განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2018
საქმის ნომერი
010141318700059819
ინსტანცია
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700059819

საქმე №1აგ/370-18აგ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2018 წ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ნათია ბარბაქაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ დ------–-------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ-----------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - დ------–-------–---–ინ (პირადი ნომერი 5----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.

 

დ------–-------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დავით ნოზაძის წარდგინება და მსჯავრდებულ დ------–-------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადის შეიცვლა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობის ჯარიმით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - დ------–-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და შემდეგ 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შეცვლილი სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ დ------–-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ დ------–-------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე დაევალა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. მსჯავრდებულ დ------–-------–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

2018 წლის 16 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ დ------–-------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ-----------------ემ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის #1/13/732 გადაწყვეტილების საფუძველზე ითხოვა მსჯავრდებულ დ------–-------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის, 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენების და 2016 წლის განჩინების გაუქმება და დ------–-------–---–ის დანიშნული სასჯელისაგან განთავისუფლება.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ დ------–-------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ-----------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დ------–-------–---–ი მსჯავრდებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შეეცვალა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობის ჯარიმით, რაც დღეისათვის აღუსრულებულია (იხ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 21 მაისის #34322 მომართვა). მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა უფლებები, მათ შორის 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რაც დარღვეული იქნა დ------–-------–---–ის მიერ და რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, რომლის ვადაც უსრულდება 2019 წლის 17 ნოემბერს (იხ თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 18 მაისის MOC 2 18 00446178 მომართვა).

 

ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ დ------–-------–---–ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასმართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, დანიშნული სასჯელისაგან (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შეიცვალა 2000 ლარის ოდენობის ჯარიმით) და უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები. შებამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება.

 

ვინაიდან 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“–ს უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, ანუ ქმედება აღარ არის დასჯადი, შესაბამისად, დ------–-------–---–ი უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან (2 წლის ვადით დანიშნული თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც შეეცვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით). ამით იგი გათავისუფლდება იმ ქმედებებისათვის, რაც შემდგომში სხვა დანაშაულის, კერძოდ კი საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის შემადგენლობის საფუძველი გახდა. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თუკი დასჯადი აღარ არის ის ქმედება, რამაც სხვა დანაშაულის შემადგენლობა გამოიწვია, პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვისაც.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ------–-------–---–ის ინტერესების დამცველის - ადვოკატ ზ-----------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ დ------–-------–---–ის ინტერესების დამცველის ადვოკატ ზ-----------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დ------–-------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

დ------–-------–---–ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება დ------–-------–---–ის მიმართ გაუქმდეს.

 

დ------–-------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

 

ნ. ბარბაქაძე