განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.05.2018
საქმის ნომერი
330310017002217991
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
10.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002217991

საქმე N3ბ/549-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

10 მაისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - თამარ ონიანი

მოსამართლეები: გიორგი ტყავაძე

მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - რ---------------–------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ-------------–----–---

წარმომადგენელი - ვ-–-----------------–-–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ-------------–----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 20 ნოემბრის MES 2---------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გ-------------–----–--ის სახელზე გაცემული AA №0------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები

 

1.2.1. საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ, 1991 წლის 10 ივლისს, უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N01-1708/1434 ლიცენზიით, ნება დართო საქართველოს რესპუბლიკის მ-–----------- ა--------- ს----–-–---------------------–---------------–-------------------ებს, გაეხსნათ თ---–--------------------–---------------. ამასთან, ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 25 სექტემბრის დადგენილებით (სარეგისტრაციო N5/4-84) რეგისტრაციაში გატარდა შპს „ თ---–--------------------–--------------- “.

 

1.2.2. გ-------------–----–--- 1990 წელს ჩაირიცხა და 1999 წელს დაამთავრა საქართველოს მ-–----------- ა--------- სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტთან არსებული თ---–--------------------–---------------ს იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1999 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილებით(ოქმი N38) მას მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია და მის სახელზე გაიცა დიპლომი AA N0------.

 

1.2.3. გ-------------–----–---მ 2017 წლის 18 ოქტომბერს №1281840 განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს თ---–--------------------–---------------ს მიერ მის სახელზე გაცემული AA №0------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.

 

1.2.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 20 ნოემბრის MES 2------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გ-------------–----–---ს უარი ეთქვა დიპლომის AA №0------ ნამდვილობის დადასტურებაზე. საკითხის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ 1991 წლის 10 ივლისამდე, თ---–--------------------–--------------- არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა საგანმანათლებლო საქმიანობა. შესაბამისად, ვინაიდან გ-------------–----–--- შპს თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1990 წელს, მის სახელზე გაცემული ბაკალავრის AA №0------ დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

1.3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

1.3.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით მიმართა გ-------------–----–---მ და მოითხოვა შპს „თ---–--------------------–---------------ს“ მიერ მის სახელზე გაცემული AA №0------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 20 ნოემბრის MES 2------------ გადაწყვეტილებით გ-------------–----–---ს უარი ეთქვა AA №0------დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე”, რომლითაც რეგულირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობები და პროცედურა.

 

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

 

ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი); საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი; საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს; 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას; ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი; საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესესულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.

 

1.3.2. სასამართლომ განმარტა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მეორე მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის თანახმად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით. აღნიშნული მუხლის ,,ბ1” პუნქტის თანახმად, ავტორიზაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ამავე მუხლის ,,თ” პუნქტის თანახმად კი, აკრედიტაცია არის აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.

 

სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების თანახმად, გ-------------–----–--ის ინსტიტუტში ჩარიცხვის დროისათვის შპს „თ---–--------------------–---------------ს“ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა გ-------------–----–---ს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სასამართლომ აღნიშნა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება, სამართალმცოდნეობის კვალიფიკაციით. სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, თუმცა კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა. სახეზე არ არის აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა შპს „თ---–--------------------–---------------ს“ მიერ მის სახელზე გაცემული AA №0------ დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში, ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა - პროფესიული კარიერა დაგეგმა სწორედ ამ კუთხით.

 

სასამართლოს განმარტებით, შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე გ-------------–----–---მ მასზე გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელა მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, აღნიშნული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება კი ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს, სამართლებრივი სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებას. სასამართლოს მოსაზრებით, კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე შეპირისპირების შედეგად არ იკვეთება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესესი. ასეთ შემთხვევაში კი, სასამართლოს მოსაზრებით, აუცილებელია, რომ მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდდამხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

სასამართლომ mutatis mutandis მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმეზე „მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mürsel Eren v. Turkey ), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 20 ნოემბრის MES 2------------ გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

2.1. აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ 1991 წლის 10 ივლისს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №01-17-08/1434 ლიცენზიით, ნება დართო საქართველოს რესპუბლიკის მ-–----------- ა--------- ს----–-–---------------------–---------------–-------------------ებს, გაეხსნათ თ---–--------------------–---------------. ამასთან, თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 25 სექტემბრის დადგენილებით (სარეგისტრაციო №5\4-84) რეგისტრაციაში გატარდა შპს „თ---–--------------------–---------------“. ამდენად, 1991 წლის 10 ივლისამდე, აღნიშნული იურიდიული პირი არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა საგანმანათლებლო საქმიანობა. შპს „თ---–--------------------–---------------ს“ საარქივო დოკუმენტაციის მფლობელის - საქართველოს მ-–----------- ეროვნული ა--------- მიერ 2017 წლის 2 ნოემბრის №1346902 (№010107-700/523) წერილით მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, უმაღლესი განათლების AA №0------ დიპლომის მფლობელი - გ-------------–----–--- 1990 წელს (დაწესებულებისათვის ლიცენზიის მიღებამდე) ჩაირიცხა და 1999 წელს დაამთავრა შპს „თ---–--------------------–---------------ს იურიდიული ფაკულტეტის“ სრული კურსი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. შესაბამისად, გ-------------–----–--ის მიერ მიღებული განათლება და მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების AA №0------ დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების მიღების არგუმენტაცია აცდენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" იმ ნორმათა იმპერატიულად დადგენილ შინაარსსა და მიზანს, რომლებითაც რეგულირებულია დიპლომის ნამდვილობის დადასტურების პროცედურა და ამ უკანასკნელისათვის აუცილებელი ფაქტობრივ - სამართლებრივი წინაპირობები.

 

აპელანტის მითითებით, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას გ-------------–----–--ის კუთვნილი საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დიპლომში მითითებული სწავლის პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე, რითაც უხეშად დაირღვა „წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო კრიტერიუმი, რომლის დადგენის მიზნებისთვისაც ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.

 

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, სასამართლომ დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ სცნო ბათილად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ცენტრს დაავალა ახალი აქტის გამოცემა, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომელიც აქტის ბათილად ცნობის პირობებს განსაზღვრავს. ცენტრმა დაიცვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმალური და მატერიალური კანონიერება და გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

2.2. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტებით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. იგივე უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს არა მხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი გამჭვირვალე სასამართლოს უფლებას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების ამომწურავად შეფასებას.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები, რომლის თანახმადაც, გადამწყვეტია სახელმწიფოს როლი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მყოფი საგანმანათლებლო სისტემის შექმნის პროცესში. განათლების სისტემა სოციალური სისტემის განუყოფელი ნაწილია. ეს ხაზგასმით იქნა აღნიშნული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის № 2/2-389 გადაწყვეტილებაშიც (საქმეზე: საქართველოს მოქალაქე მაია ნათენაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ), რომლის მიხედვით, ,,განათლების სისტემა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს განუყოფელი ელემენტია, მისი შექმნა კი უმაღლესი დონის ლეგიტიმური მიზანი”. აპელანტის განმარტებით, საგულისხმოა, რომ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ სწრაფვა ეჭქვეშ დადგებოდა მისი ხარისხის განვითარების მექანიზმების არსებობის გარეშე. საამისოდ მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება კი, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე მუხლის შესაბამისად, მინიჭებული აქვს ცენტრს.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ კონკრეტული პირის განათლების უფლებაზე აპელირება დაუშვებელია თავად საგანმანათლებლო სისტემის, მისი ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების უგულებელყოფის საპირწონედ, მითუფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში, ცენტრს არ განუხორციელებია არამართლოზმიერი ჩარევა მოსარჩელის განათლების უფლებით დაცულ სფეროში, სასამართლო უსაფუძვლოდ აპელირებს ცენტრის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა ცენტრის მხრიდან კონსტიტუციის დებულებების დარღვევა, იგი შემოიფარგლა მხოლოდ ნორმათა ციტირებით და მათი ფორმალური მითითებით, რაც დაცლილია ნორმის მითითების სამართლებრივი ლოგიკისაგან.

 

2.3. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ცენტრს არ დაურღვევია აღნიშნული პაქტი და არ შეუზღუდავს მოსარჩელის უფლება, მიიღოს განათლება, ასევე არ გაუბათილებია უკვე მიღებული სწავლის შედეგები, ცენტრმა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოახდინა იმ ფაქტების კონსტატაცია, რომლებიც დასტურდებოდა სხვადასხვა მტკიცებულებებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" რიგი დებულებები, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია და გააკეთა ქვეყანაში დოკუმენტის ნამვილობის დადასტურების სპეციალური მარეგულირებელი აქტის მიზნის საწინააღმდეგო განმარტება. ამ წესის მოქმედების პირობებში, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია საქმეზე სხვაგვარი რეაგირების შესაძლებლობას, ისევე როგორც სასამართლოა ვალდებული მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და დაასაბუთოს იგი მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას გ-------------–----–--ის კუთვნილი საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დიპლომში მითითებულ სწავლის პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე, აღნიშნულით უხეშად არის დარღვეული „წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო კრიტერიუმი, რა დროსაც ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ 1991 წლის 10 ივლისს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №01-17-08/1434 ლიცენზიით, ნება დართო საქართველოს რესპუბლიკის მ-–----------- ა--------- ს----–-–---------------------–---------------–-------------------ებს, გაეხსნათ თ---–--------------------–---------------, ამასთან, ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 25 სექტემბრის დადგენილებით (სარეგისტრაციო №5\4-84) რეგისტრაციაში გატარდა შპს „თ---–--------------------–---------------“. აღნიშნულიდან გამომდინარე, 1991 წლის 10 ივლისამდე, აღნიშნული იურიდიული პირი არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა საგანმანათლებლო საქმიანობა. შპს „თ---–--------------------–---------------ს“ საარქივო დოკუმენტაციის მფლობელის, საქართველოს მ-–----------- ეროვნული ა--------- მიერ 2017 წლის 2 ნოემბერს №1346902 (№010107-700/523) წერილით მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, უმაღლესი განათლების AA №0------ დიპლომის მფლობელი - გ-------------–----–--- 1990 წელს (დაწესებულებისათვის ლიცენზიის მიღებამდე) ჩაირიცხა და 1999 წელს დაამთავრა შპს „თ---–--------------------–---------------ს“ იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. შესაბამისად, გ-------------–----–--ის მიერ მიღებული განათლება და მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების AA №0------ დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 1991 წლის 14 ივნისს „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი კერძო პირების მიერ განათლების სფეროში მოგების მიღებაზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელებისათვის. აღნიშნულის შესაბამისად კი, დაშვებულ იქნა ფასიანი სწავლება და კერძო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება. იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ფასიანი სასწავლებლების დაარსების, სასწავლებლის წესდებისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სწავლების განხორციელების, აგრეთვე კურსდამთავრებულზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული სათანადო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება განმტკიცებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით „საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი სასწავლებლების შესახებ“. აღნიშნული დებულების პირველი და მე-2 პუნქტებით იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ნება დაერთოთ დაეარსებინათ ფასიანი სასწავლებლები სახელმწიფოს მიერ აღიარებული სათანადო კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის (დიპლომი, ატესტატი) გაცემის უფლებით. აპელანტის მსოაზრებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ფასიანი სასწავლებლის რეგისტრაციაში გატარებისათვის დადგინდა შესაბამისი ლიცენზიის მიღების ვალდებულება, რომლის გამცემ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრო. „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სასწავლო დაწესებულებების შექმნა აკრძალული იყო „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის, მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სპეციალური ნებართვის გარეშე“. ამასთან, 1999 წლის 14 მაისის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა ექვემდებარებოდა ლიცენზირებას, რომელსაც გასცემდა საქართველოს განათლების სამინისტრო. შესაბამისად, შპს „თ---–--------------------–---------------“ არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა საგანმანათლებლო საქმიანობა (სტუდენტთა ჩარიცხვა და მათთვის საგანმანათლებლო მომსახურების განხორციელება) 1991 წლის 10 ივლისამდე.

 

აპელანტის განმარტებით, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 1(1) პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, მათ შორის, შპს „თ---–--------------------–---------------ს“ მიერ ლიცენზიის მიღებიდან (1991 წლიდან) 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, აღნიშნული კი, გამორიცხავს მოსარჩელის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რადგან სახეზე არ არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შინაარსი.

 

აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების მიღების არგუმენტაცია აცდენილია ზემოაღნიშნული წესის იმ ნორმათა შინაარსსა და მიზანს, რომლებითაც რეგულირებულია საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების პროცედურა და ამ უკანასკნელისათვის აუცილებელი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს შეფასება სადავო პერიოდში დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებისა და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

 

2.4. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებული კანონიერი ნდობის პრინციპის არსი და მისი მნიშვნელობა, აღნიშნული ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმა ცენტრმა გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღებისას, გამოცემული აქტით გ-------------–----–---ს მიღებული უნდა ჰქონდეს რაიმე უფლება ან სარგებელი. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა გ-------------–----–--ის მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოსა და საზოგადოების უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს ინსტიტუციური აკრედიტაციის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი, როდესაც საქმიანობის აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე, კონკრეტული, ინსტიტუციურ აკრედიტაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოს და საზოგადოებას გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან.

 

აპელანტი საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს და იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია, ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, ამდენად, გაუმართლებელია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით, ცენტრის დისკრეციაში უხეში ჩარევის ფორმით, მსგავსი ჩარევა იწვევს საკითხის გადაწყვეტას ისე, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი სრულიად კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას იწვევს. კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენება კი, არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს განათლების სისტემის სამართლებრივ ფუნქციობირებას. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში ისე იმსჯელა კანონიერი ნდობის პრინციპის გამოყენებაზე, რომ არ მოუხდენია მისი შეპირისპირება კანონიერების პრინციპთან. შესაბამისად გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ კანონიერი ნდობის პრიმატი კანონიერების პრინციპთან მიმართებით.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო უპირობოდ, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე, ემხრობა კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენებას, რაც ყველა შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება აზრს უკარგავს სამართალწარმოებას და ადმინისტრაციულ ორგანოს აიძულებს მიიღოს აშკარად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითიც უგულებელყოფს კანონიერების პრინციპს, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის ბს-1153-1142(კ-11) გადაწყვეტილებაში მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი აქტის ბათილად ცნობისა და აღნიშნული აქტის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი, შესაბამისად, ეს სასამართლო გადაწყვეტილება შეუსაბამოა მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მასზე მითითება არ ეხმიანება კონკრეტულ მიზანს. სასამართლომ ამგვარი მსჯელობით მოახდინა თავად კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არასწორი ინტერპრეტაციის დემონსტრირება.

 

აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომლითაც განმტკიცებულია ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. ამ პრინციპიდან გამომდინარე, აკრედიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა (ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ის პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს იმავე ან ანალოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება ან ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომელთაც არ მიეცათ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ან რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება) უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია. არათანასწორი მოპყრობის პირობებში ადგილი აქვს მნიშვნელოვნად თანასწორისადმი თვითნებურად უთანასწოროდ ან მნიშვნელოვნად უთანასწოროსადმი თვითნებურად თანასწორად მოპყრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დარღვევად ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ნორმის ადრესატთა ერთი ჯგუფისადმი ადრესატთა მეორე ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად მოპყრობა იმის მიუხედავად, რომ ჯგუფებს შორის არ არსებობს ისეთი მასშტაბის განსხვავება, რომლითაც შეიძლება გამართლებული იქნეს უთანასწორო მოპყრობა. ზემოხსენებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, არ დგინდება კანონის ნორმის ადრესატთა დიფერენცირების (არათანასწორი მოპყრობის) ლეგიტიმური საჯარო მიზანი, დიფერენცირების გამოსადეგი კრიტერიუმის, დიფერენცირების ინტენსივობისა და სიძლიერის აუცილებლობის და თავად დიფერენცირების შესაბამისობის (ზომიერების) არსებობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტის მოსაზრებით, არსებობს ლეგიტიმური საფუძველი დასკვნისათვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად, სახეზე არ არის სადავო აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მატერიალური და ფორმალური კანონიერების წინაპირობების დაცვით.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო სასამართლო პირველ ყოვლისა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს პირდაპირ და უშუალო ინტერესს წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელწიფოს შექმნა, რომელიც, რა თქმა უნდა, ადეკვატური განათლების სისტემის გარეშე წარმოუდგენელია. განათლების უფლების რეალიზება პირის ინდივიდუალურ ინტერესს, ამავდროულად, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ღირებულებას წარმოადგენს.

 

განათლების უფლებით სრულყოფილ რეალიზაციაზეა დამოკიდებული ადამიანის პიროვნული თავისუფლება, იმდენად, რამდენადაც შესაბამისი განათლების გარეშე ადამიანი რთულად თუ შეძლებს საკუთარი პიროვნების თავისუფალ განვითარებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას. საზოგადოებაში საღი აზრის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელწიფოს ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო გარანტიას განათლებული საზოგადოება წარმოადგენს, რომელმაც იცის თავისი უფლებები და მოვალეობები. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ განათლების უფლებით სარგებლობა მხოლოდ ამა თუ იმ პირისათვის ინფორმაციისა და ცოდნის მოგროვებას როდი ნიშნავს, მისი მიზანია, ასევე, საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანა. ამასთანავე, განათლების უფლების სოციალური ფუნქცია, სწორედ, თითოეული პირის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას გულისხმობს. განათლება ხელს უწყობს ინდივიდს, საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, დამოუკიდებლად გაუძღვეს და მოაწყოს საკუთარი ცხოვრება, ჰქონდეს სასურველი სამუშაო ადგილი, შექმნას მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახი, თუკი ამის სურვილი ექნება და ა.შ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ" საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. ისინი თანახმა არიან, რომ განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. შემდეგ ისინი თანახმა არიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის.

 

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტი მხარის პოზიციას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებით არ დარღვეულა მოქმედი კანონმებლობა. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების მიღების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას.

 

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა წარმოადგენს, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტით საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების უფლებამოსილება მიენიჭა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, ამავე კანონის 25-ე მუხლით კი განისაზღვრა ამ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები, კერძოდ, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი);

 

იმავე მუხლის მე-3 პუნქტი კი მიუთითებს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს;

 

მაშასადამე, დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისთვის ცენტრმა უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა პირის სახელზე გაცემული დიპლომი, რაც თავისთავად ადასტურებს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს, შეამოწმოს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შეამოწმოს სწავლის პერიოდის, საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარება და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან, დაადგინოს პირისათვის მინიჭებული კვალიფიკაციის პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხი. მითითებული ნორმა განსაზღვრავს უფლებამოსილების კონკრეტულ ფარგლებს, თუ რა საკითხები უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ცენტრმა დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისას.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი განმარტავს და მიუთითებს, რა წესით გაცემულ საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს მიიჩნევს სახელმწიფო აღიარებულად. კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის მიხედვით, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის შესაბამისად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით, აგრეთვე სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად გაცემული დიპლომით / დიპლომებით ან სერტიფიკატით;

 

საგულისხმოა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალ დებულებებში, კერძოდ, 88-ე მუხლის 11 პუნქტით განისაზღვრა, რომ ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.

 

მოცემულ ნორმაზე სააპელაციო საჩივარში თავად აპელანტიც მიუთითებს, ნორმის შინაარსი კი განსაზღვრავს, რომ ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წესის იმავე მუხლის მე-4 პუნქტი განსხვავებულ წესს ადგენს 2005 წლიდან უმაღლეს დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისთვის, რაც, ცხადია, უკავშირდება ამ პერიოდიდან განათლების მარეგულირებელი ახალი წესრიგის შემოღებას, კერძოდ, მე-4 პუნქტი მიუთითებს, რომ 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას;

 

იმავე წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი;

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით მიმართა გ-------------–----–---მ და მოითხოვა შპს „თ---–--------------------–---------------ს“ მიერ მის სახელზე გაცემული AA №0------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 20 ნოემბრის MES 2------------ გადაწყვეტილებით გ-------------–----–---ს უარი ეთქვა AA №0------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. ცენტრმა დიპლომის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების თანახმად, გ-------------–----–--ის ინსტიტუტში ჩარიცხვის დროისათვის შპს „თ---–--------------------–---------------ს“ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

ამასთან, დადგენილია, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ 1991 წლის 10 ივლისს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N01-1708/1434 ლიცენზიით ნება დართო საქართველოს რესპუბლიკის მ-–----------- ა--------- ს----–-–---------------------–---------------–-------------------ებს, გაეხსნათ თ---–--------------------–---------------. ამასთან, ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 25 სექტემბრის დადგენილებით (სარეგისტრაციო N5/4-84) რეგისტრაციაში გატარდა შპს „ თ---–--------------------–--------------- “.

 

გ-------------–----–--- 1990 წელს ჩაირიცხა და 1999 წელს დაამთავრა საქართველოს მ-–----------- ა--------- სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტთან არსებული თ---–--------------------–---------------ს იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1999 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილებით(ოქმი N38) მას მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია და მის სახელზე გაიცა დიპლომი AA N0------.

 

მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ისე უთხრა მოსარჩელეს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, რომ მიუთითა მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გ-------------–----–--ის ინსტიტუტში ჩარიცხვის დროისთვის შპს ,,თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტს“ არ გააჩნდა საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, თუმცა არ მიუთითა, თუ დამნდვილობის დადასტურებისთვის განსაზღვრულ რომელ სამართლებრივ მოთხოვნას არ შეესაბამებოდა მითითებული ფაქტობრივი გარემოება, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის, რომ საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ 1991 წლის 10 ივლისს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N01-1708/1434 ლიცენზიით ნება დართო საქართველოს რესპუბლიკის მ-–----------- ა--------- ს----–-–---------------------–---------------–-------------------ებს, გაეხსნათ თ---–--------------------–--------------- და მოსარჩელე მხარემ 1999 წელს დაამთავრა საქართველოს მ-–----------- ა--------- სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტთან არსებული თ---–--------------------–---------------ს იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1999 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილებით(ოქმი N38) მას მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია და მის სახელზე ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაიცა AA N0------ დიპლომი. ამ მიმართებით საგულისხმოა ისიც, რომ ნორმატიული აქტის მოთხოვნების შესაბამისად, არ შემოწმებულა სწავლების პერიოდის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ინსტიტუტში სწავლების პერიოდი მოიცავდა 1990-1999 წლებს. ხოლო ნორმატიული აქტი განსაზღვრავს, რომ ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ანუ, მოცემული ნორმა უშვებს მითითებული საფუძვლის გამორიცხვის პირობებშიც დიპლომის ნამდვილობის დადასტურებას.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში სასამართლო ვალდებულია, ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე “დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ, თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, უნდა შეაფასოს, თუ რამდენად არის დაცული პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით და განმარტავს, რომ არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი გათვალისწინებულია კანონით. დაუშვებელია პირისთვის განმსაზღვრელ უფლებაზე ისეთი სახის საკანონმდებლო რეგულაციის გავრცელება, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული და გონივრული განსჯის შედეგად განჭვრეტადი მაშინ, როდესაც არის დაცული პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის.

 

სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა გ-------------–----–---ს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ, მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თუმცა მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად, სასამართლომ სწორედ აღნიშნა, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ამასთანავე, მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას, მოსარჩელე ენდობოდა შპს „თ---–--------------------–---------------ს“ მიერ მის სახელზე გაცემული AA №0------ დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში, ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა - გ-------------–----–---მ მასზე გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელა მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, ამასთანავე, იგი ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას. პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორედ მიუთითა, რომ აღნიშნული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს, სამართლებრივი სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებას. კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესესი, შესაბამისად, მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო.

 

ამასთანავე, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც გულისხმობს მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: თამარ ონიანი

 

მოსამართლეები: გიორგი ტყავაძე

 

მანანა ჩოხელი