განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2018
საქმის ნომერი
010141318700061174
ინსტანცია
თარიღი
11.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700061174

საქმე №1/ა.გ. 395-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

გერონტი კახეთელიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ-----------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით დაკმაყოფილდა

პროკურორის შუამდგომლობა და დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც:

გ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

გ-----------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი 3 (სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით.

გ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 05 აპრილიდან 2013 წლის 24 აპრილის ჩათვლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურორსა და ბრალდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც:

 

გ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 2 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი და საბოლოოდ, გ-----------------ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წელი, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ გ-----------------ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 21 ივნისიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის განაჩენით:

გ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 2 (ორი) წელი ჩათვლილი აქვს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, შთანთქა ახლად დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

გ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2014 წლის 21 ივნისიდან.

 

გ-----------------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება; ბ) საექიმო საქმიანობის უფლება; გ)საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ)პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ გ-----------------ის მიმართ გავრცელდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც:

 

გ-----------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა (თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განსაზღვრული აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წელი ჩათვლილი აქვს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, შთანთქა ახლადდანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით და საბოლოოდ, გ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

2018 წლის 6 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ-----------------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ-----------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის განაჩენით გ-----------------ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული გ-----------------ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინებით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ასევე, გ-----------------ს უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლის ვადით ჩამორთმეული უფლებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ გ-----------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ-----------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს განაჩენში გ-----------------ის მიმართ, შევიდეს ცვლილება.

 

მსჯავრდებული გ-----------------ი გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინებით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.

 

მასვე აღუდგეს, ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 3 წლის ვადით ჩამორთმეული უფლებები.

 

დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

გ. კახეთელიძე