განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002211240
საქმე №1ბ/499-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მაისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული – ვ--–------------–--ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ზ--------------------–-------------------------------–--------------------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
სასჯელი:
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის დროის (2017 წლის 25 ოქტომბრიდან, 2017 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ-------------–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული განაჩენი დაუსაბუთებელია კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში. აპელანტის განმარტებით, მართალია დაზარალებულმა მ-----------–--მა, მეუღლისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით, აღარ დაადასტურა, რომ მისი არასწრულწლოვანი შვილი შეესწრო ძალადობის ფაქტს, თუმცა ა------------------–---–ის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია დასტურდება, რომ ბავშვი შეესწრო ძალადობის ფაქტს და დეტალურად აღწერა მომხდარი. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა გაეზიარებინა არასრულწლოვანის მიერ მიწოდებული თანმიმდევრული და დეტალური ინფორმაცია. პროკურორის განმარტებით, ვ--–------------–--ის ნასამართლობისა და პიროვნული მახასიათებლების, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების გათვალისწინებით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ ვ--–------------–--ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი.
მსჯავრდებულმა ვ--–------------–--მა წარმოადგინა შესაგებელი ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ვ--–------------–--ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე პერიოდში, თბილისში, ლ-----------ა N---–- მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში, ვ--–------------–--მა მეუღლეს - მ-----------–--ს მისი არასრულწლოვანი შვილის - 5 წლის ა------------------–---–ის თანდასწრებით რამდენჯერმე დაარტყა სახეში ხელი და მიაჯახა კედელს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენით ვ--–------------–--ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა არასარულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის განხორციელების ბრალდება. ვ--–------------–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ვ--–------------–--ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვ--–------------–--ს, პატიმრობაში ყოფნის დროის (2017 წლის 25 ოქტომბრიდან, 2017 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ვ--–------------–--მა ჩაიდიანა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე პერიოდში, თბილისში, ლ-----------ა N---–- მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში, ვ--–------------–--მა მეუღლეს - მ-----------–--ს რამდენჯერმე დაარტყა სახეში ხელი და მიაჯახა კედელს, რამაც მ-----------–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
მსჯავრდებულმა ვ--–------------–--მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ: მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში თავი ცნო დამნაშავედ, ხოლო არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობის განხორციელებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 25 ოქტომბერს, თბილისი, ლ-----------ა N---–-, ეჭვიანობის ნიადაგზე, სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი მეუღლეს - მ-----------–--ს. აღნიშნულს არ შესწრებია ამ უკანასკნელის მცირეწლოვანი შვილი - ხუთი წლის ა------------------–---–ი (რომელიც მას ჰავს პირველი ქორწინებიდან), ვინაიდან იგი იმყოფებოდა სხვა ოთახში. ვ--–------------–--ის განმარტებით, იგი შეურიგდა დაზარალებულს და განაგრძობს მასთან თანაცხოვრებას.
დაზარალებულ მ-----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--–------------–--ი არის მისი მეუღლე. იგი, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომლებიც ჰყავს პირველი ქორწინებიდან, ცხოვრობს თბილისი, ლ-----------ა N---–-. 2017 წლის 25 ოქტომბერს, მას მეუღლემ - ვ--–------------–--მა, ეჭვიანობის ნიადაგზე ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, თუმცა აღნიშნულს მისი არასრულწლოვანი შვილები არ შესწრებიან. ამ დროს ა-------------–---–ი არ იმყოფებოდა სახლში, ხოლო ა------------------–---–ი კონფლიქტის დროს იმყოფებოდა სხვა ოთახში. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მან ვ--–------------–--ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. თუმცა, იგი შეურიგდა მეუღლეს და განაგრძობს მასთან ერთად ცხოვრებას.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ვ--–------------–--ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულ მ-----------–--ის დაკითვის ოქმისა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
ვ--–------------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა და დაზარალებულ მ-----------–--ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობას: 2017 წლის 25 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავების ოქმს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 01 ნოემბრის ექსპერტის N0-------- დასკვნას, მოწმეების: ა-------------–---–ის და ა------------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების: ა-------------ის, ზ------------ას, ნ-----------------ის, ხ----------------ას, ი-----–----–----–---–ის, ი-----–--------ის დაკითხვის ოქმებს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კვალიფიკაციის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მსჯავრდებულმა ვ--–------------–--მა განმარტა, რომ მისი მხრიდან მ-----------–--ზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს არ შესწრებია ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილი - ა------------------–---–ი. მსჯავრდებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია დაზარალებულ მ-----------–--ის მიერ სასმართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებასთან. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ვ--–------------–--მა მეუღლის მიმართ ძალადობა ჩაიდინა არასრულწლოვანის თანდასწრებით, ვინაიდან მხოლოდ არასრულწლოვან ა------------------–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია არ ქმნის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ--–------------–--ს წარდგენილი ბრალდებიდან სწორად ამოერიცხა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის განხორციელების ბრალდება და მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პალატა ასევე განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა ხდება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალაუფლებისა და კონტროლის დამყარების მიზნით. ოჯახში ძალადობის, ისევე, როგორც ზოგადად ძალადობის შემთხვევაში, არსებობს სამი ძირითადი კომპონენტი: მსხვერპლი, მოძალადე და ქმედება (ძალადობა). მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობა ან იძულება. მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ოჯახის სხვა წევრის მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ახორციელებს. რაც შეეხება ოჯახის წევრის ცნებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ,,სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“.
ოჯახში ძალადობას გააჩნია საკუთარი მახასიათებლები და თავისებურებები - ანუ კრიტერიუმები, რომლის მიხედვით ხდება ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება. არსებობს ძალადობის შემდეგი ძირითად ფორმები: ფიზიკური ძალადობა (ხელის კვრა, დარტყმა, კბენა, დაწვა, შეფურთხება, ჭრილობის მიყენება, ოთახის დატოვების აკრძალვა, ნივთების სროლა, სახლში ან სახლის გარეთ პიროვნების ჩაკეტვა, სახიფათო ადგილებში მიტოვება, უარის თქმა დახმარებაზე, როცა ქალი ავად არის ან ორსულად, მეუღლის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, როცა მანქანას მართავს გადაჭარბებული სიჩქარით, ხელის შეშლა დაძინებაში ან მძინარეს გამოღვიძება); ფსიქოლოგიური ემოციური ძალადობა (ყვირილი, მუქარა, დამცირება, გაღიზიანება, მეუღლის გრძნობების იგნორირება, მისი რწმენების საცინად აგდება, მუქარა, რომ ბავშვს წაართმევს, ტყუილებით მანიპულირება, ქალთა, როგორც გარკვეული ჯგუფის დეგრადირება, მეუღლისთვის იმის თქმა, რომ არის სულელი, მახინჯი, სქელი, იზოლირება მეგობრებისაგან და ოჯახისაგან, განუწყვეტლივ გაკრიტიკება თუ რას როგორ აკეთებს, ქალის ოჯახის და მეგობრების საცინად აგდება, მუქარა, რომ მიატოვებს ან აიძულებს, რომ დატოვოს ქმარი, მუქარა მეუღლის ოჯახის მისამართით, ტკივილის მიყენება ბავშვებისათვის, როცა ცოლზეა გაბრაზებული, ქალის კრიტიკა მეგობრების, ოჯახის, ბავშვების, თანამშრომლების წინაშე), ეკონომიკური ძალადობა (უარის თქმა, რომ მისცეს მეუღლეს ფული საკვებისათვის ან ტანისამოსისათვის, როცა უარს ამბობს, რომ ქალმა მონაწილეობა მიიღოს ფულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში) და სექსუალური ძალადობა (როცა მამაკაცი ქალს ეპყრობა, როგორც სექსუალურ ნივთს, აკრიტიკებს სექსის დროს მის ქცევას, ვარაუდობს, რომ ქალს შეუძლია სექსი ჰქონდეს ნებისმიერთან, ადანაშაულებს მეუღლეს, რომ ჰქონდა სექსი სხვა ქალებთან და მამაკაცებთან, ექცევა როგორც საკუთრებას, რომ არის ქმრის კუთვნილება, უმოწმებს ტანსაცმელს, რათა მასზე აღმოაჩინოს ღალატის ნიშნები).
სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე არსებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ვ--–------------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ--–------------–--მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ--–------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, ხასიათდება დადებითად.
ვ--–------------–--ის მიმართ პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი არის ნასამართლევი.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ვ--–------------–--ს სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით. პალატა თვლის, რომ ვ--–------------–--ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ვ--–------------–--ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი კი სამართლიანი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ვ--–------------–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ვ--–------------–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვ--–------------–--ს, პატიმრობაში ყოფნის დრო (2017 წლის 25 ოქტომბრიდან, 2017 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით) ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
ვ--–------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნ.სანდოძე