განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2018
საქმის ნომერი
330100118002250186
ინსტანცია
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002250186

საქმე №1ბ/423-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ნინო სანდოძე

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ვ----–----------ის

მსჯავრდებულის: ა----–-------–---ის

ადვოკატის: გ---------------ის

თარჯიმნის: ა---------–--------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ა----–-------–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №010261017002) ა----–-------–---ის მიმართ. ა----–-------–---ი დაბადებულია 1--- წლის 4 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №1----------), ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თბილისში, ფ-------–---–----------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა----–-------–---მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, (ორი ეპიზოდი), მანვე ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება.

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ა----–-------–---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ 1,4683 გრამის ოდენობით, რაც 2017 წლის 24 ოქტომბერს გაასაღა ნ-----–----------------ზე ქ. თბილისში, ფ-------–-–ი. აღნიშნული ნარკოტიკული საშულება ამოღებულ იქნა ნ-----–---------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში, რ------------------–--–ი №4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

ა----–-------–---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ 1,3950 გრამის ოდენობით, რაც 2017 წლის 28 ოქტომბერს გაასაღა ნ-----–----------------ზე გ---------- რაიონის სოფელ კ--–----–-. აღნიშნული ნარკოტიკული საშულება ამოღებულ იქნა ნ-----–---------------ისგან ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

ა----–-------–---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ 0,5469 გრამის ოდენობით, რაც 2017 წლის 24 ნოემბერს გაასაღა ნ-----–----------------ზე თბილისში, სოფელ ფ-------–-–ი, გ-------ს დასახლებაში. აღნიშნული ნარკოტიკული საშულება ამოღებულ იქნა ნ-----–---------------ისგან ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში, რ------------------–--–ზე, გ-------ს ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით:

 

ა----–-------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

ა----–-------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

ა----–-------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე 2017 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ა----–-------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

ა----–-------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 27 ნოემბრიდან.

 

ა----–-------–---ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა----–-------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ---------------ემ. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულ ა----–-------–---ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით 11 (თერთმეტი) წლის ვადით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, იმ მოტივით, რომ ა----–-------–---ი წარსულში ნასამართლევი არ არის, ჰყავს ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას პროკურორმა მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ ა----–-------–---ის მიმართ სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა----–-------–---ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ა----–-------–---მა წარდგენილ ბრალდებებში თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ, ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ისინი გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებად.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას ა----–-------–---მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მხარი დაუჭირა ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით სასჯელის შემსუბუქება, ვინაიდან არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ხელი შეუწყო გამოძიებას და უდავოდ გახადა მტკიცებულებები.

 

ა----–-------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა – ნ-----–---------------ის, გ--- თ---------–---–ის, ო----- ჩ------ას და ვ-–-------- ო---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ქიმიური ექსპერტიზის №1--------------- დასკვნით. (2017 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი), ქიმიური ექსპერტიზის №1--------------- დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული მასალებით, ამოღების ოქმებით, თანხის წარდგენისა და დათვალიერების ოქმებით, ფულადი თანხის გადაცემის ოქმით და ამოღებული ფულადი თანხით (2017 წლის 24 ნოემბრის ეპიზოდი); ქიმიური ექსპერტიზის №1--------------- დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული მასალებით, ამოღების ოქმებით, თანხის წარდგენისა და დათვალიერების ოქმებით, ფულადი თანხის გადაცემის ოქმით და ამოღებული ფულადი თანხით.

 

აღნიშნული მტკიცებულებების შესწავლის, შეფასების და გააანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა----–-------–---მა ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდ) და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მართლებულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, მსჯავრდებულის პიროვნება, შემამსუბუქებელი გარემოებები (ა----–-------–---მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, სადავოდ არ გახადა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას), თუმცა არასწორად მიუთითა დამამაძიმებელ გარემოებებზე და მათი გათვალისწინებით მსჯავრდებულს დაუნიშნა მკაცრი სასჯელი. აქვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ ნარკოტიკული დანაშაული, ისევე, როგორც ზოგადად დანაშაული, მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებისა და საფრთხის შემცველია და კონკრეტული ნარკოტიკული დანაშაულისათვის (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში მინიმუმის ან მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის დანიშვნა არ გულისხმობს მის უსამართლობას ისევე, როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ა----–-------–---ისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღებისათვის სანქციის მინიმუმის - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ვინაიდან ა----–-------–---ის მხრიდან ზემოაღნიშნული ქმედება განხორციელდა ორჯერ, თუმცა ასევე არ ეთანხმება იმას, რომ გასაჩივრებული განაჩენით დანაშაულებრივი ქმედების არაერთჯერადად ჩადენა მიჩნეულია დამამაძიმებელ გარემოებად. პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, თვითოეული დანაშაულებრივი ეპიზოდისათვის სასჯელი ინიშნება ცალ-ცალკე და სწორედ სასჯელის დანიშვნისას უნდა მოხდეს იმის გათვალისწინება. იგი ჩადენილია პირველად თუ მას წინ უსწრებდა სხვა დანაშაულებრივი ქმედება. ამდენად, ვინაიდან წინა ეპიზოდის არსებობა უკვე ახდენს გავლენას მეორე ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელის ზომაზე გამკაცრების თვალსაზრისით, ეპიზოდთა სიმრავლის დამატებით მიჩნევა დამამძიმებელ გარემოებად გაუმართლებელია, ვინაიდან საკითხისადმი ამგვარი მიდგომა უსაფუძვლოდ ამძიმებს მსჯავრდებულის მდგომარეობას.

 

პალატა ასევე არ იზიარებს გასაჩივრებულ განაჩენში იმაზე მითითებას , რომ ,,ჰეროინის“, როგორც ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება წარმოადგენს დამამაძიმებელ გარემოებას. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების კონკრეტული ოდენობისათვის მიკუთვნებისათვის მასის ზღვრული მაჩვენებლის განსაზღვრისათვის სწორედ კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების სიძლიერეს ითვალისწინებს. ამიტომ ნარკოტიკული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნისას დამამაძიმებელ გარემოებად ვერ შეფასდება უკანონოდ შეძენილი, შენახული თუ გასაღებული ნარკოტიკული საშუალების ძლიერმოქმედი თვისება. პალატას მიაჩნია, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუქნტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის ა----–-------–---ს სასჯელი უნდა განესაზღვროს მინიმალური სანქციის ფარგლებს ზემოთ. პალატას მიაჩნია, რომ 2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდისათვის - 1, 4683 გრამის ოდენობის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შეძენის, შენახვის და გასაღებისათვის უნდა განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. 2017 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდისათვის - 1,3950 გრამის ოდენობის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შეძენის, შენახვის და გასაღებისათვის უნდა განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან ამ ეპიზოდში ა----–-------–---მა განმეორებით მოახდინა დანაშაულებრივი ქმედების განხორცილება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა დარჩეს უცვლელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ა----–-------–---ს უნდა გაენასაზღვროს 9 (ცხრა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც, პალატის აზრით, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ა----–-------–---ისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათს და სიმძიმეს. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა----–-------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ---------------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენში მსჯავრდებულ ა----–-------–---ის მიმართ სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა----–-------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ---------------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენში მსჯავრდებულ ა----–-------–---ის მიმართ შევიდეს ცვლილება;

 

ა----–-------–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი);

 

ა----–-------–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით (2017 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი);

 

ა----–-------–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა----–-------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

ა----–-------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 27 ნოემბრიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ა----–-------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;

 

ა----–-------–---ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

ნარკოტიკული საშუალება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

ა----–-------–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის ტყავის საფულე მასში მოთავსებული 10 ლარით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

ა----–-------–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 5 ლარის ოდენობით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

დალუქული დისკები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: გ. ჯეირანაშვილი

 

ნ. სანდოძე