განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/ბ-18-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა:
მოსამართლე: ლევან თევზაძე
სხდომის მდივანი: ვახტანგ ლობჟანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------ გა------–---–ი;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ალ----- ბუ--------ი;
მსჯავრდებული - ალ------------------ე, დაბადებული 1--- წლის 1------------, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #2----------), დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თიანეთის რაიონი სოფელი მ----------, ამჟამად პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით).
სასჯელი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ალ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ალ------------------ეს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 ნოემბრის 12:17 საათიდან. მასვე, სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 30 აგვისტოდან 2016 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულ ალ------------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა (აპელანტი) მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს და განაჩენში ასახული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს ერთმანეთთან შეთანხმებულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა სტანდარტს. სასამართლომ უტყუარ მტკიცებულებად გაიზიარა დაზარალებულის განმარტება ნივთიერი მტკიცებულების მახასიათებელ ნიშნებთან დაკავშირებით. ერთ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა დაზარალებულის მიერ ნივთიერი მტკიცებულების - დანის ამოცნობა, ხოლო მეორე შემთხვევაში, უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნია დაზარალებულის მიერ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობილი საგამოძიებო მოქმედებისას მიღებული ინფორმაცია. წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი ნივთიერი მტკიცებულების - დანის გახსნისა და დათვალიერების ოქმი, ასევე დაზარალებულის მიერ ნივთის (დანის) ამოცნობის ოქმი. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს, ვინაიდან ნივთიერი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობით, გაწყდა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობის ჯაჭვი, რამაც ეჭვქვეშ დააყენა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთის და ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთის ავთენტურობა და რელევანტურობა. მითუფრო იმ ფონზე, როდესაც ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნისგან განსხვავებით მითითებულია, რომ დანა არის ჟანგიანი ტარით, რომლის პირიც ლესვისგან არის გალეული. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა ნივთიერი მტკიცებულების გახსნა, დათვალიერება და ამოცნობა ჩაატარა იმ გამომძიებელმა, რომელიც არ დაკითხულა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე და რომელსაც შეეძლო ესაუბრა ნივთიერი მტკიცებულების ავთენტურობაზე. სასამართლო შეეცადა მტკიცებულებების ერთმანეთთან მისადაგებას, რაც გამოიხატა დაზარალებულის მიერ ნივთიერი მტკიცებულების აღწერილობის გაზიარებაში და სხვა მტკიცებულებასთან დაკავშირებაში, რაც ყოვლად უსაფუძვლო და უსამართლოა. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ საქმეში არ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა და საქმეშია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც არის წინააღმდეგობრივი, არათანმიმდევრული, მოკლებულია სანდოობას და დამაჯერებლობას. არასწორია სასამართლოს მიერ გამომძიებელ ლე--------------–ის არგუმენტაციის გაზიარება სატელეფონო შეტყობინების ოქმთან დაკავშირებით, თითქოსდა შეტყობინების ინიციატორი თე------------------–-–--ლი 112-ის ოპერატორია, რაც სრულიად უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმეში არსებულ შეტყობინების ოქმში გარკვევით წერია, რომ ინფორმაციის ინიციატორი არის თე------------------–-–--ლი და არაფერია ნათქვამი მისი როგორც 112-ის სამსახურის თანამშრომლის შესახებ. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული თარიღები გადასწორებულია და ოქმში რაიმე სახის შენიშვნა ან განცხადება გაკეთებული არ არის. საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე დაიკითხა საქმის მწარმოებელი გამომძიებელი, რომელმაც განმარტა, რომ დაკავების ოქმში თარიღის და დროის აღნიშვნის გრაფებთან არსებული ჩასწორებები განპირობებული იყო კალმის მწყობრიდან გამოსვლით, რაც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. ასევე საფუძვლიან ეჭვს აჩენს აღნიშნულ ოქმში ასახული საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების დროის ინტერვალები, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ გამომძიებლის მიერ ოქმში თარიღისა და დროის აღნიშვნა განხორციელდა არა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, არამედ, მოგვიანებით, სავარაუდო დროის მითითებით. ალ------------------ის დამკავებელი პოლიციელები არ არიან გულწრფელნი, არ აწვდიან სასამართლოს სრულყოფილ ინფორმაციას, განზრახ ამახინჯებენ ფაქტებს და ცდილობენ სასამართლოს შეცდომაში შეყვანას.
ბრალდებულის დაკავებისას, გამომძიებლის მიერ ცნობილი გახდა, რომ ალ------------------ემ არ იცოდა წერა-კითხვა და სწორედ ეს გახდა გამომძიებლის მიერ ოქმის უშუალოდ წაკითხვის მიზეზი. მან საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა კანონის უხეში დარღვევით, ვინაიდან როგორც დაკავებისას, ისე პირადი ჩხრეკის ჩატარებისას სახეზე იყო გარეშე პირის მოწვევის საფუძველი, რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ბრალდებულის უფლება გარეშე პირის მონაწილეობით სრულად აღექვა საგამოძიებო მოქმედების მსვლელობის სიზუსტე ოქმში ასახულ ინფორმაციასთან. იგი პირადად ვერ გაეცნო მის უფლება-მოვალეობებს, ვერ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, შედეგები. მოკლებული იყო განცხადებების და შენიშვნების წერილობითი ფორმით გაკეთების შესაძლებლობას.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი ეფუძნება ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებებს. 2016 წლის 30 აგვისტოს ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, რამდენიმე თვეში დაიკითხა დაზარალებული, რომელმაც ჩვენების მიცემისას სრულად დაადასტურა ალ------------------ის ბრალეულობა და გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული დრო იყო გასული მას ზუსტად აღარ ახსოვდა თუ სად მისცა ჩვენება. არსებითი განხილვის დროს მოხდა ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევა რა დროსაც მსჯავრდებულმა პროკურორის შეკითხვაზე დაადასტურა რომ, დანა მას ეკუთვნოდა და შემთხვევის დროს ჰქონდა, ასევე დაზარალებულმაც, რომელსაც წარედგინა ნივთმტკიცება, დაადასტურა რომ სწორედ ეს დანა ჰქონდა ალ------------------ეს შემთხვევის დღეს. ბრალდებულის დაკავება მოხდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე და გამომძიებელს ეჭვი არ შეუტანია, რომ ალ------------------ემ წერა-კითხვა არ იცოდა, ამის შესახებ მას არც განუცხადებია. ის ფაქტი, რომ ალ------------------ეს არც გამომძიებელი და არც ოპერატიული მუშაკები არ იცნობდნენ დადასტურებულია. დაზარალებულმა დაანახა ოპერატიულ მუშაკებს ალ------------------ე, რომელიც პოლიციის მანქანის დანახვაზე გაიქცა. სასჯელის შეფარდების დროს სასამართლომ გაითვალისწინა ქმედების მართლწინააღმდეგობა, დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება.
სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 13 საათზე თიანეთის რაიონის სოფელ მ---------–-- დანით შეიარაღებული ალ------------------ე თავს დაესხა თანასოფლელ ას---------–--------ს მისივე კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში, რა დროსაც თანნაქონი დანის გამოყენებით თავის მოჭრის, შესაბამისად სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით მოსთხოვა ლუდის მიცემა. ას---------–--------მა თავდამსხმელს უარი უთხრა მოთხოვნის შესრულებაზე და ჯოხის გამოყენებით გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა, იმავდროულად დაემუქრა მომხდარი ფაქტის პოლიციის ორგანოებისთვის ტელეფონის საშუალებით შეტყობინებით, რის შემდეგაც ალ------------------ემ გინებით დატოვა მაღაზია და წავიდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:
დაზარალებულ ას---------–--------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ალ------------------ე მისი თანასოფლელია. თიანეთის რაიონის სოფელი მ---------–- მის ოჯახს უკანასკნელი 15 წელია საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში აქვს სასურსათო მაღაზია. შემთხვევის დღეს, მაღაზიაში იყო მარტო, რა დროსაც შუადღეს, დროს ზუსტად ვერ იხსენებს, მასთან მივიდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ალ------------------ე და ლუდი მოსთხოვა. ვინაიდან მან ერთი კვირით ადრე საფასურის გადახდის გარეშე მაღაზიიდან მას წებო გასტაცა, უარი უთხრა, რადგან მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ალ------------------ე საფასურს არც ამჯერად იხდიდა. ლუდის მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, ალ------------------ე გახდა აგრესიული, როგორ თუ ლუდს არ მომცემო, აგინა უცენზურო სიტყვებით, დახლისკენ გაიწია და ორჯერ დაემუქრა თავის მოჭრით. იმავდროულად ახდენდა დანის დემონსტრირებას, რომელიც რამდენჯერმე გახსნა და დაკეცა. მისკენ გაიქნია კიდეც და ამ გზით ცდილობდა ას---------–--------ისთვის ლუდის წართმევას. შეშინების მიუხედავად, თავდაცვის მიზნით იქვე მაღაზიაში არსებული ჯოხი აიღო და მისი გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია მთვრალ მამაკაცს. ვინაიდან ჯოხის მომარჯვებით წინააღმდეგობას წააწყდა, ამასთან შეაშინა ას---------–--------ის მუქარამ, რომ ახლავე პოლიციას გამოიძახებდა, ალ------------------ე ალკოჰოლურ სასმელს ვერ დაეუფლა და ლანძღვა-გინებით დატოვა მაღაზია. ალ------------------ემ მაღაზიაში დაახლოებით 15 წუთი დაჰყო. დანა, რომელიც მას ხელში ეჭირა იყო ჟანგიანი ტარით და მას ლესილი პირიც გარკვეულად გალეული ჰქონდა. აღნიშნული დანა მას ალ------------------ის ხელში არაერთხელ შეუნიშნავს. ალ------------------ემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ვერ მიაყენა, რადგან მან ჯოხით მოიგერია, დახლის შიგნით არ შეუშვა და 112-ის მეშვეობით პოლიცია გამოიძახა. როგორც ახსოვს, მაღაზიაში მისული პოლიციელები სამნი იყვნენ, სამივე პოლიციის მუშაკის ფორმით. ამ დროს ალ------------------ე უკვე თვალს იყო მიფარებული, რის გამოც, მან მაღაზია დაკეტა, მოძალადის ჩვენების მიზნით, პოლიციის მუშაკებს ჩაუჯდა ავტომანქანაში და მისი მითითებით ავტომანქანით სოფლის ზედა მხარეს გაემართნენ. სოფლის საავტომობილო გზაზე მოძრაობისას მან პოლიციის მუშაკებს დაანახა ალ------------------ე, რომელიც პოლიციის მანქანის დანახვისას გაიქცა. პოლიციის სამივე მუშაკი დაედევნა ალ------------------ეს და მალევე დააკავეს, თავად კი ფეხით წავიდა სახლში. ალ------------------ის თავდასხმის შედეგად მან განიცადა ფსიქიკური სტრესი, იყო უკიდურესად შეურაცხყოფილი და მომხდარის გამო საღამოს ცუდად გახდა. ალ------------------ე მის მაღაზიაში იშვიათად დადიოდა და საფასურსაც იხდიდა. თუმცა, შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე, ასევე მთვრალ მდგომარეობაში მიეჭრა მას მაღაზიაში, დახლის შიგნით უნებართვოდ შევიდა, სწრაფად დასტაცა ხელი სარეალიზაციო წებოს და საფასურის გადახდის გარეშე გაიტაცა. მეზობლური ურთიერთობიდან გამომდინარე, ეს ფაქტი აპატია და არ განაცხადა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ, 2016 წლის 30 აგვისტოს ალ---------- ობ-----მ მას უარესი გაუკეთა.
თიანეთის შს რაიონული სამმართველოს ხევსურთსოფლის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - მოწმე ლე--------------–ის ჩვენებით დადგინდა, რომ ალ------------------ეს შორიდან, მხოლოდ გვარით და სახელით იცნობდა. 2016 წლის 30 სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შუადღეს, დროს ზუსტად ვერ იხსენებს, სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება თიანეთის რაიონის სოფელ მ---------–-- სოფლის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მაღაზიაში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შესახებ და ფაქტზე მან დაიწყო გამოძიება, რის შემდეგაც თანამშრომლებთან - კა--------–--ესთან და ალ---------------–---–--ან ერთად, პოლიციელის ფორმებში, სამსახურებრივი ავტომანქანით გაემგზავრნენ სოფელ მ----------ს ცენტრში არსებულ მაღაზიაში, სადაც დახვდათ შეშინებული და აღელვებული ქალბატონი ას---------–--------ი, რომელმაც მათ აცნობა, რომ რამდენიმე წუთის წინ მასთან მაღაზიაში შესულა თანასოფლელი ალ--- ობ-----, დანა გაუხსნა დანა და დანის გამოყენების მუქარით ლუდის გადაცემა მოსთხოვა. თუ ლუდს არ მისცემდა, თავის მოჭრით ემუქრებოდა. ას---------–--------ის განმარტებით, ამ დროს იგი იყო დახლის შიგნით, ხოლო ალ--- დახლის გარეთ და ცდილობდა დახლის შიგნით შეღწევას, რათა თვითონ აეღო ლუდი. ას---------–--------ი ჯოხით იგერიებდა მთვრალ მამაკაცს და დახლის შიგნით შესვლის საშუალებას არ აძლევდა. ასევე ეუბნებოდა, რომ თუ თავს არ დაანებებდა პოლიციას გამოიძახებდა. იმავდროულად ტელეფონზე დაუწყია დარეკვა და ამის შემდეგ ალ--- ობ----- მაღაზიიდან გასულა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით დაუტოვებია მაღაზია. ას---------–--------მა მათ უთხრა, რომ შეეძლო და სურდა კიდეც მათთვის ეჩვენებინა ალ--- ობ-----, რის შემდეგაც დაზარალებული მისივე სურვილით ჩაისვეს ავტომანქანაში და მასთან ერთად დაიწყეს სოფელში მოძრაობა. სოფლის ერთ-ერთ შიდა საავტომობილო გზაზე, შედარებით ნაკლებად დასახლებულ ნაწილში მოძრაობისას შენიშნეს ქვეითად მოსიარულე მამაკაცი, რომელზეც ას---------–--------მა მიანიშნა, რომ სწორედ ის იყო ალ--- ობ-----, რომელმაც ლუდის წართმევის მიზნით მასზე დანით თავდასხმა განახორციელა. მამაკაცი პოლიციის ავტომანქანის დანახვისას გაიქცა, ხოლო პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანიდან გადავიდნენ და დაედევნენ მას. რამდენიმე მეტრის დევნის შემდეგ დააკავეს ალ------------------ე, რომელიც აშკარად მთვრალი იყო და წინააღმდეგობას უწევდა, რის გამოც ფიზიკური ძალის გამოყენებით იქნა დაკავებული. დაკავებულს განემარტა დაკავების საფუძველი და უფლებები, ორმა თანამშრომელმა იგი ხელებით გააკავა, რადგან ას---------–--------ის განმარტებით, ალ--- ობ-----ს თან დანა უნდა ჰქონოდა. დაკავებულს მიეცა წინადადება, რომ ნებაყოფლობით წარმოედგინა, თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო საგანს ფლობდა, რაზეც მან უარი განუცხადა. ასევე, გამოთქვა პრეტენზია გაჩხრეკასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ განემარტა დაკავების საფუძველი, მაინც ამბობდა რატომ უნდა გამჩხრიკოთო, რის გამოც, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, დაკავების ადგილზევე ჩატარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ალ------------------ის ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის მარცხენა ჯიბიდან ლე--------------–ის მიერ ამოღებულ იქნა დასაკეცი დანა ჟანგიანი ტარით, ტარზე წვრილი ნაჩვრეტებით, დანის ლესილი პირი იყო მნიშვნელოვნად გალეული. შეკითხვაზე, თუ ვის ეკუთვნოდა დანა, ალ------------------ემ უპასუხა, რომ დანა იყო მისი, რომელიც მუდამ თან დაჰქონდა. მანვე დაადასტურა, რომ აღნიშნული დანა თან ჰქონდა მითითებულ დღეს ას---------–--------ის კუთვნილ მაღაზიაში ყოფნის დროსაც. ჩხრეკის დასასრულს დანა ამოღებულ იქნა კანონით დადგენილი წესით. დანა ამოიღო პირადად და მანვე დალუქა ადგილზე. ადგილზევე შეადგინა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც გასაცნობად და ხელმოსაწერად გადასცა დაკავებულს. დაკავებისას ალ------------------ეს სხეულზე, ზურგის არეში აღენიშნებოდა სილურჯეები, რაც დაკავებამდე უნდა ჰქონოდა მიღებული და ეს დაზიანებები მან ასახა დაკავების ოქმში. შეკითხვაზე, თუ საიდან ჰქონდა დაზიანებები ზურგზე ალ------------------ემ უპასუხა, რომ დაზიანება ადრინდელია. ალ------------------ემ ითხოვა, რომ ოქმი მისთვის წაეკითხათ, რაც პირადად შეასრულა. ოქმის შინაარსის გაცნობის დასტურად მან ოქმზე უცნაურად მოაწერა ხელი, ამასთან განმარტა, რომ ყოველთვის ამდაგვარად აწერდა ხელს. როგორც ახსოვს, ადგილზე ორი ოქმი იქნა შედგენილი და ორივე ოქმის ასლი ხელზე ჩაბარდა დაკავებულს, რის შემდეგაც იგი გადაყვანილ იქნა ხევსურთსოფლის პოლიციის განყოფილებაში.
მოწმის განმარტებით, 2016 წლის 31 აგვისტოს მან დაკითხა დაკავებულის დედა, რომლისგანაც ცნობილი გახდა, რომ ალ------------------ე ყოფილა ავადმყოფი, სკოლაში მხოლოდ დაწყებით კლასებში დადიოდა, მეტ-ნაკლებად იცოდა წერა-კითხვა. აღნიშნულის შემდეგ, მომდევნო საგამოძიებო მოქმედებები ალ------------------ესთან ჩატარდა გარეშე პირის და ადვოკატის მონაწილეობით.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა თიანეთის შს რაიონული სამმართველოს ხევსურთსოფლის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა - მოწმე ალ----------------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ ას---------–--------ის მითითებით, სოფლის საავტომობილო გზაზე დააკავეს ალ------------------ე, რომელმაც დაკავებისას გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა, ხელს ჰკრავდა და თავის დაღწევას ცდილობდა. კა--------–--ემ და მან საერთო ძალისხმევით შეძლეს მამაკაცის დაკავება, რის შემდეგაც ლე--------------–მა განუმარტა დაკავების საფუძველი და უფლება-მოვალეობები. პარალელურ რეჟიმში ლე--------------–ი ავსებდა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმს. ახსოვს, რომ დაკავებულს ალკოჰოლის სუნი ასდიოდა. ჩხრეკის შედეგად, დაკავებულის მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ძველი სტილის, ჟანგიანი ტარის მქონე საკეცი დანა დაკეცილ მდგომარეობაში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და ადგილზევე დაილუქა. ლუქზე ყველამ, მათ შორის ალ------------------ემაც მოაწერა ხელი. ლე--------------–მა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი დაკავების ადგილზევე შეავსო და ოქმის ასლი დაკავებულს ხელზე ჩაბარდა. ვინაიდან ალ------------------ემ უცნაურად მოაწერა ხელი, აღნიშნულთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს, რაზეც დაკავებულმა უპასუხა, რომ საერთოდ ასე აწერდა ხელს. მას არ უთქვამს, რომ წერა-კითხვა არ იცოდა. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ალ------------------ეზე მიანიშნა, ას---------–--------ი ავტომანქანაში დარჩა და როდესაც მიბრუნდნენ, როგორც ახსოვს, ას---------–--------ი მანქანიდან იყო გადასული. მათ დაკავებული ჩასვეს მანქანაში და განყოფილებაში გაემგზავრნენ, თუმცა ას---------–--------ი სად წავიდა არ ახსოვს.
მოწმე ალ----------------–---–ის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია თიანეთის შს რაიონული სამმართველოს ხევსურთსოფლის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - მოწმე კა--------–--ის ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ას---------–--------ი ჩაისვეს ავტომანქანაში და მასთან ერთად გაემგზავრნენ ალ------------------ის მოსაძებნად. დაახლოებით 25-30 წუთში, სოფლის ტერიტორიაზე ავტომანქანით მოძრაობის დროს დაზარალებულმა პოლიციის მუშაკებს მიანიშნა მამაკაცზე, რომელიც, მისი თქმით, სწორედ ალ--- ობ----- იყო. პოლიციის მუშაკების დანახვაზე ალ------------------ემ გაქცევა სცადა, რომელიც დადევნების შედეგად დააკავეს, რა დროსაც პოლიციის მუშაკებს გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა, კვლავ ცდილობდა მათგან თავის დაღწევას და გაქცევას. დაკავების შემდეგ მოუწოდეს რა სიმშვიდისაკენ, მან მალევე შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა. ლე--------------–მა ალ------------------ეს განუმარტა დაკავების მიზეზი, აგრეთვე ბრალდებულის უფლება-მოვალეობანი, შემდეგ კი მისცა წინადადება, რომ ნებაყოფლობით წარმოედგინა, თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს ინახავდა, რაზეც დაკავებულმა უარი განაცხადა. ჩხრეკის შედეგად, მისი წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა საკეცი დანა ჟანგიანი ტარით, რომელსაც მჭრელი პირი საკმაოდ გალეული ჰქონდა. ამოღებული ნივთი ლე--------------–მა იქვე დალუქა. ოქმის შედგენისათვის საჭირო დოკუმენტაცია სამსახურებრივ მანქანაში ჰქონდათ. როგორც ახსოვს, დაკავების შემდეგ, ლე--------------–ი მიბრუნდა მანქანასთან, დაკავების ადგილზე მიიტანა დოკუმენტები და შეადგინა საჭირო ოქმი. ალ------------------ე თვითონ გაეცნო ოქმის შინაარსს, ლე--------------–მა გადასცა მას ოქმი და ისიც გაეცნო დოკუმენტს. მანქანასთან რომ მივიდნენ, ას---------–--------ი იქ აღარ იყო.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის შა-–-----------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ ცხოვრობს თიანეთის რაიონის სოფელ მ---------–-. 2016 წლის აგვისტოს ბოლოს მისგან დაახლოებით 40-50 მეტრის დაშორებით, პოლიციის სამმა მუშაკმა დააკავა მისი თანასოფლელი ალ--- ობ-----, რომელიც მათ წინააღმდეგობას უწევდა, ეჩხუბებოდა და არ ჯდებოდა ავტომანქანაში. თუ რატომ დააკავეს ალ------------------ე არ იცოდა. პოლიციის მუშაკების ხელში შენიშნა ქაღალდის ფურცლები, რომლებსაც ისინი ავსებდნენ. მათთან ახლოს არ მისულა, ჩათვალა რომ მისი საქმე არ იყო. იმავე საღამოს, თანასოფლელებისგან შეიტყო, რომ ალ------------------ე დანით შევარდნია მაღაზიაში ას---------–--------ს და ლუდის მიცემა მოუთხოვია. მოწმის განმარტებით, ალ------------------ე თუ გარბოდა, არ დაუნახავს.
ცივი იარაღის ექსპერტიზის N1----- დასკვნით, რომლის სისწორეც დაადასტურა ექსპერტმა ბაჩო შენგელიამ დადგინდა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი დანის ზომებია; საერთო სიგრძე გაშლილ მდგომარეობაში 200 მმ, დანის პირის სიგრძეა 78 მმ, დანა ცალპირიანია, პირის ორმხრივი ალესვით პირის მაქსიმალური სისქეა 1.5 მმ, დანის ლესილი პირი ყუის მხარეს ვიწროვდება და ქმნის მჩხვლეტავ წვერს. დანის სახელურს წარმოადგენს ლითონის ჩარჩო, რომელზედაც ორივე მხარეს დამაგრებულია ლითონის ფირფიტები. დანის სახელურში ჩამაგრებულია სპეციალური მოწყობილობა ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც დანის პირს გახსნილ მდგომარეობაში აფიქსირებს. დამზადებულია.... დანა ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ას---------–--------ის კუთვნილი სასურსათო მაღაზია მდებარეობს თიანეთის რაიონის სოფელ მ---------–- გრუნტიანი საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს. მაღაზია აშენებულია რკინის კონსტრუქციისგან, რომელსაც ჩრდილოეთის მხრიდან აქვს ორფრთიანი ხის კარი, ხოლო კარის გარეთა მხარეს დამონტაჟებულია კარების დამცავი ორფრთიანი რკინის გისოსი. მაღაზიაში დგას ხის დახლები, ხოლო კედლებზე დამონტაჟებულია რკინის თაროები, რომლებზეც აწყვია სხვადასხვა სასურსათო პროდუქტი. მაღაზიას წინადან მარჯვენა მხარეს აქვს ფანჯრები მთელ სიგრძეზე, რომლებსაც გარეთა მხარეს მიმაგრებული აქვს რკინის დამცავი გისოსები. მაღაზიის დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს ესაზღვრება სოფლის საავტომობილო შიდა გრუნტიანი გზა.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბრალდებული ალ------------------ე დაკავებული იქნა 2016 წლის 30 აგვისტოს თიანეთის რაიონის სოფელ მ----------ს საავტომობილო გზაზე. ალ------------------ისგან ამოღებული იქნა დანა, რომელიც მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა N28/9/1 ლუქით.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების და ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატა ეთანხმება მცხეთის რაიონული სასამართლის მიერ ალ------------------ის ქმედების სამართლებრივ შეფასებას. პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმებში, რომელთა თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება, რომ ალ------------------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება)
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად სასამართლოს ყველა სახის საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ალ------------------ის მიერ მბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. ყაჩაღობის დროს პირი თავდასხმის გამოყენებით ზემოქმედებს დაზარალებულზე, რათა სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლოს. ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ როგორ აღიქვამს და აფასებს დაზარალებული მის მიმართ განხორციელებულ მუქარას.
ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, „მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება“, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დაცვით როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხორციელდა საქმის არსებითი განხილვა და მხარეებს მიეცათ საშუალება თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოედგინათ საკუთარი პოზიციები.
სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტებიდან პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81.).
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება მცხეთის რაიონული სასამართლოს მსჯელობას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ალ------------------ის უდანაშაულობის თაობაზე, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და განაჩენი ეყრდნობა კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. აღნიშნულს პალატა არ იზიარებს და მიაცნია, რომ იგი მოგონილია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით და დაცვის მხარის არგუმენტები არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ექსპერტიზის დასკვნას, ასევე საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, რომელთა ობიექტურობაში რაიმე ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულმა ას---------–--------მა განმარტა, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს, მის კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში, სადაც მარტო იმყოფებოდა, მივიდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ალ------------------ე და ლუდი მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ, ალ------------------ე გახდა აგრესიული, როგორ თუ ლუდს არ მომცემო და აგინა უცენზურო სიტყვებით. ამასთან, ალ------------------ემ დახლისაკენ გაიწია და ორჯერ დაემუქრა თავის მოჭრით, იმავდროულად ახდენდა თანნაქონი დანის დემონსტრირებას. დანა რამდენჯერმე გახსნა და დაკეცა და კიდეც გაიქნია მისკენ. მიუხედავად იმისა, რომ შეეშინდა, თავდაცვის მიზნით, აიღო მაღაზიაში არსებული ჯოხი და მისი გამოყენებით გაუწია წინააღმდეგობა. ვინაიდან ალ------------------ე ჯოხის მომარჯვებით წინააღმდეგობას წააწყდა, ასევე შეეშინდა ას---------–--------ის მხრიდან პოლიციის გამოძახების მუქარის, მოთხოვნილ ალკოჰოლურ სასმელს ვერ დაეუფლა და ლანძღვა-გინებით დატოვა მაღაზია. 2016 წლის 30 აგვისტოს დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ალ------------------ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა დასაკეცი დანა, ჟანგიანი ტარით, რომლის პირიც ლესვისგან არის გალეული. აღნიშნული გარემოება დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თიანეთის შს რაიონული სამმართველოს ხევსურთსოფლის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა - ლე--------------–მა, ალ----------------–---–მა და კა--------–--ემ. ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი დანის ზომებია; საერთო სიგრძე გაშლილ მდგომარეობაში 200 მმ, დანის პირის სიგრძეა 78 მმ, დანა ცალპირიანია, პირის ორმხრივი ალესვით პირის მაქსიმალური სისქეა 1.5 მმ, დანის ლესილი პირი ყუის მხარეს ვიწროვდება და ქმნის მჩხვლეტავ წვერს. დანის სახელურს წარმოადგენს ლითონის ჩარჩო, რომელზედაც ორივე მხარეს დამაგრებულია ლითონის ფირფიტები. დანის სახელურში ჩამაგრებულია სპეციალური მოწყობილობა ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც დანის პირს გახსნილ მდგომარეობაში აფიქსირებს. ექპერტიზაზე წარდგენილი და დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის წინააღმდეგობრივ და არადამაჯერებელ ჩვენებას, რომ თითქოსდა დაზარალებულის ჩვენების არათანმიმდევრულობას ადასტურებს, მის მიერ სასამართლოში ჯვარედინი დაკითხვისას გაცხადებული ფაქტი, რომ ,,მას შემდეგ, რაც ლუდი არ მივეცი ალ------------------ეს, მან დანა ამოიღო ჯიბიდან, გახსნა და დამიწყო მუქარა, მემუქრებოდა თავის მოჭრით, სხვა არაფერი უთქვამს და არც მოუთხოვია“, ხოლო დამაზუსტებელ კითხვაზე განმარტა, რომ ალ------------------ე მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და დანას ჰაერში იქნევდა, ლუდი კი აღარ მოუთხოვია. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას დაზარალებულ ას---------–--------ის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში უთითებს დაზარალებულის ჩვენებიდან მხოლოდ მისთვის სასარგებლო არგუმენტებს და მოჰყავს ცალკეული ამონარიდები მთლიანი კონტექსტიდან ამოღებული დეტალების სახით.
დაცვის მხარის მოსაზრებით, დაზარალებულის ჩვენების არასანდოობასა და არაგულწრფელობაზე მიუთითებს მის მიერ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული განმარტება, რომ შემთხვევის დღეს - 2016 წლის 30 აგვისტოს კუთვნილი მობილური ტელეფონით დარეკა პოლიციაში, შეატყობინა მომხდარის შესახებ და იმავე დღეს გამომძიებელმა ლე--------------–მა დაკითხა სასურსათო მაღაზიაში, მაშინ როდესაც საგამოძიებო მოქმედება დაკითხვის ოქმის მიხედვით ჩატარდა საგამოძიებო ორგანოში გამომძიებელ იუ------------–---–ის მიერ. პალატა მიიჩნევს, რომ თუ დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემის დროს ვერ გაიხსენა უმნიშვნელო დეტალები, აღნიშნული ვერ გახდება დაზარალებულის ჩვენების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დაზარალებული ას---------–--------ი დაიკითხა როგორც საგამოძიებო ორგანოში, ისე შემთხვევის ადგილზე და ხანგრძლივი დროის გასვლის გამო ლოგიკურია, რომ დეტალურად ვერ დაიმახსოვრებდა ყოველ წვრილმანს.
უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის მითითება იმის შესახებ, რომ წინასასამართლო სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების, ასევე ამოცნობის ოქმების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობამ ეჭვქვეშ დააყენა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთის ავთენტურობა და რელევანტურობა. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლეს დაუშვებლად არ უცვნია ბრალდებულ ალ------------------ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი. აღნიშნულმა მტკიცებულებამ გადალახა წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობის ეტაპი და კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა გამოკვლეული საქმის არსებითი განხილვის დროს. პალატას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა ისეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რომლებიც საეჭვოს გახდიდა მოპოვებული მტკიცებულების ავთენტურობას და რელევანტურობას.
სააპელაციო პალატა ეთანხმება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსაზრებას და მიაჩნია, რომ მართებულად არ იქნა გაზიარებული დაზარალებულ ას---------–--------ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი (დოკუმენტი 1----------) იმ მოტივით, რომ მხარეებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით არ დაუკითხავს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი გამომძიებელი იუ------------–---–ი და აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარის აპელირება უსაფუძვლოა. საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტს, სატელეფონო შეტყობინების ოქმთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოწმე ლე--------------–ის ჩვენება, თითქოსდა შეტყობინების ინიციატორი თე------------------–-–--ლი არის 112-ის ოპერატორი, რაც საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ოქმით არ დასტურდება, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში ამომწურავად იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე, რასაც პალატა სრულად იზიარებს და თვლის, რომ მოწმე ლე--------------–ის ჩვენება თანხვედრილია საქმეში არსებულ შეტყობინების შინაარსთან (იხ. ს.ფ. 2, ტ I), სადაც თე------------------–-–--ლი მოხსენიებულია როგორც 112-ის სამსახურის წარმომადგენელი.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“ - სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberia, Messegue, jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სააპელაციო პალატა ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტაციას მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების გაუზიარებლობის თაობაზე იმ მოტივით, რომ მათი ჩვენებები არის არადამაჯერებელი და წინააღმდეგობრივი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების ფორმირებამ, როგორც წესი, შემდეგი სამი სტადია უნდა გაიაროს: ა)მოწმის მიერ ამა თუ იმ ფაქტის აღქმა, ბ)აღქმული ფაქტის დამახსოვრება და გ) დაკითხვისას ამ ფაქტის კვლავ წარმოქმნა (რეპროდუქცია). მოწმე ყოველივე იმას, რაც დაინახა, მოისმინა და ასე შემდეგ, ერთნაირი სიზუსტითა და სისრულით როდი აღიქვამს. მას შეეძლო ყურადღება მიექცია რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენისათვის, რაც მან თავისი თვალით დაინახა ან მოისმინა, რადგან მაშინ მისთვის ცნობილი არ იყო, რომ ამ მოვლენის შესახებ მას შემდეგში მოუხდებოდა ჩვენების მიცემა. ასეთ ვითარებაში ერთსა და იმავე ფაქტს სხვადასხვა მოწმე ერთგვარად კი არ აღიქვამს, არამედ განსახვავებულად, იმისდა მიხედვით, თუ ამ ფაქტის რომელმა მხარემ დააინტერესა მოწმე. ამიტომ არის, რომ ზოგჯერ საქმისათვის მნიშვნელოვანი რომელიმე ერთი ფაქტის შესახებ მოწმეები ხანდახან განსხვავებულ ჩვენებებს იძლევიან, თუმცა ისინი კეთილსინდისიერნი არიან და ნამდვილად სურთ მხოლოდ სიმართლის ჩვენება. მოწმის მიერ გარკვეული შემთხვევის სწორედ აღქმაზე შეიძლება გავლენა იქონიოს იმ მდგომარეობამ, რომელშიც იმყოფება მოწმე ამ შემთხვევის აღქმის დროს. დადგენილია, რომ აღელვებასა და შიშს შეუძლია მოწმეში გაზვიადებული შთაბეჭდილების გამოწვევა. მოწმის მიერ ამა თუ იმ შემთხვევის აღქმაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ობიექტურმა ფაქტორებმა. ასეთ ობიექტურ ფაქტორებად მიჩნეულია მანძილი მოწმესა და იმ ადგილს შორის, საიდანაც მან აღიქვა ესა თუ ის შემთხვევა, დღისით თუ ღამით დაინახა, როგორ ამინდში და ა.შ. მოწმის ჩვენების შეფასებისას მხედველობაშია მისაღები ფაქტის აღქმისა და ჩვენების მიცემის მომენტებს შორის განვლილი დროის ხანგრძლივობა. რამდენად ხანგრძლივია ეს დრო, იმდენად მეტია ვარაუდი, რომ მოწმემ ბევრი რამ ვერ შეინარჩუნა მეხსიერებაში, დაავიწყდა. სასამართლოს მიაჩნია, ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლებელია მოწმეებმა სხვადასხვაგვარად გადმოსცენ საქმის დეტალები, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ფაქტი მოხდა 2016 წლის 30 აგვისტოს, ხოლო მოწმეები ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაიკითხნენ ერთი წლის შემდეგ, რის გამოც ზოგ მათგანს სრულყოფილად არ ახსოვდა მომხდარი ფაქტის დეტალები. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მოცემული საქმის მოწმეები არიან პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც ამ ხნის განმავლობაში არაერთ საქმეში აქვთ მონაწილეობა მიღებული და შეიძლება საქმის ყველა დეტალი არ ახსოვდეთ. მიუხედავად აღნიშნულისა, მოწმეებმა დაადასტურეს ფაქტი, რომ ჩხრეკისას ალ------------------ის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ძველი სტილის, ჟანგმოკიდებული ტარის მქონე საკეცი დანა დაკეცილ მდგომარეობაში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და ადგილზევე დაილუქა. ლუქზე ხელი მოაწერეს ჩხრეკის მონაწილეებმა და მათ შორის ალ------------------ემ, ხოლო ოქმის ასლი გადაეცა დაკავებულს. ამდენად, დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებზე, რომ მოწმე კა--------–--ემ, ლე--------------–ისა და ალ----------------–---–ისაგან განსხვავებით განმარტა, რომ ე.წ. „პაპკა“, ლე--------------–მა გადმოიღო ავტმანქანიდან და დასაკავებლად დადევნების დროს ხელში არ ეჭირა, ვერ გახდება პოლიციის მუშაკების ჩვენებების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანისა და მათ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით დადგენილია, რომ ალ------------------ეს მანამდე არ იცნობდნენ და შესაბამისად მის მიმართ პირადი ინტერესი არ გააჩნდათ, ხოლო დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული თუ რა პირადი ინტერესი უნდა ჰქონოდათ სამართალდამცველებს და რატომ უნდა განეხორციელებინათ ბრალდებულის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
დაცვის მხარის არგუმენტაციას ალ------------------ის პირადი ჩხრეკის კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ ალ------------------ის პირადი ჩხრეკა და მისი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთი დალუქულია სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ჩხრეკის კანონიერება შემოწმებულია სასამართლოს მიერ და ცნობილია კანონიერად.
აპელანტის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ დაკავების და პირადი ჩხრეკის ჩატარებისას არსებობდა გარეშე პირის მოწვევის საფუძველი, ვინაიდან ალ------------------ე იყო წერა-კითხვის უცოდინარი, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ საგამოძიებო მოქმედების მონაწილე ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აწერს ხელს ოქმს, მოიწვევა გარეშე პირი, რომელიც ხელმოწერით მის ნაცვლად ადასტურებს ოქმს. კონკრეტულ შემთხვევაში, არც ერთი მოწმის ჩვენებით არ დგინდება ის ფაქტი, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ალ------------------ემ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მან არ იცოდა წერა-კითხვა. მხოლოდ ის გარემოება, რომ დაკავებულმა უცნაურად მოაწერა ხელი საგამოძიებო მოქმედების ოქმს, ვერ გახდებოდა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან დაკავებულის წერა-კითხვის უცოდინრობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. მოწმე ლე--------------–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის გასაცნობად და ხელმოსაწერად გადაცემის შემდეგ, ალ------------------ემ ითხოვა მისთვის ოქმის წაკითხვა და მისი შინაარსის გაცნობის დასტურად ოქმზე უცნაურად მოაწერა ხელი, ამასთან დასმულ შეკითხვაზე განმარტა, რომ ყოველთვის ამდაგვარად აწერდა ხელს. მოწმე ალ----------------–---–ის ჩვენებით, ვინაიდან ალ------------------ემ ოქმზე უცნაურად მოაწერა ხელი, აღნიშნულთან მას დაესვა შეკითხვა, რაზეც უპასუხა, რომ საერთოდ ასე აწერდა ხელს და იმის შესახებ, რომ წერა-კითხვა არ იცოდა, არ უთქვამს. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე კა--------–--ემ განაცხადა, რომ დაკავებიდან მეორე დღეს, 2016 წლის 31 აგვისტოს, მოწმე მის მიერ დაკითხულ იქნა ალ------------------ის დედა, რომლის განმარტებითაც ალ------------------ე იყო ავადმყოფი, სკოლაში მხოლოდ დაწყებით კლასებში დადიოდა და მეტ-ნაკლებად იცოდა წერა-კითხვა. აღნიშნულის შემდეგ, მომდევნო საგამოძიებო მოქმედებები ალ------------------ესთან ჩატარდა გარეშე პირის და ადვოკატის მონაწილეობით.
რაც შეეხება სასჯელს, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. სასჯელის გამაფრთხილებელი ზემოქმედება მდგომარეობს არა მძიმე სახის სასჯელის დანიშვნის სიმკაცრეში, არამედ მის გარდაუვალობაში.
სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ალ------------------ე იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის.
საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღო დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (ხასიათდება დადებითად, არის გონებრივად ჩამორჩენილი და შეზღუდული შერაცხადი), დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რითაც სრულად იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. როგორც მსჯავრდებული, ასევე სხვა პირი განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვით და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ალ------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ალ----- ბუ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი ალ------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ალ------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ალ----- ბუ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი ალ------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ალ------------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ალ------------------ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2017 წლის 29 ნოემბრის 12:17 საათიდან. მასავე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 30 აგვისტოდან 2016 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
ალ------------------ის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს - ეთ--- ბე------ს (პირადი ნომერი 2----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ნივთიერი მტკიცებულება: ალ------------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული დასაკეცი დანა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე