განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001358675
საქმე №3ბ/1780-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
08 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი- ლ-–- ა-----–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გ-----------------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს ,,მ------“;
წარმომადგენელი - ი----------–----–-ძე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 დეკემბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა;
1.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 9 მარტის №5--- ბრძანების ბათილად ცნობა;
1.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების (საჩივარი №1---------) ბათილად ცნობა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენე-–-- სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენე-–-- სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
შპს „მ------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 დეკემბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 9 მარტის №5--- ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება (საჩივარი №1---------); სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს სოლიდარულად დაეკისრათ, მოსარჩელის სასარგებლოდ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. დადგენილად იქნა ცნობილი, რომ 2015 წლის 16 სექტემბერს, 15:40 საათზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს „ე-–--------ის“ მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №1-----, რომლითაც საწარმო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 500 ლარით.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, 2015 წლის 16 სექტემბერს, 15:00 საათზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ გადამოწმებული იქნა „შ-------–----ს“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით Z------- რა დროსაც დადგინდა, რომ ო------------–---–ი ახდენდა შპს „ე-–--------ის“ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (5 ცალი რკინის კარი) ტრანსპორტირებას ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე. (ტ.1, ს.ფ. 173).
4.2. 2015 წლის 5 ოქტომბერს შპს „ე-–--------მ“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 16 სექტემბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა.
გადასახადის გადამხდე-–-- განმარტა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებული საქონელი არ არის შპს „ე-–--------ის“ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონელი, არამედ აღნიშნული არის ო------------–---–ის საკუთრება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 18 ნოემბრის №4---- ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები, დაედგინა სამართალდამრღვევი პირი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ არ დადასტურდებოდა შპს „ე-–--------ის“ მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, გაეუქმებინა 2015 წლის 16 სექტემბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა (ტ.1, ს.ფ. 110-112).
4.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 18 ნოემბრის №4---- ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 19 ნოემბრის №4---- ბრძანება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2015 წლის 18 დეკემბრამდე (ტ.1, ს.ფ. 105).
4.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №4---- ბრძანებით გაუქმდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 16 სექტემბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
ბრძანებაში მითითებულია, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „ე-–--------ის“ წარმომადგენლის ნ----------–---–ის მიერ განმარტებულ იქნა, რომ 2015 წლის 16 სექტემბერს საწარმოს კუთვნილ ობიექტში გამოცხადდა შპს „მ------ს“ წარმომადგენელი ო------------–---–ი, რომლის მიერ საქონლის შესყიდვის შემდგომ მოთხოვნილ იქნა სასაქონლო ზედნადების გამოწერა შესყიდულ საქონელზე, ხოლო ანაზღაურება განხორციელდა ნაღდი ფულით ანგარიშსწორებით. ამასთან, საქონლის გაყიდვის შემდგომ ო------------–---–მა არ გადაამოწმა სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფაქტი და დაიწყო ტრანსპორტირება.
ბრძანების თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ო------------–---–ის მიერ განმარტებულ იქნა, რომ იგი არის უმუშევარი და პერიოდულად ეხმარება თავის ძმას სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში. 2015 წლის 16 სექტემბერს მისმა ძმამ, თ-------------–---–მა, რომელიც არის შპს „მ------ს“ დამფუძნებელი, სთხოვა, რომ შპს „ე-–--------ის“ ობიექტში შეეძინა 5 ცალი რკინის კარი და განეხორციელებინა ტრანსპორტირება თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონიდან ისანი-სამგორის რაიონის მიმართულებით, შპს „მ------ს“ კუთვნილ ობიექტში. მისი განმარტებით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებული საქონელი წარმოადგენს შპს „მ------ს“ საკუთრებას.
ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „მ------ს“ დირექტორის ზ-----------–----ის მიერ განმარტებულ იქნა, რომ 2015 წლის 16 სექტემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ გადამოწმების დროს ავტომანქანაში განთავსებული იყო შპს „მ------ს“ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონელი. საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა ო------------–---–ის კუთვნილი მანქანით, რომელიც შპს „მ-----მა“ დროებით ითხოვა სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრძანების თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურმა დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 16 სექტემბერს ავტომანქანაში განთავსებული საქონელი წარმოადგენდა შპს „მ------ს“ კუთვნილებას და შპს „მ------ს“ მხრიდან იკვეთებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მაკვალიფიცირებელი საგადასახადო სამართალდარღვევის შემადგენლობის ნიშნები, რადგან საქონლის ტრანსპორტირების ფაქტს ადგილი ჰქონდა შპს „მ------ს“ მხრიდან. შესაბამისად, საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერა უნდა მომხდარიყო ამ უკანასკნელის მხრიდან (ტ.1, ს.ფ. 113-116).
4.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 29 დეკემბერს შპს „მ------ს“ მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №1-----.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2015 წლის 16 სექტემბერს, 15:00 საათზე გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით Z------- რა დროსაც დადგინდა, რომ ო------------–---–ი ახდენდა შპს „მ------ს“ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 1 400 ლარის საქონლის (5 ცალი რკინის კარი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შპს „მ------“ დაჯარიმდა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით (ტ.1, ს.ფ. 192).
4.6. შპს „მ------მ“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 დეკემბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული სანქციის გაუქმება მოითხოვა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 9 მარტის №5--- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 106-108).
4.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 3 დეკემბრის №-- ოქმის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას შპს „ე-–--------ის“ წარმომადგენე-–-- ნ----------–---–მა განმარტა, რომ სასაქონლო ზედნადების გამოწერა მოთხოვნილ იქნა საქონლის შეძენისას შპს „მ------ს“ წარმომადგენლის ო------------–---–ის მიერ (ტ.1, ს.ფ. 190-191).
4.8. 2016 წლის 25 მარტს შპს „მ-----მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 9 მარტის №5--- ბრძანებისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 დეკემბრის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით საჩივარი №1--------- არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 12-16).
4.9. დადგენილია, რომ 2015 წლის 16 სექტემბერს, 15:06:50 საათზე გამოწერილია №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადები, რომლის მიხედვითაც, გამყიდველს წარმოადგენს შპს „ე-–-------“, მყიდველს - შპს „მ------“, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრად მითითებულია Z------- მძღოლად - ო------------–---–ი. სასაქონლო ზედნადები გამოწერილია 1 400 ლარის ღირებულების 5 ცალ რკინის კარზე (ტ.1, ს.ფ. 21).
4.10. სსიპ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის 2016 წლის 18 ნოემბრის №1-------- სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, 2015 წლის 16 სექტემბერს ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით Z------ შემოწმდა დროის შემდეგ მონაკვეთში - 15:00:26 – 15:39:36 (ტ.1, ს.ფ. 172).
4.11. სსიპ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის 2016 წლის 20 დეკემბრის №--------- სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება ხარვეზი შპს „მ------ს“ მიერ გამოწერილ №0--------- ზედნადებთან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ. 225).
4.12. შპს „მაგთიკომის“ 2016 წლის 7 დეკემბრის ცნობის მიხედვით, 2012 წლის 4 ივლისიდან ო------------–---–ის სახელზე ირიცხება სააბონენტო ნომერი 5-----------, აღნიშნული ნომრიდან 2015 წლის 16 სექტემბერს, 15:06:30 საათზე განხორციელებულია სატელეფონო დაკავშირება 5----------- სააბონენტო ნომერზე, ხოლო 15:07:36 საათზე 5----------- სააბონენტო ნომრიდან არის განხორციელებული სატელეფონო დაკავშირება 5----------- სააბონენტო ნომერთან.
შპს „ე-–--ს“ სავიზიტო ბარათის მიხედვით, საწარმოს ერთ-ერთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერს წარმოადგენს 5----------- (ტ.1, ს.ფ. 228-231; 208).
4.13. 2015 წლის 16 სექტემბერს ო------------–---–ის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (საჯარიმო ქვითარი) №ა------------ რომლითაც იგი დაჯარიმდა 10 ლარით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1182 მუხლით.
ოქმის მიხედვით, 14:50 საათზე ო------------–---–ი მოძრაობდა კახეთის გზატკეცილზე, რა დროსაც სარგებლობდა მობილური კომუნიკაციის საშუალებით (ტ.1, ს.ფ. 207).
4.14. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 12 ივნისის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შპს „მ------“ დაჯარიმებული იყო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 500 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 227).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლზე, ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 72-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 251 მუხლზე და განმარტა, რომ კანონმდებლობით ცალსახადაა დადგენილი ტრანსპორტირების დაწყებისთანავე ზედნადების გამოწერების ვალდებულება. საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს სამეწარმეო საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაც გულისხმობს როგორც სასაქონლო ზედნადების სრულ არარსებობას, ისე სასაქონლო ზედნადების გამოწერის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და მისი სათანადო წესით აუმოქმედებლობას. ვინაიდან ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს, საგადასახადო მიზნებისთვის მისი კანონით დადგენილი წესითა და ფორმით გამოწერა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, რამეთუ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები სწორედ გადასახადების დროულად და ჯეროვნად გადახდასთან არის დაკავშირებული.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით Z------ გადამოწმდა 2015 წლის 16 სექტემბერს დროის შემდეგ მონაკვეთში 15:00:26 – 15:39:36, ხოლო სასაქონლო ზედნადები №ელ-0--------- გააქტიურებულია 2015 წლის 16 სექტემბერს, 15:06:50 საათზე. ამასთან, თავდაპირველი სამართალდარღვევის ოქმი №1----- შედგა 2015 წლის 16 სექტემბერს, 15:40 საათზე. სასამართლომ განმარტა, რომ გადამწყვეტია არა საგადასახადო ოქმის გამოწერის მომენტისთვის სასაქონლო ზედნადების ფაქტის არსებობა, არამედ ტრანსპორტირების დაწყებისას მისი გააქტიურების და არა გამოწერის ფაქტი, რამეთუ ზედნადების მხოლოდ გამოწერისას, რომელიც არ არის გააქტიურებული და არ აისახება პროგრამულად, არსებობს საფრთხე, რომ საგადასახადო ორგანოთა მიერ გადამოწმების განუხორციელებლობის შემთხვევაში, პირი მოახდენს საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისას არ იყო სასაქონლო ზედნადები გამოწერილი და მოსარჩელე უკვე იყო სახდელდადებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სახეზეა ამავე მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისას სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, რომლის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებაც ხდება, თუმცაღა კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ო------------–---–მა მოითხოვა სასაქონლო ზედნადების გამოწერა, რასაც ადასტურებს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „ე-–--------ის“ უფლებამოსილი პირის განმარტება. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით სამართალდარღვევას წარმოადგენს არა მხოლოდ სასაქონლო ზედნადების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება, არამედ მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობაც. შესაბამისად, სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენისას, საგადასახადო ორგანოებს უნდა შეეფასებინათ აღნიშნული ფაქტი და განემარტათ, იმ პირობებში, როდესაც მყიდვე-–-- ნამდვილად მოითხოვა სასაქონლო ზედნადები, რომელიც დროულად არ გააქტიურდა, თუმცა ფაქტის გადამოწმების გარეშე დაიწყო საქონლის ტრანსპორტირება, რომელი სუბიექტი წარმოადგენს სამართალდამრღვევს, თუ ორივეს მხრიდან ჰქონდა ადგილი ერთი და იგივე სამართალდარღვევის ჩადენას სხვადასხვა შემადგენლობით. კონკრეტულ შემთხვევაში კი, სადავო აქტები არ შეიცავს აღნიშნული საკითხის კვლევასა და დასაბუთებას.
თბილისის საქალაქო სასამართლო დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას (საქმე №ბს-327-323(კ-14), 2 დეკემბერი, 2014 წ.), რომლის თანახმად „საგადასახადო სამართალდარღვევა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა სპეციფიკურ სახეს, შესაბამისად, მის მიმართ სრულად ვრცელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობის მოთხოვნები.“
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით მოწესრიგებულია საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები, გამოვლენისა თუ სახდელის დადების წესი და საგადასახადო კოდექსი ერთმანეთისაგან განასხვავებს საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს. ამასთან, სამართალდარღვევათა მსგავსი დიფერენცირება გამოწვეულია იმ საფუძვლით, თუ კონკრეტულად რომელი ნორმატიული აქტით არის გათვალისწინებული სამართალდარღვევის სახე და გამოსაყენებელი სახდელი, რაც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ, ფართო გაგებით, საგადასახადო სამართალდარღვევა მიეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთ სახეს და, შესაბამისად, თუკი საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ შეიცავს რაიმე სპეციალურ წესს, საგადასახადო სამართალდარღვევაზე რეაგირება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტული შემთხვევის მიმართ სახდელის გამოყენების ვადის გამოანგარიშება უნდა მოხდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, რამეთუ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ აწესრიგებს სახდელის გამოყენების ვადებს.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლი ადგენს რა ხანდაზმულობის ვადებს, განსაზღვრავს ხანდაზმულ პერიოდს, რომელზეც საგადასახადო ორგანოს დარიცხვის განხორციელება ეკრძალება. მათ შორის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ეხება საგადასახადო სანქციას, რომელზეც პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა, გამოყენების ხანდაზმულობის ვადებს და ადგენს, რომ მსგავს სამართალდარღვევაზე სანქციის დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი, რაც გულისხმობს არა გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე სანქციის შეფარდების 3-წლიანი ვადის არსებობას, არამედ სანქციის გამოყენების დაუშვებლობას იმ სამართალდარღვევის მიმართ, რომლის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან გასულია სამი წელი. შესაბამისად, აღნიშნული ვადა წარმოადგენს არა საგადასახადო ორგანოსათვის სამართალდარღვევაზე რეაგირების - სახდელის გამოყენების ვადის გაზრდის კერძო შემთხვევას, არამედ იცავს გადასახადის გადამხდელის უფლებას, რომ მას არ დაეკისროს სანქცია მაშინაც კი, როდესაც სახდელის დაკისრების ვადები დაცულია, თუმცაღა სამართალდარღვევის ჩადენიდან გასული პერიოდის გამო, საგადასახადო ორგანოს დაკარგული აქვს მისთვის სანქციის შეფარდების უფლება.
სასამართლომ მიუთითა ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად საგადასახადო სამართალდარღვევა გამოვლინდა 2015 წლის 16 სექტემბერს, როდესაც სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლების მიერ ავტომანქანა გადამოწმდა და აღმოჩენილ იქნა სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი, ხოლო სადავო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა მხოლოდ 2015 წლის 29 დეკემბერს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახდელის გამოყენების მომენტისათვის გასული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ორთვიანი ვადა.
ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში გასული იყო სახდელის დადების კანონმდებლობით დადგენილი ვადა, საგადასახადო ორგანოს უფლება აღარ ჰქონდა ეწარმოებინა სამართალდარღვევის საქმე და განესაზღვრა მოსარჩელისათვის ჯარიმა.
6. სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებზე უარის თქმა.
6.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სსიპ შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებით სასამართლომ გამოიყენა ის ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და გადაწყვეტილება მთლიანად დააფუძნა აღნიშნულ ნორმას. აპელანტის განმარტებით, ასკ-ის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვადები საერთოდ არ ვრცელდება საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და შესაბამისად სანქციის დაკისრების ვადა განსაზღვრულა საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. შესაბამისად, ვინაიდან ხსენებული დანაწესი არეგულირებს სანქციის დ ა კ ი ს რ ე ბ ი ს ვადას, ეს არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც გადასახადის გადამხდელის უფლება, რომ მან ხანდაზმულობის გათვალისწინებით არ გადაიხადოს ბიუჯეტში შესაბამისი სანქცია. პირიქით, აღნიშნული დანაწესი საგადასახადო ორგანოებს უდგენს ვალდებულებას, რომ მათ 3 წლის ვადაში მოახდინონ შესაბამისი სანქციის დაკისრება და საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა, ხოლო 3 წლის გასვლის შემდგომ აღნიშნულის განხორციელება უნდა შეფასდეს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო მოქმედება და არა როგორც გადამხდელის უფლება, რომ მან არ გადაიხადოს დაკისრებული სანქცია. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია სსკ-ის 269-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესის გათვალისწინებაც, რომლის თანახმადაც საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით.
ასკ-ის 38-ე მუხლი უკავშირდება ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადებს და არა საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულ სანქციებს. თავის მხრივ ადმინისტრაციული სახდელი განმარტებულია ასკ-ის 23-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. ხოლო ასკ-ის 24-ე მუხლში ჩამოთვლილია ადმინისტრაციული სახდელის სახეობანი. მეორეს მხრივ, საგადასახადო სამართალდარღვევისა და საგადასახადო სანქციის ცნებები განმარტებულია სსკ-ის 269-ე და 270-ე მუხლებით, რომლის თანახმადაც საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ხოლო საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამასთან, სსკ-ის 270-ე მუხლითვეა გაწერილი საგადასახადო სანქციის სახეები. ადმინისტრაციული სახდელიც და საგადასახადო სანქციაც წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას. თუმცა, ვინაიდან განსხვავდება მათი მიზნები, რეგულირების სფერო და სახეები, აღნიშნული ცნებები არ წარმოადგენს იდენტურ ცნებებს, არამედ არიან განსხვავებული სამართლებრივი ინსტიტუტები. ამგვარად, ვინაიდან ასკ-ის 38-ე მუხლი ეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ სახდელს (და არა საგადასახადო სანქციას), აღნიშნული მუხლი ვერ დაადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის შეფარდების ვადებს.
სააპელაციო საჩივრის ავტორმა ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან ირკვევა, რომ შპს „ე-–-------“ არ წარმოადგენდა ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის პასუხისმგებელ სუბიექტს. იყო თუ არა შპს „ე-–-------“ პასუხისმგებელი ზედნადების გამოწერაზე უარის თქმისთვის, წარმოადგენს ცალკე წარმოების საგანს, ვინაიდან აღნიშნული ცალკე სამართალდარღვევაა და შესაბამისად ვერც ჰპოვებდა ასახვას ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ წარმოების მასალებში, ხოლო აღნიშნულს კი თავის მხრივ გავლენა არ უნდა მოეხდინა შპს „მ------ს“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
6.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო, იურიდიულად დაუსაბუთებელი და იგი უნდა გაუქმდეს. აპელანტმა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე მიუთითა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და 286-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
7.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს, სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების გამო შპს ,,მ------ს“ მიმართ შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის კანონიერება, ასევე ამავე ოქმით გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის სანქციის დაკისრების ხანდაზმულობის ვადები.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესსა და წინაპირობებს ადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსი და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები. კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლისა და 286-ე მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პირი ახორციელებს საქონლის ტრანსპორტირებას სამეწარმეო მიზნით. კანონმდებლობა სანქციის გამოყენების წინაპირობად ასახელებს სწორედ სამეწარმეო მიზნის ფარგლებში კანონით დადგენილი წესის - სასაქონლო ზედნადების გამოწერის უგულებელყოფას. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის გამოწერას ადგილი უნდა ჰქონდეს ტრანსპორტირების დაწყებამდე. დაუშვებელია ტრანსპორტირების დაწყება, უკეთუ სასაქონლო ზედნადები არ არის შექმნილი კანონით დადგენილი წესით. სამეწარმეო მიზნით, სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირება, ჩადენილი განმეორებით, ექვემდებარება დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე გამოცემული, ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანების 251 მუხლში დეტალურად არის აღწერილი სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესი და პროცედურები. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს.
ამდენად, კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს სასაქონლო ზედნადების გამოწერის პერიოდს, იგი უნდა ემთხვეოდეს საქონლის მიწოდების ან ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 29 დეკემბერს შპს „მ------ს“ მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №1-----. ოქმის თანახმად, 2015 წლის 16 სექტემბერს, 15:00 საათზე გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით Z------- რა დროსაც დადგინდა, რომ ო------------–---–ი ახდენდა შპს „მ------ს“ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 1 400 ლარის საქონლის (5 ცალი
დადგენრკინის კარი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შპს „მ------“ დაჯარიმდა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით.
დადგენილია, რომ 2015 წლის 16 სექტემბერს, 15:06:50 საათზე გამოწერილია №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადები, რომლის მიხედვითაც, გამყიდველს წარმოადგენს შპს „ე-–-------“, მყიდველს - შპს „მ------“, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრად მითითებულია Z------- მძღოლად - ო------------–---–ი. სასაქონლო ზედნადები გამოწერილია 1 400 ლარის ღირებულების 5 ცალ რკინის კარზე.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 12 ივნისის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შპს „მ------“ დაჯარიმებული იყო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 500 ლარის ოდენობით.
პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მასზედ, რომ გადამწყვეტია არა საგადასახადო ოქმის გამოწერის მომენტისთვის სასაქონლო ზედნადების ფაქტის არსებობა, არამედ ტრანსპორტირების დაწყებისას მისი გააქტიურების ფაქტი, რამეთუ ზედნადების მხოლოდ გამოწერისას, რომელიც არ არის გააქტიურებული და არ აისახება პროგრამულად, არსებობს საფრთხე, რომ საგადასახადო ორგანოთა მიერ გადამოწმების განუხორციელებლობის შემთხვევაში, პირი მოახდენს საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. ვინაიდან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისას არ იყო სასაქონლო ზედნადები გამოწერილი და მოსარჩელე უკვე იყო სახდელდადებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სახეზეა ამავე მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,მ-----მა“, კანონით დადგენილი წესის დარღვევით განახორციელა სამეწარმეო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება, მას ტრანსპორტირების დაწყებამდე არ ჰქონდა ამოქმედებული (გააქტიურებული) სასაქონლო ზედნადები. კანონმდებლობა კი ასეთი დოკუმენტის ამოქმედების ვალდებულებას ადგენს ტრანსპორტირების დაწყებამდე ან დაწყების მომენტში. საგადასახადო ორგანომ კონტროლის განხორციელების მიზნით, სამართალდამრღვევი პირი გააჩერა 15:00 საათზე, სასაქონლო ზედნადების გააქტიურების დრო კი არის 15:06:50 საათი. დადგენილია, რომ მძღოლის - ო------------–---–ის მობილური ტელეფონის ნომრიდან საქონლის გამყიდველი კომპანიის - შპს ,,ე-–-------“-ის მობილურ ტელეფონზე ზარი განხორციელებულია 15:06:30 საათზე. პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს შპს ,,მ------ს“ მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, სადაც მიუთითებს საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაზე გამოეკვლია თუ რომელი სუბიექტი წარმოადგენდა სამართალდამრღვევს იმ პირობებში, როდესაც მყიდველის მიერ მოთხოვნილი იყო სასაქონლო ზედნადების გამოწერა, თუმცა ტრანსპორტირება დაიწყო ზედნადების გააქტიურების გარეშე. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენისას, საგადასახადო ორგანოებს უნდა შეეფასებინათ და განემარტათ, ორივეს მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი ერთი და იგივე სამართალდარღვევის ჩადენას სხვადასხვა შემადგენლობით. სადავო აქტები არ შეიცავს აღნიშნული საკითხის კვლევასა და დასაბუთებას. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს შპს ,,მ------ს“ მიმართ შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის კანონიერება, რაც გულისხმობს სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების ფაქტის დადასტურებასა და მის სამართლებრივ შეფასებას. დავის გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია დადგინდეს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნის თუ არა საგადასახადო სამართალდარღვევის შემადგენლობას, ჩადენილს მოსარჩელის მიერ. იგივე სამართალდარღვევაში სხვა პირის ბრალეულობა გავლენას ვერ მოახდენს სამართალდამრღვევად ცნობილი პირის პასუხისმგებლობაზე. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ საქონლის გამყიდველი პირი ვერ იქნება დაჯარიმებული იგივე საფუძვლით და იგი ვერ ჩაანაცვლებს ტრანსპორტირების განმახორციელებელ პირს, ვინაიდან მას პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ სასაქონლო ზედნადების გაცემაზე უარის თქმის გამო და არა სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას როგორც სასაქონლო ზედნადების გაცემაზე უარის თქმის შემთხვევებზე, ასევე, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებაზე. მოცემული ნორმის გამოყენების საფუძველი შეიძლება გახდეს როგორც გამყიდველი პირის, ასევე მყიდველის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. თუმცა მათ მიერ განხორციელებული ქმედება ერმთანეთისგან განსხვავებული იქნება, ერთ შემთხვევაში ადგილი ექნება დოკუმენტის გაუცემლობას, ხოლო მეორე შემთხვევაში - ასეთი დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირებას. საქონლის ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს გამყიდველი პირის მიერ სასაქონლო ზედნადების გაცემაზე უარის გაცხადება. განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ გამყიდვე-–-- პირმა არათუ უარი არ განაცხადა ზედნადების გაცემაზე, არამედ მოგვიანებით, გამოწერა კიდეც იგი, თუმცა აღნიშნულს ადგილი ჰქონდა კონტროლის განხორციელების მიზნით ტრანსპროტის გაჩერების შემდეგ. საგულისხმოა, რომ არც მოსარჩელე მიუთითებს გამყიდველი კომპანიის უარზე გაეცა სასაქონლო ზედნადები, არამედ ასახელებს პროგრამის ტექნიკურ ხარვეზს, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გამყიდველი პირის - შპს ,,ე-–-------“-ის ქმედების კანონიერების შესწავლა გავლენას ვერ მოახდენს შპს ,,მ------ს“ მიერ ჩადენილ სამართალდარღვევაზე, შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით კვლევის დაკისრება საგადასახადო ორგანოსთვის სცდება დავის საგნის ფარგლებს.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის დაკისრებისას, ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსით დადგენილი ვადების გავრცელებასთან დაკავშირებით.
პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. ამავე კანონის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მითითებულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, საგადასახადო ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი კანონმდებლობა შემოიფარგლება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საგადასახადო კოდექსითა და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით. მოცემული დანაწესი ადგენს სამართლებრივ ჩარჩოს და ზღუდავს როგორც საგადასახადო ორგანოს, ასევე, გადასახადის გადამხდელთ თავიანთი ქმედება შესაბამისობაში მოიყვანონ მითითებული საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებთან და არ გასცდნენ მათ. საგადასახადო ურთიერთობათა რეგულირებისათვის საგადასახადო კანონმდებლობა მითითებას აკეთებს სხვა საკანონმდებლო ბაზაზე მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, თუკი საკითხი/კონკრეტული ურთიერთობა არ არის მოწესრიგებული ამავე კანონმდებლობით.
პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები დარეგულირებულია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მითითებულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, პალატა აღნიშნავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პასუხისგებლობის დაწესება ხდება მხოლოდ სპეციალური კანონმდებლობით - საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ზომას წარმოადგენს ჯარიმა. საგადასახადო კოდექსის XL თავი მოიცავს საგადასახადო სამართალდარღვევათა ვრცელ ჩამონათვალს, მათ შორის 286-ე მუხლს - საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების შესახებ და ადგენს პასუხისმგებლობის - სანქციის კონკრეტულ ზომას.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის დაკისრების ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება: ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას.
პალატას მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსი ერთმნიშვნელოვნად ადგენს წესს, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში დააკისროს სანქცია საგადასახადო სამართალდამრღვევს. პალატის მოსაზრებით, დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილში არსებული ჩანაწერი ,,საგადასახადო მოთხოვნის“ შესახებ არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, თითქოს მოცემული ნორმით დარეგულირებულია მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადები. აღნიშნული რეგულაცია აგრეთვე ვრცელდება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის წარდგენაზეც. პალატა მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად. ამრიგად, კანონმდებლობა სანქციის დაკისრების მიზნით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს აიგივებს საგადასახადო მოთხოვნასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მე-4 მუხლის მე-3 ნაწილში არსებული ჩანაწერი არ უნდა იქნეს გაგებული/განმარტებული მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის და მისი გამოცემის საფუძვლებთან კავშირში, არამედ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეებთან მიმართებითაც, რა დროსაც გამოიცემა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად. აღნიშნული დასკვნის საფუძვლიანობას ადასტურებს ზემოაღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიც, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს საგადასახადო სამართალდარღვევაზე და ადგენს სანქციის დაკისრების პერიოდს. პალატას მიაჩნია, რომ კანონმდებლის ნება საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით ასახულია საგადასახადო კოდექსში და იგი არ ექვემდებარება სხვა საკანონმდებლო აქტის მეშვეობით დარეგულირებას.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ,,სამართალდარღვევაზე სანქციის დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი, რაც გულისხმობს არა გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე სანქციის შეფარდების 3-წლიანი ვადის არსებობას, არამედ სანქციის გამოყენების დაუშვებლობას იმ სამართალდარღვევის მიმართ, რომლის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან გასულია სამი წელი. შესაბამისად, აღნიშნული ვადა წარმოადგენს არა საგადასახადო ორგანოსათვის სამართალდარღვევაზე რეაგირების - სახდელის გამოყენების ვადის გაზრდის კერძო შემთხვევას, არამედ იცავს გადასახადის გადამხდელის უფლებას, რომ მას არ დაეკისროს სანქცია მაშინაც კი, როდესაც სახდელის დაკისრების ვადები დაცულია, თუმცაღა სამართალდარღვევის ჩადენიდან გასული პერიოდის გამო, საგადასახადო ორგანოს დაკარგული აქვს მისთვის სანქციის შეფარდების უფლება“. მოცემული განმარტებით, სასამართლო მე-4 მუხლით დადგენილ ვადას ავრცელებს საგადასახადო სამართალდარღვევათა მიმართ, თუმცა უკავშირებს სამართალდარღვევის ჩადენის მომენტს და გამორიცხავს მის გავრცელებას სამართალდარღვევის გამოვლენიდან სანქციის დაკისრების პერიოდზე. ამასთან, თუკი სამართალდარღვევის ჩადენიდან სანქციის შეფარდებამდე არ არის გასული 3 წლიანი ვადა, მაგრამ მოხდა დარღვევის გამოვლენა, საგადასახადო ორგანო იზღუდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების 2 თვიანი ვადით. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო პალატა არ იზიარებს ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, სასამართლოთა მოსაზრება თანხვედრაშია იმ ნაწილში, რომ მე-4 მუხლით გათვალისწინებული ვადები უნდა გავრცელდეს საგადასახადო სამართალდარღვევებზე და მათი ათვლა უნდა დაიწყოს სამართალდარღვევის ჩადენიდან და არა გამოვლენიდან, თუმცა გამოვლენის შემთხვევა საგადასახადო ორგანოს არ უზღუდავს სამართალდარღვევის ჩადენიდან 3 წლიანი ვადის ფარგლებში სანქციის დაკისრების უფლებას. ამგვარ შეზღუდვას არ ითვალისწინებს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა - საგადასახადო კოდექსი.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, განსახილველ საქმეთან კავშირში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქმე №ბს-327-323(კ-14), 2 დეკემბერი, 2014 წ.) მითითებას, სადაც აღნიშნულია, რომ „საგადასახადო სამართალდარღვევა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა სპეციფიკურ სახეს, შესაბამისად, მის მიმართ სრულად ვრცელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობის მოთხოვნები.“ მოცემული განმარტებით უზენაესი სასამართლო მსჯელობს საგადასახადო სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემადგენლობის იდენტურობაზე და საგადასახადო სამართალდარღვევას მიაკუთვნებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სპეციფიკურ სახეს. ხსენებულით, უზენაესი სასამართლო არ განმარტავს საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის დაკისრების ვადებს და არ მიუთითებს საგადასახადო კანონმდებლობისგან განსხვავებულ ვადებზე. უზენაესი სასამართლო საგადასახადო სამართალდარღვევას მიაკუთვნებს რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სპეციფიკურ სახეს, აღნიშნულ დასკვნას ძირითადად აფუძნებს იმაზე, რომ იდენტურია საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობები, ხოლო პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა კი ჩადენილი ქმედების, ანუ არსებული შემადგენლობის მიღმაა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც უზენაესი სასამართლო საგადასახადო სამართალდარღვევას მიაკუთვნებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სპეციფიკურ სახეს, მასზედ უნდა გავრცელდეს სპეციალური კანონით დადგენილი რეგულაცია, მოცემულ შემთხვევაში - საგადასახადო კოდექსი.
აქვე, ზემოაღნიშნულის კონტექსტში სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ნებისმიერი ტიპის დასაბუთება/მოტივაცია, მათ შორის სამართლებრივიც, ძირითადად შედგება ორი ნაწილისაგან, კერძოდ, ძირითადი, რასაც უწოდებენ ე.წ. ratio-ს და მეორე, მასთან დაკავშირებული თანმდევი მსჯელობა. სასამართლოს გადაწყვეტილებებში არსებული სამართლებრივი დასაბუთებისას პრაქტიკას ადგენს სწორედ ზემოაღნიშნული ძირითადი ნაწილი, ანუ ის, რაც უშუალოდ ეხება და წყვეტს დავის საგანს და არა მასთან დაკავშირებული თანმდევი, მეორეხარისხოვანი მსჯელობა, რომელიც შესაძლოა იყოს ზოგადი, ხანდახად ბუნდოვანიც, მაგალითებითა და სამართლებრივი თეორიებით გაჯერებული და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ძირითადი დავის საგანი არ ყოფილა საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების იდენტურობა ან ურთიერთგამიჯვნა, შესაბამისი პასუხისმგებლობის ვადებზე მსჯელობა, უზენაესი სასამართლოს მოტივაცია სრულებითაც არ ყოფილა მიმართული და აკუმულირებული ამ საკითხების გადასაწყვეტად, არამედ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დავის საგანი უკავშირდებოდა საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვას და ამ ქმედების მიჩნევას სამართალდარღვევად, ქმედების შემადგენლობას, შესაბამისი პირის ბრალეულობას, მტკიცების ტვირთს და არამც და არამც არ უკავშირდებოდა პასუხისმგებლობის დაკისრების ვადებს; ამგვარ პირობებში კი, უზენაესი სასამართლოს მიერ სრულიად სხვა, სხვა სამართლებრივი სპეციფიკის დავის საგანთან დაკავშირებული და ისიც არა ძირითადი, არამედ მეორეხარისხოვანი განმარტება, არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სრულიად განსხვავებული სამართლებრივი საკითხის გადასაწყვეტად და მოხმობილი იქნეს, როგორც ამ საკითხზე არსებული სასამართლო პრაქტიკა.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევებზე სანქციის დაკისრების ვადა მოიცავს 3 წელს და იგი აითვლება საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის მომენტიდან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევას ადგილი ჰქონდა 2015 წლის 16 სექტემბერს, ხოლო სანქცია შპს ,,მ-----ს“ ჩადენილი ქმედების გამო დაეკისრა 2015 წლის 29 დეკემბერს, ანუ საგადასახადო კოდექსით დადგენილი 3 წლიანი ვადის დაცვით. შესაბამისად, პალატას მიჩნია, რომ საგადასახადო ორგანომ, კანონით დადგენილი წესით გამოსცა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, შპს ,,მ------ს“ მიმართ, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს გამორიცხავს.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და შპს ,,მ------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
8. პროცესის ხარჯები:
სსსკ–ის 53–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელე შპს ,,მ------ს“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ტ ი ლ ე ბ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,მ------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა, 150 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -