განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002308095
საქმე №1ბ/402-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ---------------------ის
ადვოკატის: ტ------–----–-----–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაინული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №015050118002): ს-----------------ის მიმართ. ს-----------------ი დაბადებულია 1968 წლის 12 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №0-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა---–---–------------- სოფელ ა------–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს-----------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ს-----------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 20 ან 21 დეკემბერს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ა---–---–-------------ს სოფელ ა------–- ს-----------------სა და მის მეუღლეს მ--------–--ეს შორის მომხდარი ოჯახური კონფიქტის ნიადაგზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს-----------------მა თავის არეში ხელი დაარტყა მ--------–--ეს მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რის შედეგად მ--------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი (პირველი ეპიზოდი).
2017 წლის 5 იანვარს, საღამოს საათებში ა---–---–-------------ს სოფელ ა------–- ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს-----------------მა თავისივე საცხოვრებელ სახლში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე რკინის ჯამი ჩაარტყა თავში მეუღლეს მ--------–--ეს მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რის შედეგადაც მ--------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი (მეორე ეპიზოდი).
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით:
ს-----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (პირველი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათით.
ს-----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (მეორე ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათით შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი -საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ს-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათით.
ს-----------------ს სასჯელის მოხდის ვადა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 13 მარტიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 5 იანვრიდან 2018 წლის 8 იანვრის ჩათვლით პერიოდი.
ს-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ და მოითხოვა განაჩენში მსჯავრდებულ ს-----------------ის მიმართ სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით ცვლილების შეტანა.
მსჯავრდებულმა ს-----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ------–----–-----–---–მა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც არ გაიზიარა პროკურორის პოზიცია მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და ითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოახდინა მათი ერთმანეთთან შეჯერება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს-----------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ს-----------------ის ბრალეულობა.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ს-----------------ი იქნა მსჯავრდებული.
ს-----------------ის მსჯავრდება ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ მ--------–--ის, არასრულწლოვანი მოწმის ლ----------------ის, ს-----------------ის ჩვენებებს, #361942 ქორწინების მოწმობას, ლ----------------ის დაბადების მოწმობას, 2015 წლის 30 იანვრის #000646 შემაკავებელ ორდერს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღებული ნივთმტკიცებას, ალკოტესტით შემოწმების ოქმს და საქმეში არსებული სხვა წერილობით მტკიცებულებებს, რაც სადავაოდ არ გაუხდიათ მხარეებს და პირველი ისტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია. მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ს-----------------ის მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ ს-----------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, პალატა სრულად იზიარებს. როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება, ს-----------------ი მეუღლეზე ახორციელებდა ძალადობას პერიოდულად და ასეთ ძალადობას ერთჯერადი ხასიათი არ ჰქონია. აღნიშნული დასტურდება 2015 წლის 30 იანვარით დათარიღებული ს-----------------ის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერით. მიუხედავად აღნიშნული ღონისძიების გატარებისა, ს-----------------ი კვლავ აგრძელებდა მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, თანაც დროის მცირე მონაკვეთში და ნასვამ მდგომარებაში. პალატას მხედველობაში აქვს 2017 წლის 20 დეკემბრიდან 2018 წლის 5 იანვრამდე პერიოდში ს-----------------ის მიერ ჩადენილი ოჯახური ძალადობის ორი შემთხვევა. პალატა ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ს-----------------ის ასეთი ქმედებები სწორედაც რომ მიუთითებს მის მიდრეკილებას ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისადმი. აღნიშნული ქმედებები კი არა მარტო დაზარალებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, ასევე საფრთხის შემქმნელია არასრულწლოვანის ფსიქიკისთვისაც. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არა მხოლოდ დაზარალებულია, არამედ ბავშვიც, რომელიც ასეთი ძალადობის მოწმე გახდა. ს-----------------ის მიერ მეუღლეზე განხორცილებული არაერთი ძალადობის არასრულწლოვანი მოწმე ასევე შეიძლება ჩაითვალოს მსხვერპლად. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ს-----------------ისთვის, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულზე ისეთი სახის ზემოქმედებას, რომ მოხდეს მისი რესოციალიზაცია.
დაცვის მხარის პოზიციას, რომ ს-----------------ს გააჩნია შემამსუბუქებელი გარემოებანი, როგორიცაა ნასამართლობის არ ქონა, აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, რაც მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სამართლიანობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს. ეს გარემოებები აპრიორი არ უნდა გახდეს მისთვის შებამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელებიდან ყველაზე მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი.
ს-----------------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული და კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით სანქციით განსაზღვრა ალტერნატიული სასჯელები, რომლითაც საშუალება მისცა სასამართლოს, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მისი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ და ისე დაუნიშნოს სასჯელი.
საქართველოს სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს სამართლიანი სასჯელის დანიშვნას და აქვე პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნვლყოფს სასჯელის მიზნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას დამნაშავის შემამასუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებანი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება მისი ქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე განზრახი ან გაუფრთხილებელი დანაშაული, იგი აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პიობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
პალატას მიაჩნია, რომ კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ ს-----------------ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ს-----------------ისათვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად არ გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ს-----------------ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციული არ არის. მსჯავრდებული დანიშნული სასჯელით უნდა აცნობიერებდეს თავისი ქმედების სიმძიმეს, რაც დაეხმარება გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასამართლო თვლის, რომ მართალია ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, თუმცა მხედველობაში იღებს იმას, რომ ს-----------------ის ძალადობრივ ქცევას ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი, რაზედაც მიუთითებს როგორც მოწმეთა ჩვენებების შინაარსი, ასევე მის მიმართ წარსულში შემაკავებელი ორდერის გაცემის ფაქტი და ორი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დროის მცირე პერიოდში. ამიტომ მომავალშიც მისი ამგვარი ქმედების პრევენციისთვის არ არის საკმარისი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. მსჯავრდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედების ჩადენის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება თავისუფლების აღკეთის სახით დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდის საკითხი, რაც მიჩნეული უნდა იქნას აუცილებელი ეფექტურ შემაკავებელ ფაქტორად. სასჯელის მიზნების მიღწევისათვის საჭიროა მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება. ამასთანავე საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე ს-----------------ს უნდა დაეკისროს მოვალეობა გაიაროს სავალდებულო სწავლების კურსი, რომელიც ორიენტირებულია ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე. ამ მოვალეობის დაკისრება ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციის მიზნის მიღწევას.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენში მსჯავრდებულ ს-----------------ის მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, -
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენში მსჯავრდებულ ს-----------------ის მიმართ შევიდეს ცვლილება;
ს-----------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 20-21 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
ს-----------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2018 წლის 5 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მეორე ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს პირველი ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ს-----------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
ს-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2018 წლის 5 იანვრიდან 2018 წლის 8 იანვრის ჩათვლით.
ცნობად იქნას მიღებული, რომ ს-----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა;
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე ს-----------------ს დაეკისროს მოვალეობა - გაიაროს სავალდებულო სწავლების კურსი, რომელიც ორიენტირებულია ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე.
პირობით მსჯავრდებულ ს-----------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მასვე დაევალოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
ნივთიერი მტკიცებულება: 1 (ერთი) ცალი ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი (პაკეტის ნომერი FCI 633366) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მეპატრონეს მ--------–--ეს;
რკინის ჯამი (პაკეტის ნომერი FCI 595824), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე