განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700058913
საქმე №1აგ/344-18აგ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2018 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------------–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - გ------------–--ი (პირადი №3----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე გ------------–--ს დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
გ------------–--ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულ გ------------–--ს დაეკისრა მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის მიხედვით, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში დაევალა პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გ------------–--ს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო 2013 წლის 25 დეკემბრიდან 2013 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით და გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - გ------------–--ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე გ------------–--ს დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ------------–--ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ------------–--ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
გ------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2014 წლის 6 ნოემბრიდან.
2018 წლის 2 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ------------–--მა და მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №1/13/732) საფუძველზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 დეკემბრის და 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენების გადასინჯვა, ნასამართლობის მოხსნა და ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ------------–--ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე – საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის გამოყენება პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას შეძენა/შენახვისთვის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 დეკემბრის განაჩენით გ------------–--ი მსჯავრდებულია 8, 21 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანის უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის, დანაშაული გათვალისიწნებული საქარველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც შეეცვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი ,,მარიხუანა“-ს შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დასაბუთებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული გ------------–--ი უნდა გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენით გ------------–--ი მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------------–--ს განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით გ------------–--ს მოხდილი აქვს (იხ. აღმოსავლეთ საქართველს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 31 ივლისის #001/15/თ/შ/ზ-039 გადაწყვეტილება) სასამართლო აღნიშნულზე მსჯელობას აღარ იქონიებს. სასამართლო ასევე ვერ იმსჯელებს განაჩენით დანიშნულ დამატებით სასჯელთან - 2000 ლარის ოდენობის ჯარიმასთან დაკავშირებით, როგორც ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 15 მაისის #32819 მომართვით დასტურდება, ჯარიმა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად, გ------------–--ი უნდა განთავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დადგენილი სისსხლისსმართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
რაც შეეხება გ------------–--ის შუამდგომლობას ნასამართლობის მოხსნის შესახებ, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის კანონით დადგენილ საფუძვლებზე და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის შუამდგომლობა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის, 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ------------–--ის შუამდგომლობა ნაწილბრივ დაკმაყოფილდეს.
გ------------–--ი გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი თავისუფლების აღეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცლელი.
გ------------–--ი გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
გ------------–--ს აღუდგეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
გ. ჯეირანაშვილი