განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2166-17
საქმე № 330310017001777727
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: თამარ ბლიაძე
აპელანტი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - ვ-–- ღ----–---–ი
წარმომადგენელი: გ--------------–---–-
მესამე პირი - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი: თ--------------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება - მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება
1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ვ-–- ღ----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №4--- ბრძანება; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვ-–- ღ----–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ვ-–- ღ----–---–ისთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტის დღიდან მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენამდე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. დადგენილია, რომ ვ-–- ღ----–---–ს 2011 წლიდან მინიჭებული ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე ფაქტიურ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდებოდა - ახალგორი, სოფელი კ---------.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 24 ნოემბრის N0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება ვ-–- ღ----–---–ის დევნილის სტატუსის კანონიერების დადგენის მიზნით.
დევნილის სტატუსის კანონიერების დადგენის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დევნილობამდე ვ-–- ღ----–---–ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით გაიგზავნა წერილი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 02.12.2016წ. N5------- საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ ვ-–- ღ----–---–ი დევნილობამდე, 2008 წლის აგვისტოს ომამდე იყო ახალგორის რაიონის სოფ. კ---------ში მუდმივად მცხოვრები.
2.2. ვ-–- ღ----–---–თან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 14 დეკემბერს გასაუბრებისას, შესაბამის კითხვარში ვ-–- ღ----–---–მა აღნიშნა, რომ დაიბადა 1946 წელს ახალგორში. 1959 წელს დაამთავრა ახალგორის რაიონის სოფ. ი------- საშ. სკოლა. 1960-62 წწ. სწავლობდა ტექნიკუმში ქ. თბილისში. 1962 წლიდან 1982 წლამდე მუშაობდა ქ. თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში. 1971 წელს დაოჯახდა ქ. თბილისში. 1972 და 1975 წლებში შვილები შეეძინა ქ. თბილისში. 1975 წელს მიიღო საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში. 1982 წელს ავადმყოფობის გამო გავიდა პენსიაზე და საცხოვრებლად გადავიდა ახალგორის რაიონის სოფ. კ---------ში. მისი განცხადებით სოფ. კ---------ში მისდევდა სოფლის მეურნეობას და ჰყავდა მსხვილფეხა საქონელი. მისი მეუღლე ძირითადად იმყოფებოდა ქ. თბილისში, თავად კი თვეში ერთხელ ჩამოდიოდა ოჯახთან ქ. თბილისში. ახალგორის რაიონის სოფ. კ--------- დატოვა 2008 წლის 15 აგვისტოს და მას შემდეგ ცხოვრობს ოჯახთან ერთად თბილისში ქირით, რადგან, ბინა ქ. თბილისში გაყიდა 2004 წელს.
2.3. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა -ვ-–- ღ----–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის მიზანშეწონილობის თაობაზე. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ვ-–- ღ----–---–თან მიმართებაში არ დასტურდებოდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, კერძოდ, არ დგინდებოდა ვ-–- ღ----–---–ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი სოფ. კ---------ში, ვინაიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით 2008 წლის სექტემბრის თვემდე ვ-–- ღ----–---–ს უფიქსირდება მისამართი: ქ. თბილისი, ქ--–-----------------------. მხოლოდ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის სექტემბერში აიღო პირადობის მოწმობა შემდეგი მისამართით: ახალგორი, სოფელი კ---------. ამასთან, მისი ოჯახის წევრები: მეუღლე და ორი შვილი მუდმივად ცხოვრობდნენ ქ. თბილისში. მისი ოჯახის არცერთ წევრს არ აქვს დევნილის სტატუსი. ოჯახს 1975 წლიდან გააჩნდა საკუთრება თბილისში. ვ-–- ღ----–---–ი ახალგორის რაიონის სოფ. კ---------ში არ ეწეოდა შრომით საქმიანობას.
2.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით ადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №4--- ბრძანებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 16 დეკემბრის №0------------- მოხსენებით ბარათის საფუძველზე ვ-–- ღ----–---–ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
აღნიშნული ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.
2.5. დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტს 2016 წლის 15 დეკემბრის N0------------ წერილის პასუხად, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 13 იანვრის N2---- წერილით ეცნობა, რომ დამატებით მოკვლეული და შესწავლილი იქნა ვ-–- ღ----–---–ის საკითხი, საიდანაც დადგინდა, რომ ვ-–- ღ----–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე ნამდვილად მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ კ---------ში, რომელსაც ადასტურებს კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 23/12/2016წ.N-- წერილი და მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.
2.6. დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა 2016 წლის 16 დეკემბრის №0------------- წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა ინფორმაცია ვ-–- ღ----–---–ის ქ. თბილისში, ქ--–------------------------ში 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრების თაობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის სამმართველოს 2016 წლის 27 დეკემბრის MIA 5------------ წერილობითი მიმართვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქე ვ-–- ღ----–---–ი ქ. თბილისში, ქ--–------------------------------------ში აღარ ცხოვრობს 2004 წლიდან და აღნიშნული მისამართი არ წარმოადგენს მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.7. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 16 დეკემბრის №4--- ბრძანებას - ვ-–- ღ----–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე, ხოლო იმავე კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლების მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების მოთხოვნით.
ამრიგად, სასამართლომ ასევე იმსჯელა არსებობდა, თუ არა მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენისა და მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2.8. სასამართლომ უპირველეს ყოვლისა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეთა მფარველობა, ასევე გულისხმობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სათანადო სტატუსის მინიჭებას და შესაბამისად მათთვის სათანადო სოციალური გარანტიების უზრუნველყოფას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, ხოლო მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი პირი, რომელიც ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის(სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ვ-–- ღ----–---–ის მიერ შევსებული დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარის საფუძველზე, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადდა შესაბამისი დასკვნა და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.
2.9. სასამართლომ განმარტა, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი განსაზღვრულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით, რომლის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ” ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 16 დეკემბრის №4--- ბრძანებით ვ-–- ღ----–---–ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
აღნიშნული საკითხი სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმის ნომერი: ბს-1227-1213(კ-11)). აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ცნებები „საცხოვრებელი ადგილი“ და „რეგისტრაციის ადგილი“.
საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება- მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს სად იცხოვროს.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის დადგენა.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.
ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.“
ამრიგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვ-–- ღ----–---–ის თბილისში რეგისტრაციის ფაქტი, ვერ იქნება მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის უპირობოდ განსაზღვრის საფუძველი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ვ-–- ღ----–---–ის მეზობლები ადასტურებენ ვ-–- ღ----–---–ის მუდმივ მაცხოვრებლობას ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. კ---------ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის სამმართველოს 2016 წლის 27 დეკემბრის MIA 5------------ წერილობითი მიმართვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქე ვ-–- ღ----–---–ი ქ. თბილისში, ქ--–------------------------------------ში აღარ ცხოვრობს 2004 წლიდან და აღნიშნული მისამართი არ წარმოადგენს მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 13 იანვრის N2---- წერილით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტს 2016 წლის 15 დეკემბრის N0------------ წერილის პასუხად, ეცნობა, რომ დამატებით მოკვლეული და შესწავლილი იქნა ვ-–- ღ----–---–ის საკითხი, საიდანაც დადგინდა, რომ ვ-–- ღ----–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე ნამდვილად მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ კ---------ში, რომელსაც ადასტურებს კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 23/12/2016.N-- წერილი და მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.
ამრიგად, ისეთ პირობებში, როდესაც ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებები ერთი მხრივ, ადასტურებენ მოსარჩელე ვ-–- ღ----–---–ის სოფელ კ---------ში 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრების ფაქტს, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავენ ქ. თბილისში მისი მუდმივად ცხოვრების გარემოებას, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმაზე, რომ არ დასტურდება მოსარჩელე ვ-–- ღ----–---–ის სოფელ კ---------ში 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მისი რეგისტრირებული მისამართი იყო ქ. თბილისში.
სასამართლომ განმარტა, რომ მუდმივად ცხოვრების ფაქტს არ გამორიცხავს ის გარემოება, რომ პირი შესაძლებელია გარკვეული პერიოდით გადაადგილდებოდეს ქვეყნის ტერიტორიაზე და თუნდაც საზღვარგარეთ. მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენისას, განმსაზღვრელია ობიექტურად არსებული ის ყოფითი პირობები (ოჯახის საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ადგილსამყოფელი და ა.შ), რომლებიც პირს შესაბამის ადგილთან აკავშირებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ვ-–- ღ----–---–ის ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------ში, 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული, ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო, მითითებული მტკიცებულების საპირწონე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ვ-–- ღ----–---–მა დევნილის სტატუსი ყალბი დოკუმენტის ან ინფორმაციის საფუძველზე მიიღო და მას 2008 წლის აგვისტომდე სოფელ კ---------ში მუდმივად არ უცხოვრია.
2.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ-–- ღ----–---–ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 16 დეკემბრის №4--- ბრძანება და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვ-–- ღ----–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ.
2.11. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემწეობის თანხის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლო მიუთითა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს დევნილის შემწეობა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს , აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 16 დეკემბრის №4--- ბრძანება და მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის აღდგენა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს ვ-–- ღ----–---–ისთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტის თვიდან მიუღებელი დევნილის შემწეობის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით.
3.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის N 4--- ბრძანება, რომელიც ეხება მოსარჩელე ვ-----------–---–ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა და მისთვის მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილების ძირითადი არგუმენტია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტრომ დაარღვია ხსენებული ნორმის მოთხოვნა და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა-შეფასების გზით უნდა დაედგინა და გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც თითქოსდა სამინისტროს მიერ არ განხორციელებულა.
აპელატს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, შესაბამისად არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განმარტა მთელი რიგი ნორმები, რამაც ერთობლიობაში გამოიწვია უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
სამინისტროს მიერ არ დარღვეულა სასამართლოს მიერ მითითებული არცერთი ნორმა, ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ყველა ნორმის დაცვით. ვ-–- ღ----–---–ის მიმართ კანონის მოთხოვნისამებრ ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება, სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია ყველა გარემოება, რომელიც აუცილებელი იყო საკითხის გადასაწყვეტად და შესაბამისად მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.
აპელანტის განმარტებით, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხი სამინისტროს დისკრეციული უფლებაა და ამ უფლების განსახორციელებლად სამინისტრო ხელმძღვანელობს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით (კერძოდ, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287-ე ბრძანება) ხსენებული კანონის მე-6 მუხლის დანაწესის თანახმად: იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
სასამართლოს მითითება თითქოსდა სამინისტრომ გადაწყვეტილება საქმეზე შესაბამისი მოკვლევის გარეშე მიიღო არასწორია.
მოცემულ შემთხვევაში, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 24 ნოემბრის N 0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება ვ-–- ღ----–---–ის პ/ნ 0---------- დევნილის სტატუსის კანონიერების დადგენის მიზნით.
ვ-–- ღ----–---–ი პ/ნ 0---------- დევნილად რეგისტრირებულია 2011 წლიდან და მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე ფაქტიურ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდება ახალგორი, სოფ. კ---------. დევნილის სტატუსის კანონიერების დადგენის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დევნილობამდე ვ-–- ღ----–---–ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით გაიგზავნა წერილი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 02.12.2016წ. N 5------- საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ ვ-–- ღ----–---–ი პ/ნ 0---------- დევნილობამდე იყო ახალგორის რაიონის სოფ. კ---------ში მცხოვრები.
14.12.2016 წელს ვ-–- ღ----–---–ს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ,,იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარის ფორმის დამტკიცებისა და დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით გასაუბრებაზე და კითხვარის შევსებაზე, ასევე დევნილის მოწმობის გაცემაზე სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა განსაზღვრის შესახებ“ 2014 წლის 16 მაისის N 826 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული კითხვარი (თან ერთვის დასკვნას).
გასაუბრების დროს მოქალაქე ვ-–- ღ----–---–მა აღნიშნა, რომ დაიბადა 1946 წელს ახალგორში. 1959 წელს დაამთავრა სოფ. ი------- საშ. სკოლა. 1960-62წწ. საწვლობდა ტექნიკუმში ქ. თბილისში. 1962 წლიდან 1982 წლამდე მუშაობდა ქ. თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში. 1971 წელს დაოჯახდა ქ. თბილისში. 1972 და 1975 წლებში შვილები შეეძინა ქ. თბილისში. შვილებმა საშუალო და უმაღლესი განათლება მიიღეს ქ. თბილისში. მეუღლე - ნ--–------–-–---–- მუშაობდა ქ. თბილისში 1992 წლამდე. 1975 წელს მიიღო საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში. 1982 წელს ავადმყოფობის გამო გავიდა პენსიაზე და საცხოვრებლად გადავიდა ახალგორის რაიონის სოფ. კ---------ში. მისი განცხადებით სოფ. კ---------ში მისდევდა სოფლის მეურნეობას და ჰყავდა მსხვილფეხა საქონელიც. მსხვილფეხა საქონელი ახლაც ჰყავს და მათ უვლის მისი ძმა, რომელიც ცხოვრობს მის მეზობლად სოფ. კ---------ში. 2008 წლის შემდეგ ახალგორში დადის პერიოდულად. როგორც თავად აღნიშნავს, მისი მეუღლე ძირითადად იმყოფებოდა ქ. თბილისში, თავად კი თვეში ერთხელ ჩამოდიოდა ოჯახთან ქ. თბილისში. ახალგორის რაიონის სოფ. კ--------- დატოვა 2008 წლის 15 აგვისტოს და მას შემდეგ ცხოვრობს ოჯახთან ერთად თბილისში ქირით, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, ბინა ქ. თბილისში ოჯახმა გაყიდა 2004 წელს. ვ-–- ღ----–---–ს საცხოვრებელ მისამართად (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით) 2008 წლის სექტემბრის თვემდე უფიქსირდება მისამართი : ქ. თბილისი, ქ--–---------------------. 2003 წლის დეკემბერში აღებული აქვს პირადობის მოწმობა მითითებული მისამართით. მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის სექტემბერში აიღო პირადობის მოწმობა შემდეგი მისამართით : ახალგორი, სოფ. კ---------.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია“.
იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“. იმავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგისტრაციის გასავლელად მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც მას რეგისტრაციაში გაატარებს“. კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს“. ანუ, ზემოხსენებული ნორმების ანალიზით მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში, როგორც შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი - პირის პიროვნების დამადასტურებელი უმთავრესი დოკუმენტი ადასტურებს, რომ ვ-–- ღ----–---–ისთვის 2008 წლის ომამდე საცხოვრებელი ადგილი იყო თბილისი და არა დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სამინისტრომ მიიჩნია, რომ ვ-–- ღ----–---–ი 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ქ. თბილისში და ახალგორის რაიონის სოფ. კ---------ში იმყოფებოდა პერიოდულად. მისი ოჯახის წევრები : მეუღლე და ორი შვილი მუდმივად ცხოვრობდნენ ქ. თბილისში. მისი ოჯახის არც ერთ წევრს არ აქვს დევნილის სტატუსი. ოჯახს 1975 წლიდან გააჩნდა საკუთრება ქ. თბილისში. როგორც თავად ვ-–- ღ----–---–ი აღნიშნავს, 2004 წელს ოჯახმა გაყიდა საცხოვრებელი ბინა. თუმცა ეს გარემოება მისი ოჯახისთვის არ გამხდარა იმის საფუძველი, რომ შეეცვალათ საცხოვრებელი ადგილი და საცხოვრებლად გადასულიყვნენ სოფ. კ---------ში. თავად ახალგორის რაიონის სოფ. კ---------ში არ ეწეოდა შრომით საქმიანობას. მიგვაჩნია, რომ ვ-–- ღ----–---–თან მიმართებაში არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე- 3 პუნქტის თანახმად, სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია ვ-–- ღ----–---–ს პ/ნ 0---------- ჩამოერთვას იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსი.
დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც, მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც. როგორც ვხედავთ მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. მოსარჩელეს ჰყავდა ოჯახი- მეუღლე, რომელთანაც მისივე განმარტებით განქორწინებული არ ყოფილა და დღემდე ერთ ოჯახად ცხოვრობენ და შვილები, რომლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ ქ. თბილისში და როგორც ავღნიშნეთ, ის ფაქტი, რომ ოჯახმა 2004 წელს გაყიდა ბინა თბილისში, ისინი დღემდე ცხოვრობენ ქ. თბილისში.
შესაბამისად, სასამართლოს მიერ ვ-–- ღ----–---–ის დევნილად მიჩნევა არასწორია, ვინაიდან ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ვ-–- ღ----–---–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა თბილისი, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა და არა დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორია. მოსარჩელე ვერც სამინისტროში და შემდგომ ვერც სასამართლოში წარმოდგენილი სარჩელით, დამაჯერებლად ვერ ხსნის რით იყო განპირობებული მისი ოჯახიდან ცალკე, მოშორებით ცხოვრება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ სამინისტროს მიერ დაცული იქნა კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა ადმინისტრაციული წარმოების დროს, გამოკვლეული იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. აღნიშნული დასტურდება მოსარჩელის ცხოვრების იმ დეტალების გამოკვლევით, რომელსაც შეიძლება გავლენა მოეხდინა მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევაზე გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად, სასამართლო წინააღმდეგობაში მოდის გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას, სადაც ამბობს, რომ სამინისტრომ გადაწყვეტილება გარემოებათა გამოკვლევის გარეშე მიიღო და მიუთითებს ზაკ-ის 96 მუხლს რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამ მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სამინისტროს მითითებული ნორმა სრულად აქვს დაცული, გადაწყვეტილება არ მიუღია საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება სამინისტროს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე არასწორია, რის გამოც ის არ უნდა იქნეს გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქმევა ვ-–- ღ----–---–ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.4. დადგენილია, რომ ვ-–- ღ----–---–ს 2011 წლიდან მინიჭებული ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე ფაქტიურ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდებოდა - ახალგორი, სოფელი კ---------.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 24 ნოემბრის N0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება ვ-–- ღ----–---–ის დევნილის სტატუსის კანონიერების დადგენის მიზნით.
დევნილის სტატუსის კანონიერების დადგენის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დევნილობამდე ვ-–- ღ----–---–ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით გაიგზავნა წერილი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 02.12.2016წ. N5------- საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ ვ-–- ღ----–---–ი დევნილობამდე, 2008 წლის აგვისტოს ომამდე იყო ახალგორის რაიონის სოფ. კ---------ში მუდმივად მცხოვრები.
4.5. ვ-–- ღ----–---–თან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 14 დეკემბერს გასაუბრებისას, შესაბამის კითხვარში ვ-–- ღ----–---–მა აღნიშნა, რომ დაიბადა 1946 წელს ახალგორში. 1959 წელს დაამთავრა ახალგორის რაიონის სოფ. ი------- საშ. სკოლა. 1960-62 წწ. სწავლობდა ტექნიკუმში ქ. თბილისში. 1962 წლიდან 1982 წლამდე მუშაობდა ქ. თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში. 1971 წელს დაოჯახდა ქ. თბილისში. 1972 და 1975 წლებში შვილები შეეძინა ქ. თბილისში. 1975 წელს მიიღო საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში. 1982 წელს ავადმყოფობის გამო გავიდა პენსიაზე და საცხოვრებლად გადავიდა ახალგორის რაიონის სოფ. კ---------ში. მისი განცხადებით სოფ. კ---------ში მისდევდა სოფლის მეურნეობას და ჰყავდა მსხვილფეხა საქონელი. მისი მეუღლე ძირითადად იმყოფებოდა ქ. თბილისში, თავად კი თვეში ერთხელ ჩამოდიოდა ოჯახთან ქ. თბილისში. ახალგორის რაიონის სოფ. კ--------- დატოვა 2008 წლის 15 აგვისტოს და მას შემდეგ ცხოვრობს ოჯახთან ერთად თბილისში ქირით, რადგან, ბინა ქ. თბილისში გაყიდა 2004 წელს.
4.6. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა -ვ-–- ღ----–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის მიზანშეწონილობის თაობაზე. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ვ-–- ღ----–---–თან მიმართებაში არ დასტურდებოდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, კერძოდ, არ დგინდებოდა ვ-–- ღ----–---–ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი სოფ. კ---------ში, ვინაიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით 2008 წლის სექტემბრის თვემდე ვ-–- ღ----–---–ს უფიქსირდება მისამართი: ქ. თბილისი, ქ--–-----------------------. მხოლოდ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის სექტემბერში აიღო პირადობის მოწმობა შემდეგი მისამართით: ახალგორი, სოფელი კ---------. ამასთან, მისი ოჯახის წევრები: მეუღლე და ორი შვილი მუდმივად ცხოვრობდნენ ქ. თბილისში. მისი ოჯახის არცერთ წევრს არ აქვს დევნილის სტატუსი. ოჯახს 1975 წლიდან გააჩნდა საკუთრება თბილისში. ვ-–- ღ----–---–ი ახალგორის რაიონის სოფ. კ---------ში არ ეწეოდა შრომით საქმიანობას.
4.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით ადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №4--- ბრძანებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 16 დეკემბრის №0------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ვ-–- ღ----–---–ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
აღნიშნული ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.
4.8. დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტს 2016 წლის 15 დეკემბრის N0------------ წერილის პასუხად, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 13 იანვრის N2---- წერილით ეცნობა, რომ დამატებით მოკვლეული და შესწავლილი იქნა ვ-–- ღ----–---–ის საკითხი, საიდანაც დადგინდა, რომ ვ-–- ღ----–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე ნამდვილად მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ კ---------ში, რომელსაც ადასტურებს კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 23/12/2016წ.N-- წერილი და მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.
4.9. დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა 2016 წლის 16 დეკემბრის №0------------- წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა ინფორმაცია ვ-–- ღ----–---–ის ქ. თბილისში, ქ--–------------------------ში 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრების თაობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის სამმართველოს 2016 წლის 27 დეკემბრის MIA 5------------ წერილობითი მიმართვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქე ვ-–- ღ----–---–ი ქ. თბილისში, ქ--–------------------------------------ში აღარ ცხოვრობს 2004 წლიდან და აღნიშნული მისამართი არ წარმოადგენს მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს.
სამართლებრივი დასაბუთება
4.10. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებული სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - ვ-–- ღ----–---–ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №4--- ბრძანების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან.
4.12. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას.
4.13. სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე იქნა მიღებული გასაჩივრებული ბრძანება.
4.13. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი განსაზღვრულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით, რომლის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.
საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.
4.14. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციიის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
ამრიგად, მოსარჩელე ვ-–- ღ----–---–ის თბილისში რეგისტრაციის ფაქტი, ვერ იქნება მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის უპირობოდ განსაზღვრის საფუძველი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ვ-–- ღ----–---–ის მეზობლები ადასტურებენ ვ-–- ღ----–---–ის მუდმივ მაცხოვრებლობას ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. კ---------ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე.
4.15. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის სამმართველოს 2016 წლის 27 დეკემბრის MIA 5------------ წერილობითი მიმართვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქე ვ-–- ღ----–---–ი ქ. თბილისში, ქ--–------------------------------------ში აღარ ცხოვრობს 2004 წლიდან და აღნიშნული მისამართი არ წარმოადგენს მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 13 იანვრის N2---- წერილით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტს 2016 წლის 15 დეკემბრის N0------------ წერილის პასუხად, ეცნობა, რომ დამატებით მოკვლეული და შესწავლილი იქნა ვ-–- ღ----–---–ის საკითხი, საიდანაც დადგინდა, რომ ვ-–- ღ----–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე ნამდვილად მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ კ---------ში, რომელსაც ადასტურებს კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 23/12/2016.N-- წერილი და მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება. ამრიგად, ისეთ პირობებში, როდესაც ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებები ერთი მხრივ, ადასტურებენ მოსარჩელე ვ-–- ღ----–---–ის სოფელ კ---------ში 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრების ფაქტს, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავენ ქ. თბილისში მისი მუდმივად ცხოვრების გარემოებას, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმაზე, რომ არ დასტურდება მოსარჩელე ვ-–- ღ----–---–ის სოფელ კ---------ში 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მისი რეგისტრირებული მისამართი იყო ქ. თბილისში.
4.16. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ მუდმივად ცხოვრების ფაქტს არ გამორიცხავს ის გარემოება, რომ პირი შესაძლებელია გარკვეული პერიოდით გადაადგილდებოდეს ქვეყნის ტერიტორიაზე და თუნდაც საზღვარგარეთ. მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენისას, განმსაზღვრელია ობიექტურად არსებული ის ყოფითი პირობები (ოჯახის საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ადგილსამყოფელი და ა.შ), რომლებიც პირს შესაბამის ადგილთან აკავშირებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვ-–- ღ----–---–ის ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------ში, 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული, ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო, მითითებული მტკიცებულების საპირწონე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ვ-–- ღ----–---–მა დევნილის სტატუსი ყალბი დოკუმენტის ან ინფორმაციის საფუძველზე მიიღო და მას 2008 წლის აგვისტომდე სოფელ კ---------ში მუდმივად არ უცხოვრია.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ვ-–- ღ----–---–ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 16 დეკემბრის №4--- ბრძანება და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვ-–- ღ----–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ.
4.12. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს , აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 16 დეკემბრის №4--- ბრძანება და მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის აღდგენა, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს ვ-–- ღ----–---–ისთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტის თვიდან მიუღებელი დევნილის შემწეობის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე