განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
340210115001029479
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 340210115001029479

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 მაისი 2018 წელი თბილისი

საქმე №2ბ/2164-17

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი – ვ--–---- ბ--–--–-–---–ი, დ----- კ---–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე -- ი---- გ-----–--ე

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად პირველ ინსტანციაში დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2015 წლის 07 ივლისს ი---- გ-----–--ის წარმომადგენელმა სარჩელით მომართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ვ--–---- ბ--–--–-–---–ის და დ----- ა----–---–ის მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით; ამავე სარჩელით მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის დადება. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეებს გაეგზავნათ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები. მოპასუხე დ----- ა----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არის არასათანადო მოპასუხე, ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საჭესთან იჯდა ვ--–---- ბ--–--–-–---–ი; მოპასუხე ვ--–---- ბ--–--–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მოძრაობის წესები დაარღვია მოსარჩელემ, ამიტომ ზიანის ანაზღაურება მას არ უნდა დაეკისროს .

 

2. 2016 წლის 30 ივნისს 14:00 საათზე ამ საქმეზე გურჯაანის რაიონული სასამართლოში დაინიშნა მოსამზადებელი სასამართლო სხდომა, რის შესახებ მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხე დ----- ა----–---–ის წარმომადგენელს სასამართლო უწყება ჩაბარდა 2016 წლის 09 ივნისს, ხოლო მოპასუხე ვ--–---- ბ--–--–-–---–ისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება 2016 წლის 13 ივნისს ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს - დედას ია ქ-–---ას (პ/ნ 6----------) (ს.ფ. 142-145).

 

2016 წლის 30 ივნისს, სასამართლო სხდომაზე არც ერთი მოპასუხე არ გამოცხადდა. 2016 წლის 30 ივნისს 12:50 წუთზე მოპასუხე დ----- ა----–---–ის წარმომადგენელმა ნ------- ს----–---–მა გურჯაანის რაიონული სასამართლოს კანცელარიაში წარმოადგინა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ არის ავად, აქვს საკვებისმიერი ინტოქსიკაცია, იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე და ითხოვა პროცესის გადადება 10 ივლისის შემდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა ვ--–---- ბ--–--–-–---–ი. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო აქტით ირკვევა, რომ 2016 წლის 30 ივნისს 13:50 წუთზე სასამართლოს შესაბამის მოხელეს - ტელეფონის ნომრიდან 5-------- დაუკავშირდა პიროვნება, რომელმაც განმარტა, რომ არის მოპასუხე ვ--–---- ბ--–--–-–---–ი, იგი იმყოფება ა---––--ის რაიონში, ო-------–--------–-----ზე და ვერ ახერხებს 2016 წლის 30 ივნისს 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას.

 

სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე ი---- გ-----–--ემ და მისმა წარმომადგენლებმა ქ------- უ----–---–მა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებას არ ახლავს ექიმის მიერ გაცემული ცნობა, ამიტომ არ დასტურდება, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეულია ავადმყოფობით, ასევე არ დასტურდება მოპასუხე ვ--–---- ბ--–--–-–---–ის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა.

 

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი---- გ-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ვ--–---- ბ--–--–-–---–სა და დ----- კ---–---–ს ი---- გ-----–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 6889,86 ლარის გადახდა;

 

4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძება შემდეგ დასკვნებს:

 

4.1. სასამართლომ მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70 მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. სსს კოდექსის 74 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე დ----- ა----–---–ის წარმომადგენელს სასამართლო უწყება ჩაბარდა 2016 წლის 09 ივნისს, ხოლო მოპასუხე ვ--–---- ბ--–--–-–---–ისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება 2016 წლის 13 ივნისს ჩაბარდა მოპასუხის ოჯახის წევრს - დედას ია ქ-–---ას (პ/ნ 6----------) , ამიტომ მოპასუხეებს სასამართლო უწყება ჩაბარდათ სსს კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით.

 

4.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარემ პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოობა ვერ დაადასტურა. ამ მიმართებით სასამართლო მიუთითებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ თავის განჩინებაში განმარტა: ,,სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებათა წრეს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215 მუხლის მე-3. ნაწილი, რომლის მიხედვით, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. საპროცესო კანონმდებლობა ერთი მხრივ არ ზღუდავს მხარეთა შესაძლებლობას ამტკიცონ პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო საფუძვლები, თუმცა მეორე მხრივ მითითებულ ნორმაში აკუმულირებული იმპერატიული დათქმების გათვალისწინებით, პროცესში მონაწილე მხარის აპელირება ავადმყოფობაზე, მხოლოდ იმ პირობებში შეიძლება იყოს სასამართლოს მიერ გაზიარებული, თუ დაცულია ორი კუმულაციური შინაარსის პირობა: ა) ავადმყოფობა დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით და ბ) აღნიშნული დოკუმენტი პირდაპირ მიუთითებს სასამართლოს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორის მითითითება ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის თაობაზე, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით შედგენილი დოკუმენტის/მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე არ წარმოადგენს საქმის განხილვის გადადების სამართლებრივ საფუძველს.“ (იხ.სუს #ას-573-541-2011, ას-1040 -975-2010, 9 მარტი , 2016 წელი , №ას-86-82-2016).

 

4.3. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

-2013 წლის 23 ნოემბერს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც შსს ყ-----–------------–ი სამმართველოს უბნის ისპექტორ- გამომძიებელმა ას კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევის გამო ი---- გ-----–--ის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის #გ------- ოქმი (საჯარიმო ქვითარი) (იხ. საჯარიმო ქვითარი ს.ფ. 22)

 

-2013 წლის 02 დეკემბერს ი---- გ-----–--ემ მიმართა ექსპერტიზის ბიუროს და მოითხოვა სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებული სამართალდარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება. 2013 წლის 13 დეკემბერს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ იქნა სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ლ------ი"ს მძღოლის ვ--–---- ბ--–--–-–---–ის მიერ საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" 29 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა უგულველყოფით, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ტ-------ას" მძღოლს ი---- გ-----–--ეს, ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო -სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" მოთხოვნათა უგულველყოფა არ აღინიშნება (იხ.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ იქნა სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნა ს.ფ. 38-53);

 

- თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის დადგენილებით დაკმაყოფილდა ი---- გ-----–--ის საჩივარი და გაუქმდა შსს ყ-----–-- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის ა-–---- მ---------ის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს ი---- გ-----–--ის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი #გ------- და საქართველოს შსს კ-----ის სამხარეო მთავარი სამმართველოს 2014 წლის 05 მარტის დადგენილება და ი---- გ-----–--ე განთავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. (იხ. სასამართლოს დადგენილება , ს.ფ 54-58);

 

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს

# 0-------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ი---- გ-----–--ის კუთვნილ ავტომანქანა „T----- R---”-ზე სახ. ნომრით G-- 4--, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობამ საბაზრო ფასებით საორიენტაციოდ შეადგინა 5481 ლარი, ასევე მოსარჩელის მიერ ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადახდილია 850 ლარი და ექსპერტიზის ხარჯები 558,86 ლარი (იხ. ექსპერტიზის დასკვნა , გადახდის ქვითრები ს.ფ 61-70).

 

- ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანა ,,ლ------ი“ს სახ. ნომერი # Z-- მესაკუთრეა (მფლობელი) დ----- ა----–---–ი, შემთხვევის დროს ავტომანქანას თავად დ----- ა----–---–ის ნებართვით მართავდა მისი სიძე - ნასვამ მდგომარეობაში მყოფი და მართვის უფლების არ მქონე ვ--–---- ბ--–--–-–---–ი (მოსარგებლე), რაც ცნობილი იყო დ----- ა----–---–ისთვის, რომელიც შემთხვევის დროს ვ--–---- ბ--–--–-–---–თან ერთად ავტომანქანაში იმყოფებოდა, ამიტომ დ----- ა----–---–ი ზიანის ანაზღურებასთან დაკავშირებით სავალდებულო თანამონაწილეა. (იხ. მოწმის დაკითხვის ოქმები ს.ფ.23-28) სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე და 999-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 999-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად,ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ ვ--–---- ბ--–--–-–---–ი, რომელიც მართვის უფლების არმქონე პირია და შემთხვევის დროს იყო ნასვამი, სატრანსპორტო საშუალებას მართავდა მფლობელის დ----- ა----–---–ის ნებართვით, ანუ მოსარჩელე მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარგებლის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მფლობელის ბრალით, სარჩელში მითითებული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულად ითვლება, შესაბამისად მოპასუხეებს ზიანის ანაზღაურება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ამდენად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

5. 2016 წლის 19 ივლისს მოპასუხე ვ--–---- ბ--–--–-–---–მა საჩივრით მიმართა სასამართლოს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. საჩივარში მიუთითა, რომ მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სახმელეთო ჯარების ა---------–------------–---ის ს---–------ ბრიგადის ს---–------ მ------------ ბატალიონში. მისთვის ცნობილი იყო, რომ 2016 წლის 30 ივნისს, 14 საათზე ი---- გ-----–--ის სარჩელზე, სადაც დასახელებულია მოპასუხედ, დაინიშნა სასამართლო სხდომა. მას სხდომის თაობაზე ეცნობა 2016 წლის 13 ივნისს. 2016 წლის 16 ივნისს მისი ბატალიონი გაემგზავრა მივლინებაში ა---––--ის რაიონში, ო-------–--------–-----ზე, სადაც მსახურობდა 07 ივლისამდე. 2016 წლის 30 ივლისს 13.50 საათზე სასამართლოს მოხელეს ტელეფონით აცნობა, რომ იმყოფებოდა მივლინებაში ა---––--ის რაიონში, ო-------–--------–-----ზე და ვერ ახერხებდა 2016 წლის 30 ივლისს 14.00 საათზე გურჯაანის სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე გამოცხადებას.

 

6. 2016 წლის 20 ივლისს მოპასუხე დ----- ა----–---–ის წარმომადგენელმა ნ------- ს----–---–მა საჩივრით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლება. საჩივარში მიუთითა, რომ მას, როგორც დ----- ა----–---–ის წარმომადგენელს, სხდომის დღის თაობაზე ეცნობა 2016 წლის 09 ივნისს. 2016 წლის 29 ივნისს საკვებმა აწყინა, რამაც თავი შეახსენა 30 ივნისს, დაეწყო ტკივილი მუცლის არეში, რის გამოც პროცესზე მონაწილობის მიღება მისთვის შეუძლებელი იყო, ამიტომ 30 ივნისს, 12.50 საათზე დაწერა განცხადება პროცესის გადადების თაობაზე, რაც რეგისტრირებულია სასამართლოს კანცელარიაში.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

 

8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

8.1. აპელანტმა ვ--–---- ბ--–--–-–---–მა აღნიშნა, რომ სასამართლოს არ ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, რადგან 2016 წლის 30 ივნისს, სასამართლო პროცესამდე 10 წუთით ადრე აცნობა მოსამართლის თანაშემწეს, რომ იმყოფებოდა მივლინებაშ და ვერ შეძლებდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. შესაბამისად სასამართლოსთვის ცნობილი იყო მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ და არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დამატებით მანდ აღნიშნა, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს, მაშინ როდესაც განიხილებოდა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, არ იმყოფებოდა სასამართლოში, რადგანაც ამ დროს იმყოფებოდა სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილზე.

 

8.2. აპელანტი დ----- ა----–---–ის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარში, აღნიშნა სააპელაციო საჩივარში, რომ მან სასამართლო პროცესამდე 1 საათით ადრე აცნობა სასამართლოს რომ ჰქონდა საკვები ინტოქსიკაცია, მუცლის ტკივილი და დიარია, იღებს მედიკამენტებს შესაბამისად მოითხოვა პროცესის გადადება რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

9. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა’’ და „ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვ--–---- ბ--–--–-–---–ის განმარტებით, 2016 წლის 16 ივნისიდან 2016 წლის 07 ივლისამდე მივლინებული იყო ა---––--ის რაიონში ო-------–--------–-----ზე, რის გამოც 2016 წლის 30 ივნისს 14.00 საათზე გურჯაანის სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო, რაც სასამართლოს აცნობა 2016 წლის 30 ივნისს 13.50 საათზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განამტკიცებს საპატიო მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც მიხედვითაც საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. განსახილველ შემთხვევაშ, მართალია ვ--–---- ბ--–--–-–---–ის მიერ საჩივართან ერთად წარდგენილი იქნა მისი მივლინების დამდასტურებელი ცნობა შესაბამისი უწყებიდან, თუმცა მისი გამოუცხადებლობა მაინც ვერ მიიჩნევა საპატიოდ. ვინაიდან, ვ--–---- ბ--–--–-–---–ის მივლინება დაიწყო 2016 წლის 16 ივნისს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში კი სასამართლო პროცესი ჩანიშნული იყო 2016 წლის 30 ივნისს, შესაბამისად, ვ--–---- ბ--–--–-–---–ს ობიექტურად ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ეცნობებინა სასამართლოსთვის, რომ ვერ შეძლებდა პროცესზე დასწრებას და მიემართა შუამდგომლობით პროცესის გადადების თაობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ვ--–---- ბ--–--–-–---–ი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ მას პროცესის ჩატარების დროის შესახებ სასამართლომ აცნობა სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, 2016 წლის 13 ივნისს, ანუ სხდომამდე 17 დღით ადრე, რაც გონივრული ვადაა იმისთვის, რომ მხარეს მიეცეს შესაძლებლობა პროცესის მომზადებისა, თუ შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენისათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, ვ--–---- ბ--–--–-–---–მა ვერ შეძლო სასამართლოსთვის წარმოედგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ 2016 წლის 13 ივნისიდან 30 ივნისამდე ის მოკლებული იყო შესაძლობლობას ეცნობებინა სასამართლოსთვის მივლინების შესახებ და მოემართა შესაბამისი შუამდგომლობით.

 

რაც შეეხება დ----- ა----–---–ის წარმომადგენლის გამოუცხადებლობას პროცესზე, სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 30 ივნისის სასამართლო პროცესზე დ----- ა----–---–ის წარმომადგენელი მოწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლო პროცესამდე ერთი საათით ადრე მან პირადად წარადგინა სასამართლოს კანცელარიაში შუამდგომლობა საქმის გადადების თაობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. მან საჩივართან ერთად წარადგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომელიც გაცემულია 2016 წლის 18 ივლისს, სასამართლო პროცესი კი 2016 წლის 30 ივნისს ჩატარდა. რაც მოცემულ შემთხვევაში, არ ადასტურებს დ----- ა----–---–ის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობისგაუარესებას 2016 წლის 30 ივნისისათვის და ვერ გახდება პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. გარდა ამისა სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც დადგენილია, დ----- ა----–---–ის წარმომადგენელმა სხდომის გადადების თაობაზე პირადად წარადგინა განცხადება 2016 წლის 30 ივნისს, რაც ადასტურებს იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო იმდენად მძიმე, რომ ვერ გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესზე.

 

საპროცესო კანონმდებლობა ერთი მხრივ არ ზღუდავს მხარეთა შესაძლებლობას ამტკიცონ პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო საფუძვლები, თუმცა მეორე მხრივ მითითებულ ნორმაში იმპერატიული დათქმების გათვალისწინებით, პროცესში მონაწილე მხარის აპელირება ავადმყოფობაზე, მხოლოდ იმ პირობებში შეიძლება იყოს სასამართლოს მიერ გაზიარებული, თუ დაცულია ორი კუმულაციური შინაარსის პირობა: ა) ავადმყოფობა დადატურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით და ბ) აღნიშნული დოკუმენტი პირდაპირ მიუთითებს სასამართლოს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლს და განმარტავს ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების

წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეების (აპელანტების) მიერ არ არის წარმოდგენილი საქმეში ის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებს მათი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებს, აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და მიაჩნია, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი.

 

11. სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება მოსარჩელე მხარე, მაგრამ არ გამოცხადდება მისი მოწინააღმდეგე, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: ა.მოსარჩელე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე; ბ. არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით; და გ. სარჩელში მითითებული და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობით დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას. აღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად შემოწმებას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა, იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმას და საქმის არსებითად განხილვისა უცილებლობას იმ განსხვავებით, რომ ასეთ დროს მოპასუხისაგან (მოწინააღმდეგე მხარისაგან) მტკიცებულებების მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს.

 

პალატა მიაჩნია რომ მოცემულ დავაზე სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი:

 

11.1. 2013 წლის 23 ნოემბერს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც შსს ყ-----–-- რაიონული სამმართველოს უბნის ისპექტორ-გამომძიებელმა ას კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევის გამო ი---- გ-----–--ის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის #გ------- ოქმი (საჯარიმო ქვითარი) (იხ. საჯარიმო ქვითარი ს.ფ. 22);

 

11.2. 2013 წლის 02 დეკემბერს ი---- გ-----–--ემ მიმართა ექსპერტიზის ბიუროს და მოითხოვა სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებული სამართალდარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება. 2013 წლის 13 დეკემბერს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ იქნა სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ლ------ი"ს მძღოლის ვ--–---- ბ--–--–-–---–ის მიერ საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" 29 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა უგულველყოფით, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ტ-------ას" მძღოლს ი---- გ-----–--ეს, ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო -სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" მოთხოვნათა უგულველყოფა არ აღინიშნება (იხ.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ იქნა სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნა ს.ფ. 38-53);

 

11.3. თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის დადგენილებით დაკმაყოფილდა ი---- გ-----–--ის საჩივარი და გაუქმდა შსს ყ-----–-- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის ა-–---- მ---------ის მიერ 2013 წლის26 დეკემბერს ი---- გ-----–--ის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი #გ------- და საქართველოს შსს კ-----ის სამხარეო მთავარი სამმართველოს 2014 წლის 05 მარტის დადგენილება და ი---- გ-----–--ე განთავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან (იხ. სასამართლოს დადგენილება , ს.ფ 54-58).

 

11.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს # 0-------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ი---- გ-----–--ის კუთვნილ ავტომანქანა „T----- R---”-ზე სახ. ნომრით G-- 4--, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობამ საბაზრო ფასებით საორიენტაციოდ შეადგინა 5481 ლარი, ასევე მოსარჩელის მიერ ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადახდილია 850 ლარი და ექსპერტიზის ხარჯები 558,86 ლარი (იხ. ექსპერტიზის დასკვნა , გადახდის ქვითრები ს.ფ 61-70)

 

11.5. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანა ,,ლ------ი“ს სახ. ნომერი # Z-- მესაკუთრეა (მფლობელი) დ----- ა----–---–ი, შემთხვევის დროს ავტომანქანას თავად დ----- ა----–---–ის ნებართვით მართავდა მისი სიძე - ნასვამ მდგომარეობაში მყოფი და მართვის უფლების არ მქონე ვ--–---- ბ--–--–-–---–ი (მოსარგებლე), რაც ცნობილი იყო დ----- ა----–---–ისთვის, რომელიც შემთხვევის დროს ვ--–---- ბ--–--–-–---–თან ერთად ავტომანქანაში იმყოფებოდა, ამიტომ დ----- ა----–---–ი ზიანის ანაზღურებასთან დაკავშირებით სავალდებულო თანამონაწილეა. (იხ. მოწმის დაკითხვის ოქმები ს.ფ.23-28)

 

12. პალატას მიაჩნია რომ რომ სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სარჩელს, კერძოდ:

 

12.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებულ მუხლში მოცემულია დელიქტურ ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლები. ასეთი სახის ვალდებულება წარმოიშობა დაზარალებულის აბსოლუტურად სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, იგი ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიმართულია მიყენებული ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებისაკენ. ამდენად, მოცმული მუხლის საფუძველზე, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია. (სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი)

 

სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის. ზიანში, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე - პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით ან დაზიანებით, დაზარალებულის მიერ გამომუშავების დაკარგვის ან შემცირებით და ა.შ. დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე გაშვებული მოგება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია არა ზიანის მიმყენებლის დასჯისაკენ, არამედ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაკენ, რომელიც არსებობდა უფლების ხელყოფამდე. მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი კი აწევს დაზარალებულს.

 

12.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად,ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, კერძოდ ვ--–---- ბ--–--–-–---–ი, რომელიც მართვის უფლების არმქონე პირია და შემთხვევის დროს იყო ნასვამი, სატრანსპორტო საშუალებას მართავდა მფლობელის დ----- ა----–---–ის ნებართვით, ანუ მოსარჩელე მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარგებლის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მფლობელის ბრალით, სარჩელში მითითებული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულად ითვლება, შესაბამისად სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და მიაჩნია, რომ მოპასუხეებს ზიანის ანაზღაურება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სარჩელს, ამდენად, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაფერხებელი წინაპირობა.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

13. საპროცესო ხარჯები: აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ვ--–---- ბ--–--–-–---–ისა და დ----- ა----–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები ქ------- დუგლაძე,ბესარიონ ტაბაღუა