განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
330210015001164585
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001164585

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2018 წელი თბილისი

საქმე №2ბ/5668-17

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი,სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

აპელანტი - სს „თ----- ბ---ი“

წარმომადგენელი - ნ-----------------ა

მოწინააღმდეგე მხარე – ე-–--- გ---–-----ი, ზ---– გ---–-----ი

წარმომადგენელი – ნ---------–--------–ი

დავის საგანი – დავალიანების თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი

1. სს „თ----- ბ---მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ე-–--- გ---–-----სა და ზ---– გ---–-----ს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2011 წლის 14 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 6133.99 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2484.24 აშშ დოლარი, პროცენტი - 3001.25 აშშ დოლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 500 აშშ დოლარი, დაზღვევა - 158.50 აშშ დოლარი; ე-–--- გ---–-----სა და ზ---– გ---–-----ს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2011 წლის 14 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2484.24 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 20% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 41.40 აშშ დოლარს (დაზუსტებულ იქნა 2017 წლის 29 ივნისის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე). მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 14 ივლისს სს ,,თ----- ბ---სა“ და მოპასუხე ე-–--- გ---–-----ს შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 5040 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 20% სარგებლის დარიცხვით, 2015 წლის 20 ივლისამდე ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 20 რიცხვში, ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 10 აშშ დოლარის ოდენობით, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მიმდინარე პერიოდზე GPIH-ში. 2011 წლის 14 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, თავდების განცხადების საფუძველზე, სს ,,თ----- ბ---სა“ და ზ---– გ---–-----ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ე-–--- გ---–-----თან ერთად ბ---ის წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობის თაობაზე, ხოლო თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 120000 აშშ დოლარით. ამავდროულად, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,თ----- ბ---სა“ და ე-–--- გ---–-----ს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ---ის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ე-–--- გ---–-----ის საკუთრებაში რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2012 წლის 20 დეკემბრიდან და მათი დავალიანება ბ---ის წინაშე, გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდგომ და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების გათვალისწინებით, შეადგენს - 6133.99 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2484.24 აშშ დოლარი, პროცენტი - 3001.25 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 500 აშშ დოლარი, დაზღვევა - 158.50 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხეებმა ე-–--- გ---–-----მა და ზ---– გ---–-----მა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მართალია მათ ვალდებულება არ აქვთ სრულად და ჯეროვნად შესრულებული, მაგრამ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, დაუსაბუთებელია და მოკლებულია დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

 

.

 

3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სს „თ----- ბ---ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:

 

3.1. 2011 წლის 14 ივლისს სს ,,თ----- ბ---სა“ და ე-–--- გ---–-----ს შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 5040 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 20% სარგებლის დარიცხვით, 2015 წლის 20 ივლისამდე ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა უნდა განხორციელებუიყო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 20 რიცხვში, ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამ - ტეხლო ვადაგადაცილებაზე - 10 აშშ დოლარის ოდენობით, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მიმდინარე პერიოდზე GPIH -ში. . 2011 წლის 14 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველ - საყოფად, თავდების განცხადების საფუძველზე, სს ,,თ----- ბ---სა“ და ზ---– გ---–-----ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, ე-–--- გ---–-----თან ერთად, ბ---ის წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობის თაობაზე, ხოლო თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 120000 აშშ დოლარით.

 

3.2 2011 წლის 14 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველ - საყოფად სს ,,თ----- ბ---სა“ და ე-–--- გ---–-----ს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ---ის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ე-–--- გ---–-----ის საკუთრებაში რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - მ--------- ბ--– E-----, სარეგის - ტრაციო მოწმობა - T--------, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 2000.

 

3.3 2016 წლის 15 სექტემბერს სს ,,თ----- ბ---მა“ მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია, საიდან ამონაგებმა თანხამაც შეადგინა 3540 აშშ დოლარი და მიექცა მოპასუხეთა ვალდებულების ნაწილობრივ დასაფარად. მოპასუხეები იმყოფებიან ვადაგადაცილებაში და მათი დავალიანება შეადგენს 6133.99 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2484.24 აშშ დოლარი, პროცენტი - 3001.25 აშშ დოლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 500 აშშ დოლარი, დაზღვევა - 158.50 აშშ დოლარი;

 

3.4 2011 წლის 14 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თ----- ბ---ის“ მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ არის ხანდაზმული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით,წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის მიხედვით, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, (1) სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს; (2) ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის დეფინიციის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კანონი სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენის დაწყებას უკავშირებს სუბიექტურ ფაქტორს, ანუ მომენტს, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. თუკი მხარეებმა ხელშეკრულების შესრულების ვადა განსაზღვრეს, ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს. მოპასუხე მხარემ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობის ფაქტობრივ გარემოებაზე და ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად დაასახელა 2012 წლის 20 ნოემბერი. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ბოლო შესასრულებელი ვალდებულებების თარიღიდან -

2012 წლის 20 დეკემბრიდან. სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, კრედიტის დაფარვის გრაფიკით და გადახდების ისტორიიდან ამონაწერით დგინდება, რომ მოპასუხე ე-–--- გ---–-----ის მიერ 2012 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში ვალდებულებები არ შესრულებულა, სამაგიეროდ -

2012 წლის 02 ნოემბერს განხორციელდა სესხზე გადახდა 697.81 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც დაიფარა სესხის ძირი თანხის, პროცენტისა და დაზღვევის ვალდებულებები სწორედ იმ დაჯამებული ოდენობით, რაც 2012 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში უნდა განეხორციელებინა მოპასუხეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა განახორციელდა 2012 წლის 02 ნოემბერს, ხოლო ვალდებულების შესრულების მომდევნო დრო დადგა 2012 წლის 20 ნოემბერს და სწორედ ამ თარიღიდან მოპასუხეებს გადახდა აღარ განუხორციელებიათ. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა 2012 წლის 21 ნოემბრიდან დაიწყო და ამოიწურა 2015 წლის 21 ნოემბერს, ხოლო სს ,,თ----- ბ---ის“ მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი წარმოდგენილია 2015 წლის 25 ნოემბერს, ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის დარღვევით.

3.5 სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და მეორეს მხრივ, შეინარჩუნონ ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე. ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები კი პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული) შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს. სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავში- რებული სარჩელის უფლებასთან. პროცესუალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა თუ ვინ ითვლება დაინტერესებულ მხარედ, რომელსაც სასამართლოსათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ განცხადება შეუძლია. დავის მხარე, რომელსაც ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრის უფლება აქვს, არის პირი, რომლისკენაც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უშუალოდაა მიმართული, ან პირი, რომლის ინტერესზეც ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილება ნეგატიურ გავლენას მოახდენს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე და და ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად დაასახელა 2012 წლის 21 ნოემბერი, რასაც სასამართლოც იზიარებს. სასამართლო ასევე იზიარებს მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ე-–--- გ---–-----ის მიერ 2012 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში ვალდებულებები არ შესრულებულა, სამაგიეროდ - 2012 წლის 02 ნოემბერს განხორციელდა სესხზე გადახდა 697.81 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც დაიფარა სესხის ძირი თანხის, პროცენტისა და დაზღვევის ვალდებულებები სწორედ იმ დაჯამებული ოდენობით, რაც 2012 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში უნდა განეხორციელებინა მოპასუხეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა განახორციელდა 2012 წლის 02 ნოემბერს, ხოლო ვალდებულების შესრულების მომდევნო დრო დადგა 2012 წლის 20 ნოემბერს და სწორედ ამ თარიღიდან მოპასუხეებს გადახდა აღარ განუხორციელებიათ. ამ დროიდან კი სარჩელის აღძვრამდე, 2015 წლის 25 ნოემბრამდე, გასულია 3 წელზე მეტი, რის გამოც მოპასუხეები უფლებამოსილნი არიან უარი თქვან კრედიტის თანხის გადახდაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა. ამავე კოდექსის 137-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებით ხანდაზმულობის ვადის დენის არც შეჩერების და არც შეწყვეტის გარემოება არ დასტურდება. ამდენად, სს ,,თ----- ბ---ის” სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „თ----- ბ---მა“. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

4.1. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან გადაწყვეტილებით არ არის ნამსჯელი იმ გარემოებაზე, რომ მოცემული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოიშვა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, რომლის მიმართ სამოქალაქო კოდექსი განსხვავებულ რეგულაციას ადგენს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის გადახდის ვალდებულება ითვლება პერიოდულად შესასრულებლად და მის მიმართ მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აუცილებელია მოხდეს აღნიშნული მუხლის სწორი განმარტება და შეფარდება კონკრეტული სიტუაციის მიმართ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამოდინარე ვალდებულების შესრულებისას მნიშვნელოვანია სესხის ყოველთვიურად გადახდის ვალდებულების მიმართება ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან. კერძოდ, მსესხებელი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს არა სესხის მთლიანი თანხა, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის კონკრეტული ნაწილი, რომელიც მოიცავს სესხის ძირითადი თანხის ნაწილს და მასზე დარიცხულ პროცენტს, სესხის სრულად დაფარვის ვალდებულება წარმოიშობა უკვე სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ. სს "თ----- ბ---სა" და მოპასუხე ე-–--- გ---–-----ს შორის დადებულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ბ---ის მხრიდან გაცემულია სესხის თანხა ერთიანად, ხოლო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, აღნიშნული თანხის ბ---ისთვის დაბრუნება უნდა მოხდეს ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად თანხის გარკვეული ნაწილის გადახდით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძველი გამომდინარეობს მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობიდან, რომლის შესაბამისად, მოვალეს ყოველთვიური გადახდით უნდა შეესრულებინა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულება. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება კრედიტორს წარმოეშობა გრაფიკით გათვალისწინებული თითოეული გადახდის ვადის დარღვევიდან სამი წლის ვადაში. შესაბამისად, სარჩელის შეტანიდან უკუსვლით 3 წელზე დაანგარიშებით გრაფიკით გადასახდელ თანხის მოთხოვნაზე ვერ გავრცელდება ხანდაზმულობის ვადა. სწორედ ამ პრინციპით არის დათვლილი მოთხოვნილი თანხების ოდენობა, რომელიც გაცილებით ნაკლებია რეალურ დავალიანებასთან (დავალიანების ცნობაში მითითებულ თანხებთან) მიმართებით. ჩვენ მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილია -500 აშშ დოლარი. 2011 წლის 04 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისიწნებულია ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადახილებაზე 10 აშშ დოლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველვადაგდაცილებულ დღეზე. თუ არახანდაზმულ ძირ თანხას 2396.24 აშშ დოლარს დავარიცხავთ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0.5%-ს ერთი წლის განმავლობაში პირგასმტეხლოს სახით დარიცხული გამოვა - 4372.7 აშშ დოალრი, თუმცა ჩვენ აღნიშნულს ვითხოვთ, მხოლოდ 500 აშშ დოლარის ოდენობით, რაც სრულიად გონივრულია ძირ თანხასთან მიმართებაში. რაც შეეხება სესხის ძირ თანხაზე პროცენტის დარიცხვას, 2011 წლის 04 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად საპროცენტო განაკვეთი ერიცხება "კლიენტის" ფაქტიურ დავალიანებას ბ---ის მიმართ და იანგარიშება სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად 365 დღეზე დაანგარიშებით. აღნიშნული მუხლის თანახმად ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირ თანხას ერიცხება პროცენტი.

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 20 ივლისამდე. მართალია, მსესხებელმა ბოლო გადახდა განახორციელა 2012 წლის 2 ნოემბერს (იხ. გადახდების ისტორია), მაგრამ ბ---ს არ გამოუყენებია სსკ-ის 873-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი ითვალისწინებს კრედიტის გამცემის მიერ საკრედიტო ურთიერ ურთიერთობის შეწყვეტის შესაძლებლობას, თუკი კრედიტის მიმღები გადააცილებს ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას, მაგრამ ეს კრედიტის გამცემის უფლებაა და არა ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში ბ---მა ვადაზე ადრე არ შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა და სწორედ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ წარმოეშვა მსესხებლის მიმართ სესხის სრულად დაფარვის მოთხოვნის უფლება. ხანდაზმულობის ვადის ათვლაც სწორედ ამ დროიდან უნდა დავიწყოთ. შესაბამისად, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 20 ივლისს და სწორედ აქედან წამოიშვა სესხის სრულად დაფარვის მოთხოვნის ვალდებულებაც. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის ხანდაზმულობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

 

4.2 ზემოთ აღნიშნულმა ფაქტობრივმა უსწორობებმა და სასამართლოს მიერ კანონის ნორმების არასწორმა განმარტებამ განაპირობა არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტის მიხედვით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ვალდებულების შესრულებას არა ერთდროულად, ერთიანად, არამედ განსაზღვრული პერიოდებით. მაგალითად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ერთი წლის გნმავლობაში, ნაწილ-ნაწილ, დროის განსაზღვრული პერიოდებით (ყოველთვიურად, ყოველკვარტალურად), გრაფიკის მიხედვით. პერიოდულად შესასრულებლად ითვლება ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. ასეთ შემთხვევაში, თითოეული ვალდებულების დარღვევა - თითოეულ პერიოდში განსაზღვრული თანხის დაუბრუნებლობა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას. ამგვარად განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისთვის კრედიტორის მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობას გარკვეული თავისებურება ახასიათებს.  ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილებით სს "თ----- ბ---ის" სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

6. მოცემულ შემთვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების დაკისრება და ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

6.1 2011 წლის 14 ივლისს სს ,,თ----- ბ---სა“ და ე-–--- გ---–-----ს შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 5040 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 20% სარგებლის დარიცხვით, 2015 წლის 20 ივლისამდე ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა უნდა განხორციელებუიყო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 20 რიცხვში, ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამ - ტეხლო ვადაგადაცილებაზე - 10 აშშ დოლარის ოდენობით, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მიმდინარე პერიოდზე GPIH -ში.

 

6.2. 2011 წლის 14 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველ - საყოფად, თავდების განცხადების საფუძველზე, სს ,,თ----- ბ---სა“ და ზ---– გ---–-----ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, ე-–--- გ---–-----თან ერთად, ბ---ის წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობის თაობაზე, ხოლო თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 120000 აშშ დოლარით.

 

6.3 2011 წლის 14 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველ - საყოფად სს ,,თ----- ბ---სა“ და ე-–--- გ---–-----ს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ---ის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ე-–--- გ---–-----ის საკუთრებაში რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუა - ლება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - მ--------- ბ--– E-----, სარეგის - ტრაციო მოწმობა - T--------, საიდენტიფიკაციო ნომერი- W----------------, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 2000.

 

6.4 2016 წლის 15 სექტემბერს სს ,,თ----- ბ---მა“ მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია, საიდან ამონაგებმა თანხამაც შეადგინა 3540 ლარი, დოლარით 1400.42 აშშ დოლარი, რომელიც მიექცა მოპასუხეთა ვალდებულების ნაწილობრივ; ძირი ვალდებულების დასაფარად, კერძოდ დეკემბერში დარჩენილი დავალიანება შეადგენდა 3796 აშშ დოლარს (არახანდაზმული) ხოლო მას გამოაკლდა 1400.42 აშშ დოლარი რეალიზაციით მიღებული თანხა შესაბამისად ძირი დავალიანება დარჩა 2396.24 აშშ დოლარს; (იხ. გადახდის გრაფიკი)

 

6.5. ე-–--- გ---–-----ი იმყოფება ვადაგადაცილებაში და მისი დავალიანება შეადგენს 5891.89 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2396.24 აშშ დოლარი, პროცენტი - 2847 .15 აშშ დოლარი, ჯარიმა - 500 აშშ დოლარი, დაზღვევა - 148.50 აშშ დოლარი; (იხ. სააპელაციო საჩივარი; ცნობა; მხარეთა ახსნა-განმარტება)

 

7. სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვენებს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საკითხში და ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2011 წლის 14 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 48 თვე, რომელიც იწურებოდა 2015 წლის 20 ივლისს. სს „თ----- ბ---ის“ მიერ სარჩელი აღიძრა - 2015 წლის 25 ნოემბერს. განსახილველ შემთხვევაში მსესხებელს ბ---ისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა, ამდენად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი განსხვავებული წესის მიხედვით უნდა მოხდეს. შესაბამისად, ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება 2012 წლის 20 დეკემბრიდან 2015 წლის 20 ივლისამდე პერიდოში გადასახდელი თანხები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და პალატა მიიჩნევს, რომ 2012 წლის 20 დეკემბრიდან 2015 წლის 20 ივლისამდე პერიოდის დავალიანება არ არის ხანდაზმული და ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე {სსკ-ის 144.1-ე მუხლი}. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. (იხ. სუსგ №ას-934-899-2016).

 

8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად -ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც ნიშნავს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა, კერძოდ ყოველთვიურად, გახადის გრაფიკით განსაზღვრული თანხა 2015 წლის 20 ივლისამდე. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ Nას-1432 –1351- 2012, 2013 წლის 20 მაისის განჩინება).

 

9. პალატა არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსარზრებას გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ოდებობასთან დაკავშირებით. პირველის ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითა რომ, გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა შეადგენს 3540 აშშ დოლარი, მაშინ როდესაც იგი 3540 ლარია. პალატა განმარატავს რომ, მართალია სააპელაციო საჩივარში აპელანტი არ მიუთითებს ამ უზუსტობაზე, თუმცა არც ეთანხმება და სრულად ასაჩივრებს გადაწყვეტილებას ასევე ამავე გადაწყვეტილებით ისიც დადგენილია რომ, მოვალის სასესხო დავალიანება შეადგენს 6133.99 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2396.24 აშშ დოლარი, პროცენტი - 3001 .25 აშშ დოლარი, ჯარიმა - 500 აშშ დოლარი, დაზღვევა - 158.50 აშშ დოლარი, სააპელაციო საჩივარში მოთხოვნა შემცირებულია და იგი შეადგენს 5891.89 აშშ დოლარს. ამდენად პალატას მიაჩნია რომ დავალიანების ოდენობა მხარეთა შორის სადავო არ არის და მოვალესა და თავდებს არ გაუსაჩივრებიათ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, არც კვალიფიციური შესაგებელი არა აქვთ წარმოდგენილი დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით, ასეთ ვითრებაში თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე; 201-ე; 368-ე; 377-ე;384-ე მუხლებისა პალატას მიაჩნია რომ დავალიანების ოდენობა სასესხო ვალდებულებაზე შეადგენს 5891.89 აშშ დოლარს.

 

10. აპელანტისა და კრედიტორის მოთხოვნაა 2396.24 აშშ დოლარ ძირ თანხაზე წლიური 20 პროცენტის დაკისრება. ხელშეკრულების 2. მუხლის თანახმად წლიური სარგებელი შეადგენს 20 პროცენტს. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე,განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ზემოაღნიშნული მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

11. პალატა მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლს, რომლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს“ (ას-914-864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი). საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება“ (სუსგ # ას- 932-882-2015, 15.03.2016წ.) ასევე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, კრედიტორს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბ---ის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872 -ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ (იხ. სუსგ # ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ.). სსკ-ის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება მოითხოვა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის მიხედვით გაანგარიშების საფუძველზე, ამდენად, მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - #ას-1385 -1307 -2012, 07.02.2013წ; #ას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.). ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის პრეტენზიას მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე და მიწინააღმდეგე მხარის მიერ სესხად აღებული, დაუბრუნებული თანხების ოდენობისა და საკრედიტი ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანმხებული სესხის პრცენტის ოდენობის გათვალისინებით, მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეებს სასესხო ხელშეკრულებების დაღვევის გამო, 2016 წლის 30 სექტემბრიდან უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება 2396.24 აშშ დოლარის წლიური 20 პროცენტი ვალდებულების სრულ შესრულებამდე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

11 . საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, ე-–--- გ---–-----სა და ზ---– გ---–-----ს უნდა დაეკისროსთ სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე და სარჩელზე გადახდილი სახემწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული მოთხოვნათა პროპორციულად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სს „თ----- ბ---ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. მოპასუხეებს ე-–--- გ---–-----ს და ზ---– გ---–-----ს დაეკისროთ სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ 5891.89 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2396.24 აშშ დოლარი, პროცენტი - 2847 .15 აშშ დოლარი, ჯარიმა - 500 აშშ დოლარი, დაზღვევა - 148.50 აშშ დოლარი;

 

4. მოპასუხეებს ე-–--- გ---–-----ს და ზ---– გ---–-----ს დაეკისროთ სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის - 2396.24 აშშ დოლარის წლირი 20 პროცენტის გადახდა 2016 წლის 30 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

5. მოპასუხეებს ე-–--- გ---–-----ს და ზ---– გ---–-----ს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ 772.09 ლარის ანაზღაურება სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში;

 

6. მოპასუხე ე-–--- გ---–-----ს და ზ---– გ---–-----ს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ 426 ლარის ანაზღაურება სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8; მე-9; პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: /დიანა ბერეკაშვილი/