განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №150310016001238020 (3ბ/2627-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მარტი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - შ----------------ი
წარმომადგენელი - ი-----–--–---------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს------------------ი
წარმომადგენელი - დ-------------–---
მესამე პირი - ჰო-------------------ი
მოპასუხე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
გასაჩივრებული განჩინება - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინება აცილებაზე უარის შესახებ
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ასევე საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 17 აგვისტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდა შ----------------ის მოთხოვნა საკასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების შესახებ, 2000 კვმ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ნინოწმინდის რაიონის სოფელი ჰ-–----, ს/კ 6-----------.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 17 აგვისტოს ჰო-------------------ი იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ჰ-–---ის სტრუქტურულ ერთეულში.
2.2. ჰო-------------------ის მიერ 2015 წლის 17 აგვისტოს დაკმაყოფილდა შ----------------ის მოთხოვნა საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების შესახებ, 2000 კვმ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ნინოწმინდის რაიონი სოფელი ჰ-–----, ს/კ 6-----------. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჰ-–---ის ერთეულის წარმომადგენელმა ბეჭდით დაამოწმა შ----------------ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადასტურების მიზნით. ხოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზი გათვალისწინებული იყო საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციისათვის. აღნიშნული ნახაზის საფუძველზე საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთი 2015 წლის 01 დეკემბერს ს/კოდით 6----------- დარეგისტრირდა ა-–-–-------------ის, გ--–---------------ის, ვ-–--------------------ის, შ----------------ის და ხ----------------ის სახელზე.
2.3. ს------------------ს საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი (ს/კ 6-----------, ნინოწმინდის რაიონი სოფელი ყ-------) 50 კვმ დაუზუსტებელი ფართით, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 10.05.2002 წლიდან. ს------------------მა 2015 წლის 21 დეკემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების თაობაზე (N8----------- განცხადება). ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 25.12.15 წელს შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდების გამო, კერძოდ, საკადასტრო კოდით 6----------- მიწის ნაკვეთს და ს/კ 6----------- მიწის ნაკვეთს შორის 50 კვმ ფართის ნაწილში.
2.4. მოსარჩელის განმარტებით, მის მიწის ნაკვეთზე დგას ჯ------–-ს ანძა. მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ 2010 წლის 1 აპრილს ს------------------სა და შპს „ჯ------–-“ შორის გაფორმებული იყო ქირავნობის ხელშეკრულება ს/კოდით 6-----------, რომლის მიხედვითაც 50 კვმ ფართიდან 8 კვმ ფართი გადაეცა შპს „ჯ------–-“ დროებით სარგებლობაში, სადაც დამქირავებელმა განათავსა საბაზო სადგური და საანტენო-საფიდერო მოწყობილობები მობილური კავშირგაბმულობის განსახორციელებლად. აღნიშნული ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2011 წლის 04 მარტიდან. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საკადასტრო აზომვით ნახაზი, შედგენილი 2016 წლის 22 აპრილს შპს „კ----------------------“-ის მიერ. აღნიშნულ ნახაზში მითითებული კოორდინატებით 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი შედის შ----------------ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ამასთან, მოსარჩელის მიერ დაკვეთილ ნახაზში აღნიშნულია არსებული ანძა, რა დროსაც შ----------------ის საკადასტრო ნახაზში არ არის მითითებული ანძა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნის თანახმად, შპს „კ----------------------“-ის მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი სრულად მდებარეობს N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე, ხოლო ფაქტობრივად არსებული ანძა სრულყოფილად განთავსებულია შპს „კ----------------------“-ის მიერ შესრულებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებულ 50 კვ.მ მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, საქმის მასალებით დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად დგას ანძა, რომელიც შ----------------ის მიერ ორგანოში განცხადების და ნახაზის შეტანამდეც იყო. ჰო-------------------მა ვერ უარყო, რომ იცოდა ანძის არსებობის თაობაზე (იხ. სხდომის ოქმი). საქმის მასალებით დგინდება, რომ გამგებლის წარმომადგენელთან დასამოწმებლად წარდგენილი იყო საკადასტრო აზომვით ნახაზი არსებული ანძის მითითების გარეშე და გამგებლის წარმომადგენლის მიერ არ არის შესწავლილი ეს საკითხი.
2.5. შ----------------ის განცხადებაში და დასამოწმებლად წარმოდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზში მიწის ნაკვეთის მისამართი მითითებულია სოფელი ჰ-–----. ამასთან, საჯარო რეესტრში შ----------------ის სახელზე ს/კ 6----------- რეგისტრირებული უძრავი ქონების მისამართი მითითებულია სოფელი ჰ-–----. ასევე, შ----------------ს მიწის რეფორმის დროს მიწის ნაკვეთები გამოეყო სოფელ ჰ-–----ში, რაც დასტურდება შ---- ვ----------ის სახელზე გაცემული საარქივო ცნობებით. ს------------------ის სახელზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----–-–------------–---------- წერილით დგინდება, რომ გამგეობის სპეციალისტების მიერ შესწავლილი იქნა ს------------------ის მიერ განცხადებაში მითითებული საკითხი, რომელიც ეხება 6----------- კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ადგილმდებარეობას და დადგინდა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით წარდგენილი მიწის ნაკვეთი ნამდვილად მოქცეულია სოფ. ყ------ის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ს------------------ის სახელზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----–-–------------–---------- წერილით დგინდება, რომ გამგეობის სპეციალისტების მიერ შესწავლილი იქნა ს------------------ის მიერ განცხადებაში მითითებული საკითხი, რომელიც ეხება 6----------- კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ადგილმდებარეობას, ვერ დადგინდა, რადგან მიწის ნაკვეთი არ არის დაზუსტებული (ელ. ვერსიების მიხედვით). რაც შეეხება საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით წარმოდგენილ მიწის ნაკვეთს, ნამდვილად მოქცეულია სოფ. ყ------ის ადმინისტრაციულ საზღვრებში. შესაბამისად, სადავო ტერიტორიის მისამართი არ არის სოფელი ჰ-–----, არამედ ეკუთვნის სოფელ ყ-------ს, ხოლო გამგებლის წარმომადგენლის მიერ არ არის შესწავლილი ეს საკითხიც, შესაბამისად არ არის დადგენილი ზუსტი მისამართი.
2.6. მოპასუხე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შ----------------ის განცხადება გამგეობის მიერ არ იყო განხილული, ადმინისტრაციულ წარმოება საერთოდ არ იყო წარმოებული, ამასთან გამგებელს გამგებლის წარმომადგენლის ქმედებაში (საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმებაში) მონაწილეობა არ მიუღია. რაიონული სასამართლოს მითითებით, შ----------------ის მხარემ ვერ უარყო აღნიშნული გარემოება, ვინაიდან არ წარუდგენია რაიმე საწინააღმდეგო დასტური. გამგებლის წარმომადგენელმა ჰო-------------------მა შ----------------ის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი დაამოწმა გამგებლის თანხმობის გარეშე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. რაიონული სასამართლოს მითითებით, 2015 წლის 17 აგვისტოს ჰო-------------------მა დააკმაყოფილა შ----------------ის მოთხოვნა საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების შესახებ, 2000 კვმ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ნინოწმინდის რაიონი სოფელი ჰ-–----, ს/კ 6-----------. მან დაამოწმა ბეჭდით შ----------------ის მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის ადგილსამყოფელის დასტურების მიზნით, ხოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზი გათვალისწინებული იყო საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციისათვის. აღნიშნული ნახაზის საფუძველზე საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთი 2015 წლის 01 დეკემბერს ს/კოდით 6----------- დარეგისტრირდა ა-–-–-------------ის, გ--–---------------ის, ვ-–--------------------ის, შ----------------ის და ხ----------------ის სახელზე. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებულია გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. იმავე კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამგებელი/მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის/მერის წარმომადგენელი. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გამგებლის/მერის წარმომადგენელს არ ენიჭება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების გაცემის უფლება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შესაბამის პერიოდში ჰო-------------------ი იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ჰ-–---ის სტრუქტურულ ერთეულში, შესაბამისად მოქმედებდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელით. რაიონული სასამართლოს განმარტებით, საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმება ნიშნავს ადმინისტრაციული ორგანოს - გამგეობის მიერ დადასტურებულ დოკუმენტს. აღნიშნული დოკუმენტით რეგისტრირებულია საკუთრების უფლება, შესაბამისად, დოკუმენტს მოჰყვა სამართლებრივი შედეგები. გასაჩივრებული დოკუმენტი - დამოწმებული/დადასტურებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, წარმოადგენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის/ გამგებლის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
2.8. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში. შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დასადგენია მოსარჩელის ინტერესი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მიმართ და ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადები.
2.9. რაიონული სასამართლოს მითითებით, ს------------------მა 2015 წლის 21 დეკემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების თაობაზე. ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 25.12.15 წელს შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდების გამო. 15.01.16 წელს მოსარჩელემ გაასაჩივრა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება. თუმცა 25.01.16 წელს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, რომელიც მოსარჩელემ გაასაჩივრა 26.01.16 წელს. ამის შემდეგ, მოსარჩელემ 05.02.16 წელს სარჩელი შეიტანა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. აღნიშნული სარჩელის განხილვის ფარგლებში მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა სადავო რეგისტრაციის საფუძვლის - მოცემული გასაჩივრებული აქტის თაობაზე. საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 02 მარტს მოსარჩელემ წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომელიც მოცემულ საქმეზე განხილვის საგანია. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ დაურღვევია ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, ვინაიდან გასაჩივრებული აქტის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა საქმის სასამართლოში განხილვის დროს, 2016 წლის 05 თებერვლის შემდეგ, ხოლო სარჩელი გასაჩივრებული აქტის თაობაზე წარმოდგენილია 2016 წლის 02 მარტს.
2.10. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ს------------------ს საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი (ს/კ 6-----------, ნინოწმინდის რაიონი სოფელი ყ-------) 50 კვმ დაუზუსტებელი ფართით, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 10.05.2002 წლიდან. ამ 50 კვმ ფართიდან 8 კვმ ფართი ქირავნობის ხელშეკრულებით გადაეცა შპს „ჯ------–-“ დროებით სარგებლობაში, აღნიშნული ქირავნობის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2011 წლის 04 მარტიდან. ს------------------ის N8----------- განცხადებაზე საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზით დადგენილია ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან, კერძოდ, საკადასტრო კოდით 6----------- მიწის ნაკვეთს და ს/კ 6----------- მიწის ნაკვეთს შორის 50 კვმ ფართის ნაწილში. ანუ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოვლინდა დავა მხარეებს შორის 50 კვმ მიწის ნაკვეთის ნაწილში. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ქირავნობის ხელშეკრულება, გაფორმებული მასსა და შპს „ჯ------–-“ შორის, რომლითაც ასევე დასტურდება მისი ინტერესი ანძის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ. სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ნინოწმინდის რაიონის სოფელ ყ-------ში, მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მისამართია სოფელი ყ-------, შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს კანონიერი ინტერესი გასაჩივრებული აქტის მიმართ.
2.11. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. იმავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა: ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან; ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან; გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.
2.12. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამგებლის/მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის/მერიის დებულებით. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №21 დადგენილებით დამტკიცებული „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგეობის წარმომადგენელი. გამგეობის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის დებულებით. იმავე დებულების მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის ი.დ) ქვეპუნქტის თანახმად, გამგებლის წარმომადგენელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამგებლის თანხმობის შემთხვევაში, ადასტურებს/არ ადასტურებს მიწის ნაკვეთის ურთიერთშესაბამისობას საკადასტრო აზომვით ნახაზებთან. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამგებლის თანხმობა საკადასტრო აზომვით ნახაზის დამოწმებასთან დაკავშირებით არ არსებობს, რაც გათვალისწინებულია აღნიშნულ დებულებით. პირიქით, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შ----------------ის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმებას ეხებოდა, რაიმე ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა და არ იყო განხილული. შესაბამისად, გამგებლის წარმომადგენელმა შ----------------ის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი დაამოწმა/დაადასტურა გამგებლის თანხმობის გარეშე, რითაც არსებითად დაირღვა აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის ნორმა.
2.13. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი-მესამე ნაწილების თანახმად: 1) ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. 2) ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. 3) თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას მასში მონაწილეობის უფლების მქონე პირი ამ უკანასკნელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამგებლის წარმომადგენელმა არ გამოიკვლია სულ მინიმუმ ორი აშკარად არსებული სადავო გარემოება: 1) სადავო ტერიტორიის მისამართი არ არის სოფელი ჰ-–----, არამედ იგი ეკუთვნის სოფელ ყ-------ს. ხოლო გამგებლის წარმომადგენლის მიერ არ იყო შესწავლილი ეს საკითხი, შესაბამისად არ იყო დადგენილი ზუსტი მისამართი; 2) შ----------------ის მიერ გამგებლის წარმომადგენელთან დასამოწმებლად წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზში არ არის მითითებული არსებული ანძა და გამგებლის წარმომადგენლის მიერ არ არის შესწავლილი ეს საკითხი. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე შ----------------ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში აუცილებელი არ არის ანძის მითითება, ვინაიდან ანძა ნაგებობას არ წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე N4 ბრძანების შესაბამისად (2015 წელს მოქმედი რედაქციით), საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. ამასთან, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია (მუხლი 25). საკადასტრო აზომვით ნახაზზე, ამ ინსტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით, წარმოდგენილ უნდა იქნეს ობიექტთა შემდეგი ტიპები: ა) მიწის ნაკვეთი; ბ) შენობა-ნაგებობა; გ) ცალკე უფლების ობიექტი (მუხლი 26). საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ №57 დადგენილების შესაბამისად, ნაგებობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული (მუხლი 3.47). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 16 მაისის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების - მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების - განთავსების მიზნით განკარგვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ №1-1/193 ბრძანებით მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძები არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობები (მუხლი 1). შესაბამისად, რაიონული სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ჯ------–- არის მობილური კავშირის ოპერატორი (საყოველთაო ცნობილია) და მისი მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძა ყ------ის მთაზე წარმოადგენს სახაზო ნაგებობებას, რომელიც უნდა აღინიშნოს საკადასტრო ნახაზში. ვინაიდან მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ იცოდა მიწის ნაკვეთზე მდებარე ანძის თაობაზე, მას საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმებამდე უნდა გამოეკვლია ნახაზში ანძასთან დაკავშირებული საკითხი. რაიონულმა სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხე შ----------------ის წარმომადგენლის მოსაზრება მასზედ, რომ ს------------------ის საკუთრებაში არსებული 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შ----------------ის საკუთრებაში არსებული 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ორი სხვადასხვა მიწის ნაკვეთია, სხვადასხვა მისამართით, დანიშნულებით და საკადასტრო კოდით. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან მოცემული გადაწყვეტილების 3.4. პუნქტიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხი არ იყო შესწავლილი და ზუსტად დადგენილი, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი უდავო არ არის, პირიქით, სწორედ აქედან წარმოიშვა მხარეთა შორის დავა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა, ასევე არ იყო გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. აღნიშნული გარემოებების შესწავლის და სწორად დადგენის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტი განმარტავს, რომ გავრცელებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი შედგება უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებებისგან. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ამგვარად არ გამიჯნა საქმის ფატობრივი გარემოებები და გადაწყვეტილების მე-3 თავი დაიწყო პირდაპირ ,,სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით’’. აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილების მე-4 გვერდზე სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად დგას ანძა, ხოლო შ----------------ის მიერ გაკეთებულ აზომვით ნახაზზე (რომელიც სადავო აქტად განიხილება), რომელიც დასამოწმებლად წარუდგინა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, დატანილი არ არის დასახელებული ანძა. აპელანტს ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია, თუმცა სადავოდ ხდის საკითხს იმის შესახებ, ერთის მხრივ, რამდენად იყო სავალდებულო აზომვით ნახაზზე საკომუნიკაციო ანძის - რკინის კონსტრუქციის დატანება და მეორეს მხრივ, რამდენად არსებობდა ვალდებულება აზომვითი ნახაზი დამოწმებული ყოფილიყო გამგებლის წარმომადგენლის მიერ. აპელანტის მოსაზრებით, მართალია, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიიჩნია, თუმცა შ----------------მა სასამართლო პაექრობის სტადიაზე ცალსახად დაადასტურა, რომ მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად, საკომუნიკაციო ანძის (რკინის კონსტრუქციის) აზომვით ნახაზზე დატანა ან აზომვითი ნახაზის დამოწმება გამგებლის წარმომადგენლის მიერ სავალდებულო არ იყო 2010 წლის 15 იანვრის საჯარო რეესტრის ინსტრუქციის (2015 წელს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად.
3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ტერიტორიის მისამართი არის არა სოფელი ჰ-–----, არამედ სოფელი ყ-------, თუმცა აღნიშნული შესწავლილი არ ყოფილა გამგებლის მიერ. სასამართლო ამ დასკვნამდე მივიდა ნინოწმინდის გამგეობის 2016 წლის 28 აპრილის N 9----- წერილის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით 6---------) ადგილმდებარეობა დაუდგენელია. ამავე წერილის მიხედვით, შ----------------ის სახელზე რიცხული 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოქცეულია სოფელ ყ------ის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თუმცა იგივე მტკიცებულებით არ ირკვევა და არ დასტურდება საკითხის შესწავლის ფაქტი, რაზეც მეტყველებს ერთი და იმავე დღეს გამგეობის მიერ გაცემული ორი სხვადასხვა წერილი და ამ წერილთა შესწავლის შედეგად მომზადებისთვის არაგონივრული ვადა. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მათი შინაარსი არ უნდა გაეზიარებინა და მით უმეტეს, არ უნდა მიეჩნია საქმისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოების დამდგენ მტკიცებულებად. აპელანტის განმარტებით, საქმეს ერთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ შ---- ვ--------ის სახელზე რეგისტრირებული 2 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჰ-–----ში, ხოლო ს------------------ის სახელზე რიცხული 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ ყ-------ში. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მთლიანად აგებულია მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე და მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, სასამართლოს არანაირი შეფასება არ მიუცია მოპასუხის მტკიცებულებებისთვის და მათი მეშვეობით არ დაუდგენია არანაირი ფაქტობრივი გარემოება, რის გამოც, აშკარად დარღვეულია შეჯიბრობითობისა და დისპოზიციურობის პრინციპი.
3.3. აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ და შუამდგომლობა მიიჩნია დაუსაბუთებლად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მოსამართლის აცილების ლეგიტიმური საფუძველი - მოსამართლემ კონკრეტულ შედეგზე წინასწარ გამოთქვა პოზიცია 22.09.2016წ. გადაწყვეტილებაში. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ აღიარა, რომ ს------------------ის კუთვნილი 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შედიოდა შ----------------ის მიწის ნაკვეთში.
3.4. აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მე-5 ნაწილში მიუთითა კანონებზე, რომლებითაც იხელმძღვანელა, თუმცა ,,სამართლებრივი შეფასების’’ ნაწილში ირკვევა, რომ სასამართლომ მხოლოდ დასახელებული ნორმების გადმოტნა მოახდინა გადაწყვეტილებაში და არ მოახდინა მათთან მიმართებაში ფაქტობრივი გარემოებების შეფასება. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ’’ პუნქტი (გადაწყვეტილების 6.1. პუნქტი), რამდენადაც მისი შინაარსი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი, ასევე შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, - მოქმედებაში შეიძლება მოვიდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულ დოკუმენტს სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ დოკუმენტის დადასტურების გარეშე, ან თუ მხოლოდ ამ დოკუმენტით არის შესაძლებელი ,,შესაბამისი სამართლებრივი შედეგის’’ დადგომა. აპელანტმა მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინტრუქციის (2010 წლის რედაქცია) მე-14 მუხლში გაკეთებულია ჩამონათვალი დოკუმენტებისა, რომლებიც აუცილებელია უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის, მათ შორის არის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც არ მოითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბეჭდით დადასტურებას. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ აბსოლუტურად გაუმართლებელია „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-60 და 54-ე მუხლების ანალიზი, რადგან გამგებლის წარმომადგენლის მიერ ინდმეწარმის საკადასტრო ნახაზზე ბეჭდის დატანით ამ დოკუმენტის ღირებულება ან სამართლებრივი ძალა არ გაზრდილა და იგივე შედეგი მოჰყვებოდა მას ამ ბეჭდის არარსებობის პირობებშიც.
3.5. აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად დაასახელა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, იმსჯელა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანზე და აქტის გასაჩივრების ვადაზე, რაც არასწორია, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ მისი კუთვნილი 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შედის შ----------------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში. ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად სასამართლომ თავად დანიშნა ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რის შედეგადაც გაცემული №5--------- დასკვნის მიხედვით, ს------------------ის საკუთრებად აღრიცხვული 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შედის შ----------------ის სახელზე აღიცხულ 2 000 კვ. მ. მიწის ნაკვეთში. აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ასეთი დასკვნა ლოგიკური იყო იმ პირობებში, როცა ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა შ----------------ის მიწის ნაკვეთზე გაკეთებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აპელანტმა ასევე მიუთითა დამატებით ექსპერტიზაზე, რომელიც აპელანტის ინიციატივით იქნა ჩატარებული. ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო სადავო ქონებაზე ს------------------ის უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტი, რომლითაც უნდა გარკვეულიყო იგივე საკითხი - შედიოდა თუ არა მოსარჩელის ნაკვეთი მოპასუხის ნაკვეთის შემადგენლობაში. აპელანტი აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის მეორე დასკვნის თანახმად (დასკვნა №5---------), ს------------------ის კუთვნილი ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელია, თუმცა სასამართლოს საჭიროდ არ ჩაუთვლია ემსჯელა ამ უკანასკნელ მტკიცებულებაზე (ისევე როგორც სხვა მტკიცებულებებზე), წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ რადგან ვერ დგინდება ს------------------ის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა (რაც იკითხება ასევე სასამართლოს მიერ მოშველიებულ მტკიცებულებაში - 2016 წლის 28 აპრილის ნინოწმინდის რაიონის გამგეობის №9----- წერილში), სახეზე არ გვაქვს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესზე ზიანის მიყენება, რასაც ითვალისწინებს დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილი. რაც შეეხება ამავე ნორმის მესამე ნაწილს - საჩივრის ხანდაზმულობის ვადებს - აპელანტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი, სამწუხაროდ, მხარეების მიერ სადავოდ არ გამხდარა და სასამართლოს მიერ ამ საკითხზე მსჯელობა ცალკე დავის საგანია.
3.6. აპელანტის მოსაზრებით, რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601, 32-ე, 34-ე, მე-4 და 96-ე მუხლების მოშველიება უსაფუძვლოა, რამდენადაც აღნიშნული ნორმებით რეგულირდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, მიღების და ბათილად ცნობის პროცედურები, მათ არაფერი აქვთ საერთო ინდმეწარმის მიერ შედგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზთან. ნინოწმინდის გამგეობის მიერ 2016 წლის 28 აპრილს სათანადო შეწავლის გარეშეა გაცემული წერილები, რომლებზეც მიუთითა რაიონულმა სასამართლომ. აღნიშნულზე მეტყველებს ერთი განცხადების შეტანიდან მეორე დღეს გაცემული ორი პასუხი, ამასთან, გამგეობის წერილის მიმართ არ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის და „საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, დასახელებული სისრულისა და უტყუარობის პრეზემპცია მოქმედებს საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ, ხოლო საჯარო რეესტრის ჩანაწერის შესაბამისად, შ----------------ის კუთვნილი 2 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ ჰ-–----ში. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორედ გამოიყენა „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინტრუქციის (2015 წელს მოქმედი რედაქცია) 25-26-ე მუხლები, სადაც მოცემულია იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომლებიც დატანილი უნდა იყოს საკადასტრო აზომვით ნახაზზე. ჩამონათვალში ერთ-ერთია შენობა-ნაგებობა (ინტრუქციის 26-ე მუხლის IV ნაწილის „ბ’’ პუნქტი). აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა ორ ნორმატიულ აქტზე: ა) 2009 წლის 24 მარტის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისისა და სანებართვო პირობების შესახებ“ N57 დადგენილებაზე და ბ) 2015 წლის 16 მაისის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების - მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების - განთავსების მიზნით განკარგვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ N 1-1/193 ბრძანებაზე, რომლის თანახმად, მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძები არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობები. აპელანტის განმარტებით, დასახელებულ სახაზო ნაგებობებს სასამართლო აიგივებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციაში ხსენებულ შენობა-ნაგებობასთან (ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" პუნქტი), რაც აბსურდია, რადგან რეგისტრაციის მიზნებისათვის, შენობა-ნაგებობის და ხაზობრივი ნაგებობის განმარტება მოცემულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში, რომლის მიხედვით, სასამართლოს სურვილის მიუხედავად, შენობა-ნაგებობა არ არის ხაზობრივი ნაგებობა. რაც შეეხება დასახელებული №57 დადგენილების 3.47 მუხლს, რომელსაც იშველიებს სასამართლო იმისათვის, რომ განმარტოს „ნაგებობის ცნება“, აპელანტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვერ გამოდგება „შენობა-ნაგებობის“ განსამარტად, რადგან ამ შემთხვევაში, მხოლოდ ნაგებობაზეა საუბარი, თანაც საკომუნიკაციო ანძა ,,გრუნტთან უძრავად დაკავშირებული’’ სულაც არ არის და მისი სხვა ადგილზე გადატანა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია.
3.7. აპელანტის მითითებით, ობიექტური შეფასების პირობებში, რაიონულ სასამართლოს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლთან ერთად, უნდა გამოეყენებინა „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე მისი არსებითი შემადგენელი ნაწილების (შენობა-ნაგებობის) არსებობა დგინდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით. აპელანტი მიუთითებს, რომ რეგისტრაციის მიზნებისათვის უძრავ ნივთად (მის არსებით შემადგენელ ნაწილებად) არ მიიჩნევა ისეთი ხაზობრივი ნაგებობები/ობიექტები, რომლებზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაიცემა მშენებლობის ნებართვა. აპელანტი აღნიშნავს, რომ რაც შეეხება სასამართლოს მიერ „ინსტრუქციის“ 26-ე მუხლზე მითითებას, ამ მუხლის ჩამონათვალში შეტანილი არ არის შენობა-ნაგებობისაგან არსებითად განსხვავებული ობიექტი - ,,სახაზო ნაგებობა’’. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი დაუსაბუთებლად მიიჩნევს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სადავო ამდინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3.8. აპელანტის მითითებით, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის სხდომაზე მან მოსამართლეს წარუდგინა ამავე მოსამართლის მიერ მიღებული 2016 წლის 22 აგვისტოს განჩინება, ასევე 2017 წლის 17 ივლისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც შეჩერდა მისი სააპელაციო საჩივრის წარმოება განსახილველი ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტამდე. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული მას აძლევდა იმ გარემოების დამტკიცების საშუალებას, რომ საქმის განმხილველმა მოსამართლემ 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით უკვე გამოთქვა (დაასაბუთა) საკუთარი მოსაზრება ადმინისტრაციულ დავაში უმნიშვნელოვანეს ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში, გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ----------------ის კუთვნილ 2 000 კვ. მ. მიწის ნაკვეთში შედიოდა ს------------------ის სახელზე რიცხული 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აპელანტის მოსაზრებით, პირველ შემთხვევაში (2016 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება) დავის ამგვარად გადაწყვეტა ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ იგივე მოსამართლე იგივენაირად იმსჯელებდა ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებშიც. აპელანტი აღნიშნავს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-31-ე მუხლების და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, მოითხოვა არამხოლოდ კონკრეტული საქმის განმხილველი მოსამართლის, არამედ მთლიანად რაიონული სასამართლის აცილება, თუმცა სასამართლომ ეს არგუმენტაცია საკმარისად არ მიიჩნია აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინებაც აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმეში არსებული საარქივო ცნობებით დასტურდება, რომ შ----------------ს მიწის რეფორმის დროს მიწის ნაკვეთები გამოეყო სოფელ ჰ-–----ში. დადგენილია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჰ-–---ის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელმა ჰო-------------------მა, შ----------------ის მოთხოვნის საფუძველზე, 2015 წლის 17 აგვისტოს ბეჭდით დაამოწმა შ----------------ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადასტურების მიზნით (მიწის ნაკვეთი, მდებარე ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჰ-–----ში, 2000 კვ.მ., ს/კ 6-----------). ზემოაღნიშნული 2015 წლის 17 აგვისტოს საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და საარქივო ცნობების საფუძველზე, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჰ-–----ში მდებარე 2000 კვ.მ. დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ 6-----------) 2015 წლის პირველ დეკემბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა-–-–-------------ის, გ--–---------------ის, ვ-–--------------------ის, შ----------------ის და ხ----------------ის თანასაკუთრების უფლება. დადგენილია, რომ როგორც 2015 წლის 17 აგვისტოს საკადასტრო აზომვით ნახაზში, ისე მის საფუძველზე შ----------------ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში, მიწის ნაკვეთის მისამართად მითითებულია სოფელი ჰ-–----.
4.3. მესამე პირის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა ჰო-------------------მა დაადასტურა, რომ შ----------------ის განცხადება 2015 წლის 17 აგვისტოს წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების თაობაზე, გამგეობას არ განუხილავს, ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის გამგებელი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმებაში არ მონაწილეობდა.
4.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნინოწმინდის რაიონის სოფელ ყ-------ში ს------------------ის სახელზე 2002 წლის 10 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხვული იყო 50 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართის მიწის ნაკვეთი (სარეგ. N6-----------) და ამავე თარიღით გაცემული იყო საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. საქმეში არსებული 06.03.2012წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე ნინოწმინდის რაიონის გამგეობის 03.03.2002წ. დადგენილების საფუძველზე, 2012 წლის 8 თებერვალს დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულია ს------------------ის საკუთრების უფლება და მიწის ნაკვეთს მინიჭებული აქვს საკადასტრო კოდი N6-----------.
4.5. საქმეში არსებული, 2010 წლის 1 აპრილს ს------------------სა და შპს „ჯ------–-“ შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ს------------------ის საკუთრებაში არსებული 50 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 6-----------) 8 კვ.მ ფართი დროებით სარგებლობაში გადაეცა შპს „ჯ------–-“. აღნიშნული ხელშეკრულება 2011 წლის 4 მარტიდან რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. დადგენილია ასევე, რომ სარგებლობაში გადაცემულ ფართზე მობილური კავშირგაბმულობის განსახორციელებლად დამქირავებელმა განათავსა საბაზო სადგური და საანტენო-საფიდერო მოწყობილობები.
4.6. 2015 წლის 21 დეკემბერს ს------------------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურს და ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის 25.12.2015წ. გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრში 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მომიჯნავე მიწის ნაკვეთსა და სარეგისტრაციოდ წარდგენილ N6----------- მიწის ნაკვეთს შორის, 50 კვ.მ. ფართის ნაწილში დაფიქსირდა ზედდება.
4.7. საქმეზე წარმოდგენილია შპს „კ----------------------“-ის მიერ ს------------------ის დაკვეთით 2016 წლის 22 აპრილს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნულ ნახაზში მითითებული კოორდინატების მიხედვით, მოსარჩელისათვის ინტერესის მქონე 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი შედის შ----------------ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ამავე ნახაზში დაფიქსირებულია ანძა (ამავე ნაკვეთთან დაკავშირებით, შ----------------ის დაკვეთით 2015 წლის 17 აგვისტოს შესრულებულ საკადასტრო ნახაზში ანძა არ არის დაფიქსირებული).
4.8. საქმეში არსებული, 22.07.2016წ. გაცემული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N0-------- დასკვნის თანახმად, შპს „კ----------------------“-ის მიერ 2016 წლის 22 აპრილს შესრულებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი სრულად მდებარეობს N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ამასთან, ფაქტობრივად არსებული ანძა სრულყოფილად განთავსებულია შპს „კ----------------------“-ის მიერ შესრულებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებულ 50 კვ.მ მიწის ნაკვეთის საზღვრებში.
4.9. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----–-–------------–---------- წერილით დგინდება, რომ გამგეობის სპეციალისტებმა შეისწავლეს ს------------------ის სახელზე 6----------- სარეგისტრაციო ნომრით აღრიცხვული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული მიწის ნაკვეთი ნამდვილად ექცევა სოფელ ყ------ის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
4.10. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----–-–------------–---------- წერილით ს------------------ს ეცნობა, რომ გამგეობის სპეციალისტებმა შესწავლის შედეგად ვერ დაადგინეს 6----------- კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობა, ვინაიდან მიწის ნაკვეთი არ არის დაზუსტებული ელ. ვერსიების მიხედვით, რაც შეეხება საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით წარდგენილ მიწის ნაკვეთს, იგი ნამდვილად მოქცეულია სოფ. ყ------ის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
სამართლებრივი დასაბუთება
4.11. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს ეწინააღმდეგებოდა, ასევე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.14. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულ საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 17 აგვისტოს აქტს მოჰყვა სამართლებრივი შედეგები - საკადასტრო აზომვითი ნახაზი საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრში მესამე პირის შ----------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას. ამასთან, უდავოა, რომ სწორედ აღნიშნული რეგისტრაციის არსებობის პირობებში ვერ მოახდინა მოსარჩელემ საკუთარი უფლების რეალიზება (მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ სარეგისტრაციო უფლების ობიექტთან ფიქსირდება ზემოაღნიშნული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის ზედდება), ამდენად, გასაჩივრებული დოკუმენტი მიჩნეულ უნდა იქნეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. ამასთანავე, სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა ჩაითვალოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემულ აქტად, რამდენადაც სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გამგებელს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავო საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამმოწმებელი პირი - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი მოქმედებდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელით და შესაბამისად, მის მიერ საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმება ნიშნავს გამგეობის მიერ დამოწმებას. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელეს არ დაურღვევია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, ვინაიდან გასაჩივრებული აქტის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა საქმის სასამართლოში განხილვის დროს - 2016 წლის 5 თებერვალს, ხოლო სარჩელი გასაჩივრებული აქტის თაობაზე სასამართლოში წარადგინა 2016 წლის 2 მარტს, ამასთანავე, სახეზეა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი გასაჩივრებულ აქტთან მიმართებაში.
4.15. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ნინოწმინდის რაიონის სოფელ ყ-------ში ს------------------ის სახელზე 2002 წლის 10 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია 50 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართის მიწის ნაკვეთი (ს/კ 6-----------). ამასთან, საყურადღებოა, რომ 2011 წლიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ს------------------სა და შპს „ჯ------–-“ შორის 2010 წლის 1 აპრილს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც ს------------------ის საკუთრებაში არსებული 50 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 6-----------) 8 კვ.მ ფართი დროებით სარგებლობაში გადაეცა შპს „ჯ------–-“. დადგენილია ასევე, რომ სარგებლობაში გადაცემულ ფართზე მობილური კავშირგაბმულობის განსახორციელებლად დამქირავებელს განთავსებული აქვს საბაზო სადგური და საანტენო-საფიდერო მოწყობილობები. საქმეზე წარმოდგენილი, 22.07.2016წ. გაცემული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N0-------- დასკვნის თანახმად, შპს „კ----------------------“-ის მიერ 2016 წლის 22 აპრილს შესრულებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი სრულად მდებარეობს N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (შ----------------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე), ამასთან, ფაქტობრივად არსებული ანძა სრულყოფილად განთავსებულია შპს „კ----------------------“-ის მიერ შესრულებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებულ 50 კვ.მ მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ამდენად, ნათელია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის 17 აგვისტოს დამოწმებული საკასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემები წინააღმდეგობაშია არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან, აღნიშნული დოკუმენტის დამოწმების დროისათვის მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე უკვე განთავსებული იყო შპს „ჯ------–-ს“ საანტენო-საფიდერო მოწყობილობები, რომლებიც ამჟამად შ----------------ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე მდებარეობს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს რაიონული სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალებით, ასევე საქმეში მესამე პირის სტატუსით მონაწილე, უშუალოდ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ხელმომწერი პირის განმარტებით დადასტურებულია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილი პროცედურის დარღვევით. კერძოდ, უდავოა, რომ გამგებლის წარმომადგენელს გამგებლისაგან არ მიუღია თანხმობა საკადასტრო აზომვით ნახაზის დამოწმებასთან დაკავშირებით, არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, არ მომხდარა მიწის ნაკვეთის მდებარეობის ადგილზე შემოწმება. მართებულია ასევე რაიონული სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95.2 მუხლის მოთხოვნა, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულებას, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ასევე დარღვეულია აღნიშნული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნაც - გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო ისეთი გარემოებები, რომლებიც კანონით განსაზღვრული წესით არ გამოუკვლევია ადმინისტრაციულ ორგანოს. სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს რაიონული სასამართლოს მითითებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაშვებულია ისეთი დარღვევები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორად ცნო ბათილად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის 17 აგვისტოს მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდა შ----------------ის მოთხოვნა საკასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების შესახებ, 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მდებარე ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ჰ-–----ში, ს/კ 6-----------).
4.16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლში ჩამოთვლილია მოსამართლის (სასამართლო შემადგენლობის) აცილების საფუძვლები, რომლებიც გამომდინარეობს საქმის მიუკერძოებლად განხილვის ინტერესებიდან. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსამართლის აცილების შესახებ მოთხოვნა უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ და არგუმენტირებულ, კანონისმიერ საფუძვლებს, ის გარემოება, რომ მოსამართლეს ადრე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვა საქმეთა განხილვაში, თავისთავად არ ქმნის მოსამართლის აცილების საფუძველს. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა სსკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებული, საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის მიღების გამომრიცხავი რომელიმე გარემოების არსებობა, შესაბამისად, რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინებით მას საფუძვლიანად ეთქვა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახილმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინება აცილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე