განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700060094
საქმე №1/ა.გ-375-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ივნისი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
მზია ლომთათიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ბ---–---–---------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის განაჩენით:
ბ---–---–---------ი (------------–-------–-–---------–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;
ბ---–---–---------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით:
დამტკიცდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ თეონა გოდერძიშვილსა და ბრალდებულ ბ---–---–---------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ბ---–---–---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 70 (სამოცდაათი) საათით. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 25 ივლისის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 70 (სამოცდაათი) საათით. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ბ---–---–---------ს განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 70 (სამოცდაათი) საათით.
ბ---–---–---------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებით:
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“‘ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება გავრცელდა მსჯავრდებულ ბ---–---–---------ის მიმართ.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენში ბ---–---–---------ის მიმართ შევიდა ცვლილება.
მსჯავრდებულ ბ---–---–---------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
2018 წლის 21 მაისს, მსჯავრდებულმა ბ---–---–---------მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ გამოტანილი, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ბ---–---–---------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ბ---–---–---------ს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის განაჩენით, მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), მსჯავრდებული ბ---–---–---------ი უნდა გათავისუფლდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, იმავდროულად, მსჯავრდებულ ბ---–---–---------ს უნდა აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. რაც შეეხება ამავე განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს, - ჯარიმას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, როგორც ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროდან მიღებული წერილით ირკვევა, აღნიშნული ჯარიმა ბ---–---–---------ს გადახდილი აქვს, შესაბამისად, პალატა არ მსჯელობს ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ.
აგრეთვე, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ბ---–---–---------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. მანვე ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა (ორი ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), მსჯავრდებული ბ---–---–---------ი უნდა გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, მსჯავრდების ამ ნაწილში მისი ქმედება დაკვალიფიცირდა 2731 მუხლის პირველი ნაწილით, -გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან - 70 (სამოცდაათი) საათის ვადით, იმავდროულად, მსჯავრდებულ ბ---–---–---------ს უნდა აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ბ---–---–---------ი უნდა გათავისუფლდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და უნდა აღუდგეს ჩამორთმეული უფლებები, რაც თავის მხრივ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, შესაბამისად, ბ---–---–---------ი ასევე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და 2016 წლის 25 ივლისის ეპიზოდთან და 2016 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდთან მიმართებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით. რაც შეეხება 2016 წლის 25 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 70 საათის ვადით, მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალებით დგინდება, რომ მას აღნიშნული სასჯელი მოხდილი აქვს, შესაბამისად, პალატა მასზე აღარ მსჯელობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის და გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენებში, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებაში ბ---–---–---------ის მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ---–---–---------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის და გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენებში, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებაში ბ---–---–---------ის მიმართ, შევიდეს ცვლილება.
მსჯავრდებული ბ---–---–---------ი გათავისუფლდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ამავე განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები;
მსჯავრდებული ბ---–---–---------ი გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, მსჯავრდების ამ ნაწილში მისი ქმედება დაკვალიფიცირდა 2731 მუხლის პირველი ნაწილით), დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან - 70 (სამოცდაათი) საათის ვადით და აღუდგეს ამავე განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები;
მსჯავრდებული ბ---–---–---------ი ასევე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 25 ივლისის ეპიზოდი) დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და ძირითადი სასჯელისაგან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთისგან, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი ჰქონდა პირობით.
მსჯავრდებული ბ---–---–---------ი ასევე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდი) დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და ძირითადი სასჯელისაგან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთისგან, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი ჰქონდა პირობით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე
მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი
მ. ლომთათიძე