განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002029732
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/320-18 28 მარტი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ქეთევან დუგლაძე
სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია
აპელანტები - მ--------–--–--–---–---–--–---–--–--–---–---–-----–--–--–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - ი----–--–-------
წარმომადგენელი - ბ------------–---–-
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის დაბრუნება პირველ ინსტანციაში ხელახლა განსახილველად.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ი----–--–-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა: მ-------–--–--–---–----–--–---–--–--–---–-------–-----–--–--–---–-- უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. თბილისში, II ს-----------------–--- II ქუჩა №--ში მდებარე №01.1--------.041 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (მიწის ნკავეთი:552 კვ.მ.; შენობა-ნაგებობები: №1-121.48 კვ.მ.) და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ი----–--–-------ს.
ი----–--–-------ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, II ს-----------------–--- II ქუჩა №--ში მდებარე, №01.1--------.041 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი: 552 კვ.მ.; შენობა-ნაგებობები: №1 _121.48 კვ.მ.) აღრიცხულია ი----–--–-------ს საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 23 მაისს დამოწმებული №A1701206-016/001 განკარგულება (ს.ფ. 14).
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.2. დადგენილია, რომ ქ. თბილისში, II ს--------- დასახლება II ქუჩა №--ში მდებარე, №01.1--------.041 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ქონებას ფლობენ მოპასუხეები, რომლებსაც არ წარმოუდგენიათ ქონების კანონიერად ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (იხ. შესაგებელი; სხდომის ოქმი: 20.12.2017).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
2.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, II ს-----------------–--- II ქუჩა N6-ში მდებარე, N01.1--------.041 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი: 552 კვ.მ.; შენობა-ნაგებობები: N1-121.48 კვ.მ.) აღრიცხულია ი----–--–-------ს საკუთრებად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. მ-------–--–--–---–----–--–---–--–--–---–-------–-----–--–--–---–-- უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას ქ.თბილისში, II ს-----------------–--- II ქუჩა N6-ში მდებარე, N01.1--------.041
საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (მიწის ნკავეთი:552 კვ.მ.; შენობა-ნაგებობები: N1-121.48 კვ.მ.) და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრე ი----–--–-------ს.
რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
2.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, ხოლო “ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
2.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ, რომ მ-------–--–--–---–---–--–---–--–--–---–------–-----–--–--–---–- სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და არამართლზომიერად ფლობს მოსარჩელის (სააპელაციო საჩივარში მოპასუხის) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, ვინაიდან, მ-------–--–--–---–-----ის უძრავი ქონების მესაკუთრის, მამკვიდრებელ შ--–---–--–--–---–-- მეუღლე და პირველი რიგის მემკვიდრე, მას არ მიუმართავს სანოტარო წესით სამკვიდროს მიღების მოთხოვნით ნოტარიუსისათვის, თუმცა ფლობდა და დღემდე ფლობს სამკვიდრო ქონებას, ანუ ის არის მესაკუთრე, მისთვის ცნობილი არ იყო ის ფაქტი, რომ მისი მეუღლის სრული ქონება მისგან მალულად და უკანონოდ მიიღო მემკვიდრეობით მისმა შვილმა და შემდგომ იპოთეკით დატვირთა ი----–--–-------ს სასარგებლოდ, რასაც შედეგად მოჰყვა იპოთეკის საგნის რეალიზაცია და ი----–--–-------ს მიერ შეძენა, გარდა ამისა მხარეებს შორის ასებობდა ზეპირსიტყვიერი ხელშეკრულება ბინის გამოსყიდვის შესახებ და ამ შეთანხმებით განსაზღვრული იყო ვადა - 2018 წლის ივნისის თვის ბოლომდე, რომელი ვადაც ჯერ არ ამოწურულა.
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ, არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლი; მართალია სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები, მაგრამ, სასამართლომ არასწორად განმარტა ეს მუხლები, ვინაიდან, სახეზე გვაქვს მა------–--–--–---–-ს მიერ უძრავი ქონების კეთილსინდისიერი და კანონიერი ფლობა, ხოლო ცირა და შალვა შალვაშვილების მიერ ზეპირსიტყვიერი ხელშეკრულების (შეთანხმება ბინის გამოსყიდვის შესახებ) საფუძველზე ბინის მართლზომიერი მფლობელობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, II ს-----------------–--- II ქუჩა №--ში, საკადასტრო კოდი: №01.1--------.041, მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი: 552 კვ.მ.; შენობა-ნაგებობები: №1-121.48 კვ.მ.) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე - ი----–--–-------ს სახელზე.
ამონაწერის თანახმად, საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია - თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 23 მაისს დამოწმებული №A1701206-016/001 განკარგულება (ტ.1, ს.ფ. 14).
4.2. დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოპასუხეები მ--------–--–--–---–---–--–---–--–--–---–------–-----–--–--–---–- ფლობენ თბილისში, II ს-----------------–--- II ქუჩა №--ში მდებარე ი----–--–-------ს საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (საცხოვრებელ ფართს).
4.3. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეები მ--------–--–--–---–---–--–---–--–--–---–------–-----–--–--–---–- სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ სადავო უძრავ ქონებას. აპელანტებს აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ მა------–--–--–---–- წარმოადგენს უძრავი ქონების მესაკუთრის - მამკვიდრებელ შ--–---–--–--–---–-- მეუღლეს და პირველი რიგის მემკვიდრეს, ასევე მითითება იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის ასებობდა ზეპირსიტყვიერი ხელშეკრულება ბინის გამოსყიდვის შესახებ, პალატის შეფასებით არ ადასტურებს სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტს, შესაბამისად, მითითებული არგუმენტი პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
სამართლებრივი დასაბუთება
4.4. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე, კერძოდ:
4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ეს ის შემთხვევაა, როცა უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება.
შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე;
2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი;
3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ქონებას ფლობენ კანონიერად და არ არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რისი დადასტურებაც კანონის თანახმად ეკისრებოდა მოპასუხეებს (აპელანტებს). სააპელაციო პალატის შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა ი----–--–-------ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების - მარიამ შალვაშვილის, შ--–---–--–--–---–-- და ცირა შალვაშვილის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საბოლოოდ, სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტებმა ვერ უზრუნველყვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტებმა შეთავაზეს სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯებიდან სახელმწიფო ბაჟის განაწილებისათვის; ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო წარმოების დროს ადვოკატის მომსახურებაზე გასწია ხარჯი 300 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს აპელანტს;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ-------–--–--–---–----–--–---–--–--–---–-------–-----–--–--–---–-- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. მარიამ შალვაშვილს, შალვა შალვაშვილს და ცირა შალვაშვილს დაეკისროთ სოლიდარულად 300 ლარის გადახდა ი----–--–-------ს სასარგებლოდ;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე 5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ქეთევან დუგლაძე