განაჩენი

სისხლის სამართლის 18.04.2018
საქმის ნომერი
330100117001788646
ინსტანცია
თარიღი
18.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001788646

საქმე №1ბ/137-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ--------------–---–ის

ადვოკატის: გ---------------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულის: რ-------------–---–ის

(მონაწილეობის გარეშე)

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) რ-------------–---–ის, დაბადებულის 1987 წლის 15 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონის, არასრული უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–-----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---–--------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ-------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 00:12 საათზე, ქ-------–--–---–-----------------------ში მდებარე სასურსათო მაღაზია „ნ---------–ში“, რ-------------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 14 (თოთხმეტი) ლარად და 90 (ოთხმოცდაათი) თეთრად ღირებულ „ტ--–--ს“ ფირმის ერთ ბოთლ არაყს. რ-------------–---–ის აღნიშნული ქმედებით შპს „ნ---------–ს“ მიადგა 14 (თოთხმეტი) ლარის და 90 (ოთხმოცდაათი) თეთრის მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენით:

 

რ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ რ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმდა.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-----–----–---–--ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მსჯავრდებულ რ-------------–---–ის მიმართ განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრება, კერძოდ, ჯარიმის ნაცვლად სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენი რ-------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება, განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ-------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების –ა-–--------------------ის, ა------------–---–ის, ლ--–---------–---–ის, ლ--–-------–-–---–ის, ლ-----------–---–--ს, ნ-----------–---–ის ჩვენებების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების და აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმის, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის და სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ-------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელად, ნაცვლად ჯარიმისა, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება. სააპელაციო საჩივარში მითითებული სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტი, რომ მსჯავრდებულმა რ-------------–---–მა არ აუნაზღაურა დაზარალებულს ზიანი, ვერ იქნება მიღებული და გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. პროკურორის სააპელაციო საჩივრის პასუხად, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს არ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს. დაზარალებულს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (დელიქტური ვალდებულებები).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის N611აპ-10 განჩინება). პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიაში არ შეიძლება იქნას მოაზრებული, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. შესაბამისად, ის გარემოება, რომ რ-------------–---–ს დაზარალებულისთვის არ აქვს ანაზღაურებული მიყენებული ზიანი, ვერ გახდება დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულმა რ-------------–---–მა, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა (თავდაპირველი აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეეცვალა პატიმრობით), საქმის სასამართლოში გადაგზავნამდე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, მიიმალა და თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილი იქნას განაჩენის აღსრულება. რაც შეეხება სასჯელს, იგი ყოველი კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ადეკვატური რეაგირებაა, რომელსაც მკაცრად პერსონალური ხასიათი უნდა ჰქონდეს. სააპელაციო სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებამ ვერ უზრუნველყო ბრალდებულ რ-------------–---–ის სათანადო ქცევა და გამოძიებასა და სასამართლოში დროული გამოცხადება, რისთვისაც მას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობით, ვერ გახდება მსჯავრდებულისათვის ჩადენილი დანაშაულის გამო დანიშნული სასჯელის გამკაცრების (ჯარიმის შეცვლა თავისუფლების აღკვეთით) საფუძველი. აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება აპრიორი არ ნიშნავს ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, სააპელაციო პალატა მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ციხის ევროპულ წესებთან დაკავშირებით რეკომენდაციაზე, რომლის თანახმად, პატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის უნდა იყოს გამოყენებული, როგორც უკიდურესი ზომა, უკიდურესი საშუალება, ე.წ. ultima ratio. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ რ-------------–---–ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორ ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენი რ-------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ რ-------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

რ-------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ რ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შპს „ნ---------–ის“ სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში: სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე