განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001451153
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3816-17 “17” აპრილი, 2018წ.
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე თ----- ზამბახიძე
მოსამართლეები მერაბ გაბინაშვილი თ----- ალანია
სხდომის მდივანი _ ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - წარმომადგენელი - მოწინააღმდეგე მხარე - წარმომადგენელი - ნ--- ს----–---–ი დ---- მ-----–-–---–ი ნ---- ჩ---–--ე თ------ ე---–--ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.05.2017წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა, სააღსრულებო ხარჯის შემცირება
1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს 3600 აშშ დოლარის შემცირება 700.765 აშშ დოლარამდე და სააღსრულებო ხარჯის შემცირება 49.52 ლარით.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. ნ--- ს----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. ცვლილება შევიდა 2016 წლის 29 ივნისს ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ გაცემულ N1-------- სააღსრულებო ფურცელში და მის საფუძველზე დაწყებულ 06.07.2016 წლის N1--------------- სააღსრულებო საქმეზე სესხის ძირითადი თანხის ნაწილში და სესხის ძირითადი თანხის ოდენობა განისაზღვრა 45 000 აშშ დოლარით;
1.2. ნ--- ს----–---–ის სარჩელი პირგასამტეხლოს და სააღსრულებო წარმოების ხარჯების შემცირების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები 2.1. 2015 წლის 30 ივნისს, ნ--- ს----–---–ს, მის არასრულწლოვან შვილს, თ----- პ----–---–სა და ნ---- ჩ---–--ეს შორის დაიდო N1-------- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, ექვსი თვის ვადით, 2015 წლის 30 დეკემბრამდე. სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 50 000 აშშ დოლარს, ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 2,5%-ით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა ძირი თანხის 0,12%-ს. სესხი უზრუნველყოფილი იქნა თ----- პ----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. 2.2. მოცემულ შემთხვევაში არ არის სადავო, რომ ნ--- ს----–---–მა ვერ შეასრულა 2015 წლის 30 ივნისის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნ---- ჩ---–--ის მიმართ. კერძოდ, სესხად მიღებული თანხა არ იქნა დაბრუნებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. 2.3. 2016 წლის 29 ივნისს, ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია ნ---- ჩ---–--ე ხოლო მოვალე - ნ--- ს----–---–ი. სააღსრულებო ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 50000 აშშ დოლარის ოდენობით, პირგასამტეხლო 0,12%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო საქმის დაწყებამდე 3600 აშშ დოლარი, სულ 53 600 აშშ დოლარი. აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯი სრულად. აღსრულება მიექცა, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე. 2.4. 2015 წლის 30 ივნისის სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ნ--- ს----–---–ის მიერ სრულად არის გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი.. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.5. საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ ნ--- ს----–---–მა კრედიტორს, ნ---- ჩ---–--ეს ვალდებულების შესრულების მიზნით 2016 წლის 8 იანვარს გადასცა 1300 აშშ დოლარი, 2016 წლის 30 იანვარს 1200 აშშ დოლარი, 2016 წლის 01 მარტს 1250 აშშ დოლარი, 2016 წლის 30 მარტს 1150 აშშ დოლარი და 2016 წლის 01 აპრილს 100 აშშ დოლარი, სულ 5000 აშშ დოლარი. ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის 2 თვით გაგრძელების ფაქტი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ 2015 წლის 30 ივნისის სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის, 2015 წლის 30 დეკემბრის შემდეგ კრედიტორის, ნ---- ჩ---–--ისათვის გადახდილი 5000 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითადი თანხის დაფარვის მიზნით გადახდილ თანხად. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები არ დაობენ და საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ 2015 წლის დეკემბრის შემდეგ ნ--- ს----–---–ის მიერ კრედიტორისათვის გადახდილი იქნა 5000 აშშ დოლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე აპელირებს იმაზე, რომ 2015 წლის 30 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2 თვის ვადით. შესაბამისად, მისი განმარტებით 2015 წლის დეკემბრის თვის შემდგომ მოვალის მიერ გადახდილი თანხებით დაფარული იქნა დამატებით ორი თვის პროცენტი, თუმცა ვერ ხსნის რა მიზნით იქნა განხორციელებული დამატებითი გადახდები. შესაბამისად, სასამართლო მოპასუხის ამ განმარტებას არასარწმუნოდ მიიჩნევს, მით უფრო, იმ ვითარებაში როცა არ არის წარმოდგენილი რელევანტური მტკიცებულებები. ამასთან, მოსარჩელე უარყოფს მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების არსებობის ფაქტს, რაც წარმოადგენს მოპასუხის მტკიცების ტვირთის. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ ზიდა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2015 წლის 30 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც მხარეები უფლებამოსილნი არიან გააგრძელონ სესხის და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნების ვადა. სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში უფლება აქვს იპოთეკარს შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ძირითადი თანხის, დარიცხული სარგებლის და მიყენებული ზიანის ანაზღაურება და სააღსრულებო ფურცლის გაცემა. ამავე ხელშეკრულების 20-ე პუნქტით კი ამ ხელშეკრულების პირობები შესაძლებელია შეიცვალოს მხოლოდ მხარეთა ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მათ შორის ურთიერთობები სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, ხოლო მხარეთა შორის ზეპირ და წერილობით დათქმებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა წერილობით ხელშეკრულებას უდნა მიენიჭოს, როგორც მხარეთა ნების წერილობით რეზოლუციას. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით: 2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2015 წლის 30 ივნისს ნ--- ს----–---–ს და ნ---- ჩ---–--ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. მოცემულ შემთხვევაში არ არის სადავო, რომ ნ--- ს----–---–მა ვერ შეასრულა 2015 წლის 30 ივნისის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნ---- ჩ---–--ის მიმართ. კერძოდ, სესხად მიღებული თანხა არ იქნა დაბრუნებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ქვეპუნქტის მიხედვით კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. მოცემული ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით კრედიტორს შეუძლია აღსრულება დაიწყოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. 2016 წლის 29 ივნისს, ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია ნ---- ჩ---–--ე ხოლო მოვალე - ნ--- ს----–---–ი. სააღსრულებო ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 50000 აშშ დოლარის ოდენობით, პირგასამტეხლო 0,12%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო საქმის დაწყებამდე 3600 აშშ დოლარი, სულ 53 600 აშშ დოლარი. აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯი სრულად. აღსრულება მიექცა, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ 2015 წლის 30 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო 6 თვის ვადით, ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა მითითებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის 2 თვით გაგრძელების ფაქტი. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ვადის გასვლის, 2015 წლის 30 დეკემბრის შემდეგ კრედიტორის, ნ---- ჩ---–--ისათვის გადახდილი აქვს 5000 აშშ დოლარი. სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო (საქმე Nას-1701 -1685 -2011). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ--- ს----–---–მა კრედიტორს, ნ---- ჩ---–--ეს ვალდებულების შესრულების მიზნით 2016 წლის 8 იანვარს გადასცა 1300 აშშ დოლარი , 2016 წლის 30 იანვარს 1200 აშშ დოლარი, 2016 წლის 01 მარტს 1250 აშშ დოლარი, 2016 წლის 30 მარტს 1150 აშშ დოლარი და 2016 წლის 01 აპრილს 100 აშშ დოლარი, სულ 5000 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ 2015 წლის 30 ივნისის სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კრედიტორის, ნ---- ჩ---–--ისათვის გადახდილი 5000 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითადი თანხის დაფარვის მიზნით გადახდილ თანხად.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ--- ს----–---–ის სარჩელი 2016 წლის 29 ივნისს ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში სესხის ძირითადი თანხის ნაწილში ცვლილებების შეტანის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. დადგენილია, რომ მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, 2016 წლის 29 ივნისს, ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლო განისაზღვრა 0,12%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც სააღსრულებო საქმის დაწყებამდე შეადგინა 3600 აშშ დოლარი. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 3600 აშშ დოლარის ოდენობით არ არის შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მხარეთა შორის წინასწარ იყო შეთანხმებული ხელშეკრულებით. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ--- ს----–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მიღებულ შესრულებასთან მიმართებაში არ არის შეუსაბამოდ მაღალი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში საფუძველს მოკლებულია. 2.8. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38.1-ე მუხლის მიხედვით აღსრულების საფასური (შემდგომ – საფასური) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. ამავე მუხლის მე-4 პუქნტის მიხედვით კი საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მოყვანილი მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ აღსრულების საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრა დარეგულირებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. შესაბამისად, არ არსებობს აღსრულების ხარჯების შემცირების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ/სამართლებრივი საფუძვლები: 3.1. თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებისას არაარსებითი ფრაზებით შემოიფარგლა, რაც მხოლოდ პირგასამტეხლოს ზოგად განმარტებებს წარმოადგენს. სასამართლომ მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნა, რომ სააღსრულებო ფურცელში აღნიშნული პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის შეუსაბამოდ მაღალი. პირგასამტეხლოსა და სააღსრულებო ხარჯებზე სარჩელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებზე სასამართლოს სადავო გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელია. 3.2. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0,12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თვეზე შეადგენს 3,6%-ს, წელიწადზე კი - 43,2%-ს (3,6%X12), რაც გონივრულ ოდენობად არ შეიძლება რომ იქნეს მიჩნეული. პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად უნდა განისაზღვროს 0,01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 3.3. სასამართლომ დაადგინა, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულება ნაწილ-ნაწილ სრულდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პირგასამტეხლო არ შეამცირა. 3.4. დავალიანების შემცირება გულისხმობს აღსასრულებელი ვალდებულების შემცირებას, რაც თავისთავად იწვევს აღსრულების ხარჯების შემცირებას. აღსრულების ხარჯები უნდა შემცირდეს 49.52 ლარით. 3.5. სასამართლომ, მართალია, გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი, მაგრამ არასწორად განმარტა ისინი. პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულებების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის/უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. 29.06.2016წ. ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი შემდეგი რეკვიზიტებით: · კრედიტორი - ნ---- ჩ---–--ე; · მოვალე - ნ--- ს----–---–ი: · მესაკუთრე - თ----- პ----–---–ი; · ვალდებულების წარმოშობის საფუძველი - იპოთეკის ხელშეკრულება; · აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - სესხის ძირითადი თანხა - 50 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 0,12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე - 3600 აშშ დოლარი, აღსრულების ხარჯები სრულად (ტ.1, ს.ფ.40-42). 4.2. ნ--- ს----–---–მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა ნ---- ჩ---–--ის (შემდგომში „მოპასუხე“) წინააღმდეგ და მოითხოვა ცვლილებების შეტანა სააღსრულებო ფურცელში, ასევე, სააღსრულებო ხარჯის შემცირება 49.52 ლარით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ცვლილება შევიდა 2016 წლის 29 ივნისს ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ გაცემულ N1-------- სააღსრულებო ფურცელში და მის საფუძველზე დაწყებულ 06.07.2016 წლის N1--------------- სააღსრულებო საქმეზე სესხის ძირითადი თანხის ნაწილში და სესხის ძირითადი თანხის ოდენობა განისაზღვრა 45 000 აშშ დოლარით. სარჩელი პირგასამტეხლოს და სააღსრულებო წარმოების ხარჯების შემცირების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა მოსარჩელემ. 4.3. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დასაბუთებულია სასარჩელო მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს - 3600 აშშ დოლარის შემცირებაზე 700.765 აშშ დოლარამდე, შემდეგ გარემოებათა გამო: 4.3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). 4.3.2. საურავი პირგასამტეხლოს ერთ-ერთი სახეა. იგი უმეტესად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც მოვალე ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს დროში. ჯარიმისაგან განსხვავებით, შესრულების ვადის გადაცილებისათვის საურავის სახით დადგენილი პირგასამტეხლოს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი იძლევა ვალდებულების შესრულებისა და და პირგასამტეხლოს მოთხოვნის კუმულაციის შესაძლებლობას. ამ დროს კრედიტორის ინტერესი ხელშეკრულების შესრულების მიმართ კვლავ არსებობს (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 598). შესაბამისად, ასეთ დროს პირგასამტეხლომ უნდა შეასრულოს მინიმალური ზიანის ანაზღაურების და ვალდებულების შესრულებაზე მოვალის მოტივირების და არა კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების ფუნქცია. 4.3.3. მოცემულ შემთხვევაში, 30.06.2015წ. ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო იყო ძირი თანხის 0,12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ.1, ს.ფ.28), რაც სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე პერიოდზე იქნა მოთხოვნილი (ტ.1, ს.ფ.41). ამდენად, მისი ოდენობა დამოკიდებული იყო ძირი თანხის ოდენობაზე. პალატა იზიარებს აპელანტის პრეტენზიას მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შეამცირა რა ძირი თანხის მოცულობა და შესაბამისი ცვლილებები შეიტანა სააღსრულებო ფურცელში, უნდა ემსჯელა აღნიშნულის შედეგზე პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებითაც, რამეთუ დავალიანების ძირის შემცირება თავისთავად აისახება პირგასამტეხლოს ოდენობაზე. 4.3.4. ასევე დასაბუთებულია აპელანტის მსჯელობა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ყოველივე აღნიშნულის და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის საურავი და მასთან ერთად მოთხოვნილია სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება (ამ მიზნით იპოთეკის საგნის რეალიზაცია აუქციონზე), პალატას მიაჩნია, რომ იგი არ უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. 45000 აშშ დოლარის 0,12% არის 54 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ არსებობს 3600 აშშ დოლარის 700.765 აშშ დოლარამდე შემცირების საფუძველი. 4.4. დასაბუთებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს უარი სააღსრულებო ხარჯების შემცირებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: 4.4.1. კერძო აღმასრულებელ მ---- ს--–----–---–ის წარმოებაშია სადავო სააღსულებო ფურცელი (ტ.1, ს.ფ.38,39). 4.4.2. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 1417 მუხლის თანახმად, კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობისათვის, აგრეთვე ამ საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული კონსულტაციისა და ტექნიკური სამუშაოსათვის იღებს საზღაურს, რომლის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება დაინტერესებულ მხარესთან დადებული ხელშეკრულებით. კრედიტორის მიერ გადახდილი ან გადასახდელი საზღაურის გადახდა ეკისრება მოვალეს და იგი ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. არ შეიძლება მოვალეს დაეკისროს საზღაურის გადახდა ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი აღსრულების საფასურის ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით. 4.4.3. ამდენად, აღსრულების ხარჯები სპეციალური რეგულირების საკითხია, რაც დამოკიდებულია აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაზე. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის ახლებურად განსაზღვრა (შემცირება) არის საფუძველი იმისათვის, რომ აღსრულების ხარჯებზე იმსჯელოს შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა. სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ვერ შეცვლის იმ პირის (კერძო აღმასრულებლის) მოთხოვნის უფლებას, რომელიც წინამდებარე დავაში მხარეს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ამ ნაწილში საპელაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. აპელანტს სახელმწიფო ბაჟი გადახილი აქვს (ტ.3, ს.ფ.17). სააპელაციო მოთხოვნა კმაყოფილდება პირგასამტეხლოს ნაწილში, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს 2899,24 აშშ დოლარის (3600-700.765) 4%-ის ექვივალენტი ლარის გადახდა, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის მომენტში შეადგენდა 287,63 ლარს. რაც შეეხება სარჩელზე სახელმწიფო ბაჟს, მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი ჰქონდა მხოლოდ ნაწილი, კერძოდ, 100 ლარი. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის დაანგარიშებული, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში ბაჟი ჯამში გადასახდელი იყო 203,52 ლარის ოდენობით (ტ.2, ს.ფ.35). შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 103.52 ლარის ოდენობით, მოსარჩელის სასარგებლოდ კი წინასწარ გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. ნ--- ს----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.05.2017წ. გადაწყვეტილება გაუქმდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმის ნაწილში და ნ--- ს----–---–ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 103.52 ლარის დაკისრების ნაწილში. ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ცვლილება შევიდეს 2016 წლის 29 ივნისს ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ გაცემულ N1-------- სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 700.76 აშშ დოლარით.
4. ნ---- ჩ---–--ეს ნ--- ს----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახლემწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
5. ნ---- ჩ---–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანაზღურება 103.52 ლარის ოდენობით.
6. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
7. ნ---- ჩ---–--ეს ნ--- ს----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 287.63 ლარის ოდენობით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილება ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: თ----- ზამბახიძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
თ----- ალანია