განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2018
საქმის ნომერი
330100115001046015
ინსტანცია
თარიღი
23.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #-30100115001046015

საქმე №1ბ/14-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

ნანა უნდილაშვილის, მარიამ ნანეიშვილის, ვახტანგ ლობჟანიძის,გიორგი კვახაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-–-------------ის

ადვოკატის: ბ-------------------–---–ის

გამართლებულის: გ---------------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლ-–-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): გ---------------------ის, დაბადებულის 1989 წლის 7 მარტს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), უმაღლესი განათლებით, ნასამართლევის, დასაოჯახებელის, მცხოვრების: ქ-------–--–---------–-----–------------------------ში, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გამოძიებაში გ---------------------ეს ბრალად წარდგენილი ჰქონდა დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა, რომელსაც ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში, ჩადენილი პირადი მოტივით. ასევე, ბრალად წარდგენილი ჰქონდა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა, რომელსაც ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია).

 

აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის #9--- ბრძანების შესაბამისად, ქ. თბილისში მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმარი გ---------------------ე გადაყვანილ იქნა ქ. ბათუმში მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #- დაწესებულებაში.

 

გ---------------------ისთვის მიუღებელი აღმოჩნდა თბილისიდან ბათუმში განთავსებულ დაწესებულებაში მისი გადაყვანა და #- დაწესებულებაში შესახლებისას დაემუქრა დაწესებულების თანამშრომლებს, რომ თუ არ დააბრუნებდნენ თბილისში, მიიყენებდა თვითდაზიანებებს და სახალხო დამცველს დაარწმუნებდა, რომ იყო დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან წამების მსხვერპლი.

 

2014 წლის 22 სექტემბერს, #- დაწესებულებაში შესახლების შემდგომ, გ---------------------ემ მიიყენა თვითდაზიანებები და სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას პირადი მოტივით, #8 დაწესებულებაში დაბრუნების მიზნით, ამ უკანასკნელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, მის მიმართ #- დაწესებულების თანამშრომლის მ----------–-----ის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საბადრაგო სამმართველოს და #- დაწესებულების სხვა თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა მძიმე დანაშაულის ჩადენას - დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რაც გახდა სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი.

 

2014 წლის 2 ოქტომბერს, სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას გ---------------------ემ მისცა ცრუ ჩვენება, რომ, თითქოს, #- დაწესებულების თანამშრომლის მ----------–-----ის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვა თანამშრომლების მხრიდან, გ---------------------ის მიმართ ადგილი ჰქონდა მძიმე დანაშაულის ჩადენას - დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:

 

გ---------------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:

 

2014 წლის 12 სექტემბერს გ---------------------ე დაკავებული იქნა განზრახ მკვლელობის ბრალდებით. 2014 წლის 13 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და მოთავსდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში.

 

2014 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის #9--- ბრძანების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმარი გ---------------------ე ქ. თბილისიდან გადაყვანილ იქნა ქ. ბათუმში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის #- დაწესებულებაში.

 

გ---------------------ის 2014 წლის 22 სექტემბრის ახსნა-განმარტების საფუძველზე, 2014 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით (#0---------) მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #- და #8 დაწესებულებებში ბრალდებულ გ---------------------ის მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების და მითითებული ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერების დროულად ამოღების თაობაზე.

 

აღნიშნულ ფაქტზე, 2014 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს მთავარი პროკურატურის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოში, საქართველოს სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საბადრაგო სამმართველოს #- დაწესებულების თანამშრომლების მიერ ბრალდებულ გ---------------------ის მიმართ განხორციელებულ დამამაცირებელ და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2014 წლის 26 სექტემბერს, სისხლის სამართლის საქმე, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადაეცა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #- დაწესებულების მორიგე ექიმის 2014 წლის 22 სექტემბრით დათარიღებული გარეგნული დათვალიერების ოქმის მიხედვით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #- დაწესებულებაში შესულ ბრალდებულ გ---------------------ეს გარეგნული დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნება.

 

2014 წლის 26 სექტემბერს, გ---------------------ეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის #0-------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების (26.09.2014წ. 12:30 სთ-12:50 სთ) მონაცემებით, გ---------------------ეს აღენიშნებოდა ხაზოვანი ფორმის ნაჭდევები-ნაკაწრები, რომლებიც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. ნაჭდევი მარჯვენა წინამხრის არეში და სისხლნაჟღენთები ორივე საფეთქლის საპროექციოდ, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედების შედეგად, სწორკიდოვანი ჭრილობები მარცხენა წინამხრის არეში, რომლებიც განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად. ხაზოვანი ფორმის ნაჭდევები-ნაკაწრები, ნაჭდევი და სისხლნაჟღენთი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო ჭრილობები მარცხენა წინამხრის არეში, ცალკ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2014 წლის 22 სექტემბერს.

 

2014 წლის 2 ოქტომბერს დაკითხულ იქნა გ---------------------ე, რომელმაც არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში ამხილა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ლ-–-------------ემ.

 

აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ---------------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენი გამართლებულ გ---------------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ძირითად არგუმენტებზე.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეზე ჩატარებული იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. აპელანტის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ ბრალდების მხარის მოწმეები ძირითადად არიან პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლები, აიხსნება საქმის სპეციფიკით. ამასთანავე, სხვა მესამე მტკიცებულების მოპოვების თეორიული შანსი ბრალდების მხარეს არ გააჩნდა. რაც შეეხება ე.წ. ,,პულტების ოთახი“-ს ვიდეო ჩანაწერებს, პროკურორი სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ, მართალია, ბრალდების მხარე ვიდეოჩანაწერით დაინტერესდა, მაგრამ, ვინაიდან აღნიშნული ჩანაწერი 24 საათში იქნა განადგურებული, მათი წარდგენა ფიზიკურად შეუძლებელი გახდა. რაც შეეხება ე.წ. ,,პულტების ოთახი“-ს თანამშრომელთა ვინაობის დადგენას და მათ დაკითხვას, სახელმწიფო ბრალმდებელი მიიჩნევს, რომ მათი დაკითხვა გარდამტეხ ცვლილებას ვერ შეიტანდა საქმესთან მიმართებით, ამასთან, მათი ჩვენებები იქნებოდა ირიბი, რომელსაც მტკიცებულებითი ღირებულება არ გააჩნია. სახელმწიფო ბრალმდებელი აღნიშნავს, რომ, მართალია, 2014 წლის 2 ოქტომბერს დაკითხვისას გ---------------------ე არ იქნა გაფრთხილებული საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლით მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, თუმცა გამოძიებამ აღმოფხვრა აღნიშნული ხარვეზი და წარადგინა გ. ო-----------ის 2014 წლის 1 ივლისის დაკითხვის ოქმი, სადაც იგი გაფრთხილებულია ცრუ დასმენის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხიმსგებლობის შესახებ. აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, პროკურორი მიიჩნევს, რომ გიორგი ო-----------ე ჩვენების მიცემისას სრულად აცნობიერებდა ქმედების მართლწინააღმდეგობას და მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფო ბრალმდებელმა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ყურადღება გაამახვილა გ---------------------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე და აღნიშნა, რომ მისი ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის ექსპერტიზის დასკვნასთან მიყენებული დაზიანების რაოდენობისა და ლოკალიზაციის თვალსაზრისით.

 

სააპელაციო პალატა თავდაპირველად ყურადღებას მიაპყრობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იმ მტკიცებულებებს, რომლითაც ბრალდება შეეცადა დაედასტურებინა გ---------------------ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, ხოლო შემდეგ განიხილავს დაცვის მხარის მტკიცებულებებს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2015 წლის 7 ივნისის დადგენილებით ირკვევა, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებიდან ბრალდებული გ---------------------ე გადაყვანილ იქნა #- დაწესებულებაში, გ---------------------ის განმარტებით, ორივე დაწესებულების თანამშრომლებმა მას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტზე 2014 წლის 25 სექტემბერს საქართველოს მთავარი პროკურატურის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოში, საქართველოს სახალხო დამცველის წერილის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საბადრაგო სამმართველოს #- დაწესებულების თანამშრომლების მიერ ბრალდებულ გ---------------------ის მიმართ განხორციელებულ დამამაცირებელ და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2014 წლის 26 სექტემბერს, სისხლის სამართლის საქმე, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადაეცა ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. 2014 წლის 2 ოქტომბერს დაკითხულ იქნა გ---------------------ე, რომელმაც ამხილა მის მიმართ დანაშაულის ჩადენაში კონკრეტული პირები. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე დაიკითხნენ მოწმეები. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს არ ჩაუდენიათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებები გ---------------------ის მიმართ, რის გამოც 2014 წლის 13 ოქტომბერს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება.

 

2015 წლის 6 ივნისს, გაუქმდა 2014 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ და მოცემულ საქმეზე განახლდა გამოძიება, ვინაიდან გამოძიების შეწყვეტის დროს, გ---------------------ის ქმედებას ცრუ დასმენის ნაწილში, არ მიეცა სამართლებრივი შეფასება და საქმეზე ისე იქნა გამოტანილი დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ. 2015 წლის 7 ივნისს სისხლის სამართლის #0----------- საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის #0----------- საქმე გ---------------------ის მიერ მძიმე დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენის ფაქტზე, ჩადენილი პირადი მოტივით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე ამოწურულია რა საგამოძიებო მოქმედებები და ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საბადრაგო სამმართველოს და #- დაწესებულების თანამშრომლების მიერ გ---------------------ის მიმართ ადგილი არ ჰქონია დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს. შეწყდა გამოძიება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის #8 დაწესებულების თანამშრომლები - დ----------–---–ი, თ----------------ე, ლ------------–---–ი, ბ-------------–---–ის, ბ------------–-–---–ი და ი-----–---–---–-–---–ი. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ გ---------------------ე იყო პრობლემური და თვითდაზიანებისკენ მიდრეკილი პატიმარი. მათი განმარტებით, გ---------------------ე აპროტესტებდა ბათუმის #- დაწესებულებაში ეტაპირებას. მოწმეებმა აღნიშნეს, რომ გ---------------------ე ეტაპირებამდე რამდენიმე დღე შიმშილობდა, რის გამოც იგი დაუძლურებული იყო და ფეხით სიარულიც კი უჭირდა. იგი საბადრაგო სამსახურის მანქანამდე თანამშრომლების დახმარებით გადაადგილდა. იგივე გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ა---------------ემ და მ-------–-----–---–მა, რომლებმაც დამატებით განმარტეს, რომ გ---------------------ე განთავსებული იყო ვიდეოთვალით აღჭურვილ საკანში, რომელზეც კონტროლი ხორციელდებოდა ოცდაოთხსაათიან რეჟიმში. მოწმე გ-----------–---ს ჩვენებით კი დადგენილია, რომ გ---------------------ე #8 დაწესებულებაში შესახლებული იქნა 2014 წლის სექტემბრის თვეში, იგი იყო პრობლემური და თვითდაზიანებისკენ მიდრეკილი პატიმარი. მანვე, აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი მორიგეობის დროს, გ---------------------ემ მოითხოვა სოციალურ მუშაკთან შეხვედრა და საუბრის დაწყებიდან ათი წუთის შემდგომ დაიწყო ყვირილი, იგი გამოთქვამდა გაურკვეველ პროტესტს, იყო აგრესიული და იგინებოდა ადმინისტრაციის მისამართით. სიტყვიერად სცადეს მისი დამშვიდება, რა დროსაც გ---------------------ემ განაცხადა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან დააფიქსირებდა, რომ დაზიანება ციხის თანამშრომლებმა მიაყენეს. მოწმე გ---------------ს განმარტებით, მას ერთხელ ჰქონდა სამსახურებრივი შეხება გ---------------------ესთან, კერძოდ, #8 დაწესებულებაში ყოფნისას საკნიდან გაიყვანა ადვოკატთან შესახვედრად. შეხვედრის შემდეგ გ---------------------ე იყო გაღიზიანებული, აღელვებული და იმუქრებოდა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებას, რასაც ციხის თანამშრომლებს დააბრალებდა და სახალხო დამცველსაც აცნობებდა. აღნიშნულის თაობაზე მან (მოწმემ) აცნობა ხელმძღვანელობას. მოწმემ აღნიშნა, რომ გ---------------------ე მოთავსებული იყო ვიდეოთვალით აღჭურვილ საკანში, რომელზე კონტროლიც 24 საათის განმავლობაში ხორციელდებოდა. ასევე, თხუთმეტ წუთში ერთხელ მასზე უშუალო, ვიზუალური კონტროლი ხორციელდებოდა უსაფრთხოების თანამშრომლების მხრიდან. მოწმე გ----------------ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი იყო იმ ჯგუფის უფროსი, რომელმაც თბილისიდან ბათუმში გ---------------------ის ბადრაგირება განახორციელა. ჯგუფის წევრებისათვის ცნობილი იყო, რომ გ---------------------ე იყო მოშიმშილე პატიმარი, რომელიც შიმშილობის გამო თავს სუსტად გრძნობდა, მას წამოდგომაში დაეხმარნენ და ხელმოკიდებული გამოიყვანეს შენობიდან. მოწმემ აღნიშნა, რომ გ---------------------ე უკმაყოფილებას გამოთქვამდა ეტაპირების გამო, იგინებოდა უმისამართოდ და იმუქრებოდა თვითდაზიანებით. გ---------------------ემ ექიმის შემოწმება გაიარა როგორც მერვე დაწესებულებიდან წამოყვანამდე, ასევე მესამე დაწესებულებაში მიყვანის შემდგომაც. მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა გ---------------------ის სხეულზე რაიმე დაზიანების არსებობა ეტაპირებამდე. ეტაპირების დროს კი გ. ო-----------ის მიმართ არ ჰქონია ადგილი რაიმე შეურაცხყოფას. ის გარემოება, რომ გ---------------------ის ეტაპირებისას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ შეურაცხყოფას დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა დ------------–---–მა, დ---------------ემ და თ-----------–---–---–მა. მოწმის სახით დაკითხულმა თ-----------------–---–მა განმარტა, რომ იგი იყო იმ ავტომანქანის მძღოლი, რომლითაც მოხდა გ---------------------ის გადაყვანა ბათუმის მესამე პენიტენციურ დაწესებულებაში. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ვიდეო სათვალთვალო კამერა. მოწმე მ----------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის სექტემბერში იყო სასჯელაღსრულების დეპარტამეტის #- დაწესებულების რეჟიმის უსაფრთხოების უფროსი. 2014 წლის 22 სექტემბერს, ხელმძღვანელისგან შეიტყო, რომ მე-8 დაწესებულებიდან გადმოჰყავდათ პრობლემური, თვითდაზიანებისკენ მიდრეკილი პატიმარი გ---------------------ე, რის გამოც საჭირო გახდა გ---------------------ეზე განსაკუთრებული მეთვალყურეობა, ვიზუალური კონტროლი ვიდეო კამერის და თანამშრომლების მხრიდან ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გზით. გ---------------------ე შესახლების პირელივე წუთებიდან აგრესიულად იყო განწყობილი ციხის თანამშრომლების მიმართ, იგი იგინებოდა და აპროტესტებდა ეტაპირების ფაქტს. სასჯელაღსრულების დაწესებულების ყველა თანამშრომელი იყო მის მიმართ მომთმენი და მოუწოდებდნენ მას (გ. ო-----------ეს) სიმშვიდისკენ, მაგრამ იგი იმუქრებოდა, რომ თვითდაზიანებას მიიყენებდა, რასაც ციხის თანამშრომლებს დააბრალებდა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გ---------------------ე მოთავსებულ იქნა დეესკალაციის 2---ე საკანში, რომელიც აღჭურვილი იყო ვიდეოთვალით. მოწმის განმარტებით, მოთავსებიდან დაახლოებით ნახევარ საათში გ---------------------ემ კაფელის ნატეხით მიიყენა დაზიანება მარცხენა ხელზე, რის გამოც მას მორიგე და ციხის მთავარმა ექიმმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. გ. ო-----------ე უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარების მიღებაზე, თუმცა იმის გამო, რომ ექიმის განმარტებით, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობის შემთხვევაში საფრთხე შეექმნებოდა პატიმრის სიცოცხლეს, მას დაადეს ხელბორკილები და ისე გაუწიეს სამედიცინო დახმარება. ამ ფაქტის შემდეგ, გ---------------------ესთან შევიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი გ-----------------ი. მას შემდეგ, რაც გ. ო-----------ემ 2---ე საკანში მიიყენა თვითდაზიანება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სხვა საკანში გადაყვანის შესახებ, რომელიც ასევე იყო აღჭურვილი ვიდეოთვალით, რომელსაც ათ წუთში ერთხელ სათვალთვალო ღიობიდან ციხის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებდნენ. მეორე დღეს, 2014 წლის 23 სექტემბერს, გ---------------------ეს ჰქონდა მცდელობა გადაჭრილი პლასტმასის ბოთლით მიეყენებინა თვითდაზიანება. იგი გისოსებს ურტყამდა საფეთქლებს და ამ გზით და ხერხით მიიყენა თვითდაზიანება თავზე. იგივე შინაარსის ჩვენება მისცა მოწმე გ-----------------ემ. კერძოდ, აღნიშნული მოწმის განმარტებით, გ---------------------ე იყო აგრესიული და გამოთქვამდა უკმაყოფილებას თბილისიდან ბათუმში ეტაპირების გამო. იგი იმუქრებოდა თვითდაზიანებით და აცხადებდა რომ დაზიანებების წარმოშობას დააბრალებდა ციხის თანამშრომლებს, რის გამოც იგი მოთავსებული იქნა დეესკალაციის 2---ე საკანში, რომელიც აღჭურვილი იყო ვიდეოთვალით და ექვემდებარებოდა ოცდაოთხსაათიან კონტროლს. საკანში მოთავსებიდან რამდენიმე წუთში მან (მოწმემ) შეიტყო, რომ ბრალდებულმა დაზიანება მიიყენა კაფელის ნატეხით, როდესაც იგი საკანში შევიდა გ---------------------ე უარს აცხადებდა ჭრილობის შეხვევაზე და ამბობდა, რომ სახალხო დამცველისთვის უნდა ეჩვენებინა ჭრილობა და დაზიანება ციხის თანაშრომლებისთვის დაებრალებინა. პატიმარი იყო აგრესიული, სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებაზე აცხადებდა უარს, რის გამოც დაადეს ხელბორკილი და ისე შეუხვიეს ჭრილობა. ამ ფაქტის შემდგომ გ---------------------ე გადაიყვანეს 232-ე საკანში, რომელშიც იყო მხოლოდ ტყავის ლეიბი. მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა ციხის თანამშრომლების მხრიდან გ---------------------ის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყნების ფაქტი. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა დ--------------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ თვითდაზიანების მიყენების შემდგომ გ---------------------ის 232-ე საკანში გადაყვანა მოხდა პატიმრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მოწმემ აღნიშნა, რომ 2---ე საკანში განთავსებული იყო რკინის საწოლი, რომელიც, შესაძლოა, გამხდარიყო გ---------------------ისთვის თვითდაზიანების მიყენების საშუალება, ხოლო 232-ე საკანში იყო მხოლოდ ტყავის ლეიბი. ორივე დეესკალაციის ოთახი აღჭურვილი იყო ვიდეოთვალით. 2014 წლის 23 სექტემბერს იგი (მოწმე) უშუალოდ შეესწრო, როგორ გაუსვა საფეთქლები პატიმარმა გ---------------------ემ ფანჯრის გისოსებს. გ---------------------ე იმუქრებოდა, რომ ამ დაზიანებებს ციხის თანამშრომლებს დააბრალებდა და ამ გზით წავიდოდა მესამე დაწესებულებიდან. მოწმის განმარტებით, ვინაიდან არსებობდა გ---------------------ის მიერ თვითდაზიანებების მიყენების საფრთხე, იგი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და ღიობიც სულ ღია იყო. გ---------------------ის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტი დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ო------–------–--–მა და დ-------–----------ემ. გ---------------------ის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტის შესახებ აღნიშნა, აგრეთვე, მოწმე ე-–----------------ემ და განმარტა, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს, #2-- საკანში შესახლებიდან რამდენიმე წუთში, იმ ოთახიდან, სადაც ხორციელდებოდა გ. ო-----------ის საკანზე ოცდაოთხსაათიანი ვიდეო კონტროლი, აცნობეს, რომ გ---------------------ემ მიიყენა თვითდაზიანება, კერძოდ, კედლიდან ჩამოტეხილი კაფელის ნამსხვრევით მიიყენა თვითდაზიანება, რის შემდეგაც უსაფრთხოების მიზნით გადაყვანილი იქნა 232-ე საკანში, სადაც საწოლის ნაცვლად იყო მხოლოდ ტყავის ლეიბი. მოწმემ გამორიცხა ციხის თანამშრომლების მხრიდან გ---------------------ის მიმართ სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. მოწმის სახით დაკითხულმა მ--–------------–--ემ აღნიშნა, რომ გ---------------------ის შესახლებიდან რამდენიმე წუთში ღიობიდან შენიშნა, რომ ბრალდებულს ხელში პატარა ნატეხი ეჭირა და ხელს იჭრიდა. მათ აღკვეთეს გ. ო-----------ის მიერ თვითდაზიანების ფაქტი. მოწმემ გამორიცხა ციხის თანამშრომლების მხრიდან გ---------------------ის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ბ---–-------–--–მა. მოწმეების - დ-------–----------ის, გ-----------–--ისა და მ-----------------ის ჩვენებების თანახმად, 2014 წლის 23 სექტემბერს გ---------------------ემ მოითხოვა წყლის ბოთლი. ხელმძღვანელობის თანხმობით გადასცეს პლასტმასის ბოთლი წყლით. გ. ო-----------ემ აღნიშნული ბოთლი გადატეხა და გადატეხილი ბოთლის საშუალებით ცდილობდა თვითდაზიანებას. ციხის თანამშრომლებმა თვითდაზიანების მიყენების ფაქტი მყისიერად აღკვეთეს, ამის მიუხედავად, ბრალდებული თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით და ამბობდა რომ მიღებულ დაზიანებებს მათ დააბრალებდა. მოწმე ო------–------–---–ის ჩვენების თანახმად, პლასტმასის ბოთლით თვითდაზიანების მიყენების შემდეგ გ---------------------ემ კედელს რამდენჯერმე მიარტყა თავი.

 

საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა #- პენიტენიცური დაწესებულების მორიგე ექიმი ი--–-------------ი, რომლის განმარტებით, 2014 წლის 22 სექტემბერს, დაწესებულებაში ეტაპირებული იქნა პატიმარი გ---------------------ე, რომელიც რამდენიმე თანამშრომლის თანდასწრებით გარეგნულად დაათვალიერა. პატიმარს გარეგნულად რაიმე დაზიანების კვალი არ ეტყობოდა, რაც ასახულ იქნა შესაბამის ოქმში. მოწმის ჩვენებით, გ---------------------ე იყო აგრესიული, აპროტესტებდა თბილისიდან ბათუმში ეტაპირებას და აცხადებდა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებას, რასაც ციხის თანამშრომლებს დააბრალებდა. შემოწმების გავლის შემდგომ გ---------------------ე მოთავსებული იქნა საკანში. მოგვიანებით შეიტყო, რომ 2---ე საკანში განთავსებულმა გ---------------------ემ მიიყენა თვითდაზიანება და საჭიროებდა ექიმის დახმარებას, იგი გამოცხადდა ხსენებულ საკანში, სადაც პატიმართან ერთად დახვდა ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მთავარი ექიმი ზ----------------–--ე. ბრალდებულს აღენიშნებოდა მარცხენა წინამხრის დაზიანება სისხლდენით და უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარების მიღებაზე, რის გამოც პატიმარს დაადეს ხელბორკილები და ისე შეუხვიეს ჭრილობა. ადგილზე მისვლისას მოწმემ შეიტყო, რომ ბრალდებულმა თვითდაზიანება კაფელის ნატეხით მიიყენა. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა #- პენიტენციური დაწესებულების მთავარმა ექიმმა ზ----------------–--ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, გ---------------------ეს თვითდაზიანების მიყენების ფაქტის შემდეგ ჰქონდა სისხლდმენი ჭრილობა, მაგრამ უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარების მიღებაზე. რის გამოც მან (მოწმემ) თავად სთხოვა დახმარება ციხის თანამშრომლებს, რომლებმაც დაადეს ხელბორკილები პატიმარს და ისე მოხდა ჭრილობების დამუშავება.

 

მოწმეთა დაკითხვის გარდა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები: 2014 წლის 15 სექტემბრის პაციენტის გასინჯვის #------- ფურცლის მიხედვით, პატიმარი გ---------------------ე რამდენიმე დღეა შიმშილობს, უჩივის საერთო სისუსტეს. 2014 წლის 22 სექტემბერს პატიმარ გ---------------------ეს შიმშილობისგან გამოწვეული, მკვეთრად გამოხატული სისუსტე ჰქონდა. 2014 წლის 22 სექტემბრის #- დაწესებულების მორიგე ექიმის გარეგნული დათვალიერების ოქმის მიხედვით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #- დაწესებულებაში შესულ ბრალდებულ გ---------------------ეს გარეგნული დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნება. სასმართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს გ---------------------ემ სახალხო დამცველის რწმუნებულთან გ-----------------თან გასაუბრების დროს განაცხადა, რომ ციხის თანამშრომლებმა სცემეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ცემის შემდეგ, პროტესტის ნიშნად მიიყენა თვითდაზიანება.

 

საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, დაიკითხა გ---------------------ე, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და აღნიშნა, რომ 2014 წელს უკანონოდ დააკავეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით და შეასახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში. იგი (გ. ო-----------ე) შესახლების მომენტიდან აპროტესტებდა დაკავებას, რასაც შიმშილობის ფორმით გამოხატავდა. გ---------------------ის განმარტებით, 2014 წლის 22 სექტემბერს სწორედ დასჯის მიზნით მოხდა მისი ეტაპირება ბათუმის #- დაწესებულებაში. იგი (გ. ო-----------ე) მოტყუებით გაიყვანეს თბილისის მე-8 დაწესებულებიდან. საბადრაგო სამსახურის მანქანაში შეიტყო, რომ ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გადაჰყავდათ. რამდენიმედღიანი შიმშილობის გამო, იყო ძალიან დასუსტებული, ფეხით გადაადგილებაც კი უჭირდა. მანვე აღნიშნა, რომ გამოთქვამდა სიტყვიერ პროტესტს ბათუმში ეტაპირებასთან დაკავშირებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და იმის გამო, რომ მკვლელობის საქმეს განიხილავდნენ თბილისის სასამართლოში და რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით სხვა ციხეში გადაყვანა იყო არასწორი. მესამე დაწესებულებაში ეტაპირებისთანავე მას ჩამოართვეს პირადი ნივთები და შეიყვანეს ანტივანდალურ საკანში, რომელშიც არაფერი იყო, გარდა რკინის საწოლისა და საპირფარეშოსი. გ. ო-----------ემ განაცხადა, რომ საკანში ფანჯარა არ იხსნებოდა, იგი ითხოვდა ჰაერს, რომელიც არ ყოფნიდა შიმშილობის და საკანში არსებული უჰაერობიდან გამომდინარე, ასევე ითხოვდა ექიმს და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრას, რაზედაც თავდაპირველად ციხის თანამშრომლები უარს ეუბნებოდნენ. გ. ო-----------ის განმარტებით, იგი უარს აცხადებდა შეეწყვიტა შიმშილობა, რის გამოც სასჯელაღსრულების დეპარტამეტის #- დაწესებულების რეჟიმის უსაფრთხოების უფროსი მ----------–-----ე ემუქრებოდა პირობების გაუარესებით. სწორედ აღნიშნულ საკანში მას მ----------–-----ე და მესამე დაწესებულების სხვა თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ღორღიან იატაკზე დააგდეს, ურტყამდნენ თავისა და სხეულის სხვა არეში. ასევე აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მისგან მკვლელობის აღიარებას მოითხოვდნენ. მკვლელობის არაღიარების შემდეგ მ----------–-----ე მას (გ. ო-----------ეს) დაემუქრა: „შენს სისხლს დავლევ“-ო, რა დროსაც მან (გ. ო-----------ემ) შენიშნა ძირს დაგდებული კაფელის ნატეხი, რომლითაც პროტესტის ნიშნად მაჯის არეში ხელი გადაიჭრა. თვითდაზიანების მიუხედავად, მასზე ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა. იმავე დღეს, ციხეში შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელს გ-----------------ს, რომელსაც განუცხადა მ----------–-----ის და ციხის სხვა თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური და სიტყივერი შეურაცხყოფის მიყენებისა და ასევე თვითდაზიანების ფაქტების შესახებ. ამის შემდეგ იგი (გ. ო-----------ე) გადაიყვანეს 232-ე საკანში, სადაც მხოლოდ ტყავის ლეიბი იდო იატაკზე. მის (გ. ო-----------ის) მიმართ 232-ე საკანშიც გრძელდებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები. მისგან მოითხოვდნენ წარდგენილი ბრალდების - მკვლელობის აღიარებას. მეორე დღეს, 2014 წლის 23 სექტემბერს, მას (გ. ო-----------ეს) ფიზიკურად გაუსწორდა ციხის თანამშრომელი დ-------–----------ე. გ. ო-----------ის განმარტებით, როგორც 2---ე, ასევე 232-ე საკანში ხორციელდებოდა ვიდეომეთვალყურეობა, შესაბამისად, მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები ასახულია ვიდეოჩანაწერებში, რომლებიც არ იქნა წარმოდგენილი. ბრალდებულმა კატეგორიულად გამორიცხა თვითდაზიანების მიყენება თავისა და ხელის იმ არეში, რაც ასახულია ექსპერტიზის დასკვნაში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა სახალხო დამცველის აპარატის აჭარის რეგონალური დეპარტამენტის თანამშრომელმა გ-----------------მა განმარტა, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს #- პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა პატიმარი გ---------------------ე, რომელიც მოთავსებული იყო დეესკალაციის #2---ე საკანში. გასაუბრებისას გ. ო-----------ემ განუცხადა, რომ მასზე, როგორც მოშიმშილე პატიმარზე, განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მიიყენა თვითდაზიანება. მოწმის განმარტებით, გ---------------------ეს ხელი შეხვეული ჰქოდა. იგი (გ---------------------ე) ძალადობაში ამხელდა მ----------–-----ეს და მე-3 დაწესებულების სხვა თანამშრომლებს. იგი (მოწმე) პერიოდულად ხვდებოდა გ---------------------ეს #- დაწესებულებაში, ყველა შეხვედრის დროს პატიმარი ჩიოდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის სხვადასხვა ფაქტებზე.

 

საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა მოწმე ნ------------------ი, რომელმაც აღნიშნა, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს, სასჯელს იხდიდა ბათუმის #- დაწესებულებაში, სადაც არაერთხელ გახდა ძალადობის მსხვერპლი დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან. 2014 წლის 22 სექტემბერს, მისი საკნის გვერდით, დეესკალაციის 2---ე საკანში მოათავსეს გ---------------------ე. მას (მოწმეს) ესმოდა ყველაფერი, რაც #2-- საკანში ხდებოდა. ესმოდა გ---------------------ის ხმა, რომელიც ციხის თანამშრომლებს სთხოვდა, ნუ ურტყამდნენ, მკვლელობას მაინც არ დაიბრალებდა. ციხის თანამშრომლები კი ემუქრებოდნენ, თუ არ აღიარებდა მკვლელობას, მაშინ ცოცხალი ვერ გავიდოდა. აღნიშნულს მოჰყვა ინციდენტი და გ---------------------ეზე ფიზიკური ძალადობა. მეორე დღეს გ. ო-----------ე 232-ე საკანში გადაიყვანეს. აღნიშნული საკანი მდებარეობდა მის (ნ. თაბაგარის) საკნის მოპირდაპირე მხარეს, ამიტომ იგი ხედავდა ყველაფერს, რაც ხდებოდა აღნიშნულ საკანში. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა #- პენიტენციური დაწესებულების იმჟამინდელმა პატიმარმა ლ-–----------–---–მა. მოწმის განმარტებით, გაიგონა გ---------------------ის ხმა, რომელიც განწირული ყვიროდა „გაჩერდით, გეყოფათ, დამანებეთ თავი, რა გინდათ? რას მერჩით?“. მანვე აღნიშნა, რომ #- პენიტენციური დაწესებულებაში ხშირად ხდებოდა პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობა. მოწმე მ-----------ის განმარტებით, 2014 წელს იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე. პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, იგი აწარმოებდა #- პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგს. მონიტორინგის ფარგლებში არაერთხელ შეხვდა გ---------------------ეს, რომლიც მას (მოწმეს) უყვებოდა შეხვედრიდან შეხვედრამდე მასზე (გ. ო-----------ეზე) განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ. მოწმემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი შეხვედრისას გ---------------------ეს აშკარად ეტყობოდა ფიზიკური დაზიანების კვალი. კერძოდ, (გ. ო-----------ეს) შეხვეული ჰქონდა მარცხენა ხელი, ასევე დაზიანება ჰქონდა თავის არეში. მისივე განმარტებით, #- პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები იყო ხშირი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენის დადგენისას სასამართლომ თანამიმდევრობით გადასაწყვეტ საკითხებს შორის პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედებ(ები)ა. მოცემულ შემთხვევაში გ---------------------ეს ბრალად შერაცხული ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ დანაშაულთა საკანონმდებლო კონტრუქციას, რომელთა ჩადენაც გ---------------------ეს ბრალად ჰქონდა წარდგენილი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულად და შესაბამისად, დასჯად ქმედებად გამოცხადებულია დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა. იგივე მუხლის მეორე ნაწილი ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებად უთითებს, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი ითვალისწინებს მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას პირადი მოტივით. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენაში იგულისხმება კონკრეტული პირის დადანაშაულება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ამა თუ იმ ქმედების ჩადენაში, რაც სინამდვილეში ამ კონკრეტულ პირს არ ჩაუდენია, ანუ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს დამნაშავე პირის მიერ განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტული პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება პირს ბრალად შეერაცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების (ცრუ დასმენა) ჩადენა. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მეორე ნაწილი მაკვალიფიცირებელ გარემოებად უთითებს იგივე ქმედებას (დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენას), თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში. აღნიშნული დეფინიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენის შემთხვევაში ადგილი უნდა ჰქონდეს კონკრეტული პირის ტყუილად დადანაშაულებას (დასმენას, დაბრალებას), რომ ამ პირმა, თითქოსდა, ჩაიდინა დანაშაული, რაც სინამდვილეში არ მომხდარა. რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, - მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემას, რომელსაც თან ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში (2016 წლის 20 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), აღნიშნული ფორმალური შემადგენლობის დანაშაულია და გამოიხატება მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემაში, რაც მოწმის მიერ სინამდვილის შეგნებულ დამახინჯებას გულისხმობს. ჩვენება ჩაითვლება ცრუდ, თუ მასში მთლიანად ან ნაწილობრივ დამახინჯებულია ის ფაქტები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ საქმის ობიექტურად გადაწყვეტისათვის.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება განახორციელა და ის ფაქტი, რომ ბრალდების მხარის მოწმეები ძირითადად არიან პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლები, აიხსნება საქმის სპეციფიკით. სხვა მესამე მტკიცებულების მოპოვების თეორიული შანსი ბრალდების მხარეს არ გააჩნდა. პალატა თავდაპირევლად ყურადღებას მიპყრობს #0----------- საქმეზე ჩატარებული გამოძიების არასრულფასოვნებაზე. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილი გამოძიებას (გამომძიბელს) ავალდებულებს, რომ გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიების მიერ დაიკითხა პენიტენციური დაწესებულების და საბადრაგო სამმართველოს ის თანამშრომლები, რომელთა უმრავლესობასაც გ---------------------ე ამხელდა მის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაში. აღნიშნულმა პირებმა კატეგორიულად უარყვეს მათ მიერ გ---------------------ის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების ფაქტი. სააპელაციო პალატისთვის გაუგებარია, გამოძიებამ რა საფუძვლით არ დაუშვა, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ჩვენებები, შესაძლოა, მიკერძოებული და სუბიექტური ყოფილიყო, რამდენადაც მათ გ. ო-----------ე ამხელდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში მაშინ, როდესაც ლოგიკურად, სავსებით დასაშვები იყო, რომ მათი ჩვენებები მიზნად ისახავდა მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. აღნიშნული გარემოებების გვერდის ავლით, გამოძიებამ მიიჩნია, - #0----------- სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს არ ჩაუდენიათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება გ---------------------ის მიმართ, რის გამოც 2014 წლის 13 ოქტომბერს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება. სააპელაციო პალატა მოიშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა-მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელის (კონკრეტულ შემთხევაში პენიტენციურ სისტემაში დასაქმებულ პირთა) ჩვენება არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომომდინარე, არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირისპირო არგუმენტების შეფასების გარეშე. აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში საყურადღებოა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე ,,მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, აღნიშნულ საქმეზე, სასამართლომ შეფასებით ნაწილში აღნიშნა, რომ, როდესაც პირი წარადგენს საფუძვლიან პრეტენზიას, რომ პოლიციის ან სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო და კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო, სერიოზულ არასათანადო მოპყრობას, აღნიშნული დებულება, კონვენციის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოთა ზოგად ვალდებულებასთან ერთად - „ყველასათვის, თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში, უზრუნველყონ ... კონვენციით... განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები“, მოითხოვს, რომ ჩატარდეს ეფექტიანი ოფიციალური გამოძიება. აღნიშნულ გამოძიებას შედეგად უნდა მოჰყვეს პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ლეგალური აკრძალვა, მისი ფუნდამენტური მნიშვნელობის მიუხედავად, პრაქტიკაში არაეფექტიანი იქნებოდა და ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელს გახდიდა სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან, მათ კონტროლქვეშ მყოფ პირთა უფლებების დარღვევას, თითქმის სრული დაუსჯელობის პირობებში (Assenov and Others v. Bulgaria, 28 October 1998, §102,Reports of Judgments and Decisions 1998-VIII). სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა, მაგრამ რომელიმე კონკრეტული საქმეზე გამოძიების შეწყვეტა აპრიორი არ გულისხმობს, რომ პირის ქმედებაში ადგილი აქვს დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენას. როგორც ზემოთ აღინიშნა, ცრუ დასმენის საკანონმდებლო კონსტრუქცია გულისხმობს პირის ტყუილად დადანაშაულებას (დასმენას, დაბრალებას), რომ ამ პირმა, თითქოსდა, ჩაიდინა დანაშაული, რაც სინამდვილეში არ მომხდარა. მოცემულ შემთხვევაში ერთის მხრივ სახეზეა გ---------------------ის, ასევე დაცვის მხარის სხვა მოწმეების მამხილებელი ჩვენებები გ. ო-----------ის მიმართ განხორცილებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ მხილებულ პირთა ჩვენებები, რომლებიც უარყოფენ დანაშაულის ჩადენას. სხვა, მესამე შუალედური და ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა რომელიმე მხარის პოზიციას მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, არ არსებობს. წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების დროს არსებობს ეჭვი, რომელიც საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უნდა გადაწყდეს გ---------------------ის სასარგებლოდ.

 

რაც შეეხება აპელანტის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარე ვიდეოჩანაწერებით დაინტერესდა, მაგრამ ჩანაწერი 24 საათში იქნა განადგურებული, რის გამოც მათი წარდგენა ფიზიკურად შეუძლებელი გახდა, ხოლო ე.წ. ,,პულტების ოთახი“-ს თანამშრომელთა ვინაობის დადგენა და დაკითხვა, პროკურორის მოსაზრებით, გარდამტეხ ცვლილებას ვერ შეიტანდა საქმესთან მიმართებით და მათი ჩვენებები იქნებოდა ირიბი, სააპელაციო პალატა კატეგორიულად არ ეთანხმება პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ აღნიშნულ მოსაზრებას და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, აღნიშნავს, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ გ---------------------ის საკნებზე ვიდეოთვალით მეთვალყურეობა ხდებოდა ე.წ. „პულტების“ ოთახში მყოფი თანამშრომლების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოსა და ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომლებს და მდგომარეობის ესკალაციის შემთხვევაში, საქმის კურსში აყენებდნენ ციხის თანამშრომლებს, როგორც ეს, თითქოსდა, მოხდა მოცემულ შემთხვევაშიც. აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, ექნებოდათ ინფორმაცია დეესკალაციის ოთახში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში, რადგან ისინი უშუალოდ, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე, ახორციელებდნენ 2---ე და 232-ე საკნების ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობას და შესაბამისად, მათი ჩვენებები არ იქნებოდა ირიბი.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, მართალია, 2014 წლის 2 ოქტომბერს, დაკითხვისას გ---------------------ე არ იქნა გაფრთხილებული საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლით მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, თუმცა გამოძიებამ აღმოფხვრა აღნიშნული ხარვეზი და წარადგინა გ---------------------ის 2014 წლის 1 ივლისის დაკითხვის ოქმი, სადაც იგი გაფრთხილებულია ცრუ დასმენის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხიმსგებლობის შესახებ, ანუ ჩვენების მიცემისას. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის აღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პირის გაფრთხილება ცრუ დასმენის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მოცემულ საქმეზე საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას.

 

სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ არგუმენტს იმის შესახებ, რომ გ---------------------ის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის ექსპერტიზის დასკვნასთან. პირიქით, პალატა მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნა წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებთან. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებულ მსჯელობას ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მოწმეთა ჩვნებებთან შეუსაბამისობის შესახებ და აღნიშნავს, საქმის მასალებით დადასტურებულია და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს, #- დაწესებულებაში შესახლებამდე პატიმარ გ---------------------ეს დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. აღნიშნულ დაწესებულებაში გ---------------------ეს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის #0-------- დასკვნის მიხედვით, გ. ო-----------ის სხეულზე დაფიქსირდა მრავლობითი დაზიანებები, რომლებიც ცალკ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2014 წლის 22 სექტემბერს. პირადი შემოწმების მონაცემებით: შესამოწმებელი პირი ნანახი იქნა 2014 წლის 22 სექტემბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 2014 წლის 26 სექტემბერს. მარცხენა წინა მხარზე ადევს ნახვევი, რომლის მოხსნის შემდეგ არსებული ჭრილობებიდან წამოვიდა სისხლი. აღენიშნება მარცხენა წინამხრის წინა ზედაპირზე ზემო მესამედში შედარებით სწორკიდეებიანი ორი ჭრილობა კანის ყველა შრის მთლიანობის დარღვევით; უფრო ზემოთ მდებარე ჭრილობა 3,2X0,4სმ ზომის, ქვემოთ მდებარე 2,7X0,4სმ ზომის. ორივე ჭრილობა სისხლმდენია. ორივე წინამხრის წინა ზედაპირზე მრავლობითი ერთმანეთის პარალელურად მდებარე მუქი მოწითალო-მოყავისფრო ფერის ირგვლივ მდებარე კანის დონიდან ოდნავ მაღლა მდებარე ფუფხით დაფარული ხაზოვანი ფორმის ნაჭდევები-ნაკაწრები. მარჯვენა წინამხრის შუა მესამედში წინა გარეთა ზედაპირზე არასწორი ფორმის მუქი მოწითალო-მოყავისფრო ფერის ირგვლივ მდებარე კანის დონიდან ოდნავ მაღლა მდებარე ფუფხით დაფარული არასწორი ფორმის ნაჭდევი 2,1X1,7სმ ზომის. მარჯვენა საფეთქლის საპროექციოდ თმოვანი საფარის ქვეშ არასწორი ფორმის მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი 2,8X2,4სმ ზომის, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი აღენიშნება მარცხენა საფეთქლის საპროექციოდ 3,1X2,6სმ ზომის. სააპელაციო პალატა აანალიზებს რა ზემოაღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს, კიდევ უფრო რწმუნდება ჩატარებული გამოძიების ტენდენციურობაში იმდენად, რამდენადაც გამოძიების მიერ ფაქტობრივად შეფასების გარეშე იქნა დატოვებული ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ შიმშილობისაგან დაუძლურებულ გ---------------------ეს როგორ შეეძლო თავად მიეყენებინა აღნიშნული ლოკალიზაციისა და რაოდენობის დაზიანებები. ბრალდების მხარის სუბიექტური მიდგომა ვლინდება საკმაოდ მნიშვნელოვან ერთ დეტალშიც, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია და განსაკუთრებით ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვნებებით დასტურდება, რომ გ---------------------ე იყო პრობლემური პატიმარი და იგი მიდრეკილი იყო თვითდაზიანებისკენ. ასეთ ვითარებაში ბრალდების მიერ ყოველგვარი კრიტიკული შეფასების გარეშე გაზიარებულ იქნა პენიტენციურ დაწესებულების თანაშრომელთა ჩვენებები იმის შესახებ, რომ გ---------------------ემ, რომელიც ისე იყო დაუძლურებული, რომ მანქანამდე მისვლამდე სხვა დაეხმარა, შეძლო და თავისი ხელით ჩამოამტვრია კაფელი, ასევე გადატეხა პლასტმასის ბოთლი. ასევე, სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც, თუკი გ---------------------ე ემუქრებოდა პენიტენციური დაწესებულების თანმშრომლებს, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებას და ამ დაზიანებებს მათ დააბრალებდა, რის შესახებაც ინფორმირებული იყო სრულიად ყველა პირი, მათ შორის დაწესებულების ხელმძღვანელობაც, რატომ არ იქნა გატარებული კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული გ---------------------ის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტი.

აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე ჩატარებულმა არასრულყოფილმა გამოძიებამ განაპირობა მეორე სისხლის სამართლის #0----------- საქმის არსებობა, რომელიც ასევე არ იქნა გამოძიებული ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი, საკმარისად ნათელი, მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ---------------------ემ დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა, რომელსაც ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში, ჩადენილი პირადი მოტივით და მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა, რომელსაც ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) ჩაიდინა.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ---------------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ გ---------------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულები.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემობას, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია გამართლებულ გ---------------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ-------------------–---–ის საჩივრები, რომლითაც საქართველოს სსსკ-ის 207-ე მუხლის საფუძველზე, ითხოვენ გ---------------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განჩინების და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმებას. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოცემული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის დროს, 2016 წლის 29 იანვარს, პირველი ინსტანციის სასამართლომ განიხილა გ---------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გადასინჯვის საკითხი, რა დროსაც გაუქმდა გ---------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დარჩა აღკვეთის ღონისძიების გარეშე. შესაბამისად, ამ ეტაპზე პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნული განჩინებების გაუქმების თაობაზე.

 

გარდა აღნიშნულისა, საქართველოს სსსკ-ის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივროს პროკურორმა, ბრალდებულმა ან/და მისმა ადვოკატმა“. საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელიც აპელანტს უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საჩივრების შესახებ, მით უფრო იმ პირობებეში, როდესაც გ---------------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გაუქმებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში და იგი დატოვებული იქნა აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენი გამართლებულ გ---------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლ-–-------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენი გ---------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

გ---------------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;

 

გამართლებულ გ---------------------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ელექტრონული დისკები, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე