განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.06.2018
საქმის ნომერი
210210017001911923
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
05.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210210017001911923

საქმე №2ბ/6572-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი

მოსამართლეები _ ბესარიონ ტაბაღუა

ნატალია ნაზღაიძე

 

სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი

 

აპელანტი – ნ-----–- ჯ-----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები _ გ------ მ-----–-–---–ი, ქ------- ა-–----–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი –სესხის თანხის დაკისრება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ-----–- ჯ-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხეების - გ------ მ-----–-–---–ისა და ქ------- ა-–----–---–ის მიმართ, 32328 ლარის გადახდის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე გ------ მ-----–-–---–მა მოსარჩელე ნ-----–- ჯ-----–---–ისაგან 2012 წლის 13 ივნისს ისესხეს 1 300 (ერთი ათას სამასი) ლარი, რომლის დასტურად თავისი ხელით დაწერა ხელწერილი. თანხის დაბრუნების რაიმე მტკიცებულება, გარდა მოპასუხის ჩვენებისა საქმეში არ არსებობს. სარჩელი სასამართლოში აღძრული იქნა 2017 წლის 04 მაისს.

 

2.2. დადგენილია ისიც, რომ სესხი დადებული იყო ხანმოკლე პერიოდზე, მაგრამ ხელშეკრულების მოქმედების (თანხის დაბრუნების) კონკრეტული ვადა შეთანხმებული არ იყო. მხარეთა შეთანხმებით მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა ძირი თანხის ერთი პროცენტი, რაც აისახებოდა ხელწერილებში.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებაში არ არსებობს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3 სასამართლომ მიუთითა, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით სახეზეა მარტივი წერილობითი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულება. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 626-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 361-ე მუხლებზე და მიუთითა, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით: ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ რა სახელშეკრულებო ურთიერთობაში, მოთხოვნის მიმართ მოქმედებდა დასახელებული მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რაც შეადგენს სამ წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა ასრულებდა სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავდა სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მაგრამ არ გამორიცხავდა სუბიექტურ მომენტს – იცოდა თუ არა დაზარალებულმა, ან უნდა სცოდნოდა თუ არა საკუთარი უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლომ მიუთითა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა და ყურადღება გაამახვილა საქმეზე დართულ, მოპასუხის მიერ თავისი ხელით შედგენილ 2012 წლის ხელწერილზე, რომლებშიც მითითებულია, რომ გ------ მ-----–-–---–მა ისესხა 1 300 ლარი, დღეში 1%-ს და 30 დღეში 390 ლარის გადახდის პირობით, ამასთან, მოსარჩელემ თავად მიუთითა, რომ არანაირი პროცენტის და სესხის ძირი თანხა მოპასუხეებს არ გადაუხდიათ სესხის აღებიდან სარჩელის აღძვრამდე 54 (ორმოც და თოთხმეტი) თვის განმავლობაში, ხელწერილის მიხედვით პროცენტების გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველთვიურად, რაც არ მომხდარა და შესაბამისად, მოსარჩელემ სესხის გაცემიდან მეორე თვეს უკვე შეიტყო საკუთარი უფლების დარღვევის შესახებ და წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. სასამართლოს შეფასებით, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ყოველთვიური პროცენტის გადახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, მოთხოვნა მოპასუხეების მიმართ ხანდაზმულია და იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება. სასამართლომ ასევე გაიზიარა მოპასუხე ქ------- ა-–----–---–ის მტკიცება იმის შესახებ, რომ მოსარჩელესთან იგი არ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობებში და მის მიმართ მოთხოვნა თანხის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1 აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, სასამართლომ აღნიშნული გარემოება არასწორად შეაფასა, ვინაიდან სესხის ხელშეკრულებით მისი დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა და შემოიფარგლებოდა იმ ვადით, რა კონკრეტული ვადითაც მოპასუხე საჭიროებდა თანხას და სწორედ მოპასუხის თავისუფალ არჩევანზე იყო დამოკიდებული სესხის დაბრუნების თარიღი. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილება უკანონოა, არღვევს მხარეთა შორის შეჯიბრებითობის პრინციპს და ზიანს აყენებს ნ-----–- ჯ-----–---–ის კანონიერ ინტერესებს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ გ---–-----------ბ------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე გ------ მ-----–-–---–მა მოსარჩელე ნ-----–- ჯ-----–---–ისაგან 2012 წლის 13 ივნისს ისესხეს 1 300 (ერთი ათას სამასი) ლარი, უვადოდ, ხანმოკლე პერიოდით. ხელშეკრულების მოქმედების (თანხის დაბრუნების) კონკრეტული ვადა მხარეთა შორის შეთანხმებული არ ყოფილა.

 

4.2. სასამართლო მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ნ-----–- ჯ-----–---–ის მოთხოვნა მოპასუხეების მიმართ ხანდაზმულია და იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. ,,ხანდაზმულობა'' სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები კი პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული) შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს. სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. პროცესუალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა თუ ვინ ითვლება დაინტერესებულ მხარედ, რომელსაც სასამართლოსათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ განცხადება შეუძლია. დავის მხარე, რომელსაც ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრის უფლება აქვს, არის პირი, რომლისკენაც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უშუალოდაა მიმართული, ან პირი, რომლის ინტერესზეც ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილება ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად კი, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი ვადაში, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა ასრულებდა სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავდა სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა 2012 წლის 13 ივნისს, დადგენილია ისიც, რომ სესხის დაბრუნების ვადა მხარეებს არ განუსაზღვრავთ, ამასთან, დადგენილია, რომ გ------ მ-----–-–---–ს სესხზე გადახდები არ უწარმოებია, რის გამოც, პალატის შეფასებით, წარმოდგენილი სარჩელი ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ხანდაზმულად. სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ კრედიტორს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2017 წლის მაისამდე (თავდაპირველი სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი). ამდენად, მისი მოთხოვნა, მხოლოდ ნაწილობრივ წარმოადგენს ხანდაზმულს, 2014 წლის აპრილის თვის ჩათვლით ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით. პალატა მიუთითებს, რომ სარჩელი არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ხანდაზმულად სარჩელის აღძვრამდე სამი წლით ადრე წარმოშობილი დავალიანების მოთხოვნის ნაწილში, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია ნ-----–- ჯ-----–---–ის სააპელაციო საჩივარში მოხმობილი მსჯელობა იმის შესახებ, რომ სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული გარემოება არასწორად შეაფასა, ვინაიდან სესხის ხელშეკრულებით მისი დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ხანდაზმულობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ნაწილობრივ უნდა შეიცვალოს, კერძოდ, დადგინდეს, რომ ნ-----–- ჯ-----–---–ის მოთხოვნა გ------ მ-----–-–---–ის მიმართ მხოლოდ ნაწილობრივ არის ხანდაზმული, 2014 წლის აპრილის თვის მდგომარეობით მოთხოვნის ნაწილში.

 

4.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმებით მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა ძირი თანხის ერთი პროცენტი, რაც აისახებოდა ხელწერილებში.

პალატა თვლის, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი მეტად დიდია. იგი ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს (აღნიშნული შეადგენს 14,5 პროცენტს). სასამართლო პრაქტიკისათვის ფაქტობრივად უცნობია მხარეთა შეთანხმება სარგებლის მსგავს ოდენობაზე, როგორც ბანკებთან, ასევე მიკროსაფინანსო ან ფიზიკურ პირებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში. შესაბამისად, მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობა ზემოთ მითითებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს ზემოთ უნდა ჩაითვალოს ბათილად, მისი ამორალური ხასიათის გამო.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. უნდა ითქვას, რომ მითითებული ნორმით გარკვეულწილად შეზღუდულია ადამიანის ნების გამოვლენის აბსოლუტური თავისუფლება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს თვითონ განაგოს მისი ცხოვრება, იმოქმედოს ისე, როგორც მას სურს, დადოს გარიგებები, რომლებიც მისთვის მისაღებია და იტვირთოს პასუხისმგებლობა იმ სახით, როგორც ამას თვითონ გადაწყვეტს. მას შეუძლია სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე დაამყაროს ადამიანებთან მისთვის სასურველი ურთიერთობა, შესაბამისად, დადოს ისეთი სახის გარიგება, როგორც მისთვის მისაღებია, ამოირჩიოს კონტრაჰენტი, განსაზღვროს ხელშეკრულების პირობები და ა.შ. აღნიშნული უკავშირდება ნების გამოვლენის თავისუფლებას, რაც გარანტირებულია მთელი რიგი სამართლის ნორმებით. გარიგების დადების შემდეგ მხარეთა მიერ გამოხატული ნება მხარეთათვის გადაიქცევა სავალდებულოდ შესასრულებლად, მათი შემდგომი მოქმედებები კი იზღუდება მათ მიერ გარიგებაში გამოხატული ნების შესაბამისად. ამასთან, სახელმწიფო მხარეთა მიერ ნების გამოვლენას გარიგებათა დადების დროს აქცევს გარკვეულ ფარგლებში და მას სამართლებრივ ზღვარს უდებს. აღნიშნულის მაგალითია შემთხვევები, როდესაც კანონმდებლობა გარკვეული სახის გარიგებებს ბათილად მიიჩნევს. ამ ფარგლების გაცდენის შემთხვევაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ბათილი გარიგების ერთ-ერთ სახეს ამორალური გარიგება წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ამორალური გარიგება განმარტებულია, როგორც გარიგება, რომლებიც ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს. ზნეობის ნორმებში ყოველთვის იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანაბრობის პრინციპის დაცვას. ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის შესატყვისი უნდა იყოს მეორე მხარის ვალდებულებებთან. ამ თანაფარდობის დარღვევა ყოველთვის ბადებს გარიგების მონაწილეებზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენის, შეცდომაში შეყვანის, ან სხვაგვარი ზემოქმედების ვარაუდს, რაც ხშირად იწვევს უსამართლობისა ან უწესობის განცდას.

პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა მიერ ვალდებულებების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. მისი უგულვებელყოფა კი გარიგებათა ბათილობის საფუძველია. ეს პრინციპი მოქმედებდა და მოქმედებს საუკუნეების განმავლობაში ევროპის უმეტეს სახელმწიფოებში. ბევრი ქვეყანა ბათილად მიიჩნევს გარიგებებს თუ სახეზეა მხარეთა ვალდებულებათა დისპროპორცია და იგი დადებულია მეორე მხარის გონივრული განსჯის უუნარობით, ნების მნიშვნელოვანი სისუსტით, მძიმე მდგომარეობით და ა.შ (ავსტრიის, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, შვეიცარიის კანონი ,,ვალდებულებითი სამართლის შესახებ’’ და ა.შ.). აღნიშნული საკითხის მსგავსი რეგულირება ქმნის ხელშეკრულების შედარებით სუსტი მხარის დაცვის წინაპირობებს მეორე მხარის ძალმომრეობისაგან. შესაბამისად, იგი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო სამართლიანობას მხარეთა შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ამორალურ გარიგებებთან მიმართებაში შეიცავს მხოლოდ იმ დათქმას, რომ იგი არის გარიგება, რომელიც არღვევს ზნეობის ნორმებს. განსხვავებით გავლენის ბოროტად გამოყენების შედეგად ან იძულებით დადებული გარიგებებისაგან (სამოქალაქო კოდექსის 55-ე, 85-ე მუხლები), გარიგების ამორალურად მისაჩნევად აუცილებელი არ არის იმ გარემოებათა დადგენა-დადასტურება, რამაც განაპირობა ამ გარიგების დადება. საკმარისია, არსებობდეს დისპროპორცია ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორის, რომ სასამართლომ იგი მიიჩნიოს ამორალურ გარიგებად. შესაბამისად, შეუძლებელია, გარიგების ამორალური ბუნების გამორიცხვა იმის გამო, რომ არ დგინდება ერთ მხარეზე მეორე მხარის მიერ განხორცილებული იძულების ფაქტი. სამოქალაქო კანონმდებლობა არ აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ამორალურ ქმედებად, მაგრამ იგი იცავს საზოგადოებას ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებისაგან. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მორალური ღირებულებების დაცვა კანონის საფუძველზე წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული შეხედულებებისა და სამართლის ნორმების ჰარმონიზაციის ნიმუშს. კანონის შესაბამისად, ზნეობის საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ შედეგებთან და იგი იწვევს ადამიანთა მიმართ მთელი რიგი მაიძულებელი ღონისძიებების გატარებას. ზნეობის ნორმის დაუცველობა განაპირობებს ადამიანთა მიერ გამოვლენილი ნების გაბათილებას. მისი საწინააღმდეგო შეთანხმებები არარაა და მათ არანაირი სამართლებრივი შედეგების დადგომა არ უკავშირდება. აქვე პალატა განმარტავს, რომ ხშირად საზოგადოების მიერ ამორალურად მიიჩნევა ისეთი შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულების მხარეები ერთმანეთს უწესებენ ბევრად უფრო მძიმე მოთხოვნებს, ვიდრე ეს მართებულად მიჩნეულია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მსგავსი მოთხოვნები არ გამომდინარეობენ საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებლობიდან. პირიქით, ისინი გაუმართლებლად ლახავენ საზოგადოების წევრთა უფლებებსა და ინტერესებს, საფრთხეს უქმნიან ადამიანის მთელ რიგ ღირებულებებს. ასეთი სახის შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს განუზომლად მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაკისრება. შეუძლებელია, წლიური 360 პროცენტიანი განაკვეთის არსებობა გონივრულად ჩაითვალოს. შესაბამისად, უნდა გაბათილდეს მხარეთა მიერ დათქმული საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რომელიც ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს. ამდენად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გ------ მ-----–-–---–ს პროცენტის სახით დაეკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად ფიზიკური პირებისათვის დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთით დადგენილი ოდენობა, რაც შეადგენს ყოველთვიურ 2%-ს.

 

3.4. პალატა შენიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვლისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

პალატა მიუთითებს, რომ, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე გ------ მ-----–-–---–ს მოსარჩელე ნ-----–- ჯ-----–---–ის მიმართ ნაკისრი ვალდებულება არ აქვს შესრულებული, ხოლო ნ-----–- ჯ-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე გ------ მ-----–-–---–ის მიმართ 2014 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდისათვის წარმოადგენს ხანდაზმულს, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ -გ------ მ-----–-–---–ს აპელანტის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 2236 ლარი, საიდანაც 1300 ლარი წარმოადგენს 2012 წლის 13 ივნისის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ძირ თანხას, ხოლო 936 ლარი - ბოლო სამი წლის მანძილზე დარიცხულ წლიური სარგებლის ჯამს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ნ-----–- ჯ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და კერძოდ - გ------ მ-----–-–---–ს აპელანტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2236 ლარი, საიდანაც 1300 ლარი წარმოადგენს 2012 წლის 13 ივნისის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ძირ თანხას, ხოლო 936 ლარი - ბოლო სამი წლის მანძილზე დარიცხულ წლიურ სარგებელს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტი ნ-----–- ჯ-----–---–ი გათვაისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავდროულად, ნ-----–- ჯ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების 1 პუნქტი. აღნიშნული მოთხოვნის პროპორციულად, გ------ მ-----–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 89.44 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-----–- ჯ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ნ-----–- ჯ-----–---–ის სარჩელი მოპასუხე გ------ მ-----–-–---–ისა და ქ------- ა-–----–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. გ------ მ-----–-–---–ს ნ-----–- ჯ-----–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2236 ლარი, საიდანაც 1300 ლარი წარმოადგენს 2012 წლის 13 ივნისის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ძირ თანხას, ხოლო 936 ლარი - ბოლო სამი წლის მანძილზე დარიცხული წლიური სარგებლის ჯამს.

 

5. დანარჩენ ნაწილში ნ-----–- ჯ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

6. გ------ მ-----–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 89.44 ლარის გადახდა.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები ბესარიონ ტაბაღუა

 

ნატალია ნაზღაიძე