განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002025215
საქმე N3ბ/2757-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
21 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები: ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო;
წარმომადგენლები - მ---------------, თ--------–-------;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ---- ა--–--ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 29 ივნისის №0---------- გადაწყვეტილება.
1.2. დაევალოს მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ზ---- ა--–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მსჯავრდებულ ზ---- ა--–--ის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპიური დებულების მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით. საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიკვლია მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან. ფაქტი, რომ არის თავაზიანი, არ არის კონფლიქტური და აგრესიული. დადებითად შეაფასა მისი მონაწილეობა დაწესებულებაში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობებში, გაეცნო წარმოდგენილ ინფორმაციას ოჯახური მდგომარეობის შესახებ, თუმცა ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე და ვინაიდან სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და დანაშაულის ხასიათი, ასევე, ის, თუ რა გარემოებებში იქნა ეს დანაშაული ჩადენილი, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანხმლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს და ვერ გადაწონის სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1.2. ზ---- ა--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 29 ივნისის №0---------- გადაწყვეტილება დ მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ---- ა--–--ესთან მიმართებით.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ბრალდებული ზ---- ა--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,144-ე მუხლის მეორე ნაწილის "ი" პუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ა" პუნქტით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,144-ე მუხლის მეორე ნაწილის "ი" პუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ა" პუნქტით - 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" პუნქტით-10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მეორე ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მესამე ნაწილით - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ362-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ 59-ე მუხლის I1 ნაწილის და 50-ე მუხლის IV ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ განესაზღვრა 30 (ოცდაათი) წლით თავისუფლების აღკვეთა. (პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, სფ 23-49).
3.2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 25 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. (პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, სფ 58-70- 72).
3.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ---- ა--–--ის მიმართ გამოყენებულ იქნა ამნისტია და საბოლოოდ ზ---- ა--–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. (ზ---- ა--–--ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, სფ 79-83).
3.2.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
2012 წლის 06 ნოემბრის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მსჯავრდებულ ზ---- ა--–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება კერძოდ, ზ---- ა--–--ის ქმედება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის პირველ ნაწილზე. (ზ---- ა--–--ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, სფ 74-77).
3.2.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის განჩინებით ზ---- ა--–--ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება და საბოლოოდ მსჯავრდებულ ზ---- ა--–--ეს მოსახდელად განესაზღვრა 13 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. (ზ---- ა--–--ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, სფ 84-85).
3.2.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ზ---- ა--–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 06 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება და ზ---- ა--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით. (ზ---- ა--–--ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, სფ 89-93).
3.2.7. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 27 ოქტომბრის N2------- განკარგულებით ზ---- ა--–--ეს მოსახდელი სასჯელი შეუმცირდა 2/3-თ; (ს.ფ 23-28).
3.2.8. მოსარჩელე ზ---- ა--–--ე წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რაც სადავოდ მხარეებსაც არ გაუხდიათ, რომ მოსარჩელეს მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი. ზ---- ა--–--ე №-- პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მონაწილეობას იღებდა დაწესებულების ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებში, კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამებში. მონაწილეობდა ინტელექტუალური-შემეცნებითი პროგრამა "ე----–---–-". დაესწრო დაწესებულებაში გამართულ ანსამბლ "რ---------" კონცერტს, სასულიერო სემინარიის ლექტორ გ------- გ-----–-ას ლექციას, შ----- ა-----–---–ის კონცერტს და საქართველოს მ–-----–--- კავშირის თავმჯდომარე მ-----–ა გ----–---–თან შეხვედრას, წარმატებით გაიარა მართვის მოწმობის შემსწავლელი კურსი, ვარჯიშობს დაწესებულებაში არსებულ ტრენაჟორებზე. თავისუფალი დროის გარკვეულ ნაწილს უთმობს წიგნების კითხვას. არ არის აგრესიული და ანტისოციალური. შეუძლია ემოციების მართვა, აღქმისა და აზროვნების პროცესები ნორმის ფარგლებში აქვს, არის კარგი მოაზროვნე და თავაზიანი. არ არის ფსიქოლოგიურად მოწყვლადი. (პირადი საქმე, ტომი II, სფ 68-69; 110-115; 131-136; 142-148; 156-162; 167-172). (ს.ფ 23-28);
3.2.9. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ, 2017 წლის 29 ივნისს, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზ---- ა--–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები. საბჭომ საქმის განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და ზ---- ა--–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლება მიზანშეუწონლად მიიჩნია. შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 29 ივნისის №0---------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ ზ---- ა--–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა. (ს.ფ23-28-63-68).
4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
4.1. სასამართლომ მიუთითა პატიმრობის კოდექსი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება და განმარტა, რომ საბჭო მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს შეფასების კრიტერიუმებით, რაც მოცემულია ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-13 მუხლში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. სასამართლომ განმარტა, რომ საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის.
დანაშაულის ხასიათთან მიმართებაში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობის და ადგილობრივი საბჭოს ტიპიური დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საბჭოს, მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობის განხილვისას ყურადღება უნდა გაემახვილებინა არის თუ არა მიღწეული სასჯელის მიზანი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სასჯელის მიზნის მიღწევასთან მიმართებაში სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ ზ---- ა--–--ე №-- პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში თავისუფალი დროის გარკვეულ ნაწილს უთმობს წიგნების კითხვას, სარგებლობს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ბიბლიოთეკით. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 29 ივნისის №0---------- სადავო გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებული, კერძოდ, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით შეფასებული არ არის ზ---- ა--–--ესთან მიმართებაში მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. სასამართლომ მიუთითა, რომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ დანაშაულის ხასიათის შეფასებას.
5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო მოთხოვნა:
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
6.1. აპელანტის განმარტებით, აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ---- ა--–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვის დროს იხელმძღვანელა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის N138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით. კერძოდ: 1) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში - გამოყენებული დისციპლინური, ადმინისტრაციული და წახალისების ღონისძიებები; 2) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლეობა - რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულისთვის და რამდენჯერ იყო წარსულში ნასამართლევი მსჯავრდებული; 3) ოჯახური პირობები - მსჯავრდებულის დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, ჰყავთ თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა. 4) დანაშაულის ხასიათი - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იყო ჩადენილი დანაშაული და ა.შ. 5) მსჯავრდებულის პიროვნება - მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, აგრესიულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
წარმომადგენლის განმარტებით, საბჭომ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე: სახეზეა - დანაშაულთა ერთობლიობა, მიუთითა, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, კერძოდ კი თანამონაწილეობა ისეთი ძალადობრივი ხასიათის ქმედებაში, როგორიცაა მძევლად ხელში ჩაგდება, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში პირობებით. აღნიშნული ქმედება მიმართულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ. მსჯავრდებული ამასთანავე, სასჯელს იხდის ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის.
აპელანტის განმარტებით, საბჭო არ უნდა გასცდეს აღნიშნული კრიტერიუმების მოთხოვნებს და მსჯავრდებულის საკითხი არ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს მათი გვერდის ავლით, სხვა გარემოებებზე დაყრდნობით, რაც უდაოდ ჩაითვლებოდა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დარღვევად. წარმომადგენლის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და სასამართლომ არასწორად დააყენა ეჭქვეშ საბჭოს შინაგანი რწმენის საფუძველზე კანონიერად მიღებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
პალატა ასევე მიუთითებს, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. მითითებული კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო).
პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, ადმინისტრაცია უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.
პალატა მიუთითებს ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილით ასევე დადგენილია, რომ თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 6 თვეში.
7.2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება და ამავე მუხლის პირველი პუნქტის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
მითითებული დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. საბჭო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეებს, რომლებიც საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროს დაშვებულ იქნა ზეპირ მოსმენაზე განსახილველად. საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით და თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის თაობაზე.
საბჭო მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს შეფასების კრიტერიუმებით, რაც მოცემულია ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-13 მუხლში. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; განსახილველ შემთხვევაში, ზ---- ა--–--ემ ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით განიზრახა მძევლად აეყვანა ბიზნესმენი ნ------- გ------–---–ი და გათავისუფლების სანაცვლოდ, გამოსასყიდის სახით გამოეძალა 100 000 აშშ დოლარი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ზ. ა--–--ემ მართლსაწინააღმდეგოდ დაამზადებინა შსს კ.უ.დ.-ის თანამშრომლის მოწმობები. აგრეთვე მართლსაწინააღმდეგო, დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა 2 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებით. 2010 წლის 22 მარტს ზ. ა--–--ე თანამზრახველებთან ერთად მოძრაობდა ავტომანქანა ო---–------------, რომელზეც მიმაგრებული იყო ტრაზიტული ნომრები, პოლიციელის მოწმობის დემონსტრირებით ნ------- გ------–---–ს ანიშნა გაეჩერებინა ავტომანქანა, რის შემდეგაც გადაჯდა ამ უკანასკნელის ავტომანქანაში, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოსთხოვა გ------–---–ს დამორჩილებოდა, ხოლო მძღოლი გადასულიყო ავტომანქანიდან. ზ---- ა--–--ემ უკანონოდ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 22.03.2010 წელს დაკავებისას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცლსასროლი იარაღი, ასევე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" წონით 0,1419 გრამი.
ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 29 ივნისის №0---------- გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული არ არის აგრესიული და ანტისოციალური. შეუძლია ემოციების მართვა, აღქმისა და აზროვნების პროცესები ნორმის ფარგლებში აქვს, არის თავაზიანი, არ არის კონფლიქტური და აგრესიული. სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა.
გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – მსჯავრდებული ზ---- ა--–--ე ნასამართლობის არ მქონეა.
დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; განსახილველ შემთხვევაში, ზ---- ა--–--ე დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. აქვს ხშირი სატელეფონო კონტაქტი ოჯახის წევრებთან. მასთან პაემანზე დადიან მეუღლე, შვილები, მამა. მსჯავრდებულის გადმოცემით, ოჯახი მატერიალურად მიეკუთვნება საშუალოზე დაბალ ფენას.
ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. პირად საქმეში არსებული დახასიათებებით ზ---- ა--–--ე ციხის ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად. ზ---- ა--–--ე №-- პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მონაწილეობას იღებდა დაწესებულების ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებში, კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამებში. მონაწილეობდა ინტელექტუალური- შემეცნებითი პროგრამა "ე----–---–-". დაესწრო დაწესებულებაში გამართულ ანსამბლ "რ---------" კონცერტს, სასულიერო სემინარიის ლექტორ გ------- გ-----–-ას ლექციას, შ----- ა-----–---–ის კონცერტს და საქართველოს მ–-----–--- კავშირის თავმჯდომარე მ-----–ა გ----–---–თან შეხვედრას, წარმატებით გაიარა მართვის მოწმობის შემსწავლელი კურსი, ვარჯიშობს დაწესებულებაში არსებულ ტრენაჟორებზე. თავისუფალი დროის გარკვეულ ნაწილს უთმობს წიგნების კითხვას. არ არის აგრესიული და ანტისოციალური. შეუძლია ემოციების მართვა აღქმისა და აზროვნების პროცესები ნორმის ფარგლებში აქვს, არის კარგი მოაზროვნე და თავაზიანი. არ არის ფსიქოლოგიურად მოწყვლადი.
7.3. პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.
პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი, სასამართლოს მოსაზრებით, აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის.
დანაშაულის ხასიათთან მიმართებაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობის და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების პირველი მუხლის მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ საბჭოს მიერ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობის განხილვისას ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული არის თუ არა მიღწეული სასჯელის მიზანი, ამ უკანასკნელის განმარტებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლი, კერძოდ, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სასჯელის მიზნის მიღწევასთან მიმართებაში სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ ზ---- ა--–--ე №-- პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში თავისუფალი დროის გარკვეულ ნაწილს უთმობს წიგნების კითხვას, სარგებლობს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ბიბლიოთეკით. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 29 ივნისის №0---------- სადავო გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებული, კერძოდ, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით შეფასებული არ არის ზ---- ა--–--ის მიმართებაში მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ დანაშაულის ხასიათის შეფასებას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა შემდეგი: ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული -სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 29 ივნისის №0---------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ---- ა--–--ესთან მიმართებაში.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32.4-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -