განაჩენი

სისხლის სამართლის 11.05.2018
საქმის ნომერი
330100116001370540
ინსტანცია
თარიღი
11.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001370540

საქმე №1ბ/462-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 მაისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ლ-------–-----–ია, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დი----------------------------–----------------------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი (ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას).

 

სასჯელი:

ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ-------–-----–იას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ---------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ მართალია ლ-------–-----–იამ წარდგენილ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ, თუმცა არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ლ-------–-----–იას დამნაშავედ ცნობისთვის. აპელანტის განმარტებით ქონება არ იყო ლ-------–-----–იას საკუთრება, მაგრამ ვინაიდან იგი სადავოდ ხდიდა აუქციონის შედეგებს და მის გამოსახლებას, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას ჰქონდა უფლება ესარგებლა სადავო ბინით. აპელანტს მიაჩნია, რომ ლ-------–-----–იას ქმედებაში რომც ყოფილიყო დანაშუალის ნიშნები, ქმედება უმნიშვნელოა და არ წარმოადგენს დანაშაულს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა ლ-------–-----–იას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი.

 

სასამართლომ დაადგინა:

ლ-------–-----–იამ ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2004 წლის 12 აგვისტოს განკარგულებით, ლ-------–-----–იას სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ბინის მდებარე: თბილისში, დი----------------------------–-----------------------------ში, განმეორებით საჯარო აუქციონზე 2004 წლის 12 აგვისტოს მფლობელი გახდა დ---------–------–--ე.

 

2009 წლის 6 ნოემბერს აღნიშნული ბინა ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა კ-------------ემ.

 

2016 წლის თებერვლის თვის შუა რიცხვებში ლ-------–-----–ია თბილისში, დი----------------------------–-----------------------------ში კ-------------ის კუთვნილ ბინაში მისი ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა, რითაც დაარღვია კ-------------ის ბინის მფლობელის ხელშეუხებლობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის განაჩენით, ლ-------–-----–ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ლ-------–-----–იას ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: 2016 წლის 11 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2016 წლის 21 აპრილის დათვალიერების ოქმით, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღრსულებო ბიუროს 2004 წლის 12 აგვისტოს განკარგულებით, ლ-------–-----–იას აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ კ-------------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: გ---–--------იას, მ---------------ის, რ------–-----–-ას გამოკითხვის ოქმებით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ლ-------–-----–იას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ-------–-----–იას გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ლ-------–-----–იას მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლში აღნიშნულია, რომ არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული აუცილებლობა. კონსტიტუციური დებულებიდან გამომდინარე და მისი შესრულების უზრუნველსაყოფად კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით კრიმინალიზებულია ბინაში ან ხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელის ხელშეუხებლობას. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლას, უკანონო ჩხრეკას ან სხვა ქმედებას, რომელიც არღვევს მფლობელის ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. უკანონო შესვლად ჩაითვლება სხვა პირის ბინასა და სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოჩენა და ყოფნა. შესვლა უკანონოა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილია კანონმდებლობის დარღვევით. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია ზუსტად და ნათლად იყოს გამოხატული ბინის მეპატრონის ნება მასში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით კერძოდ, მოწმეების ლ-------–-----–იას, რ------–-----–-ას და ასევე დაზარალებულ კ-------------ის გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ბინა, მდებარე თბილისი, დი----------------------------–-----------------------------ში არ წარმოადგენდა მის საკუთრებას, თუმცა იგი უკანონოდ შეიჭრა ბინაში და მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობდა.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ასევე ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ლ-------–-----–იას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ-------–-----–იამ ჩაიდინა, ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ლ-------–-----–იას ქმედება უმნიშვნელოა და არ წარმოადგენს დანაშაულს. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ხელყოფილია საკუთრების უფლება, რაც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. აღნიშნულის ხელყოფა კი არ შეიძლება მცირე მნიშვნელოვნად ჩაითვალოს.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ლ-------–-----–იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ლ-------–-----–იას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით. პალატა თვლის, რომ ლ-------–-----–იას პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი ლ-------–-----–იას მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი კი - სამართლიანი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ლ-------–-----–იას ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის განაჩენი ლ-------–-----–იას მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ლ-------–-----–ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე