განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2018
საქმის ნომერი
010141318700056783
ინსტანცია
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700056783

საქმე №1აგ/290-18აგ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 მაისი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ--------------ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 მარტის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ზ--------------ა (პ/ნ 2----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ0ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

ზ--------------ას, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის განაჩენით ზ--------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ზ--------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

ზ--------------ას, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - ზ--------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე- 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

ზ--------------ას საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ--------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე- 64-ე მუხლებისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2018 წლის 2 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ოთარ ბართიამ და მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №1/13/732) საფუძველზე ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისს გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა, სასჯელისგან განთავისუფლება და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ზ--------------ას შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის განაჩენით ზ--------------ა მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. საქრთველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათით. ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ზ--------------ას 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა უფლებები. გამოსაცდელ პერიოდში ზ--------------ამ კვლავ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება. ვინაიდან განაჩენის მიღების მომენტისთვის (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის განაჩენი) გასული იყო გამოსაცდელი ვადა, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილების გამოყენებით სასჯელი არ დაენიშნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა 3 (სამი) წლის ვადით უფლებები.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, ვინაიდან იგი გავლენას ახდენს მსჯავრდებულ ზ--------------ას საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე, ზ--------------ა უნდა გათავისუფლდეს როგორც საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ასევე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ზ--------------ას უნდა აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 მარტის და 2016 წლის 24 მაისის განაჩენებით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. რაც შეეხება ამავე განაჩენებით ზ--------------ასათვის დანიშნულ სასჯელებს სასამართლო აღნიშნულზე ვეღარ იმსჯელებს ვინაიდან უკვე მოხდილია. (იხ.სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 აპრილის #24071 მომართვა).

 

პალატა ასევე მსჯელობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ზ--------------ას მსჯავრდებაზე და განმარტავს: ზ--------------ას მსჯავრდების საფუძველი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად სამი წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა. ვინაიდან 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანი“–ს უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, ანუ ქმედება აღარ არის დასჯადი, შესაბამისად, ზ--------------ა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს იმ ქმედებებისათვის, რაც შემდგომში სხვა დანაშაულის, კერძოდ კი საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის შემადგენლობის საფუძველი გახდა. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი დასჯადი აღარ არის ის ქმედება, რამაც სხვა დანაშაულის შემადგენლობა გამოიწვია, პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვისაც. შესაბამისად, ზ--------------ა უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელისაგან 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით და დღეის მდგომარეობით ზ--------------ა იმყოფება აღრიცხვაზე თბილისის პრობაციის ბიუროში(იხ.თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 4 აპრილის MOC 6 18 00302414 მომართვა). რაც შეეხება ამავე განაჩენით 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით დანიშნულ ჯარიმას, ამასთან დაკავშირებით პალატა ვეღარ იმსჯელებს, ვინაიდან თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 აპრილის #24042 მომართვის თანახმად ზ--------------ას დაკისრებული ჯარიმა 2016 წლის 6 სექტემბერს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ--------------ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს - ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 მარტის, 2016 წლის 24 მაისის და 2016 წლის 16 ივნისის განაჩენებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ზ--------------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

ზ--------------ა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

ზ--------------ას აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 მარტის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები;

 

ზ--------------ა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

ზ--------------ას აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მაისის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები;

 

ზ--------------ა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისმსართლებრივი პასუხისმგებლობისგან და თავისუფლების აღკვეთის სახით - 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით დანიშნული სასჯელისგან, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

 

გ. ჯეირანაშვილი