განაჩენი

სისხლის სამართლის 26.04.2018
საქმის ნომერი
330100113384272
ინსტანცია
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100113384272 - 1ბ/387-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

23 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზ--------------–-ა

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: გ-------–----------- (პ/ნომერი 6----------), დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ. სოხუმი, ბ----------------–--–------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ა----–-----–-------------------------------------–---;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ-------–-----------მ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

 

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2013 წლის 6 ნოემბრის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა გ-------–-----------მ, ექიმის დანიშნულების გარეშე კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება. კერძოდ, ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით, იგი წარდგენილი იქნა საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში და 2013 წლის 6 ნოემბრის N2219078 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლაბორატორიული კვლევისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გ-------–-----------ს მიერ, მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: კ-------------ის, ვ-–--------–---–ის, ნ-------------–---–ის, მ-------------ის ჩვენებებით, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების გ-------–-----------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა;

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის, მაგრამ გ-------–-----------ს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით გარდა მარიხუანისა მოხმარებული აქვს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება. ამდენად პალატა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრისას ითვალისწინებს ამ გარემოებას.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ-------–-----------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ-------–-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებები გახადა უდაო და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

გ-------–-----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“.

 

აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ სამართლიანი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს სასამართლოს მოვალეობას, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე, სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე შეზღუდულია დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი მესამე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ასოციდან ასოთხმოც საათამდე და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ამასთან პალატას მიაჩნია, რომ დამამძიმებელი გარემოებების არარსებობისას სასჯელის უმკაცრესი ან მასთან მიახლოებული სასჯელის ზომის გამოყენება, ვერ იქნება სამართლიანი და ადეკვატური.

 

პალატა აღნიშნავს, რომ 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

ზემოთ აღნიშული გადაწყვეტილება, დაფუძნებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომ პირისათვის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენს უქმნის საფრთხეს, მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ, უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია.

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, უზენაესმა სასამართლოს თავის არაერთ გადაწყვეტილებაში (მაგ. საქმეN333აპ-16 07/11/2016წ.), რომელიც სხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს ეხებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობიდან გამომდინარე განმარტა, რომ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, როდესაც პირი ნარკოტიკის მოხმარებით საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაითვალოს არაპროპორციულ სასჯელად და, შესაბამისად, მიზანშეწონილია, ამ დროს გამოყენებულ იქნეს სანქციის მეორე, არასაპატიმრო ალტერნატიული სასჯელი - ჯარიმა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ასევე დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, მის მიმართ არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ გ-------–-----------ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით უნდა შეუმსუბუქდეს 1100 ლარამდე. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ-------–-----------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-------–-----------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

გ-------–----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის პროპორციულად შეუმცირდეს და მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 1100 (ერთი ათას ასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-------–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1100 (ერთი ათას ასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებული გ-------–----------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

გ-------–-----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი