განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002112239
საქმე №3ბ/625-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ან-----–-----–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ-------------ა
წარმომადგენელი - ი----------------
დავის საგანი – ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით გ-------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე გ-------------ასათვის ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირის სტატუსიდან გამომდინარე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 2017 წლის 2 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 22 ლარის ოდენობით აღდგენის შესახებ, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე გ-------------ას სასარგებლოდ ზიანის - 2013 წლის ოქტომბრიდან უკანონოდ შეწყვეტილი მიუღებელი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ანაზღაურება 1056 ლარის ოდენობით.
1.2.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
1.2.1. მოსარჩელე გ-------------ას 2006 წლის 1 აპრილიდან მინიჭებული ჰქონდა ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირის სტატუსი და დანიშნული ჰქონდა საყოფაცხოვრებო სუბსიდია.
მოსარჩელე გ-------------ას აღნიშნული საყოფაცხოვრებო სუბსიდია შეუწყდა მისთვის, სასამართლოს განაჩენის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის გამო, 2011 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის განკარგულებით, მოსარჩელე გ-------------ა შეწყალებული იქნა, გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან და მოეხსნა ნასამართლობა.
სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების შემდეგ, მოსარჩელე გ-------------ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა მისთვის ზემოთ აღნიშნული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის განახლება და 2013 წლის 2 ოქტომბრიდან მიუღებელი მითითებული სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურება, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ცნობა (ს.ფ. 12);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის უფროსის წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 44);
- საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება (ს.ფ. 13);
- განცხადება (ს.ფ. 15);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
1.3.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამასთან, იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე გ-------------ა ითხოვდა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, მისთვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის განახლების თაობაზე, რაზეც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მას უარი უთხრა და ასევე ითხოვდა მიუღებელი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ანაზღაურებას. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მოსარჩელის მოთხოვნები გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელი შესაბამისი ნორმებიდან, „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებიდან.
1.3.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5). კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ.16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოებს პოზიტიური თვალსაზრისით ავალდებულებს უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვა და ნეგატიური თვალსაზრისით არ დაუშვან მოქალაქეთა ასეთი უფლებების არამართლზომიერი შელახვა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
1.3.3. „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს სუვერენული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომლის უზენაეს ღირებულებას წარმოადგენს ეროვნული დამოუკიდებლობა, ადამიანის სიცოცხლე, პირადი თავისუფლება და ხელშეუხებლობა, გმობს ანტიჰუმანურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს ჩადენილ ვანდალურ აქტს - მშვიდობიანი აქციის დარბევას, აღიარებს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა და დაზარალებულთა მიერ ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს და მათთვის ჯეროვანი პატივის მიგების მიზნით იღებს ამ კანონს.
მითითებული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა სოციალური დაცვის გარანტიების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ამასთან, იმავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულად მიიჩნევიან: დაღუპულთა ოჯახის წევრები: შრომისუუნარო მშობლები; მეუღლე, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა; არასრულწლოვანი შვილი ან/და ნაშვილები; დაინვალიდებული პირები; მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან/და ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შედეგად დაზარალებული პირები.
„ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან/და ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის შედეგად დაზარალებულ პირებს: ენიშნებათ სახელმწიფო პენსია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; უწესდებათ სხვა სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; უფლება აქვთ ისარგებლონ სოციალური შეღავათებით, რაც გულისხმობს საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების (წყალი, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზი, ელექტროენერგია, ტელეფონი, გარდა საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრებისა) ღირებულების 50 პროცენტის გადახდისაგან გათავისუფლებას, რომელთა დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
1.3.4. „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად, საყოფაცხოვრებო სუბსიდია არის ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელი, რომელიც განკუთვნილია კანონით განსაზღვრული სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო კომუნალური საჭიროებების უზრუნელსაყოფად. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო 2007 წლის 1 ივლისამდე არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, 2007 წლის 1 ივლისიდან „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური სუბსიდიების სააგენტო, ხოლო „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტასა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა რეგულირებას.
მითითებული წესის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის თანახმად, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს – ყოველთვიურად 22 ლარი. კომპეტენტური ორგანო შესაბამის რაიონებში ახდენს პირების იდენტიფიცირებას ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ბენეფიციარად. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები პირები, რომლებიც არ ითვლებიან სახელმწიფო პენსიის/სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებად და არ იმყოფებიან კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხვაზე, ვალდებული არიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართონ კომპეტენტურ ორგანოს და წარადგინონ: საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის მოწმობის ასლები დედნებთან ერთად; შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთი (დოკუმენტი). კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილი პირი პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საბუთების საფუძველზე ადგენს მის უფლებრივ საკითხს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების შესახებ. საყოფაცხოვრებო სუბსიდია ჩაირიცხება საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ ბენეფიციარისათვის გახსნილ პირად ანგარიშზე. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი თანხა გაიცემა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პირს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება წარმოეშობა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (სასამართლო გადაწყვეტილება, 9 აპრილის დარბევის მოწმობა და სხვ.) არსებობის შემთხვევაში, ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე გ-------------ას 2006 წლის 1 აპრილიდან მინიჭებული ჰქონდა ქ.თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირის სტატუსი და დანიშნული ჰქონდა საყოფაცხოვრებო სუბსიდია.
ამრიგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე გ-------------ამ ქ.თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირის სტატუსი და ამ სტატუსიდან გამომდინარე, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება მოიპოვა 2006 წლის პირველი იანვრიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე გ-------------ას აღნიშნული საყოფაცხოვრებო სუბსიდია შეუწყდა მისთვის, სასამართლოს განაჩენის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის გამო, 2011 წლის 1 აგვისტოდან. სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების შემდგომ, მოსარჩელე გ-------------ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა მისთვის ზემოთ აღნიშნული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის განახლება და 2013 წლის 2 ოქტომბრიდან მიუღებელი მითითებული სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურება, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც ქ.თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირის სტატუსიდან გამომდინარე, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს განსაზღვრავენ, არ ითვალისწინებენ აღნიშნული სუბსიდიის მიღების უფლების შეწყვეტას სასამართლოს განაჩენის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის გამო, თუმცა ასეთი სუბსიდიის შინაარსიდან გამომდინარე, რამდენადაც იგი პირის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, ხოლო თავისუფლების აღკვეთის პირობებში პრაქტიკულადაც შეუძლებელია პირის მიერ საყოფაცხოვრებო ხარჯების გაწევა, ამ პერიოდში შესაძლებელია შეჩერებულად ჩაითვალოს მისი გაცემა, მაგრამ სასჯელ-აღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ აღნიშნული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი დადგენილი არ არის.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ წესში 2012 წლის 20 ივლისს განხორციელებული ცვლილების (მე-8 მუხლის მე-7 პუნქტში) თანახმად, 2012 წლის 1 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს, რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმის მოსარჩელე გ-------------აზე გავრცელება და ამ საფუძვლით მისთვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემაზე უარი სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მას საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება მოპოვებული ჰქონდა 2012 წლამდე - აღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე.
სასამართლომ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
1.3.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. იმავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე გ-------------ასათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი ეწინააღმდეგება ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დანაწესებს, რის გამოც მისი მოთხოვნა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 2017 წლის 2 ოქტომბრიდან, ყოველთვიურად 22 ლარის ოდენობით გაცემის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
1.3.6. რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის - მიუღებელი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ანაზღაურების შესახებ სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ უკანონოდ სცნო მოსარჩელე გ-------------ასათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი და მას 2013 წლის 2 ოქტომბრიდან არ მიუღია აღნიშნული სუბსიდია, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მითითებული პერიოდიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიუღებლობით მას მიადგა ზიანი, რის გამოც ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნაც დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
2.1. აპელანტის აზრით, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. გ-------------ას სახელმწიფო გასაცემელი შეუწყდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. რაც შეეხება გასული პერიოდის თანხების ანაზღაურებას, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის საფუძველი პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აქედან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
აქვე პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. გარდა ამისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლების ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმნონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. იმავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოებს პოზიტიური თვალსაზრისით ავალდებულებს უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვა და ნეგატიური თვალსაზრისით არ დაუშვან მოქალაქეთა ასეთი უფლებების არამართლზომიერი შელახვა.
„ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს სუვერენული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომლის უზენაეს ღირებულებას წარმოადგენს ეროვნული დამოუკიდებლობა, ადამიანის სიცოცხლე, პირადი თავისუფლება და ხელშეუხებლობა, გმობს ანტიჰუმანურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს ჩადენილ ვანდალურ აქტს - მშვიდობიანი აქციის დარბევას, აღიარებს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა და დაზარალებულთა მიერ ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს და მათთვის ჯეროვანი პატივის მიგების მიზნით იღებს ამ კანონს.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან/და ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის შედეგად დაზარალებულ პირებს: ენიშნებათ სახელმწიფო პენსია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; უწესდებათ სხვა სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; უფლება აქვთ ისარგებლონ სოციალური შეღავათებით, რაც გულისხმობს საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების (წყალი, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზი, ელექტროენერგია, ტელეფონი, გარდა საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრებისა) ღირებულების 50 პროცენტის გადახდისაგან გათავისუფლებას, რომელთა დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
პალატა ეთანხმება სასამართლოს მითითებას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. იმავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5. საპროცესო ხარჯები
აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დათქმიდან გამომდინარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლევან მურუსიძე