომრით Q------. ეს უკანასკნელი 2014 წლის 11 მარტს გადაეცა დაკავებაზე, თუმცა საპატრულო პოლიციის მიერ მისი დაკავება არ განხორციელებულა. მითითებულ ავტომანქანაზე რეგისტრირებული ყადაღა გაუქმდა 2016 წლის 22 აპრილს, სოციალურად დაუცველ პირთა ერთიან ბაზაში გ-------------–--ისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით, ხოლო 2016 წლის 12 აგვისტოს კრედიტორის სს „ს----------–----------“ განცხადების საფუძველზე, გაუქმდა მოვალეთა რეესტრის შეზღუდვაც.
ასევე, დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 04 აგვისტოს მიმართა გ-------------–---მ, მის სახელზე რიცხული ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით Q------) ჩამოწერის მიზნით კრედიტორის მიერ მოვალეთა რეესტრის შეზღუდვის მოხსნის თაობაზე, ვინაიდან მითითებული მოძრავი ქონება 2006 წლის 09 აპრილს დაიმტვრა და არის ჩაბარებული.
4.12. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქალაქ თბილისის №1 ქორწინების სახლის მიერ 2008 წლის 10 აგვისტოს გაცემული მნ№2----- ქორწინების მოწმობით დგინდება, რომ 2-----–-–-------------- დაქორწინდნენ გ-------------–--- და ნ-------------- (სააქტო ჩანაწერი №--).
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკისა და ქობულეთის სამსახურების მიერ გაცემული დაბადების მოწმობებით (ნრ№0-----, ნკ№5-----, ნკ№7-----) დგინდება, რომ რ-------------–--- (დაბადების თარიღი: 1---------–-), ს--------------–--- (დაბ. თარიღი: 0---------–.) და დ----------–--- (დაბ. თარიღი: 2---------–.) არიან გ--------------–----- და ნ------------ის შვილები.
დადგენილია, რომ 2016 წლის 10 ოქტომბრის, 19 ოქტომბრის და 12 ნოემბრის საგადასახადო დავალებებით ნ-------------მ ა(ა)იპ სულხან ცინცაძის სახელობის №1-----–-------- სკოლის ანგარიშზე შეიტანა დ----------------------------------–-----ის ოქტომბრის და ნოემბრის სწავლის საფასური, ჯამში 240 ლარის ოდენობით.
4.13. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 დეკემბრის №0-------- წერილით ნ-------------ს ეცნობა, რომ 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში სოციალური სტატუსის გათვალისწინებით მისი ოჯახი სარგებლობდა მიზნობრივი პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური დახმარებით, კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი ,,სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების“ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ყოველთვიური მატერიალური დახმარებით სარგებლობენ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ის ოჯახები, რომელთაც ოჯახში ჰყავთ 18 წლამდე ასაკის სამი ბავშვი. ვინაიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აგვისტოს თვიდან ნ------------ის ოჯახის მონაცემები არ იდენტიფიცირდება, შესაბამისად, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სექტემბრის თვიდან ფინანსური დახმარება აღარ განხორციელებულა.
სამართლებრივი დასაბუთება
4.14. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, სადაც მოპასუხე მხარეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება და მიღებულ იქნეს ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ------------ის და გ-------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდება.
4.15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია გასაჩივრებული - თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 02 სექტემბრის №0------------ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილებების შესაბამისობის დადგენა საკართველოს კანონმდებლობასთან. მოსარჩელეები ასევე მოითხოვენ მათი ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აღდგენას და ზიანის ანაზღაურებას.
4.16. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
4.17. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის მიხედვით, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
მითითებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. იმავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.
4.18. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს, ხოლო იმავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს ოჯახის დეკლარირება მოახდინოს, როგორც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ასევე, ამ ინფორმაციის ზემოთ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებებში გადამოწმების გზით.
4.19. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლზე, რომლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამავე წესის მე-9 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვა. ამავე წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს უფლება აქვს, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.
ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.
4.20. დადგენილია, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ნ--------------სა და გ-------------–--ის ოჯახის დეკლარაციის შედგენა და სარეიტინგო ქულის მინიჭება განახორციელა გამოკითხვის პროცესში ოჯახის წევრის - ნ------------ის მიერ დადასტურებული იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც თვით ნ------------- ოჯახის სრულწლოვან წევრთან - გ-------------–---სთან ერთად სადავოდ ხდის, კერძოდ, ინფორმაციას იმის თაობაზე რომ ოჯახი დეკლარაციის შევსების დროს ფლობდა სატრანსპორტო საშუალებას.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილის პირის მიერ 2016 წლის 14 მარტს შევსებული ოჯახის დეკლარაციის თანახმად, ნ------------ის ოჯახი (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) ფლობს და ცხოვრობს 112 კვ.მ. ფართის მქონე სამოთახიან საცხოვრისში; სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ; ოჯახი შედგება 5 პირისაგან და ესენი არიან: ნ-------------, გ---------------------------------------------–-----ი; ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით, არცერთი მათგანი არ მიეკუთვნება ჩამოთვლილ კატეგორიებს და არცერთ მათგანს არ გააჩნია სპეციალური სტატუსი; რ----------------------------------–-----ი არიან არასრულწლოვნები და დადიან სკოლაში/გიმნაზიაში, ხოლო ნ-------------სა და გ-------------–---ს გააჩნიათ უმაღლესი განათლება; ნ------------ის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს „სხვა ფულადი დახმარება, რომლის გაცემა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე“, 150 ლარის ოდენობით, ხოლო გ-------------–---ს არ გააჩნია არავითარი შემოსავალი; ოჯახი არ ფლობს რაიმე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, არ ჰყავს ზრდასრული შინაური ფრინველი ან პირუტყვი და არ გააჩნია მუშა მდგომარეობაში მყოფი მოძრავი ქონება (უცხოური (არსაბჭოთა) მსუბუქი, სამგზავრო ან/და სატვირთო ავტომობილი, ტრაქტორი, კომბაინი ან/და თესლის ჩამყრელი აპარატი); ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადაიხადეს 360 ლარი, ბუნებრივი გაზისათვის - 240 ლარი, წყლისთვის - 24 ლარი და დასუფთავებისათვის - 16 ლარი.
ამონაწერებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ასევე დგინდება, რომ ნ------------ის (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი), გ---------------------------------------------–-----ის ოჯახს, 2016 წლის 14 მარტს შევსებული დეკლარაციის გათვალისწინებით, 2016 წლის 13 აპრილს სარეიტინგო ქულა მიენიჭა 59140 ერთეული. შესაბამისად, ოჯახმა 2016 წლის 01 ივნისს მიიღო დახმარება 230 ლარის ოდენობით.
4.21. საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2016 წლის სექტემბრიდან ოჯახს შეუწყდა დახმარება, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გ-------------–--ის სახელზე ფიქსირდებოდა ავტომანქანა, ხოლო აღნიშნულის შესახებ მათ სააგენტოს არ აცნობეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ 2006 წლის 28 მარტიდან გ-------------–--ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა („OPEL VECTRA“ 1.8 I) რეგისტრაციიდან მოიხსნა 2016 წლის 19 აგვისტოს. ასევე, 2006 წლის 09 აპრილს გ-------------–---მ (ავტომანქანა „ოპელ-ვექტრა“, სახ. ნომრით Q------) ჩაიდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც მოჰყვა თვითონ დამრღვევი მძღოლის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რის გამოც შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება. საქმეში არსებული მასალებით დადგენილი გარემოებებია, რომ სსიპ სააღსრულებო ბიუროს ეროვნული სააგენტოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ კრედიტორის - სს „ს----------–----------“ მოთხოვნის საფუძველზე, 2013 წლის 28 ნოემბერს მითითებულ ავტომანქანაზე დარეგისტრირდა ყადაღა, 2014 წლის 11 მარტს იგი გადაეცა დაკავებაზე, თუმცა საპატრულო პოლიციის მიერ მისი დაკავება არ განხორციელებულა. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემებით, 2016 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით, ავტომანქანაზე „OPEL VECTRA“, სახ. ნომრით Q------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევები არ ფიქსირდება. მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ნ--------------თან ინტერვიურების დროს მისი მეუღლის - გ-------------–--ის სახელზე რეგისტრირებულ სადავო ავტომანქანას ოჯახი ფაქტობრივად არ ფლობდა, ვინაიდან იგი ფიზიკურად აღარ არსებობდა.
ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
4.22. დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა მათ მიმართ შედგენილი ოჯახის დეკლარაცია გაასაჩივრეს ზემდგომ თანამდებობის პირთან - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ისე მიიღოს გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით, რომ დამატებით არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მაშინ, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მნიშვნელოვანია, რომ „ოჯახის დეკლარაციაში“ „D5“ გრაფაში პირდაპირ არის მითითებული შეკითხვა - „მუშა მდგომარეობაში მყოფი მოძრავი ქონების რომელ საგნებს ფლობს ოჯახი“, რასთან დაკავშირებითაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვერ გასცემდა დადებით პასუხს. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ავტომანქანის მდგომარეობას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია საკითხის გადაწყვეტისათვის, ვინაიდან თუ პირის სახელზე ირიცხება ავტომანქანა, მაგრამ ვერ ფლობს და სარგებლობს მას, იგი ვერ მიიღებს რაიმე სარგებელს, რომელიც მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზეგავლენას მოახდენს. აღსანიშნავია, რომ „ოჯახის დეკლარაციაში“ კონკრეტული მონაცემების დაფიქსირება მთელი სიზუსტით კი ემსახურება სწორედ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახის კეთილდღეობის დადგენას. შესაბამისად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხე მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებს ჰქონდათ ვალდებულება სოციალური მუშაკისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია გ-------------–--ის სახელზე რიცხული, თუმცა 2006 წელს დაზიანებული/განადგურებული ავტომანქანის შესახებ ან/და მათ ამ ავტომანქანის ფაქტი განზრახ დაუმალეს სააგენტოს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საწინააღმდეგო გარემოება არ დასტურდება საქმეში არსებული მასალების, მათ შორის მხარეთა ახსა-განმარტებებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაცული ინფორმაციით.
4.23. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის არგუმენტი დაუსაბუთებელია იმის თაობაზე, რომ გ-------------–--- ფლობდა ავტომანქანას, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ მიეღო აღნიშნული გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 147-ე მუხლის თანახმად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. ამრიგად, კანონმდებელი ადგენს ქონების ცნებას და იმ სამ ძირითადი პირობის არსებობას, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ქონების არსებობა-არარსებობის ფაქტზე და ესენია ფლობა, სარგებლობა და განკარგვა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ 2006 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით დგინდება, რომ 2006 წლის 09 აპრილს გ-------------–---მ (ავტომანქანა „ოპელ-ვექტრა“, სახ. ნომრით Q------) ჩაიდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც მოჰყვა თვითონ დამრღვევი მძღოლის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებაც და თავად ავტომანქანა კი ჩააბარეს. პალატა განმარტავს, რომ ნივთი არის მატერიალური, სხეულებრივი საგანი ამიტომ მნიშვნელოვანია ფიზიკურის სუბსტანციის არსებობა. აღნიშნული გარემოებების არსებობის გათვალისწინებით და კანონმდებელის განმარტებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ აღნიშნული მოძრავი ნივთის ვერც ფლობა, სარგებლობა და განკარვა ვერ მოხდებოდა მისი არარსებობის გამო და მისგან ვერანაირი სარგებლის მიღება ვერ მოხდებოდა მოსარჩელის მიერ ანუ მისთვის ეკონომიურ სარგებელს ვერ მოიტანდა, რადგან მას ნივთისთვის დამახასიათებელი არანაირი ნიშან-თვისება აღარ გააჩნდა მას და მის საფუძველზე ვერ განხორციელდებოდა ვერანაირი სამართლებრივი მოქმედება.
4.24. დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა მათ მიმართ შედგენილი ოჯახის დეკლარაცია გაასაჩივრეს ზემდგომ თანამდებობის პირთან - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილებით, გ-------------–---ს უარი ეთქვა ოჯახის რეგისტრაციის აღდგენაზე, ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 27 სექტემბრის MIA 2---------- წერილის თანახმად, 2006 წლის 28 მარტიდან გ-------------–--ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა (OPEL VECTRA 1.8 I) რეგისტრაციიდან მოიხსნა 2016 წლის 19 აგვისტოს. სააპელაციო პალატისთვის გაუგებარია ასევე მათი პრეტენზიის არსებობის პირობებში, რატომ არ გამოიკვლია ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, როდესაც 2016 წლის 28 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ამავე წლის 19 აგვისტოს უკვე მოხსნილი იყო რეგისტრაციიდანაც აღნიშნული მანქანა. ამრიგად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სათანადოდ არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და მათი ურთიერთეშეჯერების, ასევე ლოგიკური ანალიზის საფუძველზე არ მიიღო მართებული გადაწყვეტილება.
4.25. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
ამავე კოდექსის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 02 სექტემბრის №0------------ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეთა ოჯახი აღდგენილ იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
4.26. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს მხარეს დააკისრა მოსარჩელეთა ოჯახისათვის სოციალური დახმარების საარსებო შემწეობის შეწყვეტით გამოწვეული ზიანის სოლიდარულად ანაზღაურება: 1) 2016 წლის ივლისიდან იმ პერიოდამდე, ვიდრე არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან სიაში მოსარჩელეთა ოჯახის რეგისტრაციის აღდგენის შესახებ; ბ) ზიანი, რაც გამოიწვია მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან საარსებო შემწეობის შეწყვეტამ, 2016 წლის სექტემბრიდან, აღნიშნულ საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, რომლითაც თავიდან იქნება დანიშნული სამ არასრულწლოვანზე ყოველთვიური გასაცემელი. ამ ნაწილში სააპელაციო პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რადგან ზუსტად არ განსაზღვრა იმ ზიანის ოდენობა რაც დაეკისრა მოპასუხეს.
2018 წლის 08 იანვრის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს ზემოაღნიშნული მოთხოვნა და მოითხოვეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაკისრებოდა 2016 წლის ივლისიდან სოციალური შემწეობის 230 ლარის ოდენობით ყოველთვიური ანაზღაურება მოსარჩელეთა სასარგებლოდ მის აღდგენამდე და 150 ლარის ანაზღაურება ყოველთვიურად 2016 წლის სექტემბრიდან შემწეობის აღდგენამდე. ამ მოთხოვნას სააპელაციო პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს.
4.27. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ხოლო 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ხოლო 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
4.28. დადგენილია, რომ ნ------------ის ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან სიაში მოსარჩელეთა ოჯახის რეგისტრაციის გამო იღებდა სოციალურ დახმარებას 230 ლარის ოდენობით, ვიდრე 2016 წლის ივლისში აღნიშნული რეგისტრაცია არ შეწყდა. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 20 ოქტომბრის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთან ერთიანი ბაზიდან (ტ.1. ს.ფ. 94) დასტურდება, რომ მოსარჩელეთა ოჯახზე 2016 წლის ივნისში გაიცა შემწეობა 230 ლარის ოდენობით.
საქმეში ასევე წარმოდგენილია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 22 დეკემბრის ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, სოციალური სტატუსის გათვალისწინებით, ნ------------ის ოჯახი სარგებლობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიზნობრივი პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური დახმარებით, კერძოდ, მისი არასრულწლოვანი შვილების: დ----------------------------------–-----ის მიმართ გაიცემოდა ყოველთვიური მატერიალური დახმარება 150 ლარის ოდენობით. ამასთან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აგვისტოს თვიდან ნ------------ის ოჯახის მონაცემები არ იდენტიფიცირდება, რის გამოც მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სექტემბრის თვიდან ფინანსური დახმარება აღარ განხორციელებულა.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ვინაიდან ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 02 სექტემბრის №0------------ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეთა ოჯახი აღდგენილ იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
4.29. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ყოველთვიური ანაზღაურება 2016 წლის ივლისიდან სოციალური შემწეობის 230 ლარის ოდენობით შემწეობის აღდგენის პერიოდამდე და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელეთა სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს 150 ლარის ანაზღაურება ყოველთვიურად 2016 წლის სექტემბრიდან შემწეობის აღდგენის პერიოდამდე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, სადაც მოპასუხე მხარეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება და მიღებულ იქნეს ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება რომლითაც ნ------------ის და გ------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდება
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე მხარეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება და მიღებულ იქნეს ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ------------ის და გ-------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის ივლისიდან სოციალური შემწეობის აღდგენამდე ყოველთვიურად 230 ლარის ანაზღაურება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელეთა სასარგებლოდ ასევე დაეკისროს 2016 წლის სექტემბრიდან შემწეობის აღდგენამდე ყოველთვიურად 150 ლარის ანაზღაურება;
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი;
6. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გიორგი ტყავაძე