განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.06.2018
საქმის ნომერი
330310018002264126
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
14.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002264126

საქმე N3ბ/882-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

14 ივნისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - თამარ ონიანი

მოსამართლეები: გიორგი ტყავაძე, მანანა ჩოხელი

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო

წარმომადგენელი - მ--------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ--------------–------

წარმომადგენელი - გ---------–-----ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით კ--------------–------ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 25 დეკემბრის №0---------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე კ--------------–------სთან მიმართებაში.

 

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები

 

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მაისის N1/15-16 განაჩენით კ--------------–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. ამავე განაჩენით კ--------------–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით, კ--------------–------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა - 3 (სამი) წელი განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ამავე განაჩენის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ--------------–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი განესაზღვრა რეალურად მოსახდელად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. კ--------------–------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და რეალურად მოსახდელი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 25 ნოემბრიდან.

 

1.2.2. N17 დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 29 ნოემბრის N938957 დახასიათების მიხედვით, კ--------------–------ ხასიათდება დადებითად, ფლობს ეფექტური თვითპრეზენტაციისათვის საჭირო უნარებს, კარგად განვითარებული სოციალური რესურსით. გარშემომყოფებთან ჩამოყალიბებული აქვს დადებითი ურთიერთობები. ოჯახის წევრებისგან გრძნობს მხარდაჭერას. არ ავლენს ემოციური თვითრეგულაციის სირთულეებს, თვითდამაზიანებელი/დესტრუქციული სახის კოგნიციებს. კოგნიტური განვითარება შეესაბამება ქრონოლოგიურ ასაკს. სტრესთან გამკლავების ჯანსაღი სტრატეგიები აქვს შემუშავებული, არ გამოხატულა ფსიქოტროპული მედიკამენტების/ნარკოტიკული ნივთიერებების/ალკოჰოლის ავად მოხმარებისკენ მიდრეკილება, მომავლისადმი მოტივირებულია, გამოხატავს თვითგანვითარებისადმი მზაობას, გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაული.

 

1.2.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ 2017 წლის 25 დეკემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კ--------------–------ს პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა შესაბამისი მასალებით. საბჭომ საქმის განხილვისას იხელმძღვანელა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით, საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები, მისი ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, თუმცა, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში ჩადენილია საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, რაც მომეტებული საფრთხის შემცველია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, ამასთან, მსჯავრდებული ნასამართლევია ძალადობრივი ხასიათის დანაშაულების ჩადენისთვის. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

1.3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

1.3.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

 

პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. მითითებული კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.

 

სასამართლოს განმარტებით, პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, ადმინისტრაცია უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილით ასევე დადგენილია, რომ თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 6 თვეში.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების“ თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს, საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება და ამავე მუხლის პირველი პუნქტის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. ამავე დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. საბჭო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეებს, რომლებიც საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროს დაშვებულ იქნა ზეპირ მოსმენაზე განსახილველად. საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით და თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის თაობაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საბჭო მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს შეფასების კრიტერიუმებით, რაც მოცემულია ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის მე-13 მუხლში. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში. სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ კ--------------–------მ გამოძებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც უკანონოდ ატარებდა. 2015 წლის 25 ნოემბერს ის უკანონოდ ატარებდა უკანონოდ შეძენილ 7,65 მმ კალიბრის მაუზერის მოდელის პისტოლეტს და 7 ცალ ვაზნას, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში - აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, კ--------------–------ დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ კ--------------–------ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 იანვრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353 მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 120-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. ამავე განაჩენით კ--------------–------ს სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა. სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, კ--------------–------ არის დაოჯახებული - ჰყავს მეუღლე, მშობლები, ოჯახის წევრებთან აქვს კანონით განსაზღვრული ურთიერთობა, სარგებლობს პაემნისა და სატელეფონო საუბრის უფლებით, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა ნორმალურია; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირად საქმეში არსებული დახასიათებების მიხედვით, კ--------------–------ ხასიათდება დადებითად, ფლობს ეფექტური თვითპრეზენტაციისათვის საჭირო უნარებს, კარგად განვითარებული სოციალური რესურსით. გარშემომყოფებთან ჩამოყალიბებული აქვს დადებითი ურთიერთობები. ოჯახის წევრებისგან გრძნობს მხარდაჭერას. არ ავლენს ემოციური თვითრეგულაციის სირთულეებს, თვითდამაზიანებელი/დესტრუქციული სახის კოგნიციებს. კოგნიტური განვითარება შეესაბამება ქრონოლოგიურ ასაკს. სტრესთან გამკლავების ჯანსაღი სტრატეგიები აქვს შემუშავებული, არ გამოხატულა ფსიქოტროპული მედიკამენტების/ნარკოტიკული ნივთიერებების/ალკოჰოლის ავადმოხმარებისკენ მიდრეკილება. მომავლისადმი მოტივირებულია, გამოხატავს თვითგანვითარებისადმი მზაობას. გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაული.

 

1.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი, სასამართლოს მოსაზრებით, აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ ზაკ-ის 53-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს სამართლით შებოჭვით და თვითკონტროლის ფარგლებში მოქცევით, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის.

 

დანაშაულის ხასიათთან მიმართებაში სასამართლომ ყურადღება მიაქცია „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობის და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საბჭოს მიერ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობის განხილვისას ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული, არის თუ არა მიღწეული სასჯელის მიზანი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). სასამართლომ აღნიშნა, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სასჯელის მიზნის მიღწევასთან მიმართებაში სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ კ--------------–------ პენიტენციურ დაწესებულებებში ყოფნის პერიოდში ხასიათდება დადებითად, ფლობს ეფექტური თვითპრეზენტაციისათვის საჭირო უნარებს, კარგად განვითარებული სოციალური რესურსით. გარშემომყოფებთან ჩამოყალიბებული აქვს დადებითი ურთიერთობები. ოჯახის წევრებისგან გრძნობს მხარდაჭერას, არ ავლენს ემოციური თვითრეგულაციის სირთულეებს, თვითდამაზიანებელი/დესტრუქციული სახის კოგნიციებს, კოგნიტური განვითარება შეესაბამება ქრონოლოგიურ ასაკს. სტრესთან გამკლავების ჯანსაღი სტრატეგიები აქვს შემუშავებული, არ გამოხატულა ფსიქოტროპული მედიკამენტების/ნარკოტიკული ნივთიერებების/ალკოჰოლის ავადმოხმარებისკენ მიდრეკილება, მომავლისადმი მოტივირებულია, გამოხატავს თვითგანვითარებისადმი მზაობას, გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაული.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 25 დეკემბრის №0---------- სადავო გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, კერძოდ, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით შეფასებული არ არის, კ--------------–------სთან მიმართებაში მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ დანაშაულის ხასიათის შეფასებას.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული და უნდა გაუქმდეს. პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს კომპეტენციას, მის დისკრეციულ უფლებამოსილებას, კანონით დადგენილ ფარგლებში. კანონით დადგენილი ფარგლები კი ხუთი კრიტერიუმია, რომლის გამოკვლევის საფუძველზეც იღებს საბჭო გადაწყვეტილებას (დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება). აპელანტის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულის ნასამართლობასა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათზე, გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში ჩადენილია საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინაააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, რაც მომეტებული საფრთხის შემცველია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის, ამასთან, მსჯავრდებული ნასამართლევია ძალადობრივი ხასიათის დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია. ამასთან, არ დასტურდება, რომ მსჯავრდებული დადებითად ხასიათდება.

 

აპელანტი არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ დანაშაულის ხასიათი, რეალურად, სადავო საკითხზე მსჯელობისას საბჭომ თანაბარმნიშვნელოვნად გაამახვილა ყურადღება როგორც დანაშაულის ხასიათზე, ისე მსჯავრდებულის ნასამართლობაზე და იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულს მონაწილეობა არ მიუღია არცერთ სოციალურ აქტივობაში, გამოსაკვლევი არ დარჩენილა არცერთი კრიტერიუმი, სადავო გადაწყვეტილება მიღებულია იმ უარყოფითი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც მსჯავრდებულს გააჩნია დანაშაულის ხასიათისა და ნასამართლობის თვალსაზრისით, მისი რესოციალიზაცია უფრო მკაფიოდ უნდა იყოს გამოხატული, რათა აღნიშნული კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოვლენების სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებით შესაძლო გაბათილებასა და გადაწონის თაობაზე საბჭოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებაზე მოეხდინა გავლენა. სწორედ ამ თვალსაზრისით შეაფასა საბჭომ უარყოფითად ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულს არ აქვს არცერთ სოციალურ აქტივობაში მონაწილეობა მიღებული, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა (რაც საბჭოს მიზანს წარმოადგენს) ეჭვქვეშ დგება, როდესაც მსჯავრდებული ნასამართლევია ორი ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენისათვის და მან პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში კვლავ ჩაიდინა საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი დანაშაული.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებისთვის ცხადი გახდეს, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას.

 

სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სააპელაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს:

 

3.1. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძვლები რეგლამენტირებულია პატიმრობის კოდექსით. აღნიშნული კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

პალატა მიუთითებს, რომ სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. ამავე კოდექსის 41.1 მუხლის თანახმად, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო.

 

კ--------------–------ წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის წარდგენაზე უფლებამოსილ მსჯავრდებულს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსის 42.3 მუხლის თანახმად, ადგილობრივი საბჭო ზეპირი მოსმენის გარეშე, საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების“ თანახმად, ადგილობრივი საბჭო მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე, 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს, ამასთანავე, საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. აღნიშნული დებულების 13.1 მუხლის თანახმად, საბჭო მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს შეფასების კრიტერიუმებით.

 

საქართველოს კანონმდებლობაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების უზოგადესი განმარტება მოცემულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, კერძოდ, მეორე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების დელეგირება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ-ერთი მისი შეხედულებისამებრ. ადმინისტრაციული დისკრეცია, თავისი არსით, გულისხმობს უფლებამოსილებათა დელეგირებას – საკანონმდებლო ორგანო ადმინისტრაციულ ერთეულს, ქცევის წესის მკაცრი განსაზღვრის ნაცვლად, ანიჭებს უფლებამოსილებას, თავად განსაზღვროს ოპტიმალური ქცევა. დისკრეციის ფარგლებში ადმინისტრაციული მოქმედების არსებული შესაძლო ვარიანტები, ზოგადად, ყოველთვის შეესაბამება ლეგალურობის მოთხოვნებს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს ამოცანას წარმოადგენს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და თვითნებობის გარეშე.

 

პატიმრობის კოდექსისა და საბჭოს ტიპური დებულებით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება, გადაწყვიტოს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომლის ფარგლებში დმინისტრაციული ორგანოსთვის გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით - მოცემულ შემთხვევაში საბჭოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელ ამგვარ ინტერესს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის მარეგულირებელი ზოგადი სახით წარმოდგენილი საკანონმდებლო ნორმების ინდივიდუალიზაციას ახორციელებს ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, ადმინისტრაციული დისკრეცია, თავისი არსით, ხელისუფლების განხორციელების პროცესში წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს არა მარტო აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ საკანონმდებლო ორგანოს პერსპექტივიდანაც. იგი შინაარსობრივი თვალსაზრისით უზრუნველყოფს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის პრაქტიკულ, ეფექტურ რეალიზებას.

 

ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას არსებობს შეცდომის დაშვების, თვითნებური მოქმედების მეტი რისკი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციის დელეგირება მოხდეს განსაზღვრული კრიტერიუმების, პირობების შესაბამისად, რაც მინიჭებულ უფლებამოსილებას მოაქცევს სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის დაცვას დისკრეციის მიზნებსა და მისი არასწორად გამოყენების რისკს შორის.

 

გადაწყვეტილების მიღებისას საბჭოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები შემოსაზღვრულია დანაშაულის ხასიათის, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევის, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტების, ნასამართლობის, ოჯახური პირობების, მსჯავრდებულის პიროვნების შეფასების კრიტერიუმებით, რაც ნიშნავს, რომ საბჭომ გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებით და მათ ერთობლიობაში.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ 2017 წლის 25 დეკემბრის №0---------- გადაწყვეტილებაში საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონედ მიიჩნია ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში ჩადენილი აქვს საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, რაც მომეტებული საფრთხის შემცველია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის. მსჯავრდებული ნასამართლევია ძალადობრივი ხასიათის დანაშაულების ჩადენისთვის, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებაში შეფასება მიეცა დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმებიდან მხოლოდ ორს - ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, არ შეფასებულა დანარჩენი სამი კრიტერიუმი - მიეთითა მხოლოდ, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას ყურადღება მიაქცია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან მსჯავრდებულის დამოკიდებულებას და სხვა პიროვნულ მახასიათებლებს, ოჯახურ პირობებს, მის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, თუმცა არ არის დასაბუთებული, თუ რა გარემოებები მოიკვლია და რა შეფასება მისცა ამ კრიტერიუმებს, რომელთა შეფასება თანაბრად მნიშვნელოვანია საკითხის გადაწყვეტისთვის. გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს დასაბუთებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის, რას საფუძველი გახდებოდა, შეფასებულიყო, კ--------------–------სთან მიმართებით მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული ორგანო, ერთის მხრივ, არ ეთანხმება სასამართლოს მხრიდან მოსარჩელის პროვნების დადებით შეფასებას, ამავდროულად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში თავად არ აფასებს აღნიშნულ კრიტერიუმთან მიმართებით მოსარჩელეს. განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს, რომ სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა მსჯავრდებულს არ მიუღია, თუცა რას მოიაზრებს და რა არის ასეთ აქტივობებში მოსარჩელის მხრიდან მონაწილეობის არ მიღების მიზეზი, მითითებული არ არის, ამგვარი შეფასების გარეშე უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძვლად მიუთითებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთეთებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლზრ, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ სწორედ გამოიყენა აღნიშნული ნორმა სადავო საკითხთან მიმართებით.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე თამარ ონიანი

 

მოსამართლეები გიორგი ტყავაძე

 

მანანა ჩოხელი