განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100117002438757
საქმე №1ბ/526-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ-----------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--------------------------–-----–------–-, ამჟამად პატიმრის, დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენით გ----------------–---–ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
გ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ----------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
გ----------------–---–ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახური ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გ----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახური ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
1. თ--------------------------–-----–------–- მცხოვრები გ----------------–---–ი, დის ფ---------------–---–ის მიმართ წლების განმავლობაში სისტემატიურად ახორციელებდა ოჯახურ ძალადობას, კერძოდ, უსაფუძვლოდ სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ამცირებდა, რა დროსაც იგი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და დამცირებას.
2017 წლის 28 ოქტომბერს, თ--------------------------–-----–------–-, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ----------------–---–მა, იმის გამო, რომ დილით დისშვილი 12 წლის გ----------------–---–ი არ გაეგზავნა მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელის მოსატანად, დაახლოვებით 11:00 საათზე, მისი დის ფ---------------–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, დანით ემუქრებოდა მას მოკვლით, რადგან ფ---------------–---–ი იგერიებდა იატაკის ჯოხით, ხოლო მათი დედა ე-----------------ი გ----------------–---–ს არ აძლევდა მიახლოვების საშუალებას, მაგიდიდან აიღო ლითონის ფინჯანი და ესროლა ფ---------------–---–ს, რომელიც მოხვდა მარჯვენა ხელში. სხვაგვარი ძალადობის შედეგად ფ---------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
2. 2017 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, თ--------------------------–-----–------–-, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ----------------–---–მა, იმის გამო, რომ დილით დისშვილი 12 წლის გ----------------–---–ი არ გაეგზავნა მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელის მოსატანად, რამდენიმე საათის შემდეგ მის დას ფ---------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ აიღო დანა და იწევდა ფ---------------–---–ისკენ, თან ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, ხოლო მათი დედა ე-----------------ი აკავებდა და არ აძლევდა მიახლოვების საშუალებას, რითაც ისარგებლა ფ---------------–---–მა და ოთახში ჩაიკეტა. ვინაიდან გ----------------–---–ი წლების განმავლობაში გამოირჩეოდა აგრესიით დის მიმართ და ახორციელებდა ძალადობას ფ---------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის და სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის დაუსაბუთებელი, უკანონო, არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და მასში უნდა შევიდეს ცვლილება.
სააპელაციო საჩივარში აპელანტი განმარტავს, რომ გ----------------–---–ი წლების მანძილზე, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში სისტემატიურ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა დას ფ---------------–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილის გ----------------–---–ის თანდასწრებით, რაც არამხოლოდ იწვევდა ფ---------------–---–ის ტანჯვას, არამედ გამოუსწორებელ ზიანს აყენებდა არასრულწლოვნის ფსიქიკას, დაზარალებულმა სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მისი ძმა გ----------------–---–ი წლების მანძილზე აყენებს მას შეურაცხყოფას, აგინებს, ლანძღავს სხვების თანდასწრებით, ბავშვთან ერთად არაერთხელ გაუგდია სახლიდან, მისი შვილი გ----------------–---–ი თითქმის ყოველდღე ესწრება მსჯავრდებულის მხრიდან ფ---------------–---–ზე ძალადობას, გ----------------–---–ი არის ალკოჰოლიკი და ბავშვს აიძულებს მოუტანოს ალკოჰოლური სასმელი, ფ---------------–---–ს შვილი ეუბნება, რომ როდესაც გაიზრდება, ბიძა ასე ვეღარ მოექცევა მას, ყოველი კონფლიქტის დროს არასრულწლოვანი გ----------------–---–ი ისტერიკაში ვარდება. მსჯავრდებულის მხრიდან ფ---------------–---–ზე სისტემატიური ძალადობის ფაქტი ასევე დაადასტურა არასრულწლოვანმა გ----------------–---–მა და განმარტა, რომ მის ბიძა გ----------------–---– ცუდი, უზრდელური სიტყვებით მიმართავს ხოლმე მის დედას და სახლიდან გაგდებით ემუქრება, მისი განმარტებით ბიძის მხრიდან დედაზე ძალადობას კვირაში ორჯერ მაინც ესწრება, რაც წლების მანძილზე გრძელდება, თავად გ----------------–---–ი ბიძას არ უცემია, მაგრამ უწმაწური სიტყვებით მასაც მიმართავდა, აგინებდა, როდესაც ალკოჰოლური სასმელის მიტანაზე უარს ეტყოდა და ზოგჯერ შეურაცხყოფას აყენებდა მის ბებიას და პაპას, არასრულწლოვანი მოწმის განმარტებით ბიძა სულ მთვრალია და აგრესიულია ფ---------------–---–ის მიმართ. აპელანტის აზრით მცდარია სასამართლოს შეფასება თითქოს მსჯავრდებულს კარგი დამოკიდებულება ჰქონდა არასრულწლოვან დისშვილთან, დაზარალებულის და არასრულწლოვან გ----------------–---–ის ჩვენებიდან ნათლად ჩანს, რომ ფსიქოლოგიურ ძალადობას ფ---------------–---–ის მიმართ სისტემატიურად ესწრებოდა და საკუთარ თავზე განიცდიდა არასრულწლოვანი გ----------------–---–ი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება ადასტურებს, რომ მსჯავრდებულმა გ----------------–---–მა 2017 წლის 28 ოქტომბერს ბავშვის ტანსაცმელი ფანჯრიდან ტალახში გადაყარა. დაზარალებულ ფ---------------–---–ისგან უამრავი შეტყობინება შედიოდა პოლიციაში, რა დროსაც იგი ძმისგან დაცვას ითხოვდა, რაც დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა. აპელანტის აზრით, მსჯავრდებულის მხრიდან იმდენად ხშირად აქვს დღე-ღამის განმავლობაში ძალადობას ადგილი შეუძლებელია მას არ ესწრებოდეს 12 წლის ბავშვი და ყოველთვის სახლში არ იმყოფებოდეს, შესაბამისად აპელანტი ითხოვს ცვლილება შევიდეს პირველი ინსტანციის განაჩენში და გ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და 11.151-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაენიშნოს მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
მსჯავრდებულ გ----------------–---–ის მიერ მისი დის ფ---------------–---–ის მიმართ ოჯახური ძალადობის და მუქარის ჩადენის ფაქტები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ფ---------------–---–ის ჩვენება, მოწმეების: არასრულწლოვან გ----------------–---–ის, ნ--------–-–---–--------------------–---–----------------–----–---–------------–-–----–-–---–-----–--------------–---–-------------------–-----–---–-- ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
აპელანტი სადავოდ არ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ეხება გ----------------–---–ის მიერ ოჯახური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტს, არამედ მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა ოჯახური ძალადობა ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში.
ამდენად, პალატა იმსჯელებს განაჩენზე იმ მოცულობით რა ნაწილშიცაა ის გასაჩივრებული, კერძოდ, გ----------------–---–მა ჩაიდინა თუ არა ოჯახური ძალადობა, არასრულწლოვანი დისშვილის თანდასწრებით.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში - ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით. ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული, როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი განზრახვით. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ოჯახური ძალადობის არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენის ფაქტი, კერძოდ:
დაზარალებულ ფ---------------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ თ--------------------------–-----–------–- მის არასრულწლოვან შვილთან - გ----------------–---–თან, ძმასთან - გ----------------–---–თან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მისი ძმა გ----------------–---–ი 13-14 წლიდან ალკოჰოლზე დამოკიდებულია, რის გამოც მათ ოჯახში სულ კონფლიქტია, მან არა ერთხელ მიმართა სამართალდამცავებს, გ----------------–---–ი გააფრთხილეს, დააკავეს, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. მას ძმა ყოველდღე აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგდებდა სახლიდან. რამდენიმე თვის ბავშვთან ერთად გარეთ გააგდო და ღამის 4 საათამდე გზაზე დადიოდა, შემდეგ კი სახლში შეიპარა, გასულ წელს მან და მისმა შვილმა ორი ღამე გაათენეს გარეთ. გ----------------–---–ი ბავშვს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და სახლიდან გაგდებით ემუქრება. დაზარალებულის განმარტებით, ყოფილა შემთხვევები როცა გ----------------–---–ს დანა უსვრია მისთვის. ფ---------------–---–ი და მისი შვილი ცხოვრობენ ერთ ოთახში, სადაც დგას ერთი საწოლი და ერთი მაგიდა, დანარჩენი ოთახების გამოყენების უფლებას გ------- არ აძლევს. იგი ფ---------------–---–ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას სხვების თანდასწრებითაც აყენებს, აფურთხებს ხალხში. ძირითადად სულ მთვრალია, სმისგან ტუბერკულოზიც დაემართა. არასრულწლოვან გ----------------–---–ს ყოველდღე აიძულებს, რომ სასმელი მიუტანოს, ბავშვი დატანჯული და დამონებული ჰყავს. დღის განმავლობაში ბავშვი ძირითადად გასულია და როცა ბრუნდება სახლში თავს არიდებს ბიძას, რათა არ გააღიზიანოს, დედას ეუბნება, რომ როცა გაიზრდება აღარ დააჩაგვრინებს თავს. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 28 ოქტომბერს, დილით გ----------------–---–მა დისშვილს - გ----------------–---–ს დაუძახა და უთხრა, რომ სასმელი მოეტანა, ბავშვმა უპასუხა, რომ მაღაზიაში სასმელს აღარ აძლევდნენ და ვერ მოიტანდა, ამის შემდეგ მსჯავრდებული წავიდა სახლიდან და ორი საათის შემდეგ დაბრუნდა, აგრესიული იყო, ფ---------------–---–ს სარეცხი ფეხით გადმოუყარა, გათელა, დაგლიჯა და გარეთ გადაყარა, ფ------- უთხრა, არ დაეხია, რასაც მათ შორის კონფლიქტი მოჰყვა. მსჯავრდებულმა გამოიტანა ხანჯალი და დაუწყო მუქარა, ფ------ ძალიან შეშინდა, ამ დროს მათ დედამისი ჩაუდგა შუაში და ეხმარებოდა, ფ---------------–---–ი ოთახში ჩაიკეტა, დედამ მათ მეზობელ პოლიციელს ნ--------–-–---–ს დაუძახა დასახმარებლად, გ----------------–---–ი დანით ემუქრებოდა ფ---------------–---–ის და ეუბნებოდა რომ მოკლავდა, ხელში რკინის ფინჯანი ესროლა, ზურგში დაჭრილ შუშებს ესროდა, დაზარალებულის განმარტებით ბრალდებული მუქარის ამსრულებელი იყო, რადგან მას ბავშვობიდან იცნობს და იცის რა სადისტიც არის, არაადეკვატურია ფხიზელიც და მთვრალიც.
არასრულწლოვან გ----------------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ბრალდებულ გ----------------–---–ის დის შვილი. გ----------------–---–ს ცუდი ურთიერთობა აქვს მის დედასთან ფ---------------–---–თან, უწმაწურ სიტყვებს ეუბნება და ემუქრება, რომ გააგდებს სახლიდან, მათ ოჯახში ჩხუბი წლების განმავლობაში გრძელდება, ზოგჯერ თავადაც შესწრებია, მისი ბიძა - გ----------------–---–ი დიდიხანია ალკოჰოლზეა დამოკიდებული. ფხიზელიც აყენებს შეურაცხყოფას ფ---------------–---–ს, მაგრამ ისე ხშირად არა, როგორც ნასვამი. მოწმის განმარტებით, ბიძამისი მის მიმართ ცუდად არ არის განწყობილი და არ უცემია, მაგრამ უწმაწური სიტყვები უთქვამს. გ----------------–---–ი შეურაცხყოფას აყენებს როგორც თავის დას ფ---------------–---–ს, ასევე მშობლებსაც. 2017 წლის 28 ოქტომბერს დილის საათებში გ----------------–---–მა მას ალკოჰოლური სასმელის მოტანა დაავალა, მაგრამ არ მოუტანა და ბავშვებთან სათამაშოდ წავიდა. სახლში რომ დაბრუნდა, ბებიამ უთხრა, რომ ჩხუბი მოხდა, დედამისი კი პოლიციაში იყო. იმ დღეს მის სახლში მომხდარი ინციდენტის შესახებ მისთვის სხვა არაფერია ცნობილი.
პალატა ასევე ითვალისწინებს მოწმე ნ--------–-–---–ის ჩვენებას, რომელიც არის ხისფეხიშვილების მეზობელი და მათ სახლში მივიდა, რადგან ე------------------ დაუძახა და დახმარება სთხოვა. მოწმემ აღნიშნა, რომ სახლში დახვდნენ გ----------------–---–ი, მისი დედა ე----------------- და ფ---------------–---–ი. გ----------------–---–ი იყო მუხლებზე და მის გვერდით მყოფ დედისთვის ჰქონდა ხელი მოკიდებული, რომელიც შველას ითხოვდა, ფ------ კი ოთახში იყო ჩაკეტილი. ნ--------–-–---–მა გ----------------–---–ი აიყვანა საძინებელ ოთახში და დააწვინა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დასახმარებლად სანამ დაუძახებდნენ, მანამდე ესმოდა და-ძმის ლანძღვა-გინების ხმა. მისივე განმარტებით გ-------ს არ მოსწონს დის ცხოვრების წესი და ამის გამო აქვთ სულ უთანხმოება. მან ასევე დაადასტურა, რომ გ------- მოკვლით ემუქრებოდა თავის დას.
სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა: კ---------------–---–----------------–----–---–------------–-–----–-–---–-----–-------------–---–-- ჩვენებებით ასევე დასტურდება, რომ ოჯახი არის კონფლიქტური, და-ძმას ხშირად აქვთ უსიამოვნება ერთმანეთში.
ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, გ------- და ფ---------------–---–ებს შორის კონფლიქტს სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, თუმცა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევები არასრულწლოვანის თანდასწრებით ხდებოდა.
ბრალდების მხარე აპელირებს მოწმეთა ჩვენებებზე, მაგრამ პალატა მხედველობაში იღებს შემდეგს - მართალია, სასამართლოში დაკითხული მოწმეები ადასტურებენ, რომ ოჯახი არის კონფლიქტური, თუმცა მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ, რომ გ----------------–---–ის მიერ ოჯახურ ძალადობას, შეურაცხყოფასა და დამცირებას სისტემატიურად ჰქონდა ადგილი არასრულწლოვან გ----------------–---–ის თანდასწრებით, ვინაიდან ასეთ ფაქტებს ისინი არ შესწრებიან.
აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ გ----------------–---–ის მიერ დის შეურაცხყოფას აქვს სისტემატიური ხასიათი და შეუძლებელია 12 წლის ბავშვი ამას არ ესწრებოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ ეს არის მხოლოდ ვარაუდი, რომლის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი საკმარის, ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამასთან, პალატა ითვალისწინებს ფ------ და გ----------------–---–ების დედის ე-----------------ის განმარტებასაც, რომ მისი შვილი გ------------------- არის ავადმყოფი, ხოლო ფ------ არის ხმაურიანი, ხშირად ეჩხუბება არასრულწლოვან შვილს, რის გამოც გ------- დისშვილის დაცვის მიზნით ეჩხუბება ფ------ს. ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ 2017 წლის 28 ოქტომბერს გ----------------–---–სა და ფ---------------–---–ს შორის მომხდარი კონფლიქტის ფაქტს არასრულწლოვანი გ----------------–---–ი არ შესწრებია, აღნიშნულის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სახლში დაბრუნების შემდეგ.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა და მიაჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთა 10 თვის ვადით სრულად უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას, რასაც პალატაც ეთანხმება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გ----------------–---–ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
გ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
გ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ----------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
გ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 28 ოქტომბრიდან.
გ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცება:
ემალის ფინჯანი და შავი ფერის ქურთუკი დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე