განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700057959
საქმე №1აგ/319-18აგ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მაისი, 2018 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლისსაქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ-------------იას ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ-–--------------იას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის განაჩენით გ-------------ია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ გ-------------იას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდა.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გ-------------იას 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - გ-------------ია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 70 (სამოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ-------------იას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1000 ( ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 70 (სამოცდაათი) საათის ვადით.
2018 წლის 19 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ გ-------------იას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ-–--------------იამ და მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №1/13/732) საფუძველზე ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განაჩენის გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ-------------იას ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ-–--------------იას შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის განაჩენით გ-------------ია მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი, რაც დღეის მდგომარეობით აღსრულებული არ არის. (იხ. სამეგრელო ზემო-სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მომართვა) მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა უფლებები, მათ შორის 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გ-------------ია უნდა გათავისუფლდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან. შესაბამისად, უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ამავე დროს, გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით გ-------------ია მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 11 ივლისს. (იხ. სამეგრელო ზემო-სვანეთის პრობაციის ბიუროს მომართვა) ამავე განაჩენით გ-------------იას საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 70 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის აღსრულება დღეის მდგომარეობით არ დაწყებულა. აღნიშნული მსჯავრდების საფუძველი გახდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად სამი წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა. ვინაიდან 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანი“–ს უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, ანუ ქმედება აღარ არის დასჯადი, შესაბამისად, გ-------------ია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან უნდა გათავისფლდეს იმ ქმედებებისათვის, რაც შემდგომში სხვა დანაშაულის, კერძოდ კი საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის შემადგენლობის საფუძველი გახდა. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი დასჯადი აღარ არის ის ქმედება, რამაც სხვა დანაშაულის შემადგენლობა გამოიწვია, პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვისაც.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ გ-------------იას საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და, შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს როგორც საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, ისე 381-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან. ასევე უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ-------------იას ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ-–--------------იას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ-------------იას ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ-–--------------იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
გ-------------ია გათავისუფლდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისგან.
გ-------------იას აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
გ-------------ია გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
გ. ჯეირანაშვილი