განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2018
საქმის ნომერი
050210017001934530
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
21.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050210017001934530

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-1056-2017 27 მარტი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - მა-- ჩა--–--–---–ი, მი------ა ჩი---ა

წარმომადგენელი - ჯუმბერ ქართველიშვილი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ქა------

წარმომადგენელი - ნონა მჭედლიძე, კახა ჩავლეშვილი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს ქა------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს მა-- ჩავლეშვილს მი------ა ჩი---ას შპს ქა------ს სასარგებლოდ დაეკისრა 8815 (რვაათას რვაასთხუთმეტი) ლარი და 92 (ოთხმოცდათორმეტი) თეთრი. მოპასუხეებს მა-- ჩავლეშვილს მი------ა ჩი---ას შპს ქა------ს სასარგებლოდ დაეკისრათ ბაჟის სახით დაკისრებული თანხის ნაწილი 264 (ორასსამოცდაოთხი) ლარი და 50 (ორმოცდაათი) თეთრი. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2014 წლის 05 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა მა-- ჩავლეშვილის განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის თაობაზე. ყადაღა დაედო შპს ქა------ს საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებს. 2.2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით მა-- ჩა--–--–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2.3. მოსარჩელე მხარის განმარტებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მიადგა სასარჩელო მოთხოვნაში დაფიქსირებული ზიანი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად. 2.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოპასუხე მხარეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული იქნა 2014 წლის 05 აპრილს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია 2014 წლის 26 დეკემბერს. ამდენად შემდგომში შესაძლებელი იყო სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმება მოსარჩელის განცხადების საფუძველზე. შესაბამისად ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს ერთი წლით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მა-- ჩა--–--–---–მა და მი------ა ჩი---ამ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მი------ა ჩი---ამ ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, არადა 3.1.1. და 3.1.2 პუნქტების შესაბამისად თვით სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებადაა მიჩნეული, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ჩი---ას სასამართლოსთვის არ მიუმართავს და საქმეში არც სხვა რაიმე მტკიცებულება არსებობს იმის დამადასტურებლად, რომ ჩი---ამს ქმედებამ რაიმე სახის ზიანი მიაყენა მოსარჩელეს. 3.2. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში სადავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში, მიუხედავად ამისა სასამართლომ გადაწყვეტილებით მოპასუხეს ისე დაეკისრა ზიანის ანაზღაურება, რომ არ უმსჯელია თუ რომელ მტკიცებულებას დაეყრდნო ზიანის განსაზღვრის დროს და ვერც დაეყრდნობოდა ვინაიდან ასეთი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. 3.3. სასამართლომ გადაწყვეტილების 6.2. პუნქტში დადგენილად მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურება უნდა განესაზღვროს ერთი წლით. მაგრამ გაუგებარია სასამართლომ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ერთწლიანი ვადის გამოთვლისას. ეს მაშინ, როცა სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია გადაწყვეტილება დააფუძნოს მხარეთა მიერ წარმოდგენილ უდავო მტკიცებულებებზე. დასახელებულ პუნქტში კი თვით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს ზიანი მიადგა 2014 წლის 5 აპრილიდან ამავე წლის 26 დეკემბრამდე. 3.4. სასამართლომ მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არასწორად არ მიიჩნია უდავოდ. მეტიც სასამართლომ გადაწყვეტილების შესავალ, აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილში საერთოდ არ უხსენებია მოპასუხის წარმოდგენილი მტკიცებულებები და ის სამართლებრივი არგუმენტები, რომელზე დაყრდნობითაც მოპასუხე არ ცნობდა სარჩელს. სამართლებრივი საფუძვლები 3.5. სასამართლომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა საპროცესო კოდექსის 199-ე მხლი, თუმცა დასახელებული ნორმა არ შეიძლება დაედოს საფუძვლად ზიანის ანაზღაურების. სასამართლოს ვალდებული იყო მიეთითებინა ასეთი მატერიალური სამართლის ნორმა. სასამართლო ვალდებული იყო გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი და მი------ა ჩი---ა არასათანადო მოპასუხედ ეცნო და სარჩელი არ დაეკმაყოფილებინა. სასამართლომ ასევე არ გამოიყენა საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლი მოთხოვნები და შესაბამისად მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. 3.6. სასამართლომ არ გამოიყენა საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი. კერძოდ, აპელანტებს(მოპასუხეებს) წარდგენილი ჰქონდა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება მა-- ჩა--–--–---–ის გარდა სახელმწიფომაც გამოიყენა. 3.7. სასამართლომ უხეშად დაარღვია საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, ანუ მოსამართლემ ისე დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომ არ მიუთითებია შესაბამისი მტკიცებულება (ვერც მიუთითებდა, ვინაიდან ასეთი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია), რომელიც დაადასტურებდა ზიანის მოცულობას და ასევე, თუ დროის რომელ მონაკვეთში იქნა ეს ზიანი მიყენებული. 3.8. სასამართლო ფორმალურად მუდგა სადავო საკითხს და გადაწყვეტილების მიღებისას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ სამართალურთიერთობას. 3.9. სასამართლოს მიერ არა თუ სათანადოდ, არამედ საერთოდ არ იქნა შეფასებული მოპასუხის მიერ წარდგენილი უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. 3.10. საგულისხმოა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება(21/12/2015წელი), რომლითაც დასტურდება, რომ მა-- ჩა--–--–---–ის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნიდან რამდენიმე თვეში სახელმწიფომ დააყადაღა შპს ქა------ს მთელი ქონება. ამდენად, აპელანტებისათვი გაურკვეველია მოპასუხეებმა როგორ მიაყენა ზიანი ერთი წლის განმავლობაში მოსარჩელეს, მაშინ როცა შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 11 აგვისტოს №061-96 ბრძანებით ყადაღა დაედო შპს ქა------ს ქონებას (მატერიალურ/და არამატერიალურ აქტივებს).

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ შპს ქა------სა და მა-- ჩა--–--–---–ს შორის 2012 წლის 1 იანვარს დაიდო იჯარის ხელშეკრულება. 4.2. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ქა------მ იჯარით აიღო მა-- ჩა--–--–---–ის კუთვნილი ფართი და მასში მაღაზია განათავსა. 4.3. 2013 წლის 8 აპრილს მა-- ჩა--–--–---–მა ფართი მი------ა ჩი---ას მიჰყიდა, თუმცა მან იჯარის მოთხოვნის უფლება ისევ მა-- ჩა--–--–---–ს დაუთმო. 4.4. 2014 წლის 4 აპრილს მა-- ჩა--–--–---–მა განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით შპს ქა------ს ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა. 4.5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 აპრილის განჩინებით ეს განცხადება დაკმაყოფილდა და შპს ქა------ს კუთვნილ მთელ სარეალიზაციო საქონელს ყადაღა დაედო. ამის შედეგად, ცხადია, შპს ქა------მ ქონების რეალიზაცია, ე.ი. შემოსავლის მიღება შეწყვიტა. 4.6. მა-- ჩა--–--–---–მა შპს ქა------ს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, თუმცა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით იგი არ დაკმაყოფილდა. 2015 წლის 18 თებერვალს ეს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. 4.7. შპს ქა------ს მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციების თანახმად, 2011 წლის წმინდა მოგებამ შეადგინა 12724-1908,6=10815,4 ლარი; 2012 წლის მოგებამ - 4112-616,8=3495,2 ლარი; 2013 წლის მოგებამ - 14278,92-2141,84=12137,08 ლარი. 4.9. 2014 წლის 4 აპრილის შემდეგ მას ეს მოგება მა-- ჩა--–--–---–ის ბრალით აღარ მიუღია. სამართლებრივი დასაბუთება 4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 992-ე მუხლების თანახმად, ზიანი უნდა აანაზღაუროს მან, ვინც იგი უშუალოდ გამოიწვია. 4.10.1. მართალია, მი------ა ჩი---ამ მა-- ჩა--–--–---–ს შპს ქა------ს მიმართ მოთხოვნის უფლება დაუთმო, თუმცა უშუალოდ მას შპს ქა------ს წინააღმდეგ სარჩელი არ აღუძრავს და მისი მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოუყენებია. 4.10.2. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმადაც, კრედიტორს ზიანი უნდა აუნაზღაუროს იმ მხარემ, რომლის სასარგებლოდაც უზრუნველყოფა მოხდა. 4.10.3. შპს ქა------სა და მა-- ჩა--–--–---–ს შორის განხილულ დავაში მი------ა ჩი---ა არ მონაწილეობდა, ამიტომ, ამ ნორმის თანახმადაც, მის მიმართ მოთხოვნა უსაფუძვლოა. 4.10.4. ამის გამო, პალატის აზრით, მი------ა ჩი---ას მიმართ სარჩელი რაიონულმა სასამართლომ შეცდომით დააკმაყოფილა. 4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. 4.11.1. შპს ქა------ს მოგების გადასახადის დეკლარაციიდან დგინდება და ეს გონივრულიცაა, რომ მის ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მან საქმიანობა, პრაქტიკულად, შეწყვიტა. 4.11.2. ეს კი ნიშნავს, რომ ქონებაზე ყადაღის დადების გამო, საწარმომ ვერ მიიღო შემოსავალი, რომელსაც იგი ჩვეულებრივი საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში მიიღებდა. 4.11.3. ზიანი გამოწვეული იყო მა-- ჩა--–--–---–ის ბრალით და ამირომ მან იგი უნდა აანაზღაუროს. 4.12. პალატას მიაჩნია, რომ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა რაიონულმა სასამართლომ სწორად განსაზღვრა. 4.12.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებაზე დასმული ტვიფრიდან დგინდება, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 18 თებერვალს. 4.12.2. ეს კი ნიშნავს, რომ მა-- ჩა--–--–---–ის ბრალით შპს ქა------ს სამეწარმეო საქმიანობა შეზღუდული ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, 2014 წლის 5 აპრილიდან 2015 წლის 18 თებერვლამდე მაინც. 4.12.3. 2011-2013 წლებში შპს ქა------ს შემოსავლების გათვალისწინებით, პალატას სავსებით გონივრულად მიაჩნია, რომ ამ ხნის განმავლობაში საწარმო 8815,92 ლარის მოგებას მიიღებდა. 4.13. მართალია, 2014 წლის 20 ივნისს შპს ქა------ს ქონებაზე საგადასახადო გირავნობა და იპოთეკა გავრცელდა, თუმცა ეს მოხდა მა-- ჩა--–--–---–ის სარჩელის საფუძველზე ყადაღის დადებისა და სამეწარმეო საქმიანობის შეჩერების შემდეგ. 4.13.1. 2014 წლის 5 აპრილიდან შპს ქა------ს სამეწარმეო საქმიანობა რომ არ შეეწყვიტა, შესაძლებელია, მას შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები არც წარმოშობოდა. 4.13.2. ამიტომ, ეს გარემოება მოსარჩელის მიმართ მა-- ჩა--–--–---–ის პასუხისმგებლობას არ ამცირებს. 4.14. პალატის აზრით, შპს ქა------ს ცრუმაგიერ პირებად სხვა პირთა აღიარება დავის საგანთან კავშირში არ არის და ამ გარემოებას სასამართლო ვერ შეაფასებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მა-- ჩა--–--–---–ისა და მი------ა ჩი---ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება მი------ა ჩი---ასათვის შპს ქა------ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება მა-- ჩა--–--–---–ისათვის შპს ქა------ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი. შპს ქა------ს სარჩელი მი------ა ჩი---ას მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, შპს ქა------ს მი------ა ჩი---ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 353/2=176,5 ლარის ანაზღაურება.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და უნდა მოეხსნას ყადაღა მი------ა ჩი---ას კუთვნილ უძრავ ქონებას, ს/კ 26.28.14.2--.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. მა-- ჩა--–--–---–ისა და მი------ა ჩი---ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება მი------ა ჩი---ასათვის შპს ქა------ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება მა-- ჩა--–--–---–ისათვის შპს ქა------ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელი;

4. შპს ქა------ს სარჩელი მი------ა ჩი---ას მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

5. შპს ქა------ს მი------ა ჩი---ას სასარგებლოდ დაეკისროს 176,5 ლარის გადახდა;

6. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნას ყადაღა მი------ა ჩი---ას კუთვნილ უძრავ ქონებას, ს/კ 26.28.14.2--;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე